środa, 18 stycznia 2012

ავგუსტ კირში: ფორმაცვლადი კონტინუუმი




მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგვყრის იარაღს
ჩვენ რას წავიღებთ იმქვეყნად, სხვას არა წაუღია რა.

ხალხური სიბრძნე ემპირიულია და ამდენად უცდომელიო. ალაბათ იქეთ წასული რომ უკან არავინ დაბრუნებულა, იმიტომაცაა ეს "სიბრძნე" არა თუ მხოლოდ მცდარი არამედ მავნეც, რადგან დღეს, ამ წუთსა და ამ ადგილს განადიდებს და ყურსუკანა აქვს მიგდებული ის რასაც წავიღებთ იმქვეყნად ჩვენცა და სხვასაც ყოველს წაუღია, ვინც კი ამქვეყნად მოსულა ...

მთელი ცხოვრების გამოცდილებაა თუმცა კი ჩანაწერი დიდი-დიდი თხუთმეტიოდე წლისა თუ იქნება

აჰა, ფიქრი ჩემი და აჰა, აზრი ჩემი. ეს არის იგი, რაიც მსურვებია თქვენად მეთქვა. გულისხმა ჰყავით, რამეთუ მოიმედე ვარ თქვენსმიერი განსჯითა ფიქრისა.

ნუ ილტვი შეცნობად იმისა, რაიც ჟამიერად შეუცნობად არს. არა ჰფლობ საჭურველს შესაფერს. არა ჟამ არს და იმად. ესე ფორმა შენი არსობისა შეუსატყვის არს. ვითა გსურს შეიცნო ჟამს გარეშე ჟამმოკლემ? ნუ მარტვილ ხარ. მოვედინ ჟამი ოდეს ფორმაცვლილი ზევლიდე, გარდაიცვლოდე უმჯობესში. ბიჯითა ერთითა მიეახლო საგანს შენის მწყურვალებისას.

დაუსაბამო წამში შენად მხოლოდ წამისწამი გეკუთვნის. ვინ არს იგი, ვინაც ძალფლობს წამიერ სვლაში შეიმეცნოს კოსმიური უსაზღვროება? სივრცე გონების თვალით მოუსაზრებელი.

არსებობის ამა ფორმაში უხმე გრძნობიერს. გრძნობიერად, გარნა თუ გონიერად, მიიღე იგი ზესთა, ანუ ზესოფელნი, რამეთუ მრავალ არიან. იღწვოდე მრავლებად ნიჭისა ზესოფლად არსობისა. რამეთუ გრძნობა და სული შენი გვამგაცლილი, სხვაფორმადქმნილი _ შეიჭურვოს. საჭურველი იგი არა სრულქმნილ, ოდენ უმჯობეს.

ამა სოფლად შეიცან თავი შენი. მზადყავ იგი ზესოფლად სვლად. ნუ მიელი იქაცა სადგურს მარადიულს. ზესთა ეგეცა ვითა ერთი ფორმათაგანი. ეგეცა წამიერი და წარმავალი. ეგეცა ვითაა კუნძული პაწია უსაზღვრობაში. ვითა სკოლა შემეცნებისა. და არა არს ზღვარი. მარად ზე და მარად ახალი. ვლიდე გარდაცვლილი ყოველსა მისსა ბოლოსა. ახლად ქმნილი, ახალ სახედ, ახალ არსად, ახალ რაობად.

ნუ სტირხარ წარსულს. ნურცა აწმყოს.

მყოობადი ხარ! აწმყო წარსულია შენში. აღსრულდეს მყოობადი. შენში და შენით აღსრულდეს. შენვე მოახდენ მოსახდენს ახლად.

ნუ სჯერხარ მას, ვინაც გწამებს: - მიწა ხარ და მიწად იქცევი. ნურცა მას სჯერხარ, ვინაც გწამებს სამუდამო განსასვენებელს. არა არს განსვენება! განსვენება უქმობაა. განსვენება უძრაობაა. არ არს უძრაობა. არ არს სიკვდილი! სუფევს ოდენ ზესვლა ზესთაში. არა გეწადის ნიჭი სულისა შენისა, საგძალი წინარე არსადმყოფობისა, მყოოფადში გაიყოლიო უმჯობესთაგან უმჯობესი? გულისხმა ჰყავ: - რასაც ჩამოჰქნი, მასვე წარიტანებ თან.

ნუ ჰკვირხარ ბოროტს. ბნელ და უმეცარ იყო წინაარსში. უმეცარ არს დღეის დღესაც. ბოროტად ვიდოდა არსთა შიგან. ეგრეცა ვლიდეს ნათლისღებამდის. ეგრეცა ჰხამს. ნათელღებული ეგეც იღწვოდეს.

ჟამ იყოს გარეშე ბოროტებისა!

ხანგრძლივ არს ჟამი ბოროტების ძლევისა. მას შემდგომად ჟამი სრულქმნილებისა. ჟამი ზესვლისა და სრულყოფილებისა. ჟამი უხანო და უსასრულო, ვითარცა თავად სრულქმნილება. არსისგან არსი და მარადიული სრულქმნილება. სრულქმნას ვერ ექნება სასრული. იგი არს მარადი. იგი არს აზრი არსად ყოფნისა. იგი არს რაობა უნივერსულ _ კოსმიურისა.

გულისხმა ჰყავ: - ოდენ მხოლოდ გრძნობისა შენისა სინატიფემ, სულისა შენისა სიმაღლემ მოგკერძოს ფორმა და არსი შენივ ზეარსობისა.

ნუ სჯერხარ მას ვინაც გფიცავს დათრგუნვად ხორცისა სურვილისა შენისად. იგინიც შენია. იგინიც შენშია. არა არს სირცხვილეული სურვილი კარგისა, ლამაზისა, ძვირფასისა. რაი არს ძვირფასი?! ოდენ შენ გეუწყოს ესე. ფასს შენ გაიღებ!

რად დაგიგდია ყურნი შენნი სხვათა სიტყვათა სმენად? რად გსურს ჯოგად ანუ ბრბოდ ყოფნა? რად იკრავ ხელთა და ფერხთა შენთა სხვათა დოგმებით, სხვათა მცნებებით? ჩაჰკითხვიდე გონსაცა შენსა. სადღა არს შენში თავისუფლება? ვით ილაღებდეს სული შენი ეგრე დაბორკვილი? ვით მიელტვოდეს სული შენი ზესთა შინა ზენაარსობას? გჰხამსა მონება სხვათა აზრისა? შენად რაი გრჩება?

განა ყოველი კარგი კარგია ყოველთვის ანუ ყოველგან? განა ყოველი ბოროტი ბოროტია ყოველთვის ანუ ყოველთათვის? ვინ დასდო მძღვარი კეთილსა თუ ბოროტსა შორის? ორნივ შენია. ორნივ შენშია. ვითარცა დღე და ვითარცა ღამე. ვინ გეტყვის: - ოდენ დღეა კარგი. ღამე ცუდ ბნელი ნუმც იარსებებს?!

ნურავინ გკითხავს: - რასა იქმ?! არცა შენ ჰკითხვიდე სხვათა: - რასა იქმთ?! ყოველმა არსმა ესე ჩაჰკითხოს თვისსავ გონს, გრძნობას. გრძნობა ანატიფე. სული ხვეწე. გონისა წვრთნა გმართებს. მიხვალ იქ, რასაც გასწვდეს გრძნობა შენი და სული შენი. შენში არს ნათელი. შენშივ არს ბნელიც. შენვე ახარო ნათელიცა და ბნელიც. გრძნობამან შენმა და სულმა შენმან მიაგონ მათ ძალი. ჰკვებოს მათ გონებამან შენმან. რომელს უმეტესს მიჰკერძავ - მანვე გიწინამძღვროს.

სულისა შენისა სალეს შენს გარშემო მოიძიებდე.

გრძნობასა შენსა ხელოვნებაში ხვეწდე.

გონებასა შენსა სიბრძნეში სწვრთნიდე.

გულისხმა ჰყავ: - შენშიგან ჯდის მსაჯული შენი მყოფადობისა. შენვე ხარ მსხვერპლიცა და განსასჯელიც. ესე არს მარადი სამება: მსაჯული, მსხვერპლი და განსასჯელი - ერთსახედ, ერთარსად, განუყრელად . . .


და თავისთავად მახსენდება:

ვინა ვარ, რა ვარ, საიდან მოველ და საით წავალ? . .

უბრალოდ, - რამდენი წლისა ვარ?

დავიჯერო, რომ მე, ადამიანი, ამ სახით როგორითაც დედამიწაზე ვარსებობ ამჟამად, მხოლოდ და მხოლოდ კერძო შემთხვევა ვარ ზოგადისა, მარადიულისა, ჩემთვის წარმოუდგენელისა . . . ის ზოგადი, ზენაარსი კი იყო, არის და იქნება, ე.ი. მე მისი კერძო სახე ვიყავი, ვარ და ვიქნები? . .

დავიჯერო, რომ მართლაც არსებობენ სხვა სისტემები, სხვა განზომილებები, მატერიის არსებობის სხვა ფორმები . . . თავად მატერიის გარეშე არსებობა? . . ერთგანზომილებიანი ღერძი, ორგანზომილებიანი სიბრტყე, სამიანი სივრცე, დროში, მეოთხე განზომილებაში, განფენილი ცივილიზაცია, კაცობრიობა, ხოლო სამყარო, პულსირებადი და ფორმაცვლადი კონტინუუმი - ხუთ "წახნაგოვანი", გრძნობიერ-ენერგეტიკული მდგენელით . . .

თუმცა, თუ ადამიანი სხვა არაფერია, თუ არა განსხეულებული სული, მაშინ ისევე როგორც ენერგია არ შეიძლება გაქრეს, დაიკარგოს, იგი ერთი ფორმიდან მეორეში გადადის მხოლოდ, ასევე ადამიანის სულიც არ შეიძლება გაქრეს და დაიკარგოს, ისიც არსებობის ერთი ფორმიდან მეორეში გადადის - გარდაიცვლება!

და თუ ელექტრონებს გააჩნიათ ენერგეტიკული დონეები და მათზე მათივე, ელექტრონების, განლაგება განაპირობებს, თუ რომელ ქიმიურ ნივთიერებასთან გვექნება საქმე და ადამიანმა ისწავლა ქიმიური ელემენტების ხელოვნურად მიღება, ისეთებისაც, რომლებიც ბუნებაში (ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის ცნობილ ბუნებაში) არც კი არსებობს, არსსაც აქვს სულიერი დონეები და მათზე მათი, არსის სულის, განთავსება იძლევა სულის რეალიზაციის სხვადასხვა სახეებსა და ფორმებს, მის სიმრავლესა და ნაირფეროვნებას. ადამიანი ეს არის უნიკუმის, ზენაარსის, აბსოლუტის, ადამიანურ წარმოდგენაში ღმერთის, კერძო შემთხვევა განსაზღვრული სულიერი დიაპაზონის კონკრეტულ და მკაცრად გარკვეულ, ჩვენს რეალობაში ხილულ, ფარგლებში.

ჩვენი სულიერი ქმედითობა, ანუ ქმნადობა, გამოიხატება სულიერი იმპულსების გაცემასა და მიღებაში, ხარჯვასა და შეძენაში, ხოლო საბოლოო ბალანსი კი განსაზღვრავს არსებობის შემდეგ სახეს ანუ ფორმას . . . არსებობს კვანტური ფიზიკის, კვანტური ქიმიის კანონები და უნდა არსებობდეს კვანტური ბიოლოგია და სულის დაკვანტვის თეორია, რაღაც მსგავსად:

ჭუპრი => მატლი => პეპელა

და ადამიანი მივიდა კლონირებამდე, ადამიანის ხელოვნურად შექმნამდე და თუმცა სამწუხაროა, მაგრამ ეჭვსგარეშეა, რომ ეს არ არის მისი შემეცნების ზღვარი, რადგან იგი, შემეცნება, არ და ვერ გაჩერდება.

დღეს არსებული რელიგიები, თავის საწყისს ჩანაფიქრში, უეჭველად ადაპტირებული იყო იმდროინდელი ადამიანის აღქმის დონისა და მოთხოვნილების გათვალისწინებით. ეს მისთვის, იმდროინდელი ადამიანისათვის, იქმნებოდა ღმერთი, როგორც უზენაესი მსაჯული, რომელიც არის მოყვარული, მზრუნველი, მკაცრი და სამართლიანი; რომელიც კეთილს დააჯილდოებსა და ბოროტს დასჯის და ამდენად უნდა შეიქმნას ღირებულებათა სისტემა, შეფასების კრიტერიუმი. . . და იგი, უზენაესი, გვაძლევს ათ მცნებას, დეკალოგსა და ეს დეკალოგი განსაზღვრავს ადამიანური მორალის არსს ათასობით წლების მანძილზე, ან უფრო სწორედ განსაზღვრავდა. დღეს ლაპარაკია ახალ, სახეცვლილ მორალზე და ამდენად ახალ დეკალოგზე. სამწუხაროა მაგრამ ფაქტია!


1 komentarz:

  1. Scientists Found That the Soul Doesn’t Die – It Goes Back to the Universe
    http://irelease.org/scientists-found-that-the-soul-doesnt-die-it-goes-back-to-the-universe/?utm_content=bufferab5e3&utm_medium=social&utm_source=facebook.com&utm_campaign=buffer

    OdpowiedzUsuń