wtorek, 24 marca 2009

ჩემიანები


ეს ჩანაწერები ჩემი ოჯახის რეალური თავგადასავალია. მინდა,რომ ჩემმა შვილებმა იცოდნენ საიდან მოსულან,"ვისი გორისანი არიან"

არავის აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ ეს ოჯახური მასშტაბის მოვლენა ოდესმე შესაძლოშედეგებგასათვალისწინებელი არჩევანის წინაშე დაგვაყენებდა. არანაირი მინიშნება იმისა, რომ ეს საოცრად სათნო და სულგრძელი ქალი ამოდენა ტვირთს დაატარებდა.

არაჩვეულებრივი არაფერი მომხდარა. უბრალოდ ამოიწურა სანდრას წუთისოფელი. ნათელი გონება და მშვიდი თვალები ჰქონდა უკანასკნელ წამამდე. ორიოდე საათით ადრე მამაჩემმა დამირეკა:

- სანდრას შენი ნახვა სურს. ამბობს იჩქაროსო.

ამ, სანდრასთვის უჩვეულო, ტონით გამოწვეულმა ინტერესმა მართლაც ამაჩქარა.

მალე მივედი. გაუხარდა ჩემი დანახვა, როგორც ყოველთვის. ყველას მიმართ თბილი და ყურადღებიანი იყო. ჩემდამი განსაკუთრებით.

თავის ოთახში იწვა. არა, საწოლში კი არა, ბალიშებზე იყო მიწოლილი. ბალიშები საკმაოზე მეტად გაცრეცილ სპარსულ ხალიჩაზე ეყარა. ეს ხალიჩა ძალიან უყვარდა: დედაჩემისეულია, მამაჩემმა სული ამაზე დალიაო. საოცარია! მამით ადრე დაობლდა. დედას დიდხანს არ უგლოვია. ორი პაწია გოგო დედამთილს შეატოვა და ვიღაც გამვლელ ოფიცერს გაჰყვა, მანევრებზე მიმავალს. მას მერე არც უნახავთ და არც არაფერი სმენიათ.

დამინახა თუ არა წამოიწია: ახლოს მოდი, დიდი საიდუმლო უნდა გითხრაო. სანდრა და საიდუმლო მეთქი, - გაფიქრება არ მაცალა.

- ნუ გიკვირს. მორწმუნე ვარ. მღვდელს აღსარებასაც ვაბარებდი. ეს კი არავისთვის მითქვამს . . . გაგიჭირდება. არ იქნება ადვილი გადაწყვიტო რა უყო ამ ღადარს. ვიცი ყველაფერი. მე თვითონაც მიჭირდა და დღემდე ასე ვატარე. თუმცა ესეცაა – ჩემთვის ეს არავის მოუნდვია. შემთხვევით წავაწყდი მამაჩემის ქაღალდებში. თან ვერ წავიღებ. გულიმწყდება, რომ ასე ადრე დავობლდი. ვინ იცის იქნებ მამას რაიმე ეთქვა, აეხსნა . . . ეს ფურცლები ძალიან გვიან ვიპოვე – ჩემი დადის გარდაცვალების შემდეგ. თავიდან შემეშინდა. მერე გამიკვირდა. მერე ჩაწვდომას შევეცადე. უფრო შემეშინდა ვიდრე პირველად . . . მინდოდა მეტი შემეტყო მამაჩემზე, მაგრამ იმის მეტი რასაც ყოველდღე ხედავდნენ სათქმელი არაფერი ჰქონდათ. დადიმ იქნებ კიდეც იცოდა რამე. დედა იყო და იგრძნობდა. ახლა მგონია - ჰგავდნენ კიდევაც ერთმანეთს. კი ნამდვილად ეცოდინებოდა. სხვანაირი ქალი იყო. ადრე დაქვრივდა. ოჯახს და მამულს თვითონ პატრონობდა. მამაჩემის მეტი ქვეყნად არავინ ჰყავდა. არ ეთმობოდა, მაგრამ მაინც გაუშვა სასწავლებლად გერმანიაში. დაბრუნებულმა ჩვენსავე სოფელში მღვდლობის მეტი არაფერი ისურვა. ხალხი ამბობდა კარგი მღვდელი იყოო. ვიღაც გლეხს ურმის თვალი გასტყდომოდა. მხარი შეუდგა სიმინდით დატვირთულ ურემს. იმ გლეხს კი უშველა, მაგრამ მას აღარ ეშველა – სამ დღეში დალია სული. დედამისს, ჩემს დადის, იქნებ ვერც გადაეტანა, მაგრამ სულო ცოდვილო, როგორ ვთქვა და დედაჩემი დაეხმარა -–ჩვენ შეგვატოვა გასაზრდელად. ტკივილი ეპატიებოდა, სირცხვილი – არა. ნეტავ გენახა როგორ იჯდა ეტლში წელგამართული, შავებში, შავი ქოლგით. სიმტკიცე იგრძნობოდა მასში და სიმშვიდეც . . . ეეჰ! ჰოდა აღარც დადი მყავდა. ვარინკას, ჩემზე უმცროსს და თავქარიანს რას მოვკითხავდი. მე ერთადერთს შემრჩა ხელზე ეს ნაღვერდალივით მინავლებული ცეცხლი.

მთელი ცხოვრება მწვავდა. მაპატიე. ვიცი გაწვალდები და მაინც გთხოვ კარგად უპატრონო...

თვალები მიხუჭა. მერე მანიშნა გადი მეძინებაო და მეც გამოვედი ოთახიდან. გამოვედი, მაგრამ რატომღაც იმავ წუთს მივბრუნდი. კარი შევაღე. მივუახლოვდი: სანდრა, სანდრა – მეთქი. უკვე ეძინა. თვალღიას. სამუდამოდ. ახლა მგონია, რომ გადიო კი არ მითხრა - რაღაც მანიშნა, რასაც ვერ მივხვდი. იმიტომაც ჰქონდა ასეთი თვალები. მშვიდი, რომ მოასწრო სათქმელის თქმა. გაოცებული და ნაღვლიანიც – ამ მზერით მაცილებდა უსიტყვოდ კარებისკენ მიმავალს. ნუთუ ვერ დამიძახა? ალბათ უკვე აღარ იყო.

ფეხაკრეფით გამოვედი. სანდრა წავიდა მეთქი.

აირია ყველაფერი. ვიღაცეები მოდიოდნენ. ვიღაცეები გადაუდებელ საქმეებს აგვარებდნენ ... სანდრა იწვა თავისთვის. აღარაფერი ეკითხებოდა.

ღამით, ჩუმად მღვდელი და დიაკვანი მოიყვანეს – წესი აუგეს. დიაკვანი „სულთათანას” ბუტბუტებდა. მღვდელმა მამას ფული არ გამოართვა: მღვდლის ქალიშვილი იყო, ჩემი კოლეგისო. ძალიან უბრალოდ, ჩვეულებრივად სთქვა ეს არაეკლესიური სიტყვა. მეხამუშა. არც თვითონ მის მოქმედებაში და საიდუმლოს აღსრულებაში მიგრძვნია რაიმე განსაკუთრებული და ამაღლებული. უფრო სიფრთხილე და შიში. ეს ყველას ეტყობოდა. ალბათ მეც.

იმ დროს მიცვალებულისთვის წესის აგება არ იყო უსაფრთხო. არც ნათლობა. ჩვენი ოჯახიდან ეკლესიაში მხოლოდ სანდრა დადიოდა. ჩვენც დავყავდით მე და ჩემი და-ძმა, სანამ პატარები ვიყავით. დედაჩემი დიდხანს იყო წინააღმდეგი, მაგრამ სანდრამ მაინც მოგვნათლა. ღამით მოგვნათლეს. ჩუმად. ყოველგვარი ზეიმის გარეშე. სამივენი ერთად. სამივეს ერთი ნათლიით. ესეც სანდრას დამსახურება იყო. მამაჩემის წარსულის კაცისთვის ღმერთი და ეკლესია მაშინ განსაკუთრებით საშიში იყო.

დასაფლავების მერეც კარგა ხანს არ მიცდია იმ საუბრის გახსენება. არ ვიცი, შეიძლება სანდრას სიტყვებმა შემაშინეს კიდეც. ერთ დღეს ჩემდა უნებურად მივატოვე სამსახური. მშობლების ბინაში მივედი. ბებიას დიდი ჩუქურთმებიანი კამოდი ისევ იქ იდგა – მის ოთახში. დედამ ალბათ შემამჩნია რას ვუყურებდი ასე ჩაშტერებით და: ვერაფრით მოვიცალე რომ ეს ოთახი დავალაგო და სანდრას ნივთები გადავაწყო. ბევრი კარგი ტანსაცმელია. ვინმე გაჭირვებულს გამოადგებაო. მე დავალაგებ – მეთქი. გაუხარდა. ძველებური გასაღებების აცმა ჩამიდო ხელში.

ახლაღა დავინახე კამოდი, რომელსაც მანამდე დიდ, მუქ ლაქად აღვიქვამდი. ახლაღა მიიღო კამოდის ფორმა, იმან რამაც აქ მომიყვანა. ახლოს კიდევ კარგახანს ვერ მივდიოდი. ხან ტახტზე დაფენილ ხალიჩის ნახატებს ვათვალიერებდი, ისე თითქოს პირველად ვხედავდი, ხან ბალიშებს ადგილები შევუცვალე. პაწია ფერადი ბოთლები და ქილები გადავდგი აქეთ –იქით ... მაინც კამოდისკენ მივდიოდი. ვუახლოვდებოდი. თავად მიზიდავდა, მექაჩებოდა. ვეწინააღმდეგებოდი. ვეურჩებოდი. ვგრძნობდი და ვიცოდი, ნამდვილად ვიცოდი, რომ მოსახდენი უნდა მომხდარიყო. მოხდა კიდეც.

რამდენი ხანი ვიყავი სანდრას ოთახში არ ვიცი. არც ის ვიცი როდის ვიპოვე ის რაც ახლა ხელებს მწვავს. ერთი კია დავინახე თუ არა მაშინვე მივხვდი, რომ ამას ვეძებდი. ეს იყო ის, რაც სანდრამ მე დამიტოვა. მხოლოდ მე. რასაც მან ვერ უპატრონა და მე გადმომაბარა. მიანდერძა.

- იატაკზე რას ზიხარ? მოდი ისადილე მამაშენთან ერთად. – დედაჩემის ხმა

შემომესმა. გამოვედი. დიდ, ძველებურ მაგიდას უსხდნენ. მე მელოდნენ.

- დაალაგე? კარგია რომ შენ – თქვა მამამ და მომღიმარი, კმაყოფილი სახით

შემომხედა – რა მოხდა? რა სახე გაქვს?

- არაფერი. რა სახე მაქვს?

- დაანებე თავი. ხომ იცი ერთმანეთი მთელ ქვეყანას ერჩიათ – შემეშველა დედა

– ჰო, სულ მინდოდა მეკითხა: რა გითხერა იმ დღეს? რისთვის დაგიბარა?

- არაფერი ისეთი სალაპარაკოდ რომ ღირდეს – ჩემი, საკუთარი, გული ვიგრძენი.

სიცივეც. ალბათ ფერი დავკარგე –მეთქი გავიფიქრე. წმიდა გიორგის ხატიანმა ვერცხლის სანაწილემ ხელისგულები ამწვა.

სანაწილე დიდი არ იყო. არც პატარა ეთქმოდა. მძიმე იქნებოდა. სანდრა კი მსხვილ

ვერცხლის ჯაჭვზე ჩამოკიდებულს განუყრელად დაატარებდა. ნეტავ როგორ მოხდა რომ თან არ ჩაატანეს? უფრო ძვირფასი ნივთები ჩააყოლეს საფლავში. ეს კი დაიტოვეს.

- რატომ არ ჭამ? არ მოგეწონა თუ არ გშია?

- არა, დე, არ მშია. მეგიმ ნამცხვარი მოიტანა. ყავა და ნამცხვარი. მადა გადამიგდო

– ვიცრუე.

რა უცნაური დღეა. დავდივარ. რაღაცას ვაკეთებ. ვლაპარაკობ. და თანაც ვგრძნობ,

რომ ეს ყველაფერი ჩემი ნების გარეშე ხდება. თითქოს ვიღაც მკარნახობს და მეც მექანიკურად ვასრულებ.

- დე, ახლა წავალ. სხვა დროს დავალაგებ. ამას წავიღებ. ჩემთან იყოს. სანდრას

ნაცვლად.

- წაიღე. მთელი სიცოცხლე თან ატარებდა და იცოდე საფლავში არ ჩამატანოო –

უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა დედამ – ჰო, წაიღე, მაგრამ იცოდე, ამის ტარება არც იფიქრო! – ისევ მე მომიბრუნდა.

- კარგი რა, ნათელა! სულელი ხომ არ არის?! დედა სხვა იყო. უხდებოდა კიდევაც.

მაგრამ ახალგაზრდა, ლამაზი ქალი ასეთი ჯაჭვით? . .

- არა, არ ვატარებ. საწოლთან, თავით ჩამოვიკიდებ. ავი თვალისგან დამიფარავს.

* * *

ისე ვჩქარობდი თითქოს ვიღაც მომსდევდა. სახლში მისვლა მეჩქარებოდა. მივედი და სანაწილე მაგიდაზე დავდე. დავჯექი. არაფერზე არ ვფიქრობდი. ვგრძნობდი, რომ მთელი ქვეყანა სადღაც სხვაგან დარჩა. ჩემს თავს, როგორც სხვას აღვიქვამდი. გარედან ვუყურებდი. ფიქრით კი არაფერზე არ ვფიქრობდი.

საკმაო ხანი გავიდა ასე ჯდომაში. გარეთ უკვე ბინდმა იმატა. ლამპიონები აანთეს. ფანჯარასთან ახლოს ჭადარი იზრდება. ფოთლების ჩრდილები ოთახში შემოვიდნენ. კედლებზე დაცოცავდნენ. მძიმე, მწვანე შტორებით დავფარე ფანჯარა. ტორშერი ავანთე. ისევ ჩავჯექი სავარძელში. ღრმად, ბოლომდე. ამიტომ მიყვარს ეს სავარძელი. ისე შემიძლია შიგ ჩავეფლო, რომ აღარც კი ვჩანვარ ხოლმე. ასე ვიქცევი, როცა არავის ნახვა არ მინდა. ახლა სწორედ რომ არავის ნახვა არ მინდა. არავინ არ მჭირდება. ის რაც უნდა გავაკეთო, მხოლოდ ჩემი გასაკეთებელია. მარტო ჩემი. სანდრან მე ამირჩია.

ვარინკას ჯაჭვი

ძალიან ლამაზი იყო ვარინკა. სიცოცხლით და ხალისით სავსე. ადრე გათხოვდა. პირველი ქმარი დათიკო გელოვანი პირველ მსოფლიო ომში დაიღუპა. ორი მცირეწლოვანი ვაჟი დარჩა. ორი კი არა თუნდაც ათი შვილი ჰყავდესო – ბრძანა ახალგაზრდა სოლიკო ჩხოტუამ და დანაქადნები აასრულა კიდევაც – იფსკვნა ჯვარი. დედამთილ-მამამთილმა თავიდანვე არ მიიღეს ვარინკა- ვიღაც, მათ შვილზე უფროსი, ორშვილიანი ქვრივი. დრო და ქვეყანაც არეული იყო. ვარინკას კი ეტყობიდა ეს სულაც არ ადარდებდა. არც არავის უკვირდა – აკი თავქარიანი იყო!

ოცდაერთი წლის თებერვალმა მამინაცვალი და გერები ძალიან დააახლოვა.

- აქ ისეთ რამეებზე ლაპარაკობთ ბავშვის მოსასმენი რომ არ არისო და სანდრამ

ნაბოლარა ილიკო წაიყვანა. თავისებთან ერთად ზრდიდა. ამან გადაარჩინა კიდევაც.

ჩეკა რომ დაადგათ თავზე, შეწინააღმდეგება არც კი უცდიათ.ან რა ჰქონდათ გასაქცევი?ლაპარაკის მეტი არაფერი უკეთებიათ.ან რა უნდა გაეკეთებინათ?რა შეეძლოთ?! წაიყვანეს და ბევრი სხვა მოლაპარაკეებივით უკან არც ესენი დაბრუნეულან.ხალხი ამბობდა მერე: შორაპანთან რომ ეშელონი დაცხრილეს ბოლშევიკებმა იქ იყო ქართული თავად – აზნაურობის უდიდესი და უკეთესი ნაწილიო. ძირმორღვეული კასრიდან წითელი ღვინო რომ გაასხამს ისე სდიოდა იმ ეშელონს სისხლიო.

ალბათ მაშინ თუ შემოიგრიხა შიშველ ტანზე რკინის ჯაჭვი ვარინკამ.სიკვდილამდე ატარა.დღისით და ღამით. შემთხვევით შეიტყვეს ჯაჭვის შესახებ. რძალს, ილიკოს ცოლს მოუკრავს თვალი. ძალიან ამაყობდა რძლით – დადიანის ქალით.ილიკოს დაქორწინება ნაადრევად მიაჩნდა, მაგრამ სარძლოს ვინაობა რომ შეიტყო – სიხარულით დათანხმდა.კიდევაც კორა იყო სანდრასთან გაფართოებული თვალებით, რომ მიიჭრა და გაოცებულმა: ვარინკას ტანზე ჯაჭვი აქვს შემოხვეულიო.

- ჯერ მეგონა მომეჩვენა მეთქი. დაველოდე და შევამოწმე – მძინარესაც ზედ ჰქონდაო.

ქვად ექცა სახე სანდრას.

- მაგ ჯაჭვმა შენი ოჯახი უნდა დაიფაროსო – უთხრა ცივი ხმით და დაამატა:

შემთხვევით გინახავს და დაივიწყეო.

გულში კი გაოცებით გამოწვეული და სინანულში გადაზრდილი ათასნაირი გრძნობა ირეოდა.სევდა მეტი იყო.

- მთელი ცხოვრება თავქარიანს ვეძახდი.ვაი, ჩემო დღეო, საკუთარი და ვერ

მიცვნიაო.

მოჰყვა და სულ სათითაოდ, კენჭებივით გადააწყ-გადმოაწყო მოვლენები.ეჭვი არ იყო – ილიკოს ჯაჭვს დაატარებდა.

- ღმერთო, უსმინეო! – ჩაილაპარაკა.

შეცვლით კი არაფერი არ შეუცვლია ვარინკასადმი დამოკიდებულებაში.არასოდეს

უგრძნობინებია, რომ მისი საიდუმლო გამჟღავნებული იყო.კორამაც იყოჩაღა.არაფერი დასცდენია.ერთი კია, იმდღევანდელი სანდრას სახე მთელი ცხოვრება თვალწინ ედგა.სანდრას ხმა ისევ და ისევ იმეორებდა

- მაგ ჯაჭვმა შენი ოჯახი უნდა დაიფაროსო.

დაიფარა კიდევაც. ომიდან, რომელიც სულ მალე დაიწყო, ილიკო ცოცხალი

დაბრუნდა.კოჭლი, მაგრამ ცოცხალი.კორამ ღმერთი მაშინ ირწმუნა.ვარინკასთვის თავს არ დაზოგავდა.ვარინკამ კი თითქოს მიზანს მიაღწიაო,სრულიად დაკარგა სიცოცხლის სურვილი.მალეც გარდაიცვალა.სანდრამ და კორამ განბანეს.უცხო არ მიაკარეს მის სისხლჩაქცევებიან, ჩაყვითლებულ, გახევებულ-გარქოვანებულ სხეულს; კანს, რომლის ოდინდელი სინაზე და სიქათქათე, ღრმადდეკოლტირებული კაბებიდან მომზირალი, ნებისმიერ მამაკაცს მოახედებდა.

* * *

ორმოცდაორი წლის ზაფხულის საღამოსპირი იყო.სანდრა ეზოში იჯდა. ბიჭების წერილებს კითხულობდა. უკვე მერამდენედ. უმცროსი, კოტე, ხშირად იწერება. შოთიკო საშუალოა. მისგან მხოლოდ ერთიწერილი მოვიდა, ისიც გზიდან.

შეძახილმა გამოაფხიზლა:

- გირჩევ, ქალო, გირჩევ! –ო და ვიღაც სახელოზე წაეტანა.

ხნიერი ბოშა ქალი იყო. ჭაღარა, ჭუჭყიანი თმები ხილაბანდიდან გამოსჩეჩოდა. თითქოს სადღაც უნახავსო. სახეზე დააკვირდა. ეცნოსავით. ომამდე ბევრნი იყვნენ. ქალაქელები ჩაჩნებს ეძახდნენ. ქალები მკითხაობდნენ და კარდაკარ დადიოდნენ. ცუდად დადებულს არაფერს დასტოვებდნენ. ქურდობას არც კაცები აკლებდნენ ხელს. ქალაქის ბაზარში თავისი ადგილი ჰქონდათ. რკინა-კავეულით ვაჭრობდნენ. ჰყიდდნენ: ჯაჭვებს, სამფეხებს, კარდალა-ქვაბებს, ბარის, ნაჯახისა თუ წალდის პირებს.

- ეს რა დამემართა? როგორ ვერ შევამჩნიე? ახლა ამას რა მოიშორებს თავიდანო გაიფიქრა და მიიხედ მოიხედა. რამე ხომ არ დევს უხეიროდ – ხელს არ გააყოლოსო.

- შენ რა უნდა მირჩიო?! რამე შეგეძლოს საკუთარ თავს უშველიდიო – დაუგდო და სახლისკენ გაემართა

- სამი შვილი გყავს.ორი ომშია ერთი დაბრუნდება ერთი არა . . . 

- ენა გაგიხმეს, შე შეჩვენებულო! დამეკარგე აქედან!

-M მართალს გეუბნები. არ მინდა შენი ფული. რომელიც წერილებს გწერს ის არ დაბრუნდება. არც ამ ძუძუებით გაზრდილი ჩემი დედისერთა ბიჭი არ დამიბრუნდება. შენი ერთი დაბრუნდება ერთი არა . . .

გამოერკვა. ბოშა აღარსად სჩანდა. წასულიყო.

ბედისწერა იყო აბა რა, კოტეს ჩაჭრა ხატვის გამოცდაზე? ინდუსტრიულ ინსტიტუტში აბარებდა, სადაც უფროსი ძმები სწავლობდნენ. ცხრა ხუთიანის მერე ხატვაში მიიღო ორიანი. ჯერ ჯარში წაიყვანეს. იქედან მერე ფინეთის ომში მოხვდა. ბოლოს კი ლენინგრადის ფრონტზე.

შოთიკომ ინსტიტუტის დამთავრება მოასწრო. მის თაობას შავი ნახაზებით და ესკიზებით დააცვევინეს სადიპლომო ნამუშევრები. ყველანი თელავის საოფიცრო სკოლაში გაამწესეს. ჯგუფის ფორმირება რაღაც მიზეზის გამო გაჭიანურდა. სანდრას და ლევანს ოცი-ოცდაათიანი წლები ჰქონდათ გამოვლილი. ღამე ლევანი ჩაცმული წვებოდა. შარვალს და ქურთუკს შიგა ჯიბეები გამოაკერა სანდრამ. თავდაუზოგავი მწეველი იყო ლევანი. პაპიროსით დატენილი ჯიბეებით იწვა და სადარბაზოს ხმაურს აყურადებდა. მხოლოდ სამი საათის შემდეგ იძინებდა. ღრმად. მოწყვეტით . . . გადარჩნენ, მაგრამ ისეთი სკოლა გამოიარეს, რომ უკვე მეორედ უკანმობრუნებულ შოთიკოს, სიხარულის ნაცვლად: შენ ისევ აქ ხარ? ჯერ კიდევ არ წასულხარო?- ეკითხებოდნენ შეშფოთებით. ეშინოდათ დეზერტირად არ ჩათვალონო.

ორმოცდაერთი წლის დეკემბერის დასაწყისიც კი საშინლად თოვლიანი და ყინვიანი გამოდგა. შეღამებულზე ვიღაც შექეიფიანებული კახელი გლეხი მოვიდა: ნასვამი არ გეგონოთ. ღვინო მქონდა ჩამოტანილი გასაყიდად. მყიდველის მოპატიჟებაში შევთვერიო. თქვენმა ბიჭმა კი აი, ეს წერილი გაახლათო. სამი სიტყვა ეწერა სულ:”ხუთშავათს გვაგზავნიან შოთა”. ოთხშაბათი იყო. პატარა ფუთა გამოკრა სანდრამ. რაც ხელში მოხვდა. მჭადი დააცხო. ლორი მოხარშა. სამეგრელოდან გამოგზავნილი შებოლილი სულგუნი და ერთი ბოთლი ჭაჭა. ისე შეახვია, რომ სითბოც დიდხანს შერჩენოდა და ბოთლიც არ გატეხილიყო. პაპიროსები არ დამავიწყდესო – გაიფიქრა.

- ღმერთო შეგცოდე და კიდევ კარგი, რომ ნადია გახდა ავად. მის სანახავად რომ არ ჩამოვსულიყავი შოთიკო ისე წავიდოდა ფრონტზე, რომ ვერც კი გავიგებდით. მათი ჯგუფი თვის ბოლოს ელოდა გამგზავრებას. რატომ მიყავთ ასე ადრე? ალბათ დარჩენილ დროს იქ ავარჯიშებენ. ყინვას და სიცივეს შეაჩვევენ მზეში და სითბოში გაზრდილ ბიჭებსო – ფიქრობდა. გული კი მაინც არ ისვენებდა. რაღაც უსიამოვნო, ბოლომდე გაურკვეველი ნაღველი აფორიაქებდა. თუმცა ფრონტზე მიმავალი შვილის დედისთვის ნაღველი და სევდა რა გასაკვირი იყო. და მაინც ეს რაღაც სხვა იყო. სხვა, რასაც სახელი ვერ დაარქვა. ქვეშეცნეულად გრძნობდა, რომ აქ რაღაც უფრო მნიშვნელოვანი, დიდი და ზოგადი საფრთხე იდუდებდა.

ჯერ კიდევ ბნელოდა სადგურში რომ გაიქცა. არ დამაგვიანდეს, ეშელონმა არ გამასწროსო ფიქრობდა. 

სადგურში ათასი ჯურის ხალხი ირეოდა. ეჭვი არ ასვენებდა. სამხედრო ეშელონი აქ შეიძლება არც გაჩერდეს. ორთაჭალაში დახვედრა აჯობებსო. თუ ფეხშიშველი მივალ იქამდე შოთიკო მშვიდობით დამიბრუნდებაო. ფეხსაცმელები და წინდები გაიხადა. თოვლმა ტერფები აუწვა. სიცივემ მთელ ტანში დაუარა. მაინც მხნედ მიდიოდა. უკვე კარგად ირიჟრაჟა. თითქმის გათენდა კიდეც. გამვლელები გაოცებულნი უყურებდნენ კარგად ჩაცმულ, ლამაზ, შუახნის ქალს ამოდენა თოვლსა და ყინვაში ფეხშიშველი რომ მიაბიჯებდა. ახალგაზრდები მხიარული შეძახილებითა და სტვენით მიაცილებდნენ. ხანდაზმულები გზას უთმობდნენ და: – ღმერთმა გისმინოსო – ჩურჩულებდნენ.

მიაღწია. გახარებული იყო.

დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია. მატარებელს სვლა არ შეუნელებია.

- არ ჩერდება! არ ჩერდება! – ჩაქუჩებივით დაჰკრა ამ სიტყვებმა. ახლა მხოლოდ თვალებად იყო ქცეული.უნდა დაინახოს! ეს მჭადიც გაცივდებოდა ამ სიცივეში და ეს ლორიც. მაინც უნდა მიაწოდოს როგორმე. ჭაჭა გაუხარდება. მამასაც და შვილებსაც ზამთარში უყვართ ლორიანი ერბოკვერცხი. ჯერ თითო სირჩა არაყს გადაკრავენ. მერე კი აუჩქარებლად, გემრიელად შეუდგებიან ხოლმე საუზმეს. წელს ნამდვილად დიდი ზამთარი იქნება.

ხალხი ბაქანს მიაწყდა. ახლაღა დაინახა რომ მარტო არ ყოფილა. წინ წაიწია. შეეცადა პირველ რიგში გასულიყო. მოახერხა. გავიდა და

- ნახვამდის დე, ნახვამდის! მამას . . .

ვეღარ გაიგო რა დაუძახა. ფუთა ისევ ხელში ეჭირა: 

- შოთიკო, შვილოო – და ჯერ კიდევ მიმავალ ეშელონს ესროლა. ვიღაცამ დაიჭირა. დაინახა როგორ უქნევდა ის ვიღაცა, მისი შოთიკოსავით გამხდარი და მაღალი ბიჭი, ფუთიან ხელს. გაუხარდა, ძირს რომ არ დავარდა.

- ღმერთმა შეგარგოსო - ჩაილაპარაკა. ყველანი უყვარდა. მთელი ეს ეშელონი. მისი შვილის ბედის მოზიარენი – ღმერთო მაღალო! ღმერთო ძლიერო! შენ დაიფარე და დაიცავი ჩვენი შვილებიო, - შესთხოვდა ღმერთს ცრემლიანი და ფეხშიშველი.

* * *

ჭკვიანი ქალია ივლიტა. ოთხკუთხა წერილი სახლში არ მიიტანა. სამსახურში წაუღო ლევანს. თუ კარგი ამბავია, ღვთისწყალობით, თვითონ გაახარებ სანდრასო. თუ არა და . . . გულისცემა მთელს ოთახში ისმის. კედლებს შეჯახებული ეს ხმა უკან ბრუნდება და „თუ არა და”-თ ეჭედება ყურებში, საფეთქლებში გრდემლადა სცემს. სულაც არ გავხსნი ისე დავწვავო – გაიფიქრა ლევანმა. არ მინდა! კარგიც რომ იყოს მაინც არ მინდა. დარჩეს ყველაფერი ძველებურად. ძველებურად ყოველდღე დაველოდებითნ ბიჭების სამკუთხა წერილებს.სამკუთხას და არა ასეთს. აგერ უკვე ხუთი თვე გახდება, რაც ყოველდღე სახლში მიბრუნებული თვალლებით ეკითხებიან ერთმანეთს წერილები ხომ არ მოსულაო. თვალებით უფრო ადვილია.ხმამ შეიძლება უადგილო ადგილას გიღალატოს. ჭელიწადნახევარი, რომ გავა და არაფერი გეცოდინება ფრონტზე წასული შვილის შესახებ – გიღალატებს, აბა არა?!

იმ, გზიდან გამოგზავნილ წერილში მხოლოდ ის ეწერა, რომ ქერჩში გვაგზავნიანო. კარგია! ყინვები მაინც არ იქნება ისეთი, როგორიც ლენინგრადში. ლენინგრადის ბლოკადა უკვე გარღვეულია. კოტიკოს წერილს კი დააგვიანდა. სისულელეა! რა შუაშია?! ერთს მეორესთან არანაირი კავშირი არა აქვს. ცოდვაა სანდრა – ფიქრს აგრძელებს ლევანი. თავად სამსახურში მაინც აყოლებს გულს. სანდრამ რა ჰქნას? განა ვერ ხედავს ლევანი ეჭვები რომ ღრნის და არ ასვენებს სანდრას?ამიტომაცაა სულ, რომ დადუმდა. ხმამაღლა არაფერს ამბობს. ითმენს. ხმამაღლა თუ წამოსცდება – დარწმუნებულია ამაში სანდრა – სინამდვილედ იქცევა. უბედურებად, რომელიც სხვას ახალს მოიზიდავს. ამიტომ კუმავს ასე მაგრად ტუჩებს. თითქოს პირზე მომდგარ სიტყვას გზას უღობავს. კბილს კბილზე აჭერს და გარეთ არ უშვებს.

მაინც მოვიდა უბედურება...

აგერ დევს ოთხკუთხა წერილად. ივლიტა ფოსტალიონმა „თუ კარგი ამბავიაო” კი თქვა, მაგრამ ივლიტაზე უკეთ ვინ იცის რაც არის ეს წერილი. ამიტომაც უთხრა „თუ არა და”-ო. რა „თუ არა და”?

დაწვას? დახიოს? გადააგდოს? სანდრას არ უთხრას? რა არ უთხრას? ჯერ ხომ თავადაც არა იცის რა. არა ამ წერილს აქ ვერ წაიკითხავს. სახლში წავა. ბიჭების ოთახში. შოთიკოა თუ კოტიკო? კოტეს აქობამდის საყვედური არ ეთქმოდა. ამ ბლოკადის გარღვევამ ალბათ ნაწილების გადაადგილებები, გადანაცვლებები გამოიწვია. დალაგდება ისევ ყველაფერი და მივიღებთ წერილებს. შოთიკო, ბიჭო, შენ? შენ სადა ხარ, შვილო?

გაახსენდა ახალგაზრდობაში გაგონილი ერთი მოხუცის სიტყვები: ღმერთმა დასწყევლოს ვინც ოჯახი და ცოლ-შვილი მოიგონაო. მართლაც რამდენად ადვილი იქნებოდა ამდენი უბედურების გაძლება მარტო რომ ყოფილიყო ...

იმავ წამს ენაზე იკბინა.

სისულელეაო – ხმამაღლა დააყოლა და ისევ ფიქრი განაგრძო.

რამდენი სიხარული და ბედნიერება მოუტანეს მისმა ბიჭებმა, დარდთან და ჯავრთან ერთად ... ჩაეცინა შოთიკოს და კოტეს ოინები გაახსენდა. შოთიკოსი და კოტესი თორემ გიორგი თავიდანვე დინჯი, ჩუმი და მუყაითი იყო. ახლაც აზრიანი და წინდახედული ინჟინერია. თავაზიანი და ზომიერია ყველასთან, უფროსთანაც და უმცროსთანაც. მაგრამ გულჩათხრობილია. ადვილი სამეგობრო არ არის. დაფიქრდა. ვერ გაიხსენა გიორგის ვერცერთი მეგობარი. ერთი შემთხვევა გაახსენდა. შოთიკოს რომ არ ეთქვა, ვერც გაიგებდნენ. საოცარია! ასეთი გაწონასწორებული და თავშეკავებული გიორგისაგან გაუკვირდათ, თორემ დიდი არც არაფერი იყო. სესიების დროს ვიღაც თანაკურსელს უთხოვია მოდი პოლიტეკონომია ერთად ვიმეცადინოთო. გიორგის უპასუხია: პოლიტეკონომიისთვის არა მცალიაო. სულ ეს იყო. ამით გათავდა ეს საუბარი. მეორე დღეს მოულოდნელად ფაკულტეტის რიგგარეშე კომკავშირის კრება მოუწვევიათ. გიორგის საკითხს იხილავდნენ. იმ სტუდენტს დაუბეზღებია – პოლიტეკონომიისთვის არა სცალიაო. კომკავშირიდან გარიცხვას უპირებდნენ. 37 წელი იყო. ცუდად, ძალიან ცუდად დამთავრდებოდა ეს ამბავი, მათივე თანაკურსელს კაკო ბერიშვილს რომ არ ევაჟკაცა. ყველანი გმობდნენ გიორგის საქციელს. ადანაშაულებდნენ არსებულ თუ არ არსებულ ცოდვებში და მხოლოდ ამ ბიჭს უთქვამს: დასაგმობს და საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ ამ სიტყვებშიო. პოლიტეკონომია სერიოზული საგანია. მის კარგად მომზადებას დროც სჭირდება და დასვენებული გონებაცო. ორ სხვადასხვა საგანს შორის, ხელწამოკვრით, პოლიტეკონომიას ვერ ისწავლი ისე როგორც საჭიროაო. ძალიან კარგია, რომ ჩვენს მეგობარს ეს ესმის და ასე სერიოზულად და პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საგანსო. შეცვლილა კრების განწყობილება. ახლა უკვე გიორგის აქებდნენ თურმე და ბოლოს მადლობაც კი გამოუცხადეს. ღმერთმა გაახაროს ის ბიჭი, კაკო ბერიშვილი. ადვილი არ არის ბრბოში იყო და მასვე შეეწინააღმდეგო. ბრბოს თავისი კანონები აქვს. ისე ჩაგითრევს, ისეთ რამეს გაგაკეთებინებს, რომ დაფიქრდები თვითონ გაგიკვირდება. ცივი გონება უნდა გქონდეს, მტკიცე ნებისყოფა და გარედან მაყურებლის თვალი. გაუმართლა გიორგის, იმ ბიჭს რომ ეს ყველაფერი აღმოაჩნდა. იმას რომ ასეთი ფანდი არ ეხმარა არ შერჩებოდა გიორგის ის მოუზომავი სიტყვა.

შოთა და კოტე სხვანაირები იყვნენ.სულ საცუღლუტოდ, საეშმაკოდ გამზადებულები. ის საწყალი გურული გლეხი გაახსენდა ლევანს კითხვა კითხვით რომ მოაგნო და „შენმა შვილმა ლეღვივით გამფცქვნაო, რომ შესჩივლა. გაოცებულმა და აღშფოთებულმა ლევნმა იქვე ჩაუთვალა რასაც ითხოვდა და სასწრაფოდ სახლში გაეშურა. ის შემთხვევა მართალიც აღმოჩნდა და არც პირველი. თურმე ბაზარში ხილის გასაყიდად ჩამოსული გლეხების უმეტესობა ქალაქელ ბიჭებს იხმარიებს. მყიდველს ხილს ბიჭები უწონიან, ხოლო ამგარიშს გლეხტან ასწორებენ. სანამ გლეხი ერტ კლიენტს გაისტუმრებს და ფულს დაითვლის დამხმარე ბიჭი ამხანაგს უფულოდ გაატანს ხოლმე ხილს. 

ახლა მეორე შემთხვევა გაახსენდა ლევანს, რომელიც კოტეს ძალიან, ძალიან ძვირი დაუჯდებოდა, რომ არა მათი სკოლის დირექტორის კაცურ-კაცობა.

საშვიდნოემბრო საზეიმო სხდომის შემდეგ რკინიგზელთა კლუბში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება უნდა შემდგარიყო.უამრავი ხალხი ესწრებოდა: წარჩინებული მოსწავლეების მშობლები, ახლობლები, ნათესავები მეგობრები და მეზობლები. თვითონ წარჩინებული მოსწავლეები. სკოლის დირექტორმა დეტალურად განიხილა ორი დაპირისპირებული სამყარო და მათ სამკვდრო-სასიცოცხლო ორთაბრძოლის უეჭველი შედეგის ხორცშესხმაში ნათელმხილველისთვის შესაშური ცალსახობით იწინასწარმეტყველა მისი სკოლის წარჩინებული მოსწავლეების როლი. სათითაოდ დაახასიათა საამაყო აღსაზრდელები. კოტე მათ შორისაც გამოყო: დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები – ეს ბავშვი მალე ყველას გაგვაოცებსო. ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ, როგორ მალეც აუხდა თავისი სიტყვები.

სწორედ იმ დროს კოტე მეგობრების დახმარებით თოკით ჩაცოცდა სცენაზე და ფარდის უკან, მაგიდაზე დაწყობილი საჩუქრები სათითაოდ ააწოდა სხვენში თავმოყრილ ძმაკაცებს. იქვე ინაწილებდნენ, როცა საზეიმო სხდომის კულმინაციურ მომენტში სკოლის დირექტორმა გამოაცხადა: ახ;ლა კი ჩვენს საამაყო მოსწავლეებს საზეიმოდ გადავცემთ აი, ამ საჩუქრებსო.

სასულე ორკესტრმა, რომელშიც შოთიკო და გიორგიც უკრავდა და რომლის „მაესტროს” კოტე „ავადმყოფობის გამო” წინდაწინვე დაეთხოვა, ტუში დასცხო. გაიხსნა წითელი პლუშის ფარდა და . . . სკოლის დირექტორი თვალგაშტერებული და ყბაჩამოვარდნილი დაჰყურებდა ცარიელ მაგიდას. მაინც ეყო ადამიანობაც და პედაგოგიური ალღოც, რომ საოქტომბრო ზეიმის ასე სამარცხვინოდ ჩამშლელი დასასჯელად მშობლებისთვის გადაეცა. ვინ იცის იქნებ პედაგოგიური ალღო პოლიტიკურზე მეტიც კი ჰქონდა.

ისევ შოთიკოს დაუბრუნდა ფიქრებში. ერთხელ მორიგი ოინის შემდეგ დასჯილმა ამერიკაში წასვლა გადაწყვიტა. გაიპარა კიდევაც სახლიდან. აუცილებელი ნივთები ფუთაში გამოკრა და პორტში დასატვირთად მდგარ გემზე შეუმჩნევლად შეიპარა. ყუთების უკან მოხერხებული ადგილი მოიწყო. წამოწვა. გემის გასვლის მოლოდინში ნათლად წარმოიდგინა, როგორ ინანებდნენ მისი მშობლები, ასე უსამართლოდ რომ დასაჯეს. როგორ მიუჯდებოდნენ საღამოს სუფრას და მოისაკლისებდნენ შოთიკოს. დედა დასაძახებლად შევიდოდა ბიჭების ოთახში. იქ კი არავინ არ დახვდებოდა. შეშინებულებს სადილიც დაავიწყდებოდათ და ვახშამიც . . . უცებ ჯიბე მოისინჯა – მთელი ოჯახის პურის ბარათი თან წამოყოლია! ახალ რა ქნას? მთელი თვე უპუროდ ხომ არ დასტოვებს ყველას?

სასწრაფოდ ნაპირზე გამოვიდა და შინისკენ გაეშურა. ბედი არ სწყალობს! თავი უკვე ამერიკაში ეგონა. ახლა კი, სახლიდან ასე ყოჩაღად გამოპარული, თავისი ფეხით შინ როგორ დაბრუნდეს?

ჭიშკრის წინ ბოლთის ცემა დაიწყო. გამოსავალს ვერ პოულობდა. არა, ბედი მაინც ჰქონია! ლევანს სამსახურში შეგვიანებია. შინ მხოლოდ ახლა ბრუნდებოდა. შვილი ქუჩაში წინ და უკან მოარული რომ დაინახა –გაუკვირდა. თვითონაც ვერ გრძნობდა თავს კარგად. არ უყვარდა ბიჭების დასჯა. დაუძახა. მხარზე ხელი მოხვია და შინ ერთად შევიდნენ.

ღამე, როცა უკვე ყველას ეძინა, მამა-შვილი დანაშაულისა და სასჯელის საკუთარ გაგებას უზიარებდნენ ერთმანეთს. მაშინ უთხრა შოთიკომ ლევანს რასაც აპირებდა და რამ შეუშალა ხელი. ცუღლუტი კი იყო, მაგრამ ალალიც იყო და საკუთარი შეცდომის დანახვაც იცოდა. მხოლოდ ამისათვის ცოტა დრო სჭირდებოდა ხოლმე . . . 

ხელებისმქნეველი ხალხის ყვირილი: დაწექი, ლევან, დაწექიო და ორთქმავლის კივილი ერთდროულად ჩაესმა. გაუაზრებლად დაემხო პირქვე. შავმა მაზუთიანმა მქშინავმა მასამ ნელა გადაუარა და სულ ახლოს გაჩერდა. ხალხი მორბოდა. მემანქანე ერთი ხელით ორთქმავლის კიბეზე ჩამოკიდებული, მეორეში ჩაბღუჯული ქუდით გაოგნებისაგან გაფართოებული თვალებით ხალხს მისჩერებოდა.

ლევანს რეალობის აღქმის უნარი დაუბრუნდა. ახლაღა დაინახა, რომ რელსებს შორის იწვა გარშემო ხალხი ეხვია – ნაცნობებიც და უცნობებიც. ვიღაცამ ხელი შეაშველა. წამოდგა. ფიქრებში გავერტეო, წაილუღლუღა მობოდისებასავით და უკანმოუხედავად გაშორდა იქაურობას.

არა, შიში ნამდვილად არ უგვრძნია მაშინ ვერ მოასწრო. მერე კი სირცხვილმა დაჯაბნა ყველა სხვა გრძნობა. რაც არ უყვარდა სწორედ ის დაემართა - ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. მერე წარმოიდგინა რა შეიძლება მომხდარიყო და როგორ იპოვნიდნენ მისი ფორმის გულისჯიბეში იმ წერილს. ჰო, წერილი არც კი წაუკითხავს. იქვე გახსნა ვიღაცის ღობეს მიყრდნობილმა. ისეთი სიჩქარით თითქოს ეშინია ვერ მოვასწრებ და დამრჩება წაუკითხავიო

კოტეს დაღუპვის ცნობა იყო

თქვენი შვილი . . . 1944 წლის . . . გმირულად დაეცა . . . 

კოტიკო, ბიჭო, შენც, მამიკო ? ! . 

წამოსცდა! ნამდვილად წამოსცდა, ღმერთო! Aპატიე, ღმერთო! სულაც არ ფიქრობს რომ შოთიკოც აღარა ჰყავს. ვინ თქვა შოთიკოცო. ან კოტიკოცო. არაფერიც აი, ამ წერილს ახლავე დასწვავს. აი, ასე ჯერ კარგად დაჭმუჭნის ცეცხლი, რომ კარგად მოეკიდოს. ცეცხლი თვითონ ლევანს უკიდია და წვავს! წვავს შიგნიდან!

ივლიტა არაფერს არ იტყვის. სანდრაც დაელოდება თავის ბიჭებს.

რა კარგი ყოფილა უცოდინრობა. მოლოდინი. ეჭვები. რა ბედნიერი ყოფილა სულ ერთი დღის წინ. არ მინდა ასეთი ცოდნა. არ მინდა! კაცი ხარ. მამაკაცი. უნდა გაუძლოო. ვინ მოიგონა. საიდან მოიტანა. კაცი ვარ, ქვა ხომ არა ვარ! ექვსი წლის უნახავი შვილი დამიბრუნეთ მაჩვენეთ მაინც, თქვე უღმერთოებო. ამ ფურცლით მოიხადეთ მოვალეობა?! გადაგვიწურეთ წყალი ხომ?! შეგვატყობინეთ, რომ ჩვენი შვილი გმირულად დაეცა.… ვისთვის დაეცა?! რისთვის დაეცა?! რა უნდოდა ან ფინეთში, ან ლენინგრადში?! სამშობლო მიწა . . . ჩვენი სამშობლო აქ არის, აქო და ფეხები მიწაზე გამეტებით დააბაკუნა

სულის შემძვრელი იყო შორიდან მაყურებლისათვის. ფორმის შავი ფარაჯის კალთები მოტეხილი ფრთებივით ქანაობდნენ, როცა ეს ხანშიშესული, მთლად გაჭაღარავებული კაცი ხტოდა და მუშტებს უქნევდა უჩინარ მოპასუხეს.

 

* * *

ომი უკვე ორი წლის დამთავრებულია, მაგრამ ხალხი ჯერ კიდევ ბრუნდება ომიდან სანდრაც დარწმუნებულია, რომ მისი ბიჭებიც დაბრუნდებიან, აუცილებლად დაბრუნდებიან კი, შეაგვიანდათ მაგრამ სულ რომ არ დაბრუნდნენ გამორიცხულია

ფოსტალიონმა წერილი, რომ მოიტანა სანდრა სახლში იყო. პირველად ხარ ჩვენთან, ოჯახი დამილოცეო, დააძალა. კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ოჯახშიო, დიდი თავპატიჟი არც იმას გაუდვია. ხემსიც მიაყოლა. მადლობა დაუგდო და კიბეები ჩაირბინა. ეტყობა ბევრი წერილი აქვს დასარიგებელიო გაიფიქრა სანდრამ და კონვერტი გახსნა

პიონერები იტყობინებოდნენ: ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისათვის გმირულად დაღუპული თქვენი შვილის, უფროსი ლეინტენანტი კონსტანტინე კიკალეიშვილის, საფლავს ჩვენი რაზმეული უვლისო. შემოვღობეთ, ხის წითელ ვარსკვლავიანი ობელისკიც დავდგით და ყვავილებიც დავრგეთო.

ხელებმა ვეღარ გაუძლეს უჯრედებიანი სასკოლო რვეულის სიმძიმეს. სიბნელე ჩამოწვა. Dაღამდა. სანდრასთვის დაღამდა. მერე ეს უკუნეთი თვალებში ჩაეღვარა. ვიღაცამ საფეთქლებში გრდემლი აამუშავა. ყოველ დარტყმაზე ჩასძახოდა:თქვენი შვილის საფლავს. . . თქვენი შვილის საფლავსო. . . 

ჰაერი აღარ იყო სასუნთქი ჰაერი!

გონს, რომ მოვიდა ტახტის წინ პირაღმა ეგდო. კეფა სტკიოდა. ლევანს შეეშინდებაო, პირველი ეს აზრი მოუვიდა ტავში. წამოდგა. მტკივან ადგილზე ხელი მოისვა. დახედა.სისხლი არ სდიოდა. წერილი ისევ კონვერტში ჩადო და მიიხედ-მოიხედა. საიმედო ადგილს ეძებდა. ჯერ აქ იყოსო და ძველი საბუთების ჩანთაში, ქაღალდებს შორის ჩააცურა.

ახლა რა ქნას? აქამდე თავს იმშვიდებდა დაბრუნდებიან ჩემი ბიჭებიო. ახლა?! ახლა რას შეაფაროს თავი? ახლა სად დაემალოს სინამდვილეს? როგორ ერთ წამში დაიქცა ქვეყანა! ეჭვობდა, ეშინოდა, გული ცუდს უგრძნობდა, მაგრამ ყველაფერი მაინც ეჭვები იყო მხოლოდ ახლა . . . რა ახლა რა შეიცვალა?! ნახა თავისი კოტიკოს სიკვდილი? ვინმემ თავისი თვალით ნანახი ამბავი მოუტანა, თუ რა? ვიღაც ბავშვებს რა ჭკუა მოეკითხებათ?! ომი ომია! ათასი შეცდომა და გაუგებრობა ხდება. სანამ თავისი თვალით მნახველი არ ეტყვის აღარ გყავს შენი კოტიკოო არ დაიჯერებს! არ უნდა და არ დაიჯერებს! არც ლევანს არ ეტყვის არაფერს. ცოდვაა! ისედაც დაიტანჯა საცოდავი. დაიტანჯა და დაიღალა. დეპოში ათენებს და აღამებს. ძველი ლევანი აღარ არის. არაფერი არ ახალისებს არაფერი არ აინტერესებს. კარგი მუშაობისთვის ლენინის ორდენით დააჯილდოვეს. სხვა მის ადგილზე სულ თან ატარებდა. ამან კი ჩააგდო უჯრაში და ერთხელაც არ დაუხედია ზედ. არა, ნამდვილად ვერ გაუძლებს. მე მე კი გავუძლებ?! გავუზლო უნდა. შოთას უნდა დავხვდე

ბოშა ქალი გაახსენდა. კოტეს სიკვდილის დაჯერება არ უნდოდა და არ იჯერებდა. შოთიკოს დაბრუნება უნდოდა დაეჯერებინა და იჯერებდა.

ყურშამ სემოიხედა კარებში. შემოიხედა და შეჩერდა. უკან მიიხედა თითქოს შეამოწმა მომყვება ვინმე თუ არაო.

შემოდი, ყურშა, შემოდიო – მექანიკურად ჩაილაპარაკა.

ძაღლი ადგილიდან არ იძვროდა. ისევ უკან იყურებოდა. კიბეებზე ფეხისხმა გაისმა. ლევანისას არ გავდა. ვიღაც უცხო იყო. არავის ნახვა არ მინდაო, გაიფიქრა და მეორე ოთახისკენ გაემართა. ზურგში ტყვიასავით მოხვდა:

ასე უნდა დახვედრა?! ამ უცხო ძაღლის მეტს არავის გიხარიათ ჩემი დაბრუნებაო – კარებში გაძვალტყავებული მაღალი კაცი იდგა და უცინოდა ფოსოებში ღრმად ჩაცვენილი, მაგრამ ტკივილამდე ნაცნობი თვალებით.

რა მემართება დღესო – გაფიქრება ვერ მოასწრო და გონება ისევ დაკარგა. . .

თქმები ჰქონდა სველი. ალბათ წყალი დამასხესო, მიხვდა და მაშინვე ის თვალები გაახსენდა

შოთიკო, შვილო, შენ ხომ მაინც დამიბრუნდიო – ამოიხრიალა.

* * *

შოთა აბასთუმანში არ მიიღეს. ექიმებმა შენ აქაური ავადმყოფებისთვისაც საშიში ხარო. დიდი –დიდი კიდევ ორი-სამი თვე იცოცხლოო. არაფერიც არ უგრძვნია – არც შიში, არც სევდა, არც სიცოცხლის სურვილი. ყველაფრისგან დაცლილი, გამოფიტული იყო. დაფიქრდა: მე ხომ უკვე მკვდარი ვარ. მხოლოდ ესაა ჯერ კიდევ ფეხზე ვდგავარ. ჯერ კიდევ დავდივარ. თუმცა ორი-სამი თვე და და . . . 

ჯერ გრძნობები, აზრები, სურვილები ჩაკვდნენ. იმედიც, გადარჩენის იმედი. ამით დაიწყო სიკვდილი. დროში კი ცოტა გაიჭიმა, მაგრამ ორ-სამ თვეში დამთავრდებაო. ალბათ ასეც არის. დასასრულის სიახლოვე დასასრულს აახლოებს. იმედია სულ მალე დამთავრდება ის რასაც სიცოცხლე ერქვა. ისე საინტერესო კია - ჭლექიანი ჭლექიანებისთვის საშიში ხარო. 

ლამაზია აქაურობა ბორჯომის ხეობა. ყოველთვის უყვარდა. ბავშვობაში დედას ტბაზე და ტიმოთეს უბანში დაჰყავდა დასასვენებლად ძმებთან ერთად . . . საწყალი დედა, როგორ ცდილობს მამამ არ გაიგოს კოტეს ამბავი. მამა კიდევ დედას უმალავს. შოთას არ გამოეპარება შემთხვევითი სიტყვა, მზერა თუ ამოოხვრა. ტყვეობამ ასწავლა უთქმელის გაგონება. ამისთვის სმენა სულაც არ არის საჭირო. მთელი სხეულით, კანის ყოველი ფორით, ყოველი ბეწვით ისმენდა გარესამყაროს. უამისოდ იქ ვერ გადარჩები. მაშინ ჯერ კიდევ უნდოდა სიცოცხლე. ჯერ კიდევ უნდოდა დაბრუნება.

ჰო, ლამაზია აქაურობა. ჰაერია რბილი და ტკბილი. მის ჭლექიან ფილტვებშიც ადვილად ჩადის, მსუბუქად.

დილაობით, ალიონზე, უყვარდათ ბიჭებს გაპარვა სახლიდან. სახლის პატრონს რა ერქვა? არა, სახელი ვერ გაიხსენა. გვარად კი ლურსმანაშვილები იყვნენ. ჰოდა, სახლის პატრონმა პირველსავე საღამოს სანდრას ხუმრობანარევი წუწუნის "არ მიჯერებენ, გაუგონარი ბავშვები არიანო" პასუხად კლდეში, შორს, გამოქვაბულები დაანახათ და თუ ჭკუით არ იქნებით იქაური დევები წაგიყვანენო. კოტე ცოტა შეფიქრიანდა. გიორგი და შოთა დაპირდნენ: ხვალვე წავიდეთ და დარწმუნდები, რომ არავითარი დევები არ არსებობენო. რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ გამოქვაბულებამდე მაინც ვერ მიაღწიეს . . . 

გამოქვაბულში მერე მოხვდა. იქ ქერჩში, აჯიმუშკაის კატაკომბებში, სადაც ალყაშემორტყმულები აფარებდნენ თავს. მაშინ ფილტვები ჯამრთელი ჰქონდა, მაგრამ სუნთქვა მაინც უჭირდა და მაინც მხნედ იყო. სხვებსაც შეუძახებდა ხოლმე – არაუშავს, ბიჭებო მალე მოგვეშველებიან. ჩვენს მოალყეებს თვითონ მოაქცევენ ალყაშიო. სიმღერას წამოიწყებდა. სხვებიც აყვებოდნენ. ერთს მეორე მოჰყვებოდა და ცოტა გახალისდებოდნენ. გამოცოცხლდებოდნენ. ერთხელ ვიღაცამ სიმღერა წამოიწყო. აყვნენ დანარჩენებიც მომღერალმა 


и никто не узнает

где могила моя - ო


ხმა ჩაიწყვიტე რა დროს სიმღერააო – თავს დააცხრნენ ერთი წუთის წინ მასთან ერთად მომღერლები. გულში ჭიად შემძვრალი ეჭვის გამოძახილად ჩაესმა თითოეულს სიმღერის ეს სიტყვები. ის ეჭვი ბევრისთვის სინამდვილედ იქცა. საჭმელი მალევე გაუთავდათ, მაგრამ სანამ ღამღამობით ხევიდან წყლის ამოტანას ახერხებდნენ კიდევ რა უჭირდათ. წყალი ყოფილა მთავარი. გერმანელმა სნაიპერმა წყლის აღების რამოდენიმე მცდელობა რომ ჩაუშალათ, მაშინ ძალიან გაჭირდა გაძლება. კლდეში გამოჟონილი წვეთების შეგროვება დაიწყეს. ზოგმა გონება დაკარგა. ზოგმა გამოქვაბულის კედლებს დაუწყო ლოკვა. მანამდე თუ დღის სინათლე ენატრებოდათ, ახლა ღამეც ვერ გამოდიოდნენ გარეთ. გერმანელები ძალიან ახლოს მოვიდნენ. საიდუმლო ხვრელიც იპოვეს. ერთადერთი „მაქსიმიც” დადუმდა. ტყვია-წამალიც აღარ ჰქონდათ. იმ აგონიას ისევ გერმანელებმა მოუღეს ბოლო - მხრჩოლავი ხელყუმბარები შემოყარეს და ბოლით გაგუდულები სათითაოდ წამოკრიფეს. ასე მოხვდა ტყვეობაში. სიმართლე თუ გინდა არც ითვლებოდნენ ტყვეებად. სტალინმა მე ტყვეები არა მყავსო. საოცარია თავი რატომ არ მოიკალიო? ამაზე მაშინ არც უფიქრია. Iცოდა, როგორ არ იცოდა, ერთი ტყვია ჯარისკაცს თავისთვის, რომ უნდა ჰქონოდა, მაგრამ მაშინ სიცოცხლე სწყუროდა, ჯერ კიდევ სწყუროდა.


* * *


ნახირივით მიერეკებოდნენ. ყირიმიდან ჩეხოსლოვაკიამდე ჩაიყვანეს. უკრაინელი ქალები გზაზე ხვდებოდნენ, პურს და კარტოფილებს ესროდნენ. ზოგი ავტომატის კონდახის ცემასაც არ ეპუებოდა - პირდაპირ ტყვეებში შემოვარდებოდა და მოხარშულ კვერცხებსა თუ ბოთლით რძესაც კი მიაწვდიდა რომელიმე გაძვალტყავებულ ტყვე ჯარისკაცს. გერმანელი ბადრაგაიც ასე თუ ისე თვალს ხუჭავდა. შეძლების და გვარად არ რეაგირებდა

ქალებმა რამოდენიმე ტყვე დაიხსნეს კიდევაც. ტყვე ჯარისკაცს ანთავისუფლებდნენ თუ იქაური იყო, ოჯახი ჰყავდა და ცოლიც მოაკითხავდა. უკრაინელკმა გოგომ ოლესია ერქვა, გვარი აღარ ახსოვს, დედამისის ქორწინების ბეჭდითა და სახელდახელოდ მოგონილი, მაგრამ კარგად გაზეპირებული ტყუილით სცადა შოთას განთავისუფლება. არ გაუმართლა. უფროსი ადგილზე არ აღმოჩნდა. მეორე დილით კი მთელი ბანაკი აყარეს და გზას გაუყენეს. ეტყობა ახალი ნაკადის მისაღებად ადგილი გაანთავისუფლეს.

რუმინეთის ტერიტორიაზე ყველაფერი შეიცვალა. ბადრაგი უკვე რუმინელები იყვნენ. თუ მშიერ მწყურვალი გასავათებული ტყვე ჯარისკაცი ფეხს ვერ აუწყობდა და ჩამორჩებოდა მათ, ცხენზე ამხედრებულთ, იქვე ხვრეტდნენ.

მაინც ჩაიტანა სული და ძვლები ჩეხეთამდე. მთავარია ცოცხალი იყო დანარჩენს ეშველებაო ფიქრობდა. ახალგაზრდა იყო, გამოუცდელი. გზაშივე გაიცნო გაჭირვების თანამოზიარენი. ქართველებიც იყვნენ რამდენიმე კაცი. მათთან ახლოს ყოფნას არჩევდა.

ექიმი შტუტმანიც მათსავით ტყვე იყო. მაგრამ მათზე უარესი საფრთხე ელოდა – ებრაელი იყო. შავგვრემანი ქართველად გავასაღოთო, შესთავაზა დანარჩენებს. Dათანხმდნენ. ლევ მარკოვიჩიც მონდომებით იჩემებდა ქართველობას. მაინც დაეჭვდნენ. ვიღაც სოხუმელი სომეხი იყო - ბანაკში ჩასვლისთანავე დააბეზღა – ეგ ქართველი არ არის, ქართული არ იცისო. ქართული არც შენ იცი საქართველოში დაბადებულმა და გაზრდილმაო – თავისაზე დადგნენ ბანაკის უფროსთან მიყვანილი ქართველები. სხვა ისედაც რა გზა ჰქონდათ. მოტყუილების მცდელობისთვის მათაც იგივე ელოდათ რაც ლევ მარკოვიჩს – მამა ქართველი ჰყავდა – კვინიხიძე, მაგრამ დედამისი რუსია და მთელი ცხოვრება რუსეთში გაატარა. საქართველოში ნამყოფიც არ არის, ქართული საიდან ეცოდინებაო. თანაც თუ ასეთი დაკვირვებ;ული ხარ ის ვეღარ შეამჩნიე, რომ ლაპარაკით ვერ ლაპარაკობს ქართულად თორემ ყველაფერი რომ ესმისო – უტეხად არ თმობდნენ ქართველები. ეტყობა ისე უტიფრად სტყუოდნენ, რომ ბანაკის უფროსობამ დაიჯერა შტუტმან - კვინიხიძის ქართველობა. სახელიც გაუქართულეს ლევ მარკოვიჩს და ლევანს ეძახდნენ. მანაც იყოჩაღა! ბევრს, ძალიან ბევრს დაეხმარა. შოთაც მან გადაარჩინა. სამკურნალო ბანაკში გადაგიყვანო, - ჩასჩურჩულა ღამით დასაძინებლად დაწოლილს. მწარედ ჩაეცინა იქ არ იყავი ამ დილით, რომ დამიწუნესო? საცდელ ბოცვერადაც არ გამოვდგებიო. მართალი ხარ ახალგაზრდა ექიმები ასეთი ოპერაციებით იმაღლებენ კვალიფიკაციას. მათ შენნაირი ავადმყოფი არ აინტერესებთ. რისკი დიდია. წარმატებული ოპერაციაც კი შეიძლება უშედეგო გამოდგეს ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გამო, მაგრამ ეს შენი ერთადერთი შანსია. გადარჩენის ერთად-ერთი შანსი . . . მაშინაც ჯერ კიდევ უნდოდა სიცოცხლე

ლევ მარკოვიჩი ვიღაც ახალგაზრდა გერმანელ ექიმს შეუთანხმდა. იმას წინა ოპერაცია არ გამოსვლია. ცოტა კი შეჭოჭმანებულა, მაგრამ გასაყიდი ცხენივით აქებდა შტუტმან – კვინიხიძე ავადმყოფს – ახალგაზრდაა, ამტანია, სხვა რომ არა იყოს რა ქართველია. Kავკასიიდან. იქ კი ხალხი კაჟივით მაგარი და გამძლეაო. როგორც იქნა დაითანხმა. ჩაუკირეს გახვრეტილი ფილტვი. დანარჩენი ორგანიზმზე იყო დამოკიდებული. შეუძლებელი შეძლო ლევ მარკოვიჩმა. შვილივით მოუარა. სიკვდილს გამოგლიჯა ხელიდან. ექიმი იყო და მეტი თავისუფლებით სარგებლობდა. ჩეხ პარტიზანებთან დაკავშირებაც მოახერხა. ბანაკიდან გაქცევის გეგმაც მოუმზადა. ორჯერ მოუწია გადადება. მაინც გაიქცა. მარტო გაიქცა. ლევ მარკოვიჩმა აქ ვარ საჭიროო და იმ ჯოჯოხეთში დარჩა სხვების პატრონად.


* * *


საშინელი ყინვები იდგა. 44 წლის იანვრის მიწურული იყო. ნახევრად შიშველი გარბოდა. სასწაულად შემორჩენილი ფარაჯა, ბანაკშივე, ერთ ულუფა პურში გადაცვალა. ახლა ამ სირბილში ცალი ფეხსაცმელი სადღაც დაკარგა მეორე თვითონ გადააგდო - ასე კოჭლობით ხომ ვერ ვირბენო?

ყველაფერი თუ კარგად წავიდოდა შოთას გაქცევა დილამდე ვერ უნდა შეეტყოთ. დილას კი უკვე პარტიზანებთან იქნებოდა. მარშრუტი კარგად იცოდა. თვალებს დახუჭავდა და ნახატს ცხადად ხედავდა. სიბნელეში გარბოდა. უცხო ქვეყანაში იყო, მაგრამ თითქოს მშობლიურ მხარეში ყოფილიყო ისე იცოდა, რომ ახლა დიდი მუხა შეხვდება. მერე ხევში მოუწევს ჩასვლა. ხევს ხელმარცხნივ გაუყვება და იქ უშველებელი ლოდი დახვდება. იქედან კი სულ ახლოს არის პარტიზანების ბანაკი. სულ ახლოს.

ძაღლების ყეფა მოესმა. გაავებული, ადამიანზე დაგეშილი ძაღლების ხმა იყო. რაღაც მოხდა რაღაც ისე არ აეწყო, როგორც ელოდა. მალევე გაუგიათ. მდევარი დაუდევნებიათ. ნეტავ ლევ მარკოვიჩი ხომ არ ჩავარდაო – დაღონდა.

გზა გააგრძელა. დიდხანს გარბოდა. უკან ძაღლების ყეფა ესმოდა. კვალში მომდევენო გაიფიქრა. მდინარის დანახვა გაუხარდა. შეეშინდა კიდევაც. იმ ნახაზზე მდინარე არ იყო. ე.ი. გზა აებნა ე.ი. მხარი ექცა. მაინც უხაროდა მდინარესთან, რომ აღმოჩნდა. ძაღლები კვალს დაკარგავენო. ფეხშიშველმა შეაბიჯა გაყინულ წყალში. ჩქარი მდინარე იყო და საკმაოდ ღრმაც. ამსიმაღლე კაცს მუხლებს ზემოთ სწვდებოდა. მდინარე იქვე ახლოს, ხელმარჯვნივ, უხვევდა. წყალს აღმა აუყვა და მოსახვევში თვალს მოეფარა. იმედი ქონდა მდევარი წყალდაღმა დაუყვებოდა ნაპირს. ცოტა კიდევ იარა. ისევ ტყეში შევიდა. ძაღლებს კი აურია კვალი, მაგრამ აღარც თვითონ იცოდა საით წასულიყო. ალალბედზე გარბოდა.

შუაღამე დიდი ხნის გადასული იქნებოდა, როცა ადამიანის საცხოვრებლის სიახლოვე იგრძნო. არ დაუნახია, მხოლოდ იგრძნო. არ დაფიქრებულა იქ ვინ დახვდებოდა. დაღლილი იყო ზღვარს გადასულად დაღლილი. ახლა მხოლოდ ინერციით გარბოდა. თუ ამას სირბილი ერქვა. ძლივსღა მილასლასებდა. ხშირად ეცემოდა.

იანუში გალუმპულ-გაყინული საფრთხობელის დანახვაზე ძალიანაც შეშინდა, მაგრამ აჯობა ადამიანმა შიშს და მთელი კათხა ცხელი რძე დაალევინა. თივაში დამალა. კარგი თივა იყო. მშრალი. შურნელოვანი. ზაფხულის სურნელი ასდიოდა და თაკარა მზის მხურვალება შემოენახა. თითქოს აგვისტოს პაპანაქება შემოეგება მასში ჩამძვრალ გათოშილ – გასავათებულ შოთიკოს და იმწამსვე გათიშა. მკვდარივით ეძინა. გამთენიისას ხმაური შემოესმა. ძაღლები ყეფდნენ. სახლის პატრონი ლოიალობაში არწმუნებდა გერმანელებს შინ ეპატიჟებოდა: დაღლილები და შემცივნებულები იქნებით. შემობრძანდით. Dანაყრდით. გასათბობად სლივოვოცაც მომეძებნებაო. ალბათ ამიტომაც იყო, რომ ზერელედ, უფრო ვალის მოსახდელად დაიარეს კარ-მიდამო. ყველგან კი შეიხედეს. აქა იქ თივაში ფიწალიც ჩაარჭეს და სახლში შევიდნენ

კარგა ხნის შემდეგ, ან იქნებ ეს შოთას მოეჩვენა ასე, სიცილ-ხორხოცით გამოლაგდნენ. სახლის პატრონს აქებდნენ - კარგი კაცი ხარო. ჭავიდნენ.

იანუშმა აქ ვერ დაგტოვებ, სახიფათოაო და საღამოს პირზე ტყეში წაიყვანა, პარტიზანებთან.


* * *


აღარ ელოდნენ. ტყვეთა ბანაკში ატეხილი აურზაური პარტიზანებს არ გამოჰპარვიათ. არ იცოდნენ რა მოხდა. ეგონათ ის ქართველი ჩავარდაო. აკი ელოდნენ ბანაკიდან გამოქცეულ ქართველ ტყვეს. გაუკვირდათ და გაუხარდათ ცოცხალი რომ დაუსხლტა მდევარს. ერთხანს აცალეს. დაისვენე. მომაგრდიო. შოთამ სწრაფად იწყო გამოკეთება. დროს უქმად მაინც არ კარგავდა. ხალხს და არემარეს ეცნობოდა. იქაურობა რაღაცით ბორჯომის ხეობას ახსენებდა: მთებით, მაღალი ნაძვებიტ, ქვებზე და ლოდებზე მხიარულად მოხტუნავე მდინარეებით. ხალხიც მოსწონდა – მშრომელი, პატიოსანი, ბუნებასა და ნადირ-ფრინველზე მზრუნველი. გაახსენდა ერთხელ ირემი მოკლეს, გაატყავეს და გემრიელადაც მიირთვეს ირმის მწვადები. მეორე დღეს იქვე ახლოს მცხოვრები გლეხი მოვიდა. საკუთარი ძროხა მოიყვანა – აქაურები ყოველ კვირას ამოგიყვანთ თითო ძროხას, ოღონდ ირემს ნუ მოკლავთო. ალბათ არც გაუჭირდებოდათ დანაპირების შესრულება. შეძლებულად ცხოვრობდა იქაური გლეხობა. ჭკვიანად და წინდახედულად უძღვებოდა მეურნეობას. ყველა მეურნეობის პატრონს მდინარეში მოხერხებულ ადგილას თავისი საკუთარი პატარა ელექტროსადგური ქონდა ჩადგმული. პატარა იყო და ბუნებას არ აზიანებდა. მისით მიღებული ენერგია კი ერთ მეურნეობას მთლიანად აკმაყოფილებდა.

პატიოსანი ხალხი იყო. ბოქლომი და სარაზავი არ სჭირდებოდათ. ეს მერე, წითელი არმია, რომ შემოვიდა და დაიწყო ველოსიპედების და ათასი სხვა საჭირო თუ ომში სრულიად გამოუსადეგარი ნივთების ქურდობა – გაოცებულებმა ველოსიპედების სპეციალური ჯაჭვებით დაბმა დაიწყეს. ხშირი იყო „გამანთავისუფლებებისაგან” ქალების გაუპატიურება და ხალხმა სახლის კარებებიც ჩაკეტ- ჩარაზა. შოთას რა ბრალი მიუძღოდა, მაგრამ მაინც ძალიან ჩაწყდა გული, როცა მისმა თანამებრძოლმა, მოხუცმა მათემ, ერთ რუს ოფიცერს პირდაპირ უთხრა -–სანამ მოხვიდოდით ვნატრობდით, როდის მოვა საბჭოთა არმიაო, ახლა კი იმას ვნატრობთ, როდის წახვალთო.

მართალი იყო მათე. ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო. რუსმა გამანთავისუფლებლებმა დამპყრობელი გერმანელები დაჯაბნეს უზნეობითა და უაზრო სისასტიკით.

ჩეხ პარტიზანებთან ერთად იბრძოდა. ქალაქ შიომპერკის მახლობლად. სიცოცხლე გაუმწარეს გერმანელ ფაშისტებს. დივერსიებს უწყობდნენ, ნაცისტების ცოცხალ ძალასა და საბრძოლო ტექნიკას ანადგურებდნენ, ხიდებს და რკინიგზის ლიანდაგებს აფეთქებდნენ.

გამარჯვება, ასე ნანატრი გამარჯვება ახლოს იყო. კიდეც ეამაყებოდა და კიდეც უკვირდა ახლანდელი საბჭოთა ჯარის შეიარაღება. გულიც სწყდებოდა ფრონტზე თავისი პირველი დღეები ახსენდებოდა. იმ მაიორმა, წინახაზზე, რომ აგზავნიდა, იარაღი არ მისცა. პისტოლეტიც კი არ მისცა. გზაზე დახოცილები ბევრი შეგხვდება და იმათი იარაღი აიღეო. ლეიტენანტი ერქვა. ასეული ებარა. საბრძოლო დავალება ჰქონდა მიღებული. იარაღი კი – არა.

სულ სხვა იყო 45 წლის საბჭოთა ჯარი. ჯარისკაციც სხვა იყო და ოფიცერიც. თქვენ, 41-42 წლების ჯარისკაცები ჩვენი დღევანდელი გამარჯვებისთვის საჭირო სასუქი იყავითო- უკვე აქ, ჩეხოსლოვაკიაში, უთხრა ერთმა კაპიტანმა. ასეც იყო, როგორც სასუქი ჩაიშლება და ჩაიკარგება მიწაში, ისე ჩაიღუპა და ჩაიშალა 41-42 წლებში ომში გაწვეული უამრავი უწვერ-ულვაშო ახალგაზრდის სიცოცხლე. იმასაც ამბობდნენ მოუმზადებელნი შევხვდით ომსო. განა 37 წელ გამოვლილი ჯარი ომისთვის მზადებას შეძლებდა? სტალინმა არ იცოდაო. სტალინს შეიძლება რომელიღაც სოფლის მეწისქვილის ან ქოხ-სამკითხველოს გამგის ამბავი არ ცოდნოდა, მაგრამ ტუხაჩევსკი, ბლიუხერი და საერთოდ უმაღლესი ეშელონების წმენდის შესახებ არ იცოდაო . . . გაუწვრთნელ-მოუმზადებელმა უიარაღო ჯარისკაცმა კი მხოლოდ ის მოახერხა, რომ საკუთარი სიცოცხლე დაუხვედრა წინ კარგად ორგანიზებულ სამხედრო მანქანას. მან კი, იმ მანქანამ, თავის გზაზე ნაცარ-ტუტად აქცია ყველა და ყველაფერი. პირველ რიგში ადამიანის სიცოცხლემ დაკარგა ფასი. ამას არც როდის ქონია დიდი მნიშვნელობა საბჭოთა სახელმწიფოში: „ტყეს კაფავენ – ნაფოტები ცვივაო” ჰო, ეტყობა არ შეუძლია რევოლუციას სიკეთის მოტანა. არ არის იგი განვითარების გზა და საშუალება. არ არის შემომქმედი. მხოლოდ დამანგრეველ დამაქცეველია. ბუნებაში მსგავსი არაფერი ხდება. იყო მსოფლიოს ისტორიაში რევოლუციები და ყოველმა მათგანმა თავადვე მოინელა საკუთარი თავიცა და ნაყოფიც.

* * *
ომი კი დამთავრდა და გერმანიამ კაპიტულაციასაც მოაწერა ხელი, მაგრამ შოთა თავის რაზმთან ერთად ჯერ კიდევ იბრძოდა. ჯერ კიდევ ბევრი ესესელი იმალებოდა ტყეებში. რაზმის უფროსმა შოთას გვარი დასაჯილდოებელთა სიაში შეიტანა.

ორი დღე წმინდა, აპრიალა და აკრიალა იარაღი, ტანსაცმელი, ჩექმები. ყველაფერს ლაპლაპი დააწყებინა. თვითონაც გაიკრიჭა, გაიპარსა ულვაშები მოკლედ და კოხტად დაიყენა წვერი მაშინ მოიპარდა, ომი დამთავრდაო, რომ გამოაცხადეს. მეორე დღეს ფოტოატელიეში გადაიღო სურათი. უნდოდა რაც შეიძლება მშვიდი, სამოქალაქო სახე ქონოდა. ფოტოგრაფმა თავისი პიჯაკი ჩააცვა. ჭრელი აბრეშუმის ყელსახვევით დამალა პიჯაკის ქვეშ რომ სამხედრო ხალათი ეცვა. კარგად გამოვიდა. . . მარტასაც მოეწონა. კარგიაო, მაგრამ თვალი უნდა შეგაჩვიო, უცხო მგონი ხარო.

რაღა უცხო იყო? ხვალ დაჯილდოების შემდეგ ხელი მოვაწეროთო შესთავაზა. რამოდენიმე დღეში დემობილიზაციის საბუთებსაც მომცემენ. კიდევ რამდენიმე დღე შენებთან დავრჩეთ. მერე კი წავიდეთ ჩვენს სახლში, საქართველოშიო. სიხარულმა გაუბრწყინა სახე. თვალებში კი ნაღველი მაინც ეტყობოდა. ალბათ ახლობლების დატოვება ადარდებსო გაიფიქრა და – პირობას გაძლევ ყოველ წელიწადს ჩამოვალთ შენი მშობლების მოსანახულებლად ან ისინი მოვიპატიჟოთ საქართველოში ზაფხულობით ზღვაზე დასასვენებლადო. გაეცინა. ზაფხულში ვის ეცლება. მეურნეობაში ათასი საქმე და საზრუნავიაო. შენთან ერთად კი სადაც გინდა წამოვალ. ამას არ ვდარდობ. თვითონაც არ ვიცი რა მჭირს. უეცარი ნაღველი მომაწვება და ტირილი მინდებაო - შემოსჩივლა მარტამ

ახლა ღა ხვდება - გული უგრძნობდა, რომ არ ეწერა ასრულება მათ ოცნებას, რომ ხვალ დილით ჩეხეთის პარტიზანული მოძრაობის მთავარი შტაბის უფროსი ვერ გადასცემდა მის საქმროს ჩეხეთის უმაღლეს ორდენს საბრძოლო მამაცობისათვის, რომ ვერც საქართველოში ვერ წამოვიდოდა და რომ ეს იყო მათი უკანასკნელი შეხვედრა. რაღაცას გრძნობდა. გაურკვეველს. შემაშფოტებელს, მაგრამ რას - არ იცოდა.

აჩქარდა მარტა. თუ ხვალ ხელს ვაწერთ მეც ბევრი საქმე მქონია და უნდა წავიდეო.

შოთა რაზმის მეთაურმა გამოიძახა. საბჭოთა ჯარისკაცები ჩვენც გვინდა დავაჯილდოოთო, დაურეკიათ რუსების შტაბიდან. ახლავე თუ წახვალ იქ დროზე იქნები. საზეიმო ცერემონიალი საღამოს 7 საათისთვის არის დანიშნული. დილით უკვე აქ იქნები. ჩვენთან დაჯილდოება 12 საათზეა. გამოზინებასაც კი მოასწრებო.

შტაბში თბილად შეხვდნენ. მადლობა უთხრეს, რომ არ შეარცხვინა საბჭოთა ჯარისკაცის სახელი. რომ გმირულად მოიხადა თავისი ინტერნაციონალური ვალი და მოძმე ჩეხ ხალხს დაეხმარა გერმანრელი ოკუპანტებისაგან სამშობლო ქვეყნის განთავისუფლებაში. რომ იგი მარტო არ არის და რომ მას სხვა დანარჩენებთან ერთად დააჯილდოებენ მთავრობის სახლში, პრაღაში. საბუთების უშეცდომოდ გასაფორმებლად ჩეხეთის პარტიზანის პირადი ბარათიც ჩამოართვეს. . . ახლა უკვირს – ასეთი ბრმები როგორ ვიყავით, რომ მაშინაც კი ვერ მივხვდით რა ხდებოდა. ჩვენ ხომ ეს ერთადერთი საბუთი გვქონდა ჩვენი პირადობის დამადასტურებელი

მაშინ მხოლოდ ის აღონებდა, რომ ხვალ ჩეხებსაც უნდა დაეჯილდოებინათ. უთხრა კიდეც იმ მაიორს. არ ინაღვლოთო! ჩვენ უკვე დავუკავშირდით ჩეხ მეგობრებს და ვთხოვეთ ღონისძიების ორიოდე დღით გადადებაო. 

გულზე მოეშვა. ახლა მარტა ღა ადარდებდა, მაგრამ - ხვალ დაჯილდოებაზე მოსული გაიგებს რაც მოხდა და მიხვდება, რომ ხელს ორიოდე დღის მერე მოვაწერთო – თავი დაიმშვიდა.

სადგურზე პატარა მიტინგი ჩაატარეს. შტაბის უფროსმა მოკლედ ილაპარაკა. თითქმის სიტყვა სიტყვით გაიმეორა ის, რაც შოთას ორიოდე საათის წინ უთხრა. სასულე ორკესტრმა მარში დაუკრა. ეშელონშიო – გაისმა ბრძანება და საბრძოლო მამაცობისთვის დასაჯილდოებელი ხალხი ორკესტრითა და ტაშის გრიალით გამოაცილეს ერტი წუთის წინ ჩამომდგარი ეშელონისკენ. იქ კი ენკავედეშნიკები სჭარბობდნენ. ავტომატიანი ბადრაგიც იდგა. არც ამისთვის მიუქცევია დიდი ყურადღება. აბა, სამხედრო ეშელონი დაცვის გარეშე როგორ იქნება ასეთ დროშიო.

ჩვეულებრივი ეშელონი იყო - საქონლის გადასაყვანი ვაგონები. იატაკზე ცოტა თივა ეყარა. არც დასაწოლი, არც დასჯდომი. პირდაპირ იატაკზე იწვნენ. ვაგონის ერთ კუთხეში, ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, იტაკში ხვრელი იყო გაკეთებული. ვაგონს ფანჯარა არ ქონდა. ჭერთან ახლოს პატარა ოთხკუთხედი ჭრილიდან შემოდიოდა ჰაერიცა და შუქიც. ისიც ფიცრებით იყო აჭედილი.

ფრონტზეც ასეთივე ეშელონით გააგზავნეს მაშინ. უჩვეულო მხოლოდ ის იყო, რომ უკვე მესამე დღე მგზავრობდნენ და არსად არ გაჩერებულან. რა ხდებოდა? სად იყვნენ? საით მიდიოდნენ არაფერი იცოდნენ.

ვაგონის ბორბლების მონოტონური ხმაური არღვევდა სიჩუმეს. სიჩუმე გაიგონა. ცხადად გაიგონა. საშინელი ყოფილა როცა სიჩუმე ხმაურობს. თანამგზავრებს გადახედა. ყველა ერთ საფიქრალს ფიქრობდა. ხმას კი არავინ ირებდა. თვალებსაც არიდებდნენ ერთმანეთს.

მეოთხე დილას, გამთენიისას, ერთმა ხნიერმა ჯარისკაცმა მეორეს უზურგა. იმანაც ბევრი წვალებისა და ჯაჯგურის შემდეგ სარკმელი აჭედებული ფიცრებისაგან გაანთავისუფლა.

ახლა დანარჩენებიც გამოცოცხლდნენ. 

რას ხედავ? სადა ვართო – კითხვები დააყარეს ამხანაგის ზურგზე შემდგარს. ვერაფერსაც ვერ ხედავდა. არაფერიც არ იცოდა. ახლო-მახლო, სადამდისაც ადამიანის თვალი მისწვდებოდა, ცოცხალი სულიერი არ ჭაჭანებდა.

მორიგეობით იწყეს თვალთვალი - იქნებ ვინმე დავინახოთ. იქნებ რამე შევიტყოთო. როგორც იქნა რომელიღაც გადასარბენზე მეისრე შენიშნეს. სადა ვართ? საით მივდივართო – დაუყვირეს? აღმოსავლეთისკენო- დაადევნა ხელში ყვითელდროშიანმა და ალბათ მეტი დამაჯერებლობისთვის ხელითაც აჩვენა –

ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი ს ა კ ე ნ !

ამ ერთი სიტყვით გაირკვა ყველაფერი. საეჭვო და სათუო აღარაფერი დარჩა.

* * *

„მაგადანი, მაგადანი

საოცარი ადგილი

ზამთარია მხოლოდ ცხრა თვე

დანარჩენი - ზაფხული”

ამაზე მეტი შეურაცყოფა და დამცირება რაღა იქნებოდა ჩხრეკას გერმანელი ტყვეები ატარებდნენ. თურმე როგორი ცივი და ყველაფრის ამტანი ყოფილა ბევრის მნახველი და გადამტანი შეურაცყოფილი ადამიანი, რომ ასეთ ჯოჯოხეთშიც შეძლოს პატივისა და ღირსების შენარცუნება

ნეტავ ახლა სად არის ვასილ ნიკოლაევიჩი? დარწმუნებული იყო, რომ თუ ცოცხალია, ყველაფერი წესრიგში ექნება. იმას ვერაფერი მოერევა სიკვდილის მეტი! კაცურად უცხოვრია. Uომია. ამის ვერ თუ არ დამნახველებმა დამცირების კიდევ ერთი მეტად ორიგინალური ხერხი იხმარეს.

არაფერიც არ გამოუვიდათ. საკუთარი თავისა და მათი შემომქმედი ქვეყნის დამცირების მეტი. 

იმან კი, ვასილ ნიკოლაევიჩმა სტაროსელცევმა, ტყვედნამყოფმა რუსმა ჯარისკაცმა, რომელსაც ახლა სამშობლოში დაბრუნებულს, გერმანელი ტყვე ჩხრიკავდა, თვალი თვალში გაუყარა ამ აქტის ბრიყულად მოხორხოცე ორგანიზატორებს და ხმამაღლა, გარკვევითა და დაუნახაობაშეუძლებელი ირონიით მაიაკოვსკის „პასპორტი” წაუკითხა, თავიდან ბოლომდე: 


читайте, завидуйте

Я гражданин Советского Союза

ფილტრაცია გაიარა. არავინ არაფერში შედავებია. დაკითხეს. დაწვრილებით და ცაზიებით ირკვევდნენ ყველა წვრილმანს. დასამალი არაფერი ჰქონდა. ყველაფერი ისე მოყვა როგორც იყო და როგორც მას ახსოვდა. მხოლოდ ერთი რამ დამალა. ის სოხუმელი სომეხი არ უხსენებია, ვინც ექიმი შტუტმანი დააბეზღა. იმიტომ კი არა, რომ დაავიწყდა, ან აპატია. არა, დასმენა ყოველთვის დასმენააო - ფიქრობდა და თანაც მაშინ შეპირდა: - აბა, აქ რა გითხრა, ამათ გასახარად და სათვალსეიროდ. დასაკარგიც არაფერი გაქვს სენი მყრალი სულის მეტი და ეგ ხომ ისედაც უკვე დაკარგული გაქვს.სახლში, საქართველოში, დაბრუნება თუ გვეღირსა - პასუხს იქ მოგთხოვო. სხვისი ხელით გადახდილი სამაგიერო არ უნდოდა. იმედი ჰქონდა, რომ კიდევ შეხვდებოდა საქართველოსი. დაწყნარებული, კალაპოტში ცამდგარი ცხოვრებით გალაღებულს, როცა დასაკარგი ექნებოდა რამე.

პირველი კატეგორიით გაანთავისუფლეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ომის ინვალიდის მოწმობა მისცეს და კარგად იყავიო.

განტავისუფლებით კი გაანთავისუფლეს, მაგრამ მომავალ წლამდე უნდა დაეცადა. როცა გაზაფხულზე ნაოსნობა აღსდგებოდა, მხოლოდ მაშინ შესძლებდა სახლში დაბრუნებას. „შორაღმშენის” საპროექტო ბიუროში დაიწყო მუშაობა ინჟინრად. შრომის წიგნაკიც გაუხსნეს. კარგად მუშაობდა. მონატრებულის სიხარბით. ხომ არ დარჩებოდითო - შესთავაზეს წამოსვლა რომ დააპირა. იქ რა გააჩერებდა მტელი არსებით უკვე სახლში მყოფს. აქამდე თუ საშუალება არ ქონდა შინაურებისათვის თავისი ადგილსამყოფელი შეეტყობინებინა, ახლა წერილს მე თავად ჩავასწრებო და არავისთვის არაფერი მიუწერია.

47 წლის ზაფხულის დილით ჩამოვიდა. თვალი უკვე გადაჩვეოდა მსობლიურ პეიზაჟს. ექვსი წლის წინანდელი გულს ახსოვდა და გონებას. თვალს კი – აღარ. თითქოს სხვა სურათები ზემოდან დაკვრია და ის პირვანდელი, საწყისი, სადღაც ჩაუძირია – ჩაულექია.

ხარბად აკვირდებოდა ყველაფერს: მწვანე ეზოები და ოდა სახლები, გზად მიმავალი ხალხის ქართული სახეები, ქართული ლაპარაკი – გულს უკუმშავდა. ბაგეებს ღიმილად უხსნიდა, თვალები ნეტარებით ეხუჭებოდა და მაშინვე ფართედ ახელდა თითქოს ეშინოდა რამე გამომრჩება და დამრჩება დაუნახავიო.

მატარებლიდან ყველაზე ბოლოს ჩამოვიდა. ნელა, ფრთხილად დაადგა ფეხი მიწას. მოეფერასავით. ჯერ ერთი ფეხით. მერე მეორეც ჩამოდგა. მშობლიურ მიწაზე იდგა. ორივე ფეხით მყარად. აწი რა მომკლავსო?! ცას ახედა. ლურჯი იყო კამკამა და უძირო. ცრემლები ჩამოუგორდა. განა ვტირიო? ასე იცის ზაფხულში ცაში ყურებამ დიდი შუქია და თვალები ვერ უძლებსო – საკუთარი თავის წინაშე იმართლა თავი. ალბათ ასეც იყო და ალბათ ამიტომაც უყურებდა ცას ასე მიშტერებით, რომ მას დარალებოდა ის ცრემლები, რაც ამდენი ხანი სულში ატარა და ახლა თვალებს მოწოლილი გარეთ მოილტვოდნენ 

ფეხებში ძალი გაეხლართა. ცუგო ვისი ხარ? პატრონი სადა გყავსო? – ზრდილობის გულისთვის ჰკითხა ერთადერთ დამხვდურს. მხიარულად შეუყეფა. კუდი შეათამაშა. მთლად ფუმფულას და თეთრს ცალი ყური ქონდა შავი. ძაღლი წინ გაიქცა. შეჩერდა. უკან მოიხედა და ისევ დაიყეფა. ერთი-ორი ნაბიჯი გადადგა და ისევ შეამოწმა - მომყვება თუ არაო. შენთან სათამაშოდ რომ არ მცალია? სახლში რომ მეჩქარება? იცი რა, მოდი სხვა დროს ვითამაშოთო - ეუბნებოდა სახლისკენ მიმავალი. ძაღლი ისევ წინ გარბოდა და ისევ ისე ამოწმებდა მომყვება თუ არაო. თითქოს გზას უჩვენებდა, ასწავლიდა. მაშინ რას იფიქრებდა, რომ ეს ბეწვის უცნაური გორგალი მისი იყო. მის არყოფნაში მოუყვანია ლევანს. სახლში მომავალს ნაგვის ყუთთან რაღაც მცოცავ-მოწკმუტუნე შეუმჩნევია. ახლოს მისულა. ეტყობა ვიღაცას ლეკვები გადაუყრიაო. ჩაუმუხლავს. ეს ერთი-ღა იყო ცოცხალი სამ მკვდარ და-ძმას შორის. საცოდავად დაფორთხავდა მათზე და ტიროდა. ნამდვილად ტიროდა.

აუყვანია, უბეში ჩაუსვამს და სახლში წაუყვანია. მოუვლიათ გამოუზრდიათ. შავი ყურის გამო ყურშა დაურქმევიათ. სახელი არანაირად არ შეეფერებოდა არც მის ჯიშს, უფრო სწორად უჯიშობას და არც მის ფორმას. პატარა იყო. ბურთივით მრგვალი

შოთას დღესაც უკვირდა: ნეტავ როგორ მიცნო? ასე უნახავად რითი მიხვდა ვინ ვიყავი? ექვსი წლის წინანდელი, ხომ სუნიც აღარ მქონდა შერჩენილიო?

* * *

ლენინგრადში, რკინიგზის სადგურში სანდრას და კორას მანქანა დახვდათ. მეურნეობის დირექტორს გამოუგზავნია. სოფელში უკვე იცოდნენ, რომ ქართველი ლეიტენანტის დედა ჩამოდიოდა. საფლავი მზრუნველი ხელით მოვლილი ჩანდა.

სანდრას ჯერ კიდევ არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ კოტე ცოცხალი აღარ იყო. მაგრამ გულს გონება ჩასძახოდა როდემდე გინდა იტყუო თავი? არ გეყო ამდენი ხნის გაურკვევლობა და ეჭვები?

მაინც ეშმაკობდა, მაინც ხავსს ეჭიდებოდა და – წადი, დარწმუნდი, რომ ის საფლავი სხვისია და არა შენი შვილის. შოთიკომ ხომ სთქვა ტყვეობაში იყო ხალხი, რომლებმაც სახლში დაბრუნებას დასავლეთში წასვლა არჩიაო. იქნებ ჩემი ბიჭიც იქ არის. სადაც გინდა იქ იყავი, დედიკო, ოღონდ ცოცხალი იყავი. როდისმე როგორ ვერ მომაწვდენ ხმასო – ფიქრობდა და მაშინვე ყურში ჩაესმოდა „თქვენი შვილის საფლავს . . . „

კოტეს ამბავი აქედან ვერ გაირკვევა ლენინგრადში მივდივარო უთხრა ლევანს და ის წერილი დადო მაგიდაზე. ამის გასარკვევად მივდივარო. თუ მართალია – მიცვალებულსაც უნდა პატრონობა. აღარ ვიცი ცოცხლებში მოვიხსენიო თუ მიცვალებულებში. პარაკლისი გადავუხადო თუ პანაშვიდი. ასე ცხოვრება მეტი აღარ შემიძლია. კორა წამომყვებაო

არ შეპასუხებია ლევანი.

სანდრამ მამამისის და დადის საფლავიდან მიწა წამოიღო. მერე ლევანის მამის, გიორგის, საფლავიდან და მათი ეკლესიის ეზოდან – ბედიიდან ჩამოტანილთან ერთად აურია და ერთ ფუთად გამოკრა. ილიკომ და კორამ მათ ეზოში მოსული ადესისიგან დაწურული შავი ღვინო მოუტანეს. ლევანმა კოტეს ნათლიას, გიგო როსტომაშვილს, ნინოწმინდაში ჩააკითხა – ნუნუმ დედასპურები დაგვიცხოს, სანდრა ლენინგრადში მიდისო. გიგო იყო ერთადერთი ვისაც გაანდო ლევანმა თავისი უბედურება. გაუხარდა გიგოს – გული არ მქონდა საგულეში. იმ ჩემ ნათლულს ხშირად ვნახულობ სიზმრად. კარგია, მიცვალებულსაც თავისი ეკუთვნის. იქ რაღა პირით შევხვდებოდით ერთმანეთსო. შენ და სანდრას რა გიჭირთ ეგ მაინც გწამთ და გჯერათ, რომ იქ შეხვდებით და მე რა ვქნა, აღარც ამისი, რომ არ მჯერაო – გაიფიქრა და – აბა, შენ იცი შაბათს საღამოს მიდის არ დაგაგვიანდესო 

* * *

ლენინგრადში მობრუნებულმა სანდრამ:

ღამის გასათევი უნდა მოვძებნოთ ალბათ ერთი- ორი დღით კიდევ დავრჩებითო – უთხრა კორას და მატარებლის ბილეთები დააბრუნა. 

კორა დიდი მოსაუბრე არც არსდროს ყოფილა, ალბათ ამიტომაც აირჩია სანდრამ თანამგზავრად, მაგრამ ახლა განცდილისა და გაოგნებისაგან - საერთოდ დამუნჯდა. მექანიკურად ასრულლებდა რასაც სანდრა ეტყოდა. აღარ ეწინააღმდეგებოდა. აღარც თავისას ამბობდა. მიხვდა, რომ არავითარი აზრი არ ჰქონდა. 

კოტეს საფლავთან კიდევ ეგონა დავუშლი და გავაჩერებო, მაგრამ ერთი სთქვა სანდრამ: ჩემს შვილს ბავშვობაში მარჯვენა მკლავი ჰქონდა მოტეხილი. ხელს რომ დავუსვამდი კორძს ვგრძნობდი. საფლავი გათხარეთ უნდა დავრწმუნდეო, - და არანაირმა სიტყვამ, თხოვნა -–მუდარამ არ გასჭრა. ერთხელ კიდევ ვცდიო იფიქრა კორამ და არ გინდა სანდრა, ნუ იზამ ამას ქრისტიანი ხარ. მიცვალებულა ნუ შეაწუხებო. 

ხედავდა რომ ფეხზე ძლივს იდგა და ეშინოდა ხელში არ ჩამაკვდეს ამ უცხო მხარეშიო. სანდრამ კი ერთი შემოხედა და: ხმა გაიკმინდეო - კბილებში გამოსცრა – მიცვალებულს, ვინც არ უნდა იყოს იგი, ჭიქა წავუქციე. ახლა მიწა უნდა მოვაყარო. ჩემი, ქართული მიწა. სხვის საფლავს ხომ არ მოვაყრი?! მტვერი კი არ არის ჩვენი საფლავების მიწაა, ჩვენი სისხლითა და ხორცით გაჟღენთილიო.

უსიტყვოდ გაეცალა კორა. განზე გადგა. არც გაუხედავს საფლავისკენ. იქ სანდრა იდგა სანთელივით თხელი და მაღალი და სანთელივითვე იწვოდა. თვალის კუთხით ხედავდა, როგორ დაიხარა, რაღაც აიღო და ისევ დააბრუნა. ვიღაც მოხუცი რუსის ქალი ედგა გვერდით. ქალი უფრო ახლოს მივიდა. ხელი შეასველა. შერცხვა კორას მარტო როგორ მივატოვეო. მიეჭრა და მხარში ამოუდგა. 

- აქა ხარ, გოგო, ნუ გაიხედავ იქეთ. კოტიკოაო.

ცრემლმა იფეთქა, სანდრას კი არა, კორას თვალებიდან. 

- დეი, იტირე! ცოდვა ხარ ვერ გაუძლებო - არაფერი არ უპასუხა. კაცებს ანიშნა მაცალეთო. ახლოს მივიდა საფლავის პირას დაიჩოქა თავსაფარი გაშალა ორი პეშვი მიწა მოხვეჭა და გვეყოფა მე და მამაშენსო. მერე სახლიდან წამორებული ფუთა გახსნა და ის მშობლიური საფლავებიდან მოგროვებული ქართული მიწა მუჭა-მუჭა მოაპნია თავისი შვილის გაშიშვლებულ ძვლებს.

სადგურშივე იპოვეს მოხუცი ქალი, რომელიც ჩამოსულებზე აქირავებდა ბინას. ორი დღით გვინდაო უთხრა სანდრამ. მთელი ღამე ესმოდა კორას მისი მოგუდული ტირილის ხმა. არცერთს არ ეძინა. უკვირდა კორას დაღუპული შვილის ტირილი აბა რა მოსარიდებელია. განა ბუნებივი არ იქნებოდა ჩვეულებრივად ეტირა, ადამიანურადო. ვერ ხვდებოდა, რომ არ შეეძლო სანდრას სხვის დასანახად ტირილი. არ შეეძლო უცხო თვალისთვის დაენახვებინა ის რაც მის სულში ხდებოდა. ხანმოკლე და ბედდამწვარ თავის კოტიკოს მხოლოდ მარტო მყოფი თუ გამოელაპარაკებოდა. უსაყვედურებდა. მოეფერებოდა. ყველაფერს გაუხსენებდა კარგსაც და ავსაც. დამჯერე არასოდეს არ იყავი, დედიკო, თავისნათქვამა და ჯიუტი იყავი ყოველთვის. როგორ გთხოვდით მე და მამაშენი დაიწყე დეპოში მუშაობა. ჯავშანი გექნება. ჯარში არ წაგიყვანენო. რატომ დაგვღუპე, დედიკო?! რატომ არ გაიგონე ჩვენი სიტყვა?! ვერაფერი ვერ მოასწარი, შვილო, ცხოვრებაში. ვერაფერს მოესწარი. ყველაფერი წინ გქონდა, დედა, შემოგევლოს. რა იმედი გვქონდა, შვილო, და რა უცებ გაქრა ყველაფერი. შვილო, როგორ მეამაყებოდი ამსიმაღლე ბიჭი, რომ მომყვებოდი გვერდით. ნეტავ ცოტა დაბალი ყოფილიყავი, ბიჭო, ის ტყვია ხომ აგცდებოდა?! დედა, შიგ შუბლში მოგხვედრია, შვილო! გეტკინა, დედიკო?! მიხვდი, დედა, რაც მოხდა?! თუ მაშინვე დამთავრდა ყველკაფერი. მე რას ვშვებოდი მაშინ, მე სასიკვდილე?! ვინ იცის როგორ გიჭირდა, დედიკო! ვინ იცის იქნებ გვეძახდი, შვილო! ვერაფერში გამოგადექით, ჩვენო პაწიავ! უცხო ქვეყანაში, უცხო მიწაზე მარტოდ მარტო გვიკვდებოდი, შვილო! არავინ გყავდა დამტირებელი და გულშემატკივარი . . .

აწიც აქ დარჩები, შვილო. სამუდამოდ. მარტოდ მარტო. აქ, ამ ცივ მიწაში. იმ მიწაში შენი სისხლით და ხორცით რომ გაათბე. თბილია, დედა! აგერ მაქვს უბეში. მკერდს მწვავს. შვილო ცეცხლი წამიკიდა შენს გამზრდელ ძუძუებზე. რა ვქნა, შვილო, რით მოვკლა შენი ნახვის, შენი მოფერების სურვილი?! Mენატრები, ბიჭო კოტიკო, მენატრები! სიზმარში მაინც მოდი ხოლმე, შვილო! სიზმარში მაინც დამელაპარაკე, ჩემო ნაბოლარავ. ვაი შენს დედას და ვაი შენ, შვილო, რომ ასე გამოაკლდი ყველას და ყველაფერს . . . 

დილით კორასთან ერთად კომერციულ მაღაზიაში წავიდა. საუკეთესო კაბა აირჩია. მუქი ლურჯი კრეპდეშინი იყო შავი ატლასით გაწყობილი. ფეხსაცმელებიც შეურჩია.

მაშინ კორას ვერავინ გადაარწმუნებდა სანდრა, რომ ჭკუიდან არ გადადგა. თვალებში შესცქეროდა, ყოველწუთს რაღაც საშინელებას ელოდა.

რას მომჩერებიხარ, გოგო, ასეთი თვალებით? ნუ გეშინია არ გავგიჟებულვარ. ძაღლი ყოფილა ადამიანი! ყველაფრის ამტანი. ახლა სადმე ატელიე ვიპოვოთო და პასუხს არც დაელოდა ისე გამოვიდა მაღაზიიდან.

ატელიეში მკერავს თვალები შუბლზე აუვიდა, როცა სანდრამ კაბის ზურგის მხრიდან თავიდან ბოლომდე გაჭრა და ნაწიბურების ისეთივე შავი ატლასით დამუშავება მოსთხოვა.

- რას შვები, დეი, კაბას რატომ აფუჭებო, - ხელებში ეცა კორა. 

- სხვანაირად ვერ ჩამაცმევენო. - მკლავები დასცვინდა კორას. ახლაღა მიხვდა, რომ სანდრა აქ, შვილის სისხლით მორწყულ მიწაზე, ნაყიდი კაბა ფეხსაცმლით აპირებდა იმქვეყნად გამგზავრებას, სადაც მისი კოტიკო დახვდებოდა სხვა ახლობლებთან ერთად.

Brak komentarzy:

Prześlij komentarz