środa, 25 marca 2009

’’გამეხარდება თუ განახლებულს, აყვავებულსა გნახავ”

გადაწყდა - საქართველოში კიდევ ერთი, ამჟამად საპარლამენტო, არჩევნები 28 მარტს ჩატარდება. ეს იყო გასული კვირის უმთავრესი თემა და მასზე ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. 

ახლა კი ჩემს გულისტკივილს გამოვთქვამ იმის გამო, რომ საქართველოს ახალარჩეული, კანონიერი, და ჩემი სათვალავით მეორე (კანონიერი), პრეზიდენტის ინაუგურაცია ტარდება 25 იანვარს და მას შევარდნაძის დაბადების დღეს უკავშირებენ. განა უფრო უპრიანი არ იქნებოდა ქართველი ერის უპირველესი წმინდანის ხსენების, გიორგობის, დღეს ჩასახული იმედის დამაგვირგვინებელი აკორდი ყოველთა ქართველთა განმანათლებლის წმიდა ქალწულის ნინოს სახელთან დაგვეკავშირებინა? პირადად მე ვისურვებდი, რომ ახალი საქართველოს პრეზიდენტი 27 იანვარს შესულიყო უფლებამოსილებაში, რაშიც უფრო მეტი სიმბოლიკა გამოსჭვივის, ვიდრე შევარდნაძისთვის ხალხის ნების ამ სახით, სიმბოლურ საჩუქრად, მირთმევაში. ამით გავაერთიანებდით მებრძოლ, ლახვარით ურჩხულის განმგმირავ წმიდა გიორგის, ანუ ძალისხმევას და წმიდა ნინოს ნათლით გაბრწყინებულ რწმენას. ერთიც და მეორეც თან უნდა გავიყოლიოთ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს აღმშენებლობის ტვირთმძიმე გზაზე.

მაგრამ ვერც ნათქვამ სიტყვას ვერ დაეწევი და ვერც დროს უკან ვერ დააბრუნებ. ამდენად ამაზე საუბარს აზრი აღარა აქვს და დღის მთავარ თემას, 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებს მივუბრუნდეთ.

ქართული პოლიტიკური სპექტრი, მიუხედავად თავისი სიჭრელისა, პროგრამებისა და პლატფორმების დიდი მრავალფეროვნებით არ ხასიათდება. ჩვენში პარტიები საყოველთაოდ მიღებული ნიშნებით იშვიათად ყალიბდება. ბევრ სხვა სუბიექტურ მიზეზს გარდა ამას შეიძლება ითქვას თავისი ობიექტური მიზეზებიც გააჩნია. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეს ზოგადად კომიკური სიტუაცია დღევანდელი საქართველოსათვის, პარტიების მხრიდან კეთილი ნებისა და ზოგად ეროვნული ამოცანის გაცნობიერების შემთხვევაში, სასარგებლოც კი შეიძლება აღმოჩნდეს. თუ დღეს მოხერხდება პიროვნული თუ პარტიული ამბიციების ოდნავ მეორე პლანისაკენ გადაწევა და სიტუაციის ხვალინდელი დღის პერსპექტივიდან დანახვა; თუ გვჯერა, და რაღა თქმა უნდა, რომ გვჯერა, რომ არც საქართველო და, მით უმეტეს, არც ჩვენი სიცოცხლე, 28 მარტს არ მთავრდება, მაშინ იქნებ მოხერხდეს ერთხელ და საბოლოოდ ბოლო მოეღოს 50 ან თუნდაც 250 კაციან პარტიებსა და ქართული პოლიტიკური სპექტრი საპარლამენტო არჩევნებში გამსხვილებული ბლოკების სახით იქნეს წარმოდგენილი. 
Gასეთი გამსხვილების პრინციპი შეიძლება იყოს სპექტრის დაყოფა მემარჯვენე – მემარცხენე – ცენტრისტული გრადაციით ანუ თუ გნებავთ პარტიების მიერ აღიარებული ეროვნული, დემოკრატიული ან სოციალური პრიორიტეტების გათვალისწინების საფუძველზე. გავკადნიერდები და შევეცდები ჩემი პირადი შთაბეჭდილებების მიხედვით დავალაგო საქართველოს პოლიტიკური პარტიები.
მემარცხენეებს მივაკუთნებდი: სოციალისტურ პარტიას, პოლიტიკურ გაერთიანებას “ერთობა”, დაყოფილ ბლოკს “ახალი საქართველო”-ს წევრების უმრავლესობასა და ლეიბორისტებს. მათი გასვლა პარლამენტში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესძლებენ გაერთიანდნენ და შექმნან მსხვილი მემარცხენე ბლოკი, რომელიც გამოიყენებდა საქართველოში არსებულ არცთუ უმნიშვნელო მემარცხენე ელექტორატს.
ცალკე დგას ბლოკი “აღორძინება”, რომელსაც თავის 10 –15 % უზრუნველყოფილი აქვს. სამწუხაროდ “აღორძინება” და აჭარა მთლიანობაში აღმოჩნდა ერთად-ერთი ძალა საქართველოში, რომელმაც დაგმო 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალება და ასლან აბაშიძემ მოახერხა “დიქტატორული” გნებავთ, “ტოტალიტარული” თუ როგორიც გნებავთ ისეთი უწოდეთ, მეთოდებით, მაგრამ რეგიონში შეინარჩუნა სტაბილიზაცია და აჭარა კრიმინალების თარეშისაგან დაიფარა. გარდა ამისა, წლების მანძილზე სწორედ “აღორძინება”-ს გაჰყავდა შევარდნაძის რეჟიმისადმი ოპოზიციური ძალები პარლამენტში, რაც გარკვეულ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას, თუმც იმ პირობებში მეტად მკრთალსა და არა ბრძოლისუნარიანს, მაგრამ მაინც დამახასიათებელ შტრიხს ქმნიდა.
მარჯვენა ფლანგზე დავიწყებდი ედპ-თი, ტრადიციონალისტებით და ხაზს გავუსვამ ერთ მეტად მნიშვნელოვან მომენტს – ამ პარტიებს პარლამენტში გასვლის ნულოვანი შანსი გააჩნიათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბარიერი 5%-იანი გახდება ამჟამად არსებული 7%-იანის ნაცვლად. თავის დროზე, საკუთარ თავში ნარცისივით შეყვარებული და საკუთარი შესაძლებლობებისა და პოლიტიკური ღირებულების ვერ შემფასებელი ირინა სარიშვილის მიერ შევარდნაძის დავალების შესასრულებლად გადადგმული ეს პროვოკაციული ხრიკი ძვირად უჯდება ქართულ საზოგადოებას პარლამენტში ოპოზიციური სპექტრის არ არსებობის სახით. 
“მრეწველები”, “ახალი მემარჯვენეები” და “ბურჯანაძე – დემოკრატები” ჩემი აზრით უნდა გაერთიანდნენ ახალ საარჩევნო ბლოკში, მაგალითად სახელწოდებით “დემოკრატიული საქართველო”, რომელიც ახალ პარლამენტში იქნებოდა დემოკრატიული, ლიბერალური პრინციპების გამტარებელი და ცენტრისტულ ნიშას ამოავსევდა.
Dდა ბოლოს ყველაზე მკვეთრად გამოხატულმა მემარჯვნენე ძალამ სახელწოდებიდან უნდა მოიხსნას “სააკაშვილი” და დასტოოს მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” და ჩემი აზრით იგი არჩევნებში აუცილებლად ცალკე სიით უნდა წავიდეს, რაც შემდგომში თანამშრომლობას სრულიადაც არ გამორიცხავს. პირიქით ძალიან კარგი იქნება, თუ ითანამშრომლებენ დემოკრატებთან. მაგრამ თუ ერთი სიით გავლენ, უკვე არჩევნების შემდეგ, ნებსით თუ უნებლიეთ, მათ შორის აუცილებლად გაჩნდება ბზარი. ასეთია პარტიული ბრძოლა და კონკურენცია. ასე წარმოქმნილი დაპირისპირება კი უფრო არა სასურველია ხოლმე და ხშირ შემთხვევაში საგრძნობლად ამცირებს კონსტრუქციული თანამშრომლობის შესაძლებლობებს. 
აქ კიდევ ერთი მომენტია საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი – შემდგომში ეს შეიძლება გახდეს საწინდარი რეალური, ძლიერი, მსხვილი ორპარტიული სისტემის შექმნისა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასეთი პრეცედენტი აიძულებს სხვა წვრილ-წვრილ პარტიებს გაერთიანდნენ (სხვა შემთხვევაში პარლამენტს გარეთ დარჩებიან), კარგი ფონი შექმნან და აქტიურად ითანამშრომლონ. 
გარდა ამისა, თუ ორი სიით გავლენ, ეს მათ უფრო მეტ მანდატს მოუტანთ პარლამენტში, ვიდრე ერთიანი სიით მონაწილეობა. ელემენტარულად: ერთი სიის შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობა” მიიღებს ხმების იგივე რაოდენობას, რასაც მიიღებს ორი სიის პირობებში. ორი სიის შემთხვევაში კი “ნაციონალების” მანდატებს კიდევ დაემატება 10-20 %-მდე. არ მესმის, სახელისუფლო ძალებმა რისთვის უნდა დაკარგონ მანდატების ეს რაოდენობა? მათ პარლამენტში ძლიერი ფრაქცია სჭირდებათ, რადგან ცხოვრებაში გასატარებელი აქვთ უმძიმესი და ურთულესი რეფორმები, შეიძლება არა პოპულარულიც. ძლიერი უმრავლესობის გარეშე ამას ვერ გააკეთებენ. და რაც მთავარია, ცალკე სია არავითარ საფრთხეს არ უქმნის არც უმაღლესი თანამდებობების განაწილებას; მხედველობაში მაქვს მოლაპარაკება - ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარედ და ჟვანია პრემიერ-მინისტრად. თან ასეთი თანამშრომლობა პარლამენტში სამაგალითო იქნება სხვა პოლიტიკურ ძალებისთვის.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, გააკეთა განცხადება ცსკ-ს პოლიტიკურ ორგანიზაციათა პარიტეტულ პრინციპზე გადახალისების შესახებ და მისი გაძლიერება იუსტიციის სამინისტროსა და კონსტიტუციური სასამართლოს წარმომადგენლებით. ეს პრინციპულად ახალი და მისასალმებელი მიდგომაა საკითხისადმი და საჭიროა, რომ ეს პრინციპი ბოლომდე გატარდეს. ეს მოგვცემს არჩევნების ღიად და გამჭვირვალედ ჩატარების საშუალებას.
პროპორციულ არჩევნებში “გასათამაშებელია” 150 მანდატი, რადგან 75 მაჟორიტარი ახალ პარლამენტში უკვე არჩეულია. რამდენად არის იურიდიულად გამართლებული და დასაშვებია თუ არა საკითხის ასეთი გადაჭრა? რბილად რომ ვთქვათ ორჭოფული სიტუაციაა, მაგრამ ეს არის დღევანდელი რეალობა და იგი ისეთი სახით უნდა მივიღოთ როგორიც არის. ახლა ძნელია იმის დადგენა არჩევნების შედეგების არ გაუქმება ამ, მაჟორიტარულ, ნაწილში შეცდომა იყო, თუ წინასწარ გაანგარიშებული სვლა. 
რადგან უკვე აღარავინ არ დაობს იმის შესახებ, რომ საქართველოში წლების მანძილზე ხდებოდა არჩევნების შედეგების გაყალბება და ზოგიერთ პარტიას აქვს თუნდაც ფორმალური საფუძველი, რომ განაცხადოს: სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში ჩვენც მოვხვდებოდით პარლამენტშიო - ალბათ სასურველი იქნებოდა ყველა პარტია ერთნაირ სასტარტო პირობებით შედგომოდა ამ ახალ და მჯერა, რომ გაუყალბებელ არჩევნებს, რადგან დღეს სახეზეა ნამდვილად ერის ნდობის მანდატით აღჭურვილი პარტია და მას არჩევნების გაყალბება ნამდვილად არ სჭირდება. ამდენად იმის მტკიცება, რომ აპრილში ან მაისში არჩევნების გადატანა რაიმეს შეცვლის გულუბრყვილობაა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ იმის იმედი იქნებ ორი-სამი თვით მეტ დროში რაიმე ნეგატიური მომენტი გაჩნდეს, ან გააჩინონ ჩვენმა “მეზობლებმა” და ამ ფონზე მაინც მოვახერხოთ ელექტორატის რაღაც ნაწილის გადმობირებაო. მცდარი ტაქტიკაა და კიდევ უარესი – საქართველოსთვის წამგებიანი სტრატეგიულად. 
ვისურვებდი, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას, ყველა პოლიტიკურ მოღვაწეს ეპოვოს საკუთარ თავში ძალა და პატიოსნება, რომ აღიაროს – დღეს ერმა მიხეილ სააკაშვილს გამოუცხადა ნდობა და მოემზადონ მასთან კოსტრუქციული თანამშრომლობისათვის, თუნდაც ოპოზიციის (რაც შეიძლება უფრო სასურველიც კი იყოს) სახით და მომავალი არჩევნებისათვის.
დღეს საუბარი საპრეზიდენტო რეზიდენციის შესახებაც საკმაოდ აქტუალურია. ჩემის აზრით აქაც ზოგად სახელმწიფოებრივი პრინციპით უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ იქ იცხოვრებს არა სააკაშვილი, საქართველოს მოქალაქე, არამედ სააკაშვილი - საქართველოს პრეზიდენტი და მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტობის პერიოდში. ჩემთვის სრულიად არ არის სულ ერთი სად იცხოვრებს ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი, რითი იმგზავრებს, როგორ იქნება ჩაცმული და დახურული . . . ერთი სიტყვით ზომიერება დაცული უნდა იყოს, მაგრამ ზედმეტი და თვალში საცემი პურიტანიზმიც, მეორე უკიდურესობაში გადავარდნა, არ მიმაჩნია გამართლებულად. კრწანისზე უარის თქმას, მე პირადად, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები, მაგრამ აუცილებლად უნდა იქნეს მოძებნილი შესაფერისი ალტერნატივა.
ქართველ ხალხს და საქართველოს ყოველ მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა ვუსურვებ, რომ ახალ არჩეულ პრეზიდენტსა და პარლამენტს, რომელსაც ისინი 28 მარტს აირჩევენ გაემართლებინოთ ჩვენი იმედები, შეესრულებინოთ ხალხისთვის მიცემული სიტყვა და საქართველო ამოეყვანოთ იმ დეპრესიიდან რომელშიც იგი შევარდნაძემ და მისმა კრიმინალურ-მაფიოზურმა ხროვამ ჩააგდო 1991-1992 წლების სამხედრო გადატრიალების, პუტჩის შედეგად.
და სულ ბოლო, რაც აუცილებლად მინდა ვთქვა შევარდნაძესთან დაკავშირებით:
 სრული გააზრებული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ვისურვებდი შექმნილიყო ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობამდე და პრეზიდენტობის დროინდელი ქმედებების შემსწავლელი კომისია და მე წინასწარ ვაცხადებ თანხმობას მონაწილეობა მივიღო მის საქმიანობაში. პირობას ვდებ ვიყო ობიექტური და მიუკერძოებელი და არავითარი სხვა მოტივით გარდა სამართლიანი და კანონდაქვემდებარებული გამოძიებისა არ ვიმოქმედო.

  ვიქტორ დომუხოვსკი 
  1990წ 28 ოქტომბერს არჩეული უზენაესი საბჭოს დეპუტატი
  06.04.1993-დან – 25.11.1998-მდე პოლიტპატიმარი 
  1998 წლის 3 დეკემბრიდან პოლიტემიგრანტი პოლონეთში

22. 01. 2004 წ.

Brak komentarzy:

Prześlij komentarz