środa, 25 marca 2009

ინტერვიუდან ინტერვიუმდე, ანუ “მონანიება"_ სცენარის ავტორი და მთავარი გმირი ედუარდ სეთურ არქიფო ამბროსოვიჩი

ამ კვირაში არა ერთი რამ მოხდა საინტერესო და დასაფიქრებელი. აი, თუნდაც დავით მირცხულავასა და აკაკი ჩხაიძის დაპატიმრებები. მაგრამ მე დღეს ამაზე არ ვისაუბრებ, რადგან ამ ფაქტების გაგრძელება_განვითარებას დაველოდები. მეშინია ნაჩქარევი დასკვნები არ გამოვიტანო. ერთი კი ახლავე შემიძლია მოგახსენოთ: თუ გვინდა ყველანაირი ქურდის, ჩვეულებრივი ჯიბის ქურდიდან დაწყებული მძარცველ_ყაჩაღებით დამთავრებული, დაპატიმრების და გასამართლების მორალური უფლება გვქონდეს, _ საჭიროა რანგების და თანამდებობების მიუხედავად ყველა დავუქვემდებაროთ კანონს და აი, მაშინ ამ კვირის ყველაზე საინტერესო მოვლენად იქცევა ედუარდ შევარდნაძის უტიფარი ინტერვიუ, რომელიც მან მისცა მიხეილ ვიგნანსკის. თითქმის ყოველი ფრაზა სიცრუეა, ყოველი სიტყვა ყალბია და ისევ და ისევ მოტყუებული და გაცუცურაკებული მოსახლეობისათვის თვალში ნაცრის შეყრას ემსახურება. 

სამწუხაროდ ედო ბაბუს ყველა არაკს ვერ მოგიყვებით. მე ხომ შეჰერეზადა არა ვარ და არც 1001 ღამე გვიდევს წინ. დიდი პოლიტიკოსის რა მოგახსენოთ, მაგრამ დიდი ზღაპართმოამბე კი ნამდვილად ყოფილა ამხანაგი ედუარდი. გულახდილად გეტყვით: ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთა ცხოვრებაში. მხედველობაში სწორედ ეს ზემოთ აღნიშნული ინტერვიუ მაქვს, _ დაგვანახა თავისი ჭეშმარიტი, კომუნისტური ნომენკლატურის უმაღლესი რანგის მოხელის არსი და სახე _ შუბლის ძარღვ გაწყვეტილი კარიერისტი, რომელსაც, როგორც ძაღლის კუდს, ამ ქვეყანაზე გასწორება არ უწერია. 

ამ ინტერვიუს შესწავლა აუცილებელია ყველა პოლიტოლოგისათვის. იგი ჩემში გარკვეულ ალუზიას იწვევს სულხან-საბას "სიბრძნე სიცრუისა"-ს თემაზე, ნეგატიურ პლანში. მოდით პირდაპირ რამდენიმე მაგრამ კონკრეტულ მაგალითზე ვისაუბროთ.

ე.შ. : ”თუ იგი (მიხეილ სააკაშვილი) დაიწყებს ყველაფრის დანგრევას, რაც გაკეთებული იქნა ბოლო 10 წელიწადში, მაშინ ქვეყანა დაუბრუნდება 1990 წლების დასაწყისს, როდესაც ყველაფერი გაპარტახებული იყო. ამ 10 წელიწადში ჩვენ შევძელით დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება.”
 განათლებით რომ ფერშალია და ~ნუცას სკოლის~დონეს, რომ ვერ გასცდა, მიუხედავად სხვადასხვა რანგის და ეროვნების სახელმწიფო მოღვაწეებთან ჩაის სმისა, ეს კი ვიცოდი, მადრამ ზოგადი ერუდიციაც თუ ამ დონეზე ჰქონდა არ მეგონა. ან იქნებ კლინიკურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და ფსიქიატრის ჩარევა გახდეს საჭირო? რომელი დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებაზეა ლაპარაკი? რა უნდა დაანგრიოს სააკაშვილმა? სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი ქურდულ-ნარკომანული მენტალიტეტით, “გაგებით” და არა კანონით აშენებდა დემოკრატიას? მთელი საქართველო დაანგრიეს, გაყიდეს, გაზიდეს, უცხო ქვეყნების დახმარება (2 მილიარდი) გაიტაცეს შევარდნაძემ და მისმა ხროვამ. ახლა კი გაიძახის, რომ “ჩემი ახლობლები კორუფციაში არ არიან გარეულები“_ო. კი, აკი გითხარით, ვიცოდით, რომ მას სირცხვილის გრძნობა შეზღუდული რომ ჰქონდა, მაგრამ ახლა მგონი პათოლოგიასთან უნდა გვქონდეს საქმე და იგი “შუბლის ძარღვის~ გარეშეა დაბადებული – ასე ვთქვათ თავიდანვე ცეკას მდივნობისთვის მოვიდა ამ ქვეყანაზე. თვითონ არ დაანგრია საქართველო, როდესაც 1991-1992 წლებში მოაწყო სამხედრო გადატრიალება, როცა მთელ საქართველოს კრიმინალური ბანდები მიუსია საყაჩაღოდ და "სალაღობოდ" ? განა მან არ გააბატონა საქართველოში შეიარაღებული კრიმინალის სამართალი. იმ დროს მოპარულ საქართველოს სიმდიდრეს, მის ეროვნულ განძს და სიამაყეს დღეს პოულობენ ევროპის აუქციონებზე. ერთხელ ავჭალის კოლონიაში თენგიზ კიტოვანს წამოსცდა: ”რა გინდათ ჩემგან, მე ხომ სისხლისმსმელი მაინც არ ვიყავი... მე რომ არა, შევარდნაძე უარეს იპოვიდა და მეტი სისხლი დაიღრვეოდა...“(???!). ვინ მოკლა პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ??? გამოიკვლიეთ, გულისყურით გამოიკვლიეთ მერაბ კოსტავას მკვლელობის საქმე, დიახ მკვლელობის. რას ეუბნება ამდენ შაოსან და გაუბედურებულ დედას, ვისი შვილების სისხლიც მასვე ეკისრება, როგორც ამ ~დემოკრატიის~ შემომქმედს. დემოკრატიად მიაჩნია ალბათ, როცა მისი საქართვეელოში ჩამოსვლიდან დაწყებული ყველა არჩევნები 50-80%-ით ყალბდებოდა. ვინ აიძულა მილიონზე მეტი ქართველი დაეტოვებინა სამშობლო ? თუმცა აქ ვერ შეედავები _ გვპირდებოდა მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას, მაგრამ არ უთქვამს სად და გამოდის, რომ სიტყვა შეასრულა _ მილიონი სამუშაო ადგილი საზღვარგარეთ?! ვინ აიძულა ქართველი ქალები შვილებისთვის ლუკმა პურის საშოვნელად საკუთარი სხეულით ევაჭრათ დასავლეთ ევროპის, ამერიკის თუ თურქეთის მოტელ_ სამიკიტნოებში? ვის ნამუსზეა გია ჭანტურიას, გია გულუას, სოლიკო ხაბეიშვილის და სხვათა და სხვათა მკვლელობები? ვინ დააკარგვინა საქართველოს აფხაზეთი? ვინ გამოუძახა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს და ადმირალ ბალტინს, შევარდნაძისთვის “ქაჯეთის ციხეში” (საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია არ უნდა იყოს იქ, სადაც შევარდნაძე იჯდა(!!!), სკამ_კაბინეტის შესანარჩუნებლად?
 და ამდენი დანაშაულის მერე ამბობს :
”რატომ უნდა მდევნონ ? სხვათაშორის, პარლამენტში შეტანილია კანონი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტების უფლებების და გარანტიების შესახებ. თუ მიიღებენ კარგია.” 
ხედავთ რა კარგად იცის თავისითვის სასარგებლო და ხელსაყრელი სიტუაციების შექმნა და გამოყენება? მე კი მოვითხოვდი, რომ კანონმდებელმა გაითვალისწინოს არსებული სიტუაცია და მიუთითოს _ კანონი ძალაში შედის შევარდნაძის ქვეყნიდან გაძევების ან გარდაცვალების შემდეგ. და საერთოდ რატომ უნდა იხდიდეს ქვეყანა და ერი, მისგან გაყვლეფილი, მისი დაცვისა და უსაფრთხოებისათვის? დამიჯერეთ იგი უკვე აღარავის არ სჭირდება და თუ მაინცა და მაინც უნდა საშიშროებიდან თავდაცვის საჭიროების გასათამაშებლად დაცვა იყოლიოს, _ კეთილი ინებოს და თავად დაიქირაოს. ნუ ავიწყდება როგორ მოექცა ქვეყნის პირველ და ჭეშმარიტად საერთო სახალხო არჩევნებით არჩეულ პრეზიდენტს. რა პირით, რა სინდის_ნამუსით ითხოვს მისი პერსონის დასაცავ თანხას მის მიერვე გაძარცული ხაზინიდან? 
  ისევ ინტერვიუს მივუბრუნდეთ, სადაც ედო ბაბუმ მთლად მიუშვა იალქნები და შესცურა, მაგრამ რა შესცურა . . . მოგონება _შთაბეჭდილებების წიგნის წერას აპირებს, _ ვაი და დამივიწყოს საქართველომ 30 წლიანი ამაგიო, ფიქრობს ალბათ. ვიჩქარი დაგამშვიდოთ, "ბატონო არავიძევ"! საქმენნი შენნი უკვდავია და სახელი შენი დაუვიწყარი, ისევე როგორც მურვან ყრუსი, ლანგ_თემურისი, ჩინგის ხანის, კონსტანტინესი _ ძმისა და მამის მკვლელის, სერგო ორჯონიკიძის, იოსებ სტალინისა და ლავრენტი ბერიასი. მაგრამ მიღწეულზეც, რომ არ სურს შეჩერება და მომავალშიც არ მოგაკლებთ რჩევა _ დარიგებებსა და შუამდგომლობებითაც დაგეხმარებითო, გვპირდება?! აბა, ამხელა პოლიტიკოსი ამისთანა პატარა ქვეყანაში როგორ შეიძლება რომ აქტიურად არ ხელმძღვანელობდეს ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ_ტაქტიკური გეგმის შემუშავებასა და რეალიზაციას. განა მისი ნათლი მამობისა და ჩალიჩის გარეშე ქვეყანას ეშველება? ეს დემოკრატია ხომ აგვიშენა, ახლა ეკონომიურად აგვაყვავებს და აი, მაშინ ნახეთ . . . 
თუ ვინმეს ეჭვი შეეპარა აგერ არის ბატონებო ციტატაც: 
„ახლა მთავარია ჩემი შთაბეჭდილებები გამოვცე იმაზე, რაც ჩემს მიერ იყო გაკეთებული საქართველოში და სსრკ-ში 30 წლის განმავლობაში. 
. . . თავისთავად იგულისხმება, რომ გავაგრძელებ მონაწილეობას საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში. ჩემი რანგის პოლიტიკოსი განზე ვერ გადგება. ეს არ იქნება კონკურენცია ახალ პრეზიდენტთან, ეს მხოლოდ ჩემი გამოცდილების გაზიარება იქნება. ნუ დაგავიწყდებათ, რომ მე 1992 წელს დავბრუნდი სრულიად იზოლირებულ საქართველოში, რომელიც დღეს მსოფლიო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრია . . . ”
ედო ბაბუ არა მარტო გეოგრაფიაში პოლიტიკაშიც არა ერთჯერ ჩაჭრილა. ამ «უსაშველოდ დიდ პოლიტიკოსს» ისიც ვერ გაურკვევია, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის წისქვილს დრო და მსოფლიო პოლიტიკურ რუქაზე საქართველოს ხელსაყრელი მდებარეობა, ერთი სიტყვით მსოფლიო გეო-პოლიტიკური სიტუაცია წყალ უხვ მდინარედ მიასკდა და ქვეყნის ბედის ჩარხიც წაღმა დატრიალდებოდა, რომ არა ედიკა და ძმანნი მისნი.
იქნებ ვინმემ ამიხსნას, საქართველოს რომელ იზოლიაციაზე აქვს საუბარი? 1992 წლის 7 მარტისთვის, როცა ეგ ჩამოვიდა საქართველოში, საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარებული ჰქონდა 40-ზე მეტ სახელმწიფოს, ხოლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 1991 წლის 25 დეკემბერს აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. გაეროში კი საქართველო მიიღეს 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებისა და 9 აპრილს მიღებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საფუძველზე. სხვათაშორის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ედუარდ შევარდნაძემ, მონაწილეობა არ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმში. მან 17 მარტს მოსკოვში ხმა მისცა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას. საქართველოში ჩატარებულ ეროვნულ რეფერენდუმთან კი შევარდნაძეს საერთო არაფერი არა აქვს. პირიქით, მისი წინააღმდეგი იყო და ებრძოდა კიდეც მას. სათაურში განა შემთხვევით ვახსენე ინტერვიუდან ინტერვიუმდე მეთქი. გაგახსენებთ მის ცნობილ ინტერვიუს, რომელიც მან რუს ჟურნალისტს, კარაულოვს, 1991 წლის ნოემბერში მისცა და სადაც გულში მჯიღს ირტყამს ამხანაგი შევარდნაძე და ფიცს დებს, რომ იგი დარჩება უკანასკნელ საბჭოთა ადამიანად და ამავე დროს თავზე ნაცარს იყრის საბჭოთა კავშირის მომავალი მოსალოდნელი დაშლის გამო და კიდევ უფრო მეტი პათეთიკით აცხადებს - ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ჩავიდე უზბეკეთში, უკრაინასა თუ ყაზახეთში, როგორც უცხოელიო. საინტერესოა ამ, ზემოთ ნახსენებ, ინტერვიუს თუ გაიხსენებს თავის წიგნში? 1989 წლის 9 აპრილის დილასაც გაიხსენებს ალბათ და კიდევ უარყოფს თავის მონაწილეობას იმ პოლიტბიუროს სხდომაზე სადაც ერთხმად იქნა მიღებული ქართული სულის მესანგრეთა ნიჩბებით აჩეხვა. იქნებ იაპონიასაც მოუხადოს ბოდიში ქვეყნის მხარეების არევ_დარევისათვის. ზოგადი უვიცობის ბრალია ყველაფერი. 
ამდაგვარი შთაბეჭდილებების გაზიარებით აპირებს ხალხის მოხიბლვას? თქვენ წარმოიდგინეთ აპირებს, რადგან გავა დრო და ხალხს დაავიწყდება ბევრი რამ და საერთოდაც ახალი თაობა მოვა, რომელსაც იმედოვნებს თავისი არაკებით გააცნოს თავი. ამიტომ აუცილებელია ყველა მისი ნამოქმედარის შესწავლა და გამომზეურება რადგან მისი «ღვაწლის» უმცირესი, იოტას ოდენი, ნაწილიც კი არ დაიკარგოს და მომავალი თაობები მართლა მისი მოგონებების ამარა არ დარჩნენ. ჯერ კიდევ 1993 წელს ვეუბნებოდი სანდრო კავსაძეს: რას სჩადის შევარდნაძე? არ უნდა საქართველოში დამარხვა _ მეთქი? დღეს მისი ნამოქმედარ-ნაღვაწიდან გამომდინარე თავადვე ვპასუხობ: იგი ქართულ მიწაში ნამდვილად არ უნდა დაიმარხოს. შევარდნაძე უნდა დაიმარხოს ქართულ ეროვნულ, სახელმწიფოებრივ, ისტორიულ მეხსიერებაში მისნაირი ყორღანაშვილების გვერდით. როგორც ჩვენ დღეს თაობებისა და საუკუნეების შემდეგ ვიცით ვინ იყო ყორღანაშვილი, ასევ ვალდებულნი ვართ ჩვენს შემდგომ თაობებს გადავცეთ ცოდნა ამ სამშობლო ქვეყნის დამაქცევარისა და საკუთარი ერის მოღალატის შესახებ.
თავს ნამდვილად აღარ შეგაწყენთ და მხოლოდ ერთ ბოლო ციტატას შემოგთავაზებათ:
მ.ვ.:” თქვენ კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში გააგრძელებთ ცხოვრებას?
ე.შ. : “ეს ახალ ხელისუფლებაზეა დამოკიდებულია. ჩემმა ოჯახმა დიდი წვრილი შეიტანა იმაში, რაც აქ არის აშენებული. კიდევ გვეხმარებოდნენ ამერიკელები უშიშროების საკითხებში – გარშემო სულ ყველაფერი ჯავშნიანია. ახალი ხელისუფლების ადგილზე მე ამას ყველაფერს ჩემზევე დავტოვებდი. პატარა ქვეყნისთვის ჩემი მდგომარეობა მაინც განსაკუთრებულია. მთელი მსოფლიო იცნობს შევარდნაძეს, ანგარიშსუწევს შევარდნაძეს. აქ, კრწანისში, კარგი სამუშაო პირობებია.”
 ნამდვილად დიდია თქვენი ოჯახის წვლილი საქართველოს არშემდგარ სახელმწიფოდ ქცევაში. საერთოდ იქნებ უფრო სწორი იქნებოდა მის ვირტუალურ სახელმწიფოდ მოხსენიება, ან იქნებ სიტყვა სახელმწიფო საერთოდაც არ ესადაგებოდეს შევარდნაძის დროინდელ საქართველოს, მას იქნებ უფრო სიტყვა ტერიტორია შეეფერებოდეს. აი, ეს არის თქვენი და თქვენი ოჯახის ღვაწლი საქართველოს უახლეს ისტორიაში. მიცნობენ და მაფასებენო, ანგარიშსაც მიწევენო! რატომ არ უნდა უყვარდეს შევარდნაძე გერმანელს, ან პოლონელს?! აკი, ერთი მათგანი ორმოცწლიანი გახლეჩის შემდგომ გაერთიანებას გორბაჩოვის და შევარდნაძის პერსონებს უკავშირებს. ლაპარაკია საკითხის არსში წვდომის უბრალო მოქალაქის, ობივატერლის დონეზე, თორემ გერმანიის გაერთიანების წლისთავის აღსანიიშნავ წვეულებაზე გორბაჩოვი კი მიიწვიეს მაგრამ ედო ბაბუ არავის გახსენებია.
 ერთს გეტყვით მხოლოდ: ნორმალურ ქვეყნაში მას ნამდვილად არ უნდა ასცდეს გასამართლება. ჩილეში პინოჩეტს ასამართლებენ, პოლონეთში დღესაც გრძელდება იერუზელსკის პროცესი ( სხვათა შორის შევარდნაძისგან განსხვავებით მან რუსების ჯარის თარეშს გადაარჩინა ქვეყანა). ვერც მილოშევიჩი გადაურჩა სასამართლოს. თქვენ კი, ამხანაგო ედუარდ, - გადაურჩებით ერის სამართლიან განაჩენს? ვერა! თქვენ საქართველო 12 წლით უკან დახიეთ. 1989-1991 წლებში საქართველო იყო ყველაზე წინ სსრკ-ის ყოფილ რესპუბლიკებს შორის. ახლა კი, თქვენი და თქვენი ხროვის მმართველობის ხანაში ყველას ჩამორჩა ყველაფერში გარდა კორუფციისა! ამაზე და ყველა სხვა დანაშაულზე უნდა აგოთ პასუხი ქართველი ხალხის წინაშე. კიდევ ერთხელ ვწერ, რომ შესამქნელია საგამომძიელო კომისია თქვენი მრავალი დანაშაულის გამოსაძიებლად. და კრწანისი კი არა, ორთაჭალის ციხე იქნება თქვენთვის საუკეთესო ადგილი. იქ არის თქვენს მიერ შს მინისტრობის პერიოდში შექმნილი “შევარდნაძის კორპუსი” (ასე ეძახიან მას პატიმრები). მეც იქ ვიჯექი . . . და შენც იქ იჯდები !!! 

ედუარდ შევარდნაძის რეჟიმის მსხვერპლი ვიქტორ დომუხოვსკი 
1990წ 28 ოქტომბერს არჩეული უზენაესი საბჭოს დეპუტატი,
06.04.1993-დან – 25.11.1998-მდე პოლიტპატიმარი, 
1998 წლის 3 დეკემბრიდან პოლიტემიგრანტი პოლონეთში  

Brak komentarzy:

Prześlij komentarz