wtorek, 24 marca 2009

რატომ უჭერს რუსეთი მხარს აზერბაიჯანსა და სომხეთში ხელისუფლებას, საქართველოში კი - ოპოზიციას ?

ეს წერილი 2003 წლის ნოემბერში დაიბეჭდა გაზეთში "ხვალინდელი დღე" ... იშვიათი გამონაკლისის გარდა დღევანდელ ოპოზიციასა და ხელისუფლებაში წარმოდგენილია 91-92 წლის პუტჩისტების უმრავლესი ნაწილი და მაშინდელი ხელისუფლების რამდენიმე წევრიც. ისე აირია პოლიტიკური პოზიციები, რომ ვერც კი გაიგებ ვინ რა პოლიტიკური მსოფლმხედვლობისაა, რა იდეოლოგიას ქადაგებს, რა პოზიციზე დგას ან რა პოლიტიკური ძალა (თუნდაც მხოლოდ ელექტორატის სახით) უნდა იგულისხმო მის უკან... 

რატომ უჭერს რუსეთი მხარს აზერბიჯანსა და სომხეთში ხელისუფლებას, საქართველოში კი - ოპოზიციას ?

ასეთი კითხვით მომმართავენ ხოლმე პოლონელი ჟურნალისტები და მეც ძალაუნებურად ვაკეთებ სიტუაციის შედარებით ანალიზს ჩემთვის ცნობილი ფაქტების ხედვის სხვა და სხვა კუთხითა და სხვა და სხვა კონტექსტში ჩასმის გზით. გასახარელი ბევრი არაფერი გვაქვს, რადგან ორივე, თითქოსდა დაპირისპირებული ძალა (“ხელისუფლება” და “ოპოზიცია”), ფაქტიურად უცხო ძალის მოიმედეა და რეალურად კი მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს ანტირუსული კარტი გაათამაშებოს, ორივეს კარგი მარათონისტივითა აქვს ათვისებული თბილისი-მოსკოვის მარშრუტი. დღეს არსებული გამიჯვნა და დაყოფა ორივე მხარეს აწყობს, ყველა თავის დაფნის თუ ეკლის გვირგვინს, ეროვნული გმირისა თუ წამებული რაინდის სახელს ირგებს და იზომებს. არა და ეს ისევ ის ძალებია, რომლებმაც 1991 წლის 22 დეკემბერს რუსეთის პირდაპირი დავალებით მოაწყეს სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში. მას შემდეგ აგერ უკვე თორმეტი წელი სრულდება და ქვეყანა ვერა და ვერ ამოვიდა იმ უფსკრულიდან, რომელშიც იგი ჩააგდო“სახელოვანმა წითელმა ინტელიგენციამ”. ყოველ წლიურად მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესი ხდებოდა. დღეს საქართველო მიყვანილია სრულ ეკონომიკურ და ფინანსურ კრახამდე. და ვაი, რომ არც ეს გვაკმარეს – სულიერი კრიზისი კიდევ უფრო ღრმა აღმოჩნდა: ერი ეთიკურ-მორალური დაკნინების აშკარა ნიშნებს ამჟღავნებს. ეს არის იმ სასახელო, ედუარდ ამბროსოვიჩის მიერ მადლ მიძღვნილი “სახალხო რევოლუციის” დემოკრატი მებრძოლების, “ერის ელიტის” ნაღვაწ-ნაქნარი.
  იშვიათი გამონაკლისის გარდა დღევანდელ ოპოზიციასა და ხელისუფლებაში წარმოდგენილია 91-92 წლის პუტჩისტების უმრავლესი ნაწილი და მაშინდელი ხელისუფლების რამდენიმე წევრიც. ისე აირია პოლიტიკური პოზიციები, რომ ვერც კი გაიგებ ვინ რა პოლიტიკური მსოფლმხედვლობისაა, რა იდეოლოგიას ქადაგებს, რა პოზიციზე დგას ან რა პოლიტიკური ძალა (თუნდაც მხოლოდ ელექტორატის სახით) უნდა იგულისხმო მის უკან. ამიტომაც არის, რომ ხმამაღლა და ცხადად არცერთი არ აცხადებს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, პრობლემების გადაჭრის მისეულ ხედვას, გამიზნულ სტრატეგიასა და რეალურ ტაქტიკას. არც არის გასაკვირი, რადგან ყოველი მათგანი მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებისთვის იბრძვის და ამ ბრძოლაში არა მარტო პოლიტიკურ ფერს არამედ კანსაც კი ისე იცვლიან, რომ ხვალ ვერც კი გაიხსენებ გუშინ რა ფერისანი იყვნენ. არც ეს არ უნდა გაგვიკვირდეს: აკი საკუთარი, უკაცრავად უკვე ყოფილი, მამა - მარჩენალის გამოზრდილები არიან, რომელსაც ენაზე არა ნაკლებ უძვლო და მოქნილი ხერხემალი გააჩნია და ამიტომ არავის არ რცხვენია ჯერ კომუნისტური პარტიის ცეკას პირველი მდივნის, ეკლესიებთან ამგრძალავი პიკეტების ორგანიზატორის გადემოკრატება – გაქრისტიანებისთვის ტაშის კვრა, ხოლო მოგვიანებით კი იმავე “მსოფლიო მასშტაბის პოლოტიკოსის” დიქტატორად გამოცხადება და მისი ჩაუშესკუ - მილოშევიჩის ბედით დაშინება.
 განა თავად თქვენ არ დაამხეთ ხალხის მიერ არჩეულ კანონიერი ხელისუფლება? განა თქვენ არ მოაწყვეთ 90-იანი წლების საქართველოში ქრისტეს ტირილი და ედუარდ შევარდნაძის სისხლიანი მეორედ მოსვლა? განა თქვენ არ ატარებდით “დემოკრატიულ” და “სამართლიან” არჩევნებს (1992, 1995, 1999 და 2000 წლებში)? ახლა გახდით (უფრო სწორი ხომ არ იქნებოდა, რომ ისევ ისე გაგხადეს) ოპოზიციონრები და აღარ მოგწონთ საკუთარი ხელით შექმნილი საარჩევნო კანონი და არჩევნების ჩატარების პროცედურა?Aადრე რომ მოგწონდათ, ბატონებო?! თქვენ ხომ ამ უკანონო, არალეგიტიმური რეჟიმის სათავეში რუსის ხიშტებით მოხვედით და შესატყვისი “არჩევნებით” რჩებოდით ხელისუფლებაში. ახლა რაო, დემოკრატი მქვიაო? თანაც ბურჯანაძის (ჟვანიას) დემოკრატი (პერსონიფიცირებული დემოკრატია – ეს ეტყობა ახალი სიტყვაა პოლიტოლოგიაში), სააკაშვილის ნაციონალისტი და ისიც პატიაშვილთან ერთობაში მოსული. კვლავ მოგინდათ ხელისუფლების (რა ხელისუფლება და რეჟიმიც არის ზევით უკვე ავღნიშნე) ძალით დამხობა, რათა ხელიდან არ წაგგლიჯონ ეს სამოქალაქო ომში ძმათა სისხლის ნთხევით, განარკომანებულ-გაკაენებული ახალი და საშუალო თაობებისა და გაძარცულ-გაღატაკებული ერისა და ეროვნული ფასეულობების საფასურად მოპოვებული ხელისუფლების სადავეები. ახალი და თქვენი მხრიდან მოულოდნელი ამაში ნამდვილად არაფერია. ერის მომავალზე მზრუნველმა სასახელო მამულიშვილებმა ხომ ქვეყანა და ხალხი (თქვენი ტერმინოლოგიით “სუნიანი ბრბო”) ამ გოლგოთას თორმეტი წლის წინ გაუყენეთ. გამეორება ცოდნის დედააო, მაგრამ იქ სხვა გამეორებაა ნაგულისხმევი, ხოლო ისტორია, როგორც ცნობილია, ბატონებო, ფარსად მეორდება. 
პირადად სააკაშვილთან ყველაზე ნაკლები პრეტენზია შეიძლება გვქონდეს. იგი იმ ავადმოსაგონარ დროს საქართველოში არ ყოფილა. მართალია არავინ იცის რას მოიმოქმედებდა რომ ყოფილიყო, მაგრამ ფაქტი ჯიუტია და ჯერ-ჯერობით საპატრიარქოს “შავ წიგნში” მაინც არ არის შესატანი. ისე, ნეტავ სად არის ახლა ის “შავი წიგნი”, რომელიც ასე დროულად (ცეცხლზე ნავთის დასხმის თვალსაზრისით) დააარსა ცეკას პირველი მდივნის მიერ დანიშნულმა პატრიარქმა (ზუსტად ასეთმა სიტყვათა შეთანხმებამ გაიჟღერა შევარდნაძის სიტყვაში, რომელიც მან უნივერსიტეტში ელიტარულ ინტელიგენციასთან შეხვედრაზე წარმოსთქვა). აქვე სიხარულითა და შვებით უნდა შევძახოთ: გიხაროდენ! სრულიად საქართველოს კათალიკოს - პატრიარქი, მცხეთა- თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გამოჯამრთელდა და თანაც იმდენად, რომ საერო საქმეებში ჩარევაც კი შეიძლო.
1991-1992 წლების “სახალხო რევოლუცია” საქართველოს დახოცილ- დაჭრილების, სულიერად დასახიჩრებულების, დაკარგული ტერიტორიების, გაჩანაგებული ეკონომიკის გარდა მილიონ ნახევარ ემიგრანტად დაუჯდა. სხვათა შორის ბოლშევიკების შემოსევამ 80-ჯერ ნაკლები ემიგრაცია გამოიწვია. არა კმარა? კიდევ ახალი სისხლი და ცრემლი უნდა ანთხევინოთ საკუთარ ხალხს? ვის ემსახურებით? ვის დავალებას ასრულებთ, რომ ამ თქვენი დამოურჩივლობის იდეით კვლავ საფრთხის ქვეშ აყენებთ ასეთ სუსტ და მყიფე ეროვნულ დამოუკიდებლობას? 
1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები მართლა სახალხო ზეიმი იყო. თქვენს „იმედის“ არჩევნებში კი რეალურად ამომრჩეველთა 10-15% თუ მონაწილეობდა, დანარჩენი უბრალოდ მიაწერეთ; ბიულეტენების ჩაყრაც კი დაგეზარად. შემდეგ არჩევნებზე კი ისე დახვეწეთ ბიულეტენების ჩაყრის ტექნიკა და შედეგეების გაყალბება, რომ ჩათვალეთ, თითქოს არჩევნების ჩატარება სხვანაირად არც კი შეიძლებოდეს. ხალხი უკვე იმ დონემდე მიიყვანეთ, რომ არჩევნებში აღარც კი მონაწილეობს, რაზეც თქვენ სულაც არ იდარდებდით, რომ არა ზოგიერთი მოჩვენებითი, მაგრამ მაინც გვერდაუვლელი პროცედურა. არ დავიწყებ ყველა თქვენი ხრიკის ჩამოთვლას, ჰკითხეთ „დას“-ის ჩამომყალიბებელ რეზო შავიშვილს, ჩემზე უკეთესად იცის. უმჯობესია წლევანდელ, 2 ნოემბრის არჩევნებზე გადავიდეთ.

 

წელიწადზე მეტი ემზადებოდით ამ არჩევნებისთვის. განა ამ ხნის განმავლობაში სიების საკითხის მოგვარება არ შეიძლებოდა? თუ წინასწარგამიზნულად არ აგვარებდით, იმიტომ რომ თქვენც აპირებდით ამ არეულობაში ხელის მოთბობას. რამდენიმე ოლქში ასეც მოხდა. ჩემი შეფასებით, სრული სიების არ არსებობის გამო ჩაყრილი იქნა 8-10% ბიულეტენი. აქედან 25-30% ოპოზიციამ ჩაყარა, 70-75% ხელისუფლებამ. აღიარეთ, რომ ისევ გაჯობათ.
ეს რომ არ მომხდარიყო, კონტროლი იყო საჭირო. ახლა ამის საშვალება გქონდათ. პარტია, რომელსაც არჩევნების მოგება უნდა, კონტროლისთვის კარგად უნდა მოემზადოს და ხალხიც მოამზადოს. მაგრამ თქვენ გადაწყვიტეთ თითქოს უჩინარი ბოსების დავალებაც შეგესრულებინათ და ერთი - ორი ნაბიჯით საკუთარი პოპულისტური მიზნების განხორციელებაშიც წინ წაგეწიათ. გასაგებია, რომ დღევანდელი აქციები მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მოთელვით ხასიათს ატარებენ და, რომ განა მართლა ასე ვეღარ მოგითმენიათ დარჩენილი წელიწად ნახევარი. მაგრამ ედიკასაც თქვენზე არა ნაკლებ სჭირდება ახალ, მის „გამცილებელ” პარლამენტში უმრავლესობა საკუთარი ოჯახის, კლანის და უბრალოდ პირადი უზრუნველყოფა-უსაფრთხოებისათვის. გარდა ამისა არც ჩამოგდებულის სახელით უნდა წასვლა და ყველაფერს გააკეთებს ეს რომ ასე არ მოხდეს. ყველაფერზე წავა! ძნელი დასაჯერებელია, რომ ხალხს ქვეყნის მართვის პრეტენზია ჰქონდეს და ასეთ მარტივ ანალიზს ვერ აკეთებდეს ე.ი. არეულობა, რომელსაც რუსეთი (და საფიქრებელია არა მხოლოდ რუსეთი) ჩასაფრებული ელოდება, რათა სიტუაციით ისარგებლოს, ამ „პროფესიონალ ოპოზიციას” შეკვეთილი აქვს. 
სათანადოდ არ გაისარჯეთ, საქმე ყურს უკან მიაგდეთ და ახლა ახალი, შეიძლება თავად იმ ხალხისთვის, ვის ზღვარგადასულ მოთმინების ფიალასაც ასე ვირტუოზულად იყენებთ, ბოლომდე გაუაზრებელი საფრთხის წინაშე გინდათ დააყენოთ ქვეყანა? არც თქვენს შორის გამოვრიცხავ გაუცნობიერებლებისა და საქმეში ბოლომდე ჩაუხედველების არსებობას. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ასე არ იყოს. ეს ამ ხალხს მინდა ვუთხრა: დანაშაული თუ არა დიდი შეცდომა ხომ მაინცა გაქვთ დაშვებული, რომ სასამართლოების გზას მიტინგებისა და პროტესტების გზა ამჯობინეთ. 
კონტროლი უბნებზე და საოლქო კომისიებში მოგცემდათ ნებისმიერი უკანონობის დაფიქსირებისა და ამ საქმის სასამართლოში მოგების საშუალებას, რადგან ხელთ გექნებოდათ კომისიის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდდასმული არჩევნების შედეგეების საოლქო კომისიის ოქმები. ამისთვის საჭირო იყო 2870+75+1=2946 კაცი და კიდევ საოლქო კომისიებში 75 კოორდინატორი, ე.ი. სულ 3021 კაცი. 
ოპოზიციას ხომ ჰყავდა თავისი წარმომადგენლები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში? რატომ იქ იმათ არ მოჰკითხავთ: რა აკეთეთ, რას შვებოდით?! ჯერ იქ წყდება საკითხი. აქციები, პროტესტები, ეროვნული დაუმორჩილებლობა და სხვა მისთანები ნებისმიერი ცოტა თუ მეტად ცივილიზირებული ქვეყნის საპარლამენტო ოპოზიციისათვის, ვიმეორებ საპარლამენტო ოპოზიციისათვის, მთლად მიუღებელი თუ არა, ყოველშემთხვევაში ბრძოლის ის უკიდურესი ფორმა უნდა იყოს, როცა სხვა ყველანაირი გზა და ხერხი ამოწურულია. მაგრამ არა თქვენთვის. თქვენ ისევ იმ ძველი სცენარით მოქმედებთ, როცა ჭეშმარიტად დემოკრატიულ და მრავალპარტიულ არჩევნებში უდიდესი უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას მუშაობა არ აცალეთ და თითქმის მთელი 1991 წელი ქუჩაში გაატარებინეთ, რადგან უნივერსიტეტისა და ტელევიზიის საფეხურებიდან დაწყებული არცერთი კიბე არ დაგრჩენიათ, სადაც არ წამოწოლილხართ საკუთარი ქვეყნის ეროვნული, კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობის ჟინსა და დამკვეთის დუდუკს აყოლილნი. ალბათ „კარვების ქალაქს” გამახსენებთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ მისი ჭეშმატიტი მიზეზიც ისევ და ისევ თქვენ იყავით.
საქართველო მარტო თბილისი არ არის. ეს რა თქმა უნდა ბანალური ჭეშმარიტებაა, მაგრამ თქვენ საზოგადოება „თბილისელი” შეჰქმენით და იგი დანარჩენ საქართველოს დაუპირისპირეთ, რომელსაც ზემოდან გადმოხედვა არ აკმარეთ და სულშიც ჩააფურთხეთ. დღეს იმ დანარჩენი საქართველოს ხმებიც დაგჭირდათ . . . ზოგან სულგრძელად შეგინდოთ მომავლის მიამიტური იმედითა და დღევანდელობით თავგაბეზრებულმა ხალხმა, ზოგან კი ჯერ კიდევ მწარედ ახსოვთ თქვენი „კარგი ქართველობა”. დიახ, თბილისში არჩევნები მოიგეთ, მაგრამ რეგიონებში თქვენს საწინააღმდეგოდ მუშაობდა თქვენივე ახლო წარსული და მიუხედავად უცხო ქვეყნის სამსახურში გაყიდული სულისა, მაინც თქვენივე ქართული ბედოვლათობა – ნაცარქექიობა და იღბალ - ყისმათის მოიმედეობა.
თავი დაანებეთ კუთხეების დაპირისპირებას. ადრე თვალში სამეგრელო გქონდათ ამოღებული, დღეს აჭარა გაქვთ „მიზანში”. საქართველო ყოველთვის ძლიერი იყო თავისი რეგიონებით და დღეს აჭარა ის რეგიონია, რომელიც რეალური სიძნელეების მიუხედავად კარგად აცნობიერებს ვინ და რას გადაარჩინა და ამიტომაც ასლან აბაშიძე აჭარის მოსახლეობაში სარგებლობს ავტორიტეტით და პატივისცემით (გასათვალისწინებელია იქაური მოსახლეობის მენტალიტეტიც). გასაკვირი სულაც არ არის რომ აჭარაში მას კონკურენცია ვერავინ ვერ გაუწია. ჩემთვის უფრო მოულოდნელი იყო ბლოკის „სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობის” 42% ქართლში და 32% ზუგდიდში.

რამდენიმე ოლქში ბოლო 1-2 საათში „მოვიდა” (ჩაიყარა ბიულეტენები) ამომრჩევლების 30-40%. ასე მოხდა მაგალითად მარნეულში, ქუთაისში, ვაკეში და გარდაბანში. თვალში საცემია მე-5 ბლოკის აშკარა ჩავარდნა რამდენიმე რეგიონში. კიდევ ერთი საინტერესო გარემოებაა გამოიკვეთა: ყველგან სადაც მოიგო სააკაშვილის ბლოკმა - ამომრჩევლის დასწრება სასურველზე ბევრად ნაკლები იყო!
საერთოდ დასწრებასთან დაკავშირებით: მთლიანად საქართველოში დასწრების მაღალი 62-63% გამოწვეულია მხოლოდ მაღალი დასწრებით რამდენიმე დიდ ოლქში (ვაკეში, ქვემო ქართლში და აჭარაში). უმეტეს ოლქში დასწრება იყო 50% ცოტა მეტი, ხოლო დიდუბეში, გლდანში იყო ერთ მესამედზე ოდნავ მეტი.. ამას ყველაფერს სიებს ვერ დავაბრალებთ. ასეთი სიჭრელე 21 პარტია/საარჩევნო ბლოკი მეტის მეტია პატარა საქართველოსთვის. ქვემო ქართლის და სამცხე – ჯავახეთის სპეციფიკიდან გამომდინარე სიტუაცია თქვენთვის პროგნოზირებადი უნდა ყოფილიყო და შესაბამისი მუშაობა წინასწარ უნდა გაგეწიათ და კონტროლიც ამ რეგიონებში ერთი-ორად უნდა გაგეზარდათ, რადგან ქვემო ქართლის ასეთი დიდი რეგიონის ასეთი დიდი სხვაობით წააგება მთლიანად არჩევნების წაგების ტოლფასია. 
აშკარად ბევრი უზუსტობა ოქმების დამუშავებაში. საერთოდ დამთხვევა, როგორც ხედავთ, კარგი არ არის, მაგრამ ლეიბორისტული პარტიისა და სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის ხმები 229 189 და 341 270 შესაბამისად ზუსტად დაემთხვა. საფიქრებელია, რომ სიტუაციიდან გამომდინარე მოგვიანებით მოხდა ხმების გადანაწილება, რათა უზომოდ და უანგარიშოდ ჩაყრილი ბიულეტენები ცოტა თუ მეტად სასურველ ხალხზე გადანაწილებულიყო. შედეგად ა.ბაშიძის ბლოკიდან აიღეს დაახლოვებით 6 ათასი ხმა, “ახალი საქართველო”-დან 3 ათასი ხმა და მიუმატეს “ახლებს” 1730 ხმა, რის შედეგადაც მათ გადალახებს 7%-იანი ბარიერი. ბათილად მიჩნეული ბიულეტენების რაოდენობა ცსკ-ოს მონაცემებში 2246-ით არის მეტი. ყველაზე დიდი სხვაობაა კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაში: ჩემთან იგი 2 002 307 შეადგენს, ცსკ-ო 1 951 781-ს აჩვენებს, სხვაობა 50 526-ს უდრის. ეს კი ხმების დაახლოებით 2,6%-ია. რეზერვი ხომ არ არის ბლოკი “მრეწველობის გადასარჩენად?! 
 კიდევ ბევრი სასწაული შეიძლება ნახო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებში. თუ არა აქვთ კალკულიატორი (კომპიუტერზე ლაპარაკი ზედმეტია) შემიძლია ერთი ცალი მაინც ვაჩუქო. როგორც ელემენტარული ანგარიშიდან სჩანს ყველამ იხეირა და ჩაყარა ზედმეტი ბიულეტენები. ჰოდა, ახლა დათვალონ მაინც სწორედ. ბოლოსდაბოლოს 3 მილიონ ხმაზეა ლაპარაკი. სხვა ქვეყნებში რამდენჯერმე მეტ ხმას 1-3 დღეში ითვლიან და ზუსტად! 
დასკვნა:  
ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ არჩევნებში ყოფილიყო რაც შეიძლება მეტი არეულობა და ხელი მოეთბო ამ უმართავ სიტუაციაში. მეტი საშუალება ჰქონდა ხელისუფლებას და უფრო მეტ შემხვევაში გამოიყენა კიდევაც ვიდრე ოპოზიციამ. რადგან ერთმანეთს ებრძოდნენ ძველი, “ედუარდის ხანის” არჩევნებში, გამოცდილი და სტაჟიანი ფალციფიკატორები, ყოფილი თანაგუნდელები, ამიტომ ამჯერად იყო ყველაზე ნაკლები დარღვევა, არა უმეტეს 10%-ისა.  
გაუმართლებელი იყო უსაფუძლო აქციების დაწყება ბიულეტენების დათვლის პროცესის დამთავრებამდე. აშკარაა, რომ დესტაბილიზაციის მცდელობა რუსეთის მიერ დაგეგმილი და ინსპირებულია. აქვე უნდა ვიკითხოთ ვინ დგას ოპოზიციის უკან? რას უმზადებენ საქართველოს – ახალ ჩეჩნეთს, თუ ახალ ვიეტნამს? ან იქნებ ახალ ერაყს?
ე.შევარდნაძის ყოფნა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე დანაშაულია ერის წინაშე, მაგრამ ბატონებო, ვინ გააკეთა ყველაფერი 2000 წელს, რომ იგი ყოფილიყო არჩეული? თავის დროზე რუსეთის დავალებით ჩამოაგდეთ და მოკალით საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი. ახლა კი გინდათ იგივე გაუკეთოთ უღირსს. მე პირადად მის გამო ტირილს ნამდვილად არ დავიწყებ, მაგრამ როდისღა უნდა შეიგნოთ, რომ არსებული ხელისუფლების, თუნდაც ისეთი ანტიეროვნულის და სახელმწიფოს დამღუპველის, როგორიც დღეს არის საქართველოში (და რომელიც ისევ და ისევ თქვენი პირმშოა) ძალით დამხობა არაფერ სიკეთეს არ მოიტანს და უფრო მეტიც უაღრესად სახიფათოა ქვეყნისა და ერისათვის? 
ახალგაზრდულ მოძრაობას “კმარა” არსებობის უფლება აქვს, მიუხედავათ იმისა მოწონს ეს ვინმეს თუ არა. ასევე არ მესმის შევარდნაძის მტრული დამოკიდულება ჯორჯ სოროსის მიმართ. ძალიან კარგად იცით, რომ ბევრი მეცნიერი მისი გრანტებით სულდგმულობს. სახელმწიფო მეცნიერებაზე ხარჯავს გაცილებით ნაკლებს, ვიდრე თავისი აპარატის შესანახად. ისიც ცნობილია, რომ სოროსს “წილში” არასოდეს არ გაყავს ხელისუფალნი. მხოლოდ ამიტომ ხომ არ არის გამოწვეული ასეთი განრისხება? 
იმედი მაქვს, რომ ემოციები დაცხრება და როდისმე საქართველოში ჩატარდება ისეთივე თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, როგორის ჩატარდა 1990 წლის 28 ოქტომბერს.  

  ვიქტორ დომუხოვსკი,
  საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი,
  დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი
  1993-1998 წწ. პოლიტპატიმარი, 
  1998 წლიდან პოლიტემიგრანტი პოლონეთში  

  ვარშავა, 2003 წლის ნოემბერი
 

Brak komentarzy:

Prześlij komentarz