wtorek, 24 marca 2009

დაუსწრებელი ინტერნეტ ინტერვიუ ცხრა წლის უნახავ მულთან და მის მეუღლე ვიქტორ დომუხოვსკისთან


"მადლიერი ვარ ქართველი ხალხის, რომ გამზარდა პატრიოტად და პატიოსან კაცად. ბედნიერი ვარ, რომ ქართველმა ქალმა გამაჩინა, მეორე ქართველმა ქალმა კი ორი ბიჭი, გვარის გამგრძელებლები, მაჩუქა. ბედნიერი ვარ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ვიყავი მთავრობის სახლის წინ, სადაც მონაწილეობა მივიღე საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ბედნიერი ვარ იმით, რომ 1990 წლის 28 ოქტომბერს ქართველმა ხალმა ამირჩია დეპუტატად. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი ხელმოწერა არის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1991 წლის 9 აპრილის აქტზე. 

ბედნიერი ვარ იმით, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 1991 წლის 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიყავი მისი ნდობით აღჭურვილი პირი. ბედნიერი ვარ იმით, რომ 1991 წლის 22 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე ვიყავი მთავრობის სახლში პრეზიდენტის გვერდით. ბედნიერი ვარ იმით, რომ მერეც მისი თანაშემწე ვიყავი და ბედნიერება მქონდა, ხშირად შევხვედროდი მას.

ახლა კი ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი სამშობლოს წინაშე ვალდებულებას, რომ არ ვუღალატე და ამიტომ ვზივარ ციხეში. რა არის 14 წელი საქართველოსა და პოლონეთის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის წიანშე. არაფერი! ცხოვრება მიდის წინ და მე კიდევ ჩამოვალ სტუმრად ძლიერ, დამოუკიდებელ, აყვავებულ საქართველოში და ავუხსნი ჩემს შვილიშვილებს (შვილები თავად არიან ყველაფრის მოწმენი), რომ აქ მათი ბაბუა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა . . ."

ეს სიტყვები ვიქტორ დომუხოვსკის ეკუთვნის, შენს მეუღლეს. იზიარებს თუ არა მის პათოსს სამშობლოსა და ნათესავ მეგობრებს მოწყვეტილი, შორეულ პოლონეთში ამდენ წლიან ემიგრაციაში მცხოვრები, რუსუდან კიკალეიშვილი?

რ.კ-დ: რუსუდან კიკალეიშვილი-დომუხოვსკი! თუმცა ყოველთვის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ქორწინების შემდეგ გვარის გამოცვლის, მაგრამ როცა 1993 წლის 6 აპრილს ვიქტორი (და პეტრე გელბახიანი) ბაქოდან თბილისში გამოიტაცეს (სხვათა შორის აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე), მაშინ გადავწყვიტე, რომ გვარს არ გამოვიცვლიდი, მაგრამ დომუხოვსკის დავამატებდი. რადგან დღემდე ასე ორი გვარით ვცხოვრობ ე.ი. ვიზიარებ. მიუხედავად მრავალი პირადი და ოჯახური ტრაგედიისა, მიუხედავად იმისა რომ ჩემი უსაყვარლესი ადამიანი, ჩემი დედიკო, უჩემოდ გარდაიცვალა და მე არათუ ავადმყოფის მოვლის, უკანასკნელად გამოთხოვების, ნუ შეშინდების თქმის საშუალება არ მომეცა, არამედ დაკრძალვაზეც კი ვერ ჩამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული მორალით სიამაყე ერთ-ერთი ცოდვათაგანია, მაინც ვამაყობ, რომ საქართველოში არის ხალხი ვისგანაც გამიგონია, - ვიქტორ დომუხოვსკი თანამედროვე აბო თბილელიაო.


26 იანვარს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ეროვნული თანხმობის დეკლარაციას. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ დოკუმენტისადმი? 

ვ.დ:
ადამიანი, თუ იგი ქვეყნის მოქალაქედ აღიქვამს საკუთარ თავს, არ შეიძლება რომ ეროვნული თანხმობის წინააღმდეგი იყვეს. მე და პეტრე გელბახიანმა ამის შესახებ ჯერ კიდევ ბაქოში, დაჭერამდე, დავწერეთ რომ გაერთიანება და ერთად დგომის გარეშე საქართველო ვერ გადარჩებოდა და მოვუწოდებდით ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო კანონიერი და საყოველთაო დემოკრატიული არჩევნებით მოსული ხელისუფლების დამხობაში გაეცნობიერებინათ მოწევნადი საფრთხე. ქართველი ერის შემწყნარებელი ბუნებიდან გამომდინარე დარწმუნებული ვიყავით, რომ გულწრფელი მონანიების შემთხვევაში ხალხი მათ შეუნდობდა. ეს წერილი თბილისში გამოვაგზავნეთ, მაგრამ იგი დაიკარგა. რომც არ დაკარგულიყო იმ დროს ეს ხალხი ჯერ კიდევ არ იყო ამისათვის მზად. თავი გამარჯვებულად წარმოედგინათ და იმას ვერ ხვდებოდნენ, რომ ძმათამკვლელ ომში ორივე მხარე დამარცხებულია, ხოლო მათი დედა-სამშობლო კი შეგინებული და ლეჩაქ მოხდილი.

დეკლარაციები, მემორანდუმები კარგია, მგრამ „საქმემან შენმან”-ო ხომ გახსოვს. თუმცა მჯერა, რომ ალბათ ბოლოს და ბოლოს პრაგმატიზმმა უნდა იმძლავროს და მაშინ . . . თანხმობის გარეშე საქართველო კი არა ერთი პატარა ნალიაც კი ვერ აშენდება. ვნახოთ ჯერ დავაცადოთ, სამი-ოთხი თვის შემდეგ უკვე გამოჩნდება, გამოიკვეთება კონტურები. ერთი რამ მინდა ხაზგასმით და ცალსახად ითქვას:

ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ბალუაშვილები, კობერიძეები, დოლიძეები და ტყეშელაშვილები მაინც არ დაინიშნონ უმაღლეს თანამდებობებზე. განა ცოტაა პოლიტიკური "ზაკაზის" შესრულებაში გაუსვრელი ახალგაზრდები? კარგი იქნება, თუ გენერალური პროკურატურა ვახტანგ რაზმაძის დროინდელი პროკურატურით მაინც და მაინც არ აღფრთოვანდება. ერთი მხრივ თანხმობაზეა საუბარი და მეორეს მხრივ ბალუაშვილი და კახა კობერიძე წინაურდებიან ( კახა კობერიძეა ის პროკურორი, რომელიც ბრალდებას წარმოადგენდა გელბახიანი - დომუხოვსკის პროცესზე და პეტრე გელბახიანსა და ირაკლი დოკვაძისათვის სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მოითხოვა). ჩაიხედონ საბრალდებულო დასვნებში, სადაც შავით თეთრზე სწერია, რომ გამსახურდიამ დაკარგა, რა ხელისუფლება შექმნა ბანდები . . . და თავად იყო მთავარი ბანდიტიო. აი, ეს არის რაზმაძე, ბალუაშვილ, კობერიძის და სხვა მისთანათა შემოქმედება. 

მინდა სწორად გამიგონ, აქ მე სრულიადაც არ მალაპარაკებს პირადი ანგარიშსწორება. გულწრფელად მჯერა, რომ ადამიანს, რომელსაც კარიერა გაუხდია ცხოვრების უზენაეს მიზნად ეროვნული სახელმწიფოს აღმშენებლობის, ერის სულიერი კათარზისის გზაზე თანამგზავრობაზე უარი არ უნდა ეთქვას, მაგრამ იგი ამ უმძიმესი საკეთებლის კირითხუროდ არ გამოდგება. მრუდედ ჩადგმულმა საძირკველმა მშვენიერი ტაძრის ნაცვლად, ვაითუ ისევ და ისევ იმ ურჩხულ-გველეშაპის სადგომად გვიქციოს ქვეყანა, როგორიც იყო იგი ბოლო ათი – თორმეტი წლის განმავლობაში.

რ.კ-დ: ვაკვირდები პრეზიდენტს და მიხარია, რომ სულ უფრო და უფრო ნაკლებად უშვებს შეცდომებს და თუ უშვებს სწრაფადაც ასწორებს. სწრაფად ითვისებს გაკვეთილებს. თავადაც სხარტი, ენერგიული, მოქნილია და ეტყობა კარგი მრჩეველიც ჰყავს. 

თანხმობა, შერიგება . . . თუმცა ეს სრულიად სხვადასხვა ცნებებია . . . ვის უნდა შევურიგდე? ერთ წამში ოთხი უახლოესი ადამიანის ტყუპი ძმებისა და ორი ვაჟიშვილის, ჩემს თვალწინ გაზრდილი თემურისა და ზურიკოს სოხუმის თავზე დამკარგავ ბელას? ჩემში გაბოროტება მაშინაც არ მიგრძვნია, როცა ამ ტყუპების ვიქტორის და პეტრეს აყვანის ოპერაციაში მონაწილეობის შესახებ გავიგე. გული კი დამწყდა, მაგრამ რა უნდა მეთქვა ისედაც სულიერად და მორალურად განადგურებულისათვის ... ისევ მე ავტეხე პრესაში განგაში ასე განადგურებული ოჯახების უპატრონოდ და უყურადღებოდ მიტოვების გამო და სხვათა შორის ისიც კარგად მახსოვს, რომ ერთადერთი ადამიანი ვინც ეს ტრაგედია იგრძნო და ეტკინა, ვინც მეორე დღესვე პირადად ეწვია მათ, - გაუბედურებულ დედასა და დას, ახალგაზრდა ქვრივებსა და უმამებოდ დარჩენილ პატარებს ქალბატონი ნინო ბურჯანაძე იყო. 

ახლა როცა სიტუაცია იცვლება ჩამოსვლას თუ აპირებთ?

რ.კ-დ:
ამასწინ ვიქტორმა ინტერვიუ მისცა გაზეთს „ქრონიკა” და მე იმაზე უკეთესად ჩვენს დღევანდელ სიტუაციას ვერ დავახასიათებ:

„ . . . სანამ შევარდნაძე საქართველოშია – არა. რა თქმა უნდა სულიერად მიჭირს ემიგრაციაში ყოფნა, მაგრამ ეს პროტესტის გარკვეული ფორმაა. ე.შევარდნაძე უნდა გასამართლდეს და ზვიად გამსახურდია უნდა დაიკრძალოს საქართველოში. მერე კი ვნახოთ. სრულიად გასაგებია, რომ ასეთი გადწყვეტილების მიღება რეაბილიტაციის ხარისხზე იქნება დამოკიდებული, რადგან ეს არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება სჩანდეს. სად დავბრუნდეთ, სადაც ნასამართლეობაც არ მექნება მოხსნილი? სადაც ბანდიტიზმსა და სამშობლოს ღალატში დამადანაშაულეს? სადაც პრესა ჩემი განთავისუფლების მერეც კი იმავე უსირცხვილო ბრალდებებს ასევე უსირცხვილოდ იმეორებდა და იმასაც კი მაბრადებდა რაც შევარდნაძის მონა-მორჩილ პროკურატურას და სასამართლოსაც კი არ დაუბრალებია? სადაც არც სახლი მაქვს და არც კარი, რადგან ყველაფერი რაც გამაჩნდა უზურპატორმა შეიწირა? სადაც ჩემს მშობლებს ჩემს ნატვრაში ამოხდათ უდანაშაულო სული? . . . ”

მოდი ეს უსაშველოდ მტკივნეული თემა დავხუროთ და ნუღარ დავუბრუნდებით. რახან გაზეთი „ ქრონიკა ” ვახსენე ძალიან მინდა ერთი რამ ავღნიშნო: ამ გაზეთის კორესპოდენტი გასული წლის ზაფხულში ვარშავაში იყო და ვიქტორის ინტერვიუ ჩაიწერა. მიუხედავად ვიქტორის კატეგორიული მოთხოვნისა ისე წავიდა თბილისში, რომ მომზადებული მასალა არც კი აჩვენა. მერე გაზეთიც არ გამოუგზავნია. და აი, ახლა იანვარში ელ. ფოსტით გამოაგზავნეს ის გაზეთი ძველი ინტერვიუთი და ახლისთვის კითხვები. ნეტავ არ წაგვეკითხა! საშინელება იყო და ვიქტორი ახალ კითხვებზე პასუხის გაცემას მხოლოდ იმიტომ დასთანხმდა, რომ იმედი ჰქონდა, მასალას წინ წაუმძღვარებდნენ ასეთი სახის მოკლე რეპლიკას:

„ როგორც იქნა ხელში ჩავიგდე და წავიკითხე წინანდელი ჩემი ინტერვიუ. ხომ გთხოვეთ მაშინ, როცა დასწერთ, აუცილებლად წამაკითხეთ მეთქი? არც კი მაჩვენეთ, ისე დაბეჭდეთ და აი, გაიპარა კიდევაც რამდენიმე უხეში შეცდომა.

1. ზაზა წიკლაური ავადმყოფობის გამო კი არ გაანთავისუფლეს, მან უბრალოდ მოიხადა მისჯილი პატიმრობის ვადა, როგორც ამბობენ ხოლმე “ოტ ზვონკა დო ზვონკა”. ეს იყო ხელისუფლების ხრიკი! პოლიტპატიმარმა მოიხადა უკანონო სასჯელი მთლიანად, მაგრამ მის საქმეს საერთაშორისო ორგანიზაციებს წარუდგენენ, როგორც ხელისუფლების მხრიდან კეთილი ნების გამოხატვის დადასტურებას.

2.“ყვარლის საქმე”-ში წამებით მოკლეს ვახტანგ გოქსაძე და არა ტარიელი გოგსაძე ?

3. გერემეკი იყო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (და არა საერთაშორისო ურთიერთობების მინისტრი ) ამავე დროს იგი იყო ეუთო-ს იმდროინდელი თავმჯდომარე და საქართველოში ჩამოვიდა ოფიციალური ვიზიტით, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე. ვიზიტის პროგრამაში იყო მრავალი საკითხი და მათ შორის ერთ-ერთი ჩემს განთავისუფლებასაც შეეხებოდა.

და კიდევ სიტყვები, ტონალობა, დამოკიდებულება პიროვნებების მიმართ, რომლებიც ჩემი არ არის და რასაც ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მინდა ვიქონიო იმედი, რომ ყველაფერი ზემოთ აღნიშნული არ იყო წინასწარგანზრახული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავდა ჩემი რეპუტაციის შებღალვას და ამდენად მე თქვენს კითხვებზე პასუხს გავცემ, მაგრამ მოვითხოვ, რომ ეს რეპლიკა ინტერვიუს წინ დაურთოთ. ” 


ინტერვიუ დაბეჭდეს, მაგრამ კვლავ იცუღლუტეს და ეს რეპლიკა არ გამოაქვეყნეს . . . როგორც იტყვიან კომენტარი ზედმეტია და მათთან ჩვენი ურთიერთობებიც დამთავრებულია. 

ალბათ გაიგებდით, რომ ახალი ხელისუფლება ორმაგი მოქალაქეობის შემოღებას აპირებს. რა აზრის ხართ ამ საკითხზე ზოგადად და როგორია მისდამი თქვენი პიროვნული დამოკიდებულება? 

რ.კ-დ:
მე არავითარი მეორე მოქალაქეობა არ მჭირდება და დანარჩენზე ვიქტორმა თავად გაგცეს პასუხი.

ვ.დ: ორმაგი მოქალაქეობა მრავალ ქვეყანაში მოქმედებს და მათ შორის პოლონეთშიც. თუმცა საქართველოს შემთხვევაში ის საკმაოდ ფრთხილ მოპყრობას და რამდენიმე სვლით წინჭვრეტას საჭიროებს. თუ კანონი კარგი იქნება და გაითვალისწინებს მოსალოდნელ ორჭოფულ სიტუაციებს -საწინააღმდეგო რა უნდა გვქონდეს.

ახლა ხშირად გაისმის ამ მოსაზრების კრიტიკა. ამბობენ, რომ ნახევარ მოსახლეობას დავკარგავთო. გარკვეული საშიშროება არსებობს, მაგრამ ეს კანონმდებელმა უნდა გაითვალისწინოს და არა ზოგადად და ხელაღებით უნდა მოხდეს ასეთი რამ დაშვებული არამედ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში და ყოველი კონკრეტული შემთხვევა ცალკე, ინდივიდუალურ მსჯელობას უნდა ექვემდებარებოდეს. მრავალ ადამიანს (დაახლოებით მილლიონ ნახევარს) მოუწია არა ნებაყოფლობით ქვეყნის დატოვება. გავიდა ათეული წლები და სიტუაცია შეიცვალა. დაბრუნდებოდნენ კიდეც, მაგრამ ამასობაში წამოიზარდა მეორე თაობა, რომელსაც ნათესავები საქართველოში ჰყავთ, მაგრამ უკვე იმ უცხოეთში გაიარეს ადაპტაციის ურთულესი პროცესი, ჰყავთ მეგობრები, აქვთ აწყობილი ცხოვრება და მიუხედავად სამშობლოში დაბრუნების დიდი სურვილისა ყველაფრის კიდევ ერთხელ შეცვლის ძალა აღარ შესწევთ. ეს ის ხალხია ვისაც ყველაზე მეტად ტანჯავს ნოსტალგია და მათთვის ამ სიმძიმილის გაადვილება მადლია. 

იმ მოსაზრებას კი რომ აფხაზეთის, ჯავახეთის სომხური ან ქვემო ქართლის აზერბაიჯანული მოსახლეობის მოსალოდნელი რეაქციის გამო თავი უნდა შევიკავოთო ამ კანონის მიღებიდან ნამდვილად არ ვეთანხმები. ვისაც რუსეთის ან სხვა რომელიმე მეზობელი ქვეყნის მოქალაქეობის მიღება სურდა, ეს უკვე დიდი ხანია გააკეთა ან უახლოეს მომავალში ისედაც გააკეთებს. არ მესმის რატომ უნდა დაკარგოს საქართველომ თუნდაც ბოლშევიკების აგრესიის შედეგად ემიგრირებული ქართველების ის შთამომავლები ვისაც დღეს მშობელი ქვეყნის შვილობა სურს?

მე და ჩემს ოჯახს რაც შემეხება აქამდეც შეგვეძლო პოლონეთში რეპატრიაციაზე გვეზრუნა, მაგრამ სწორედ ეს გვაჩერებდა - არ გვინდოდა საქართველოს მოქალაქეობა დაგვეკარგა. 

პოლონეთში ხომ არსებობს საქართველოს საელჩო. რა ურთიერთობა გაქვთ მასთან?

ვ.დ: იმ დროსაც კი როდესაც პოლონეთში საქართველოს არც საელჩო არსებობდა და არც წარმომადგენლობა არ ფუნქციონირებდა ჩვენი ოჯახი იყო ერთად-ერთი, რომელიც რეალურად ცდილობდა გაეერთიანებინა პოლონეთში მოცხოვრები ქართველებიც და საქართველოს მოყვარული პოლონელები, დახმარებოდა რთულ სიტუაციაში ჩავარდნილ საქართველოს მოქალაქეებს. ექვსი წელი ასწავლიდა რუსუდანი ქართულს ვარშავის უნივერსიტეტში და შენ წარმოიდგინე მიუხედავად მოკლე ვადიანი და ასევე მცირ საათებიანი კურსისა, რომელიც ენის სასწავლად ნამდვილად არ იყო საკმარისი, ის მაინც მოახერხა, რომ საქართველო ნამდვილად შეაყვარა და მისდამი ცხოველი ინტერესიც გაუჩინა თავის სტუდენტებს.

რამდენჯერმე წერილობით მივმართე ედ. შევარდნაძეს, მიუხედავად ჩემი მისი პერსონისადმი უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულებისა, რომ ასე უპატრონოდ და ბედის ანაბარად საკუთარი ხალხის მიტოვება უცხო ქვეყანაში არ შეიძლება მეთქი, მაგრამ მას პოლონეთში გადმოხვეწილები კი არა საქართველოში, ყოველდღიურად თვალწინ მყოფი ხალხის გაჭირვება არაფრად მიაჩნდა. როგორც იქნა პოლონეთის ელჩის ფუნქცია გერმანიის ელჩს შეუთავსეს. ესე იგი ვითომ რაღაც გაკეთდა, მაგრამ რეალურად კვლავ არაფერი, რადგან საქართველოს მოქალაქეს, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე იმყოფება გერმანიაში არავინ არ შეუშვებს. ისევ მივწერე წერილი შევარდნაძეს, - მოხედეთ აქაურ ქართველობას, თუმცა მცირერიცხოვანს, მაგრამ მაინც ქვეყნის მოქალაქეებს მეთქი. არ ვიცი იქ, მაღალ ეშელონებში რა ხდებოდა, მაგრამ სრულიად შემთხვევით გავიგეთ, რომ პოლონეთში, კერძოდ ვარშავაში, მალე გაიხსნება საელჩო და შენობას ვეძებთ დასაქირავებლად გარკვეული თანხის ფარგლებშიო. სიმართლე გითხრა მე არ მიმიღია აქტიური მონაწილეობა ამ საქმეებში, რადგან კოტე გაბაშვილის პერსონა ჩემთვის დიდად სასიამოვნო მოგონებების აღმძვრელი არ არის. იგი იყო პუტჩისტების მიერ დანიშნული თბილისის მერი და პირველი ვინც ბაქოდან გამოტაცებულ მე და პეტრე გელბახიანს იმ დროს რკინიგზის სამმართველოს შენობაში განთავსებულ კგბ-ში დაგვხვდა. მაგრამ შენმა მულმა და ჩემმა ცოლმა აქაც არ მოისვენა, - საელჩოს შენობა არც გაბაშვილის, არც სხვა რომელიმე პუტჩისტის თუ თავად შევარდნაძის საკუთრება არ არის, ის ჩემი სამშობლო ქვეყნის სახეა და ამდენად ჩემი პირადი ღირსების საკითხია შევეცადო რაც შეიძლება უკეთეს და პრესტიჟულ უბანში ფრიალებდეს საქართველოს დროშაო. თითქმის ორთვიანი სატელეფონო თუ ინტერნეტული ძებნის და რჩევის შემდეგ დაქირავებული იქნა შენობა მართლაც ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში ( სამაგალითოდ გეტყვი, რომ გერმანიის საელჩო განთავსებულია მეზობელ ქუჩაზე ).

ამის შემდეგ უკვე ვცდილობდით გარკვეული დისტანცია დაგვეცვა, სიმართლე უნდა ითქვას არც მათ შეუწუხებიათ თავი ჩვენთან კონტაქტის დამყარებით. მაგრამ ეს ჩვენთვის სრულიად გასაგები იყო – შევარდნაძის საელჩოს ვიქტორ დომუხოვსკი არაფერში გამოადგებოდა. თუმცა ჩვენ მაინც გავხდით იძულებული რამოდენიმეჯერ დავკავშირებოდით საელჩოს. ბიჭები ხომ სრულწლოვანები აქ, პოლონეთში, გახდნენ. გვინდოდა, რომ ისინი აუცილებლად საქართველოს მოქალაქეები ყოფილიყვნენ და ქართული პასპორტები ჰქონოდათ. ეს საქმე ისე გაიწელა და გაჭიანურდა (პასპორტები ექვსი თვის შემდეგ მივიღეთ), არ დავმალავ, თავი ისევ და ისევ შეურაცყოფილად, დამცირებულად ვიგრძენი. ხომ გახსოვს ჩემს მიერ აბსოლუტურად დამსახურებული პენსიის დანიშვნაზე, რომ უარი მითხრეს. ამ შემთხვევაში მაინც რა ჰქონდათ ამდენი სათათბირო? პასპორტებს ხომ ნამდვილად საქართველოში დაბადებული ორი ახალგაზრდა ითხოვდა, ერთი მათგანი ვარშავის ერთ-ერთი საუკეთესო ლიცეუმის მოსწავლე, მეორე კი ვარშავის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების III კურსის სტუდენტი. რა შეიძლებოდა ჰქონოდა მათი საწინააღმდეგო, თუ არა ის რომ ვიქტორ დომუხოვსკის შვილები არიან? 

დღეს საქართველოში ყველაფერი იცვლება. შეიცვალა ხელისუფლების მაღალი ეშელონები და მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ ცვლილებებისადმი? 

ვ.დ:
თუ ცვლილებები მხოლოდ ფასდური არ იქნება და ძირეულ გარდაქმნებს, ჭეშმარიტ რეფორმებს დაუდებს საფუძველს ნამდვილად მივესალმები. რაც შეეხება ირაკლი მენაღარიშვილის წასვლას საგარეო საქმეთა მინისტრობიდან – სრულიად გამართლებულად მიმაჩნია, თუმცა აქვე ავღნიშნავ, რომ უნდა გადაიხედოს დიპკორპუსის შემადგენლობაც და იგი დაკომპლექტეს არა ნათლიმამობისა და სხვა მერკანტილური მოსაზრებების გათვალისწინებით, არამედ შევეცადოთ საქართველოს წარმოადგენდნენ არა მარტო პროფესიონალი არამედ საკუთარი ქვეყნის დამფასებელი ადამიანები. აქვე გულისტკივილით მინდა გითხრა, რომ წლების მანძილზე ნაკიჟინებმა, - თქვენ ვინა ხართ, მე რომ არა საქართველო არც არავის არ ეცოდინებოდაო და ამ “დიდ პოლიტიკოსის” ფეხისხმას აყოლილი ვაი პოეტების და ინტელიგენტების მიერ ერთხმად მიცემულმა ბანმა მოგვცა დაწიხლული თაობა არასრულფასოვნების კომპლექსით და ზოგიერთმა მათგანმა იგი, ეს კომპლექსი, ვერა და ვერ დასძლია. მაგალითისთვის შორს არ წავალ: რამდენი არ ეცადა შენი მული, მაგრამ დღენდე ვერ შეაგნებინა აქაური საელჩოს მომსახურე პერსონალს, რომ პირველ ადგილზე ქვეყნის ინტერესი და პრესტიჟი უნდა დააყენონ, რომ საქართველოს საელჩო საქართველოს ტერიტორიაა და იქ ქართულად საუბრობენ, რომ ტელეფონზე ჯერ ქართულად უნდა უპასუხონ და მხოლოდ შემდეგ პოლონურად. მაგრამ ვიმეორებ ეს ის თაობაა, რომელსაც უკიჟინებდნენ პატრიოტიზმი და ნაციონალიზმი რა საკადრისიაო. “ნაციონალიზმი” და “შოვინიზმი” სინონიმებად აქციეს, “პატრიოტიზმ”-ით გაასამეს, სამივე ერთად სამარცხვინო ბოძზე გააკრეს და არც ფურთხი დაიშურეს.

რ.კ-დ: ჩემს რეპლიკაზე, რომ 80-იანი წლების პოლონეთში მოსახლეობის უმრავლესობას მხოლოდ დაწყებითი განათლება ჰქონდა და საშუალო განათლების ატესტატიც კი თავმოწონების და სიამაყის საბაბს წარმოადგენდა მეთქი (საუბარი მქონდა უკანასკნელი ათწლეულის პოლონეთის მიღწევებზე) იქ დამსწრე საქართველოს საელჩოს თანამშრომელმა განმარტების სახით ჩაურთო: „ იცით პოლონელებს ექვსი ნობელის ლაურეატი ჰყავთ”. სამწუხაროდ ვერ კი აანალიზებს, რომ ამ ექვსიდან ერთი მარია კიური-სკლადოვსკაა, რომლის ნობელს პოლონეთთან არანაირი კავშირი არა აქვს. მან სორბონაში მიიღო განათლება, მთელი ცხოვრება პარიზში ცხოვრობდა და დაკრძალულიც იქვეა. თუ ჩესლავ მილოშსა და ვისლავა შიმბორსკას შესახებ ვისაუბრებთ – სწორედ ისინი არიან ნობელის პრემიის პოლიტიკური შეფერილობის ნათელი მაგალითები, ისევე როგორც ლეხ ვალენსა ( აკი სამივე მათგანმა ეს ნობელები 80-90 წლებში მიიღეს). დარჩა სენკევიჩი და რეიმონტი და ვერაფრით ვერ წარმომიდგენია ქართული ლიტერატურის პატრონს, თუ ოდნავ მაინც შერჩენია ქართული სისხლი და გრძნობა, გაუჭირდეს არა თუ მათი ტოლის არამედ მათზე ბევრად, ნამდვილად ბევრად, არ ვიტყვი უკეთესი, რადგან ეს სიტყვა ამ შემთხვევაში შინაარს გამოცლილად მეჩვენება, უფრო ღრმა და ზოგად საკაცობრიო პრობლემატიკას წარმატებით შეჭიდებული ავტორის მოძიება იმ დროინდელ ან თანამედროვე ქართველ მწერლებს შორის.

ხელისუფლებაში ეროვნული ფასეულობების დამფასებელი ნაციონალური მოძრაობა მოვიდა. ევროპას ერთგვარად ეშინია “ნაციონალიზმის”. რას და როგორ წერს პოლონური პრესა საქართველოს შესახებ?

რ.კ-დ:
ჩვენ ორივენი გულწრფელად მივესალმებით ხელისუფლებაში ეროვნული ფასეულობების დამფასებელი ნაციონალური მოძრაობის მოსვლას. ამასწინათ აქ ჩამოსული იყო ერთი ჩვენი კარგი მეგობარი, რომელმაც სინანულით აღნიშნა, რომ “ნაციონალიზმთან” დაკავშირებით ეტყობა ტერმინოლოგიურ გაუგებრობასთან უნდა გვქონდეს ადგილიო. მე კი ვიტყოდი, რომ არანაირი გაუგებრობა აქ არ არის. ამას ერთგვარად ორმაგი სტანდარტის სუნი ასდის. ამერიკელი მოქალაქე გამოდის და სახლის წინ თავის ეროვნულ დროშას აღმართავს ხოლმე და ეს პატრიოტიზმად აღიქმება; იმავე ამერიკის სკოლებში სასწავლო დღე ეროვნული ჰიმნით იწყება და არც ეს არ სჭრის არავის ყურს; ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეობის მისაღებად ყველაზე ცოტა ამ ქვეყნის ენისა და ისტორიის ცოდნა მაინცაა საჭირო და ეს ნორმალურია. არ არსებობს ერი, ქვეყანა, რომელიც საკუთარ ენაზე, კულტურაზე და ტრადიციებზე არ ზრუნავდეს, არ უფრთხილდებოდეს და პატივს არ სცემდეს მათ. ჩვენ კი რომის პაპზე უფრო კათოლიკედ გვინდა თავი ვაჩვენოთ. ერთმანეთის დამცირებითა და დაკნინებით გვინდა სხვას თავი მოვაწონოთ, თითქოს იმ სხვას უფრო შესტკიოდეს ჩვენზე გული. 1997 წელს, ახალი ჩამოსული ვიყავი პოლონეთში, როცა ვარშავაში ჩამოვიდა ქალბატონი მარია ფილინა, საქართველოში არსებული “პოლონიის” თავმჯდომარე და მეც მიმიწვიეს მასთან შეხვედრაზე. ეს ქალბატონი დარბაზში მყოფ ქართველებსაც არ მოერიდა და დაიწყო საუბარი საქართველოში იმჟამად არსებულ ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციაზე პოლონელების მიმართ, ხოლო პრეზიდენტ გამსახურდიას პერიოდის დასახასიათებლად შევარდნაძეს დაესესხა და იგი “ფაშიზმს” შეადარა. ჩემი მოთმინების ფიალაც აივსო და შევეკამათე, რომ ასეთ შემთხვევაში ჩემი მეუღლე პარლამენტში ვერ მოხვდებოდა მეთქი . . . გამაოგნებელი იყო ქალბატონი ფილინას პასუხი: ქალბატონო რუსუდან, მაგრამ თქვენმა მეუღლემ ხომ ქართული იცისო. ასეთი “ლოგიკური არგუმენტი” მე მგონი კომენტარს აღარ საჭიროებს. გულსატკენი მხოლოდ ისაა, რომ გამსახურდიას “დიქტატორობა” და “ფაშიზმი” ფილინასეული წარმოშობის არაა, იგი ისევ და ისევ ვაიქართველების შეთხზული და გავრცელებული იყო. 

ვ.დ: არავინ არის თვალყურისმდევნებელი სად რა იბეჭდება, რა კომენტარები კეთდება. ხშირია საგაზეთო პუბლიკაციები თუ წიგნები წარმოუდგენელი შეცდომებით ( მაგალითად იყო შემთხვევა, როცა დაიბეჭდა საქართველოს რუქა და აფხაზეთი და რუსეთი ერთ ფერში იყო და თანაც მათ შორის ავტონომიის საზღვარი იყო გავლებული, ხოლო ენგურზე სახელმწიფო; ან კიდევ, საკმაოდ დიდი ტირაჟით გამოცემულ სამეცნიერო ნაშრომის პრეტენზიის მქონე წიგნში აჭარლები, მეგრელები, სვანები ეთნიკურ უმცირესობად არიან მოხსენიებულნი და სხვა და სხვა), მიკერძოებული ფსევდო ანალიზით, აქა-იქ აშკარა ქედმაღლური, დამცინავი ტონიც გამოკრთის ხოლმე და განსაკუთრებით ამაში სცოდავს “გაზეტა ვიბორჩა”და მისი კორესპოდენტი იაგელსკი, რომელმაც სხვათა შორის ჩემს მიერ საქართველოს ეროვნული ღირსებისა და პრესტიჟის დაცვაში გამოჩენილი პრინციპიალური პოზიციის გამო “ბოლშევიკურ სიფხიზლეში” დამადანაშაულა და იცი, მე ეს ერთგვარად მესიამოვნა კიდეც. ვისურვებდი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში წაეკითხათ მისი წიგნი - პასკვილი “კარგი ადგილი სასიკვდილოდ” ქართულ ეროვნულ მოძრაობაზე და შემდეგ იქნებ სხვა თვალით შეეხედათ ამ “პატარა კაცუნასათვის”. მე მიმაჩნია, რომ საქართველოს საელჩო უფრო მეტად უნდა იყოს მგრძნობიარე ეროვნული ღირსების შემლახავი პრეცედენტების მიმართ. დღეს, როცა პოლონეთს გაუჩნდა რეგიონალური ზესახელმწიფოს ამბიციები, და ცდილობს პოსტსაბჭოთა სივრცის რესპუბლიკებისათვის ევროპისაკენ გზამკვლევის როლი შეასრულოს, საქართველოს პოლონეთში აუცილებლად სჭირდება, სასიცოცხლოდ აუცილებელია, არა წარმომადგენლობა არამედ დამოუკიდებელი ელჩი და საელჩო სრულფასოვანი აპარატით, რომელსაც კიდევ ვიმეორებთ შეგნებული ექნება თავისი სტატუსი და შესძლებს დაიცვას ეროვნული ღირსება ზოგიერთი პრორუსული თუ პროსოციალისტური გამოხტომებისაგან, თუმცა პოლონური საზოგადოების განწყობა ძირითადად კეთილია და შესაძლებლობის ფარგლებში ობიექტურიც.

ახალმა პრეზიდენტმა განსაზღვრა თავისი საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. მან კორუფციას, როგორც სისტემას გამოუცხადა ბრძოლა. თქვენ, ვინც თავად ხართ რეპრესირებულნი და პირადად გამოსცადეთ სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად გამოყენების შედეგები (ერთმა როგორც პოლიტპატიმარმა და მეორემ, როგორც ოჯახის წევრმა), გრძნობთ თუ არა რომ დღეს საქართველოში საფრთხე ემუქრება ადამიანის უფლებათა დაცვას?

რ.კ-დ:
ჩვენ დიდი გულისყურით ვადევნებთ თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მართალი ხარ - ჩვენ განსაკუთრებით მგრძნობიარენი ვართ ამ პუნქტში და მიგვაჩნია, რომ არანაირი ფასეულობები არ ღირან იმად, რომ ადამიანს ძალით და უკანონოდ წავართვათ ან შევუზღუდოდ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციით გარანტირებული უფლებები. არის შემთხვევები როცა ადამიანი ნებაყოფლობით უარს აცხადებს ან იზღუდავს რომელიმე მათგანს, მაგრამ ვიმეორებ ძალმომრეობა აქ დაუშვებელია და მით უფრო პატიმრის, განსასჯელის ან ბრალდებულის შემთხვევაში. მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს რომ დამნაშავე არ დაისაჯოს კანონის ფარგლებში და კანონის მთელი სიმკაცრით და არა “სისასტიკით”, როგორც ამას ხშირად წერენ, თუ ამბობენ ხოლმე და განსაკუთრებით ჟურნალისტები სცოდავთ ხოლმე ამ კუთხით.

ვ.დ: თუმცა ჩვენ ხშირად ვკამათობთ და ვდაობთ ხოლმე ამა თუ იმ საკითხზე და ჩვენი ძველი მეზობლები თბილისში, ვინც ხშირად იკრიბებოდნენ ხოლმე ჩვენთან ბინაში, რუსუდანს ჩემს მთავარ “ოპოზიციას” ეძახდნენ - ამ საკითხში აბსოლუტური თანხვედრა გვაქვს. კანონი, სასჯელი არ შეიძლება იყოს “სასტიკი”. “მკაცრი” – დიახაც, მაგრამ “სასტიკი” - არავითარ შემთხვევაში.

მე უკვე დამიწერია, რომ პრეზიდენტს მოუხდება დღევანდელი საქართველოს მკაცრი ხელით მართვა და ხშირად არა პოპულარული გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარება. სხვანაირად იგი ქვეყანას ფეხზე ვერ დააყენებს. ადამიანის უფლებების დაცვა არის დემოკრატიის საფუძველთა საფუძველი. მაგრამ ადანიანის უფლებები არ უნდა იქნეს ასე შეზღუდულად განხილული. იგი ხომ მხოლოდ ამ სფეროს არ გულისხმობს. განა მათხოვრად ქცეული ხალხის უფლებები დაცულია? განა ბავშვთა უფლებები დაცულია? სიცოცხლის უფლება, სწავლის უფლება, ჯანმრთელობის, სამსახურის, ბინის უფლება? და აი, სწორედ ამიტომ უნდა მოახერხოს გამთლიანებულმა საქართველომ და მისმა პრეზიდენტმა კორუფციის ურჩხულის განადგურება და ამავე დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გასცდეს კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებს. აქვე მინდა საფრთხეზე მივუთითო არა საქართველოს პრეზიდენტს, არამედ ახალგაზრდა კაცს - მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ასაკით შვილად შემეფერება და ამდენად თავს უფლებას ვაძლევ და ვურჩევ: ადამიანს, რომელიც პირველად შეგაქებთ ზრდილობიანი მადლობა გადაუხადეთ, მეორედ არა უპასუხოთ რა, ხოლო თუ მესამედაც შეგაქოთ – უფრთხილდით, რადგან ქებამ შეჩვევა იცის, ხოლო ძალაუფლებით გამოცდა ურთულესია იმ გამოცდებს შორის, რაც კი შეიძლება ადამიანს ცხოვრებაში შეხვდეს. 

ფიქრობ შეიძლება ცდუნებას ვერ გაუძლოს?

ვ.დ: იმედი მაქვს, რომ მას ეს საფრთხე გაცნობიერებული აქვს. მე სხვა რამის უფრო მეშინია, - კარის მეხოტბეების, გუნდრუკის მკმეველების, უბრალოდ მსახურებად მზადმყოფი მასმედიის. განუზომელია პრესისა და ტელევიზიის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება-ფორმირებაში და შემდეგ ამ “ხალხის აზრით” მანიპულირებაში. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში ელექტრონული საინფორმაციო საშუალებები პიროვნული ანგარიშსწორების ან პოლიტიკური ბრძოლის საშიშ იარაღად იქცა. არაკეთილსინდისიერი და დაკვეთით მომუშავე ჟურნალისტი ხშირად გასროლილ ტყვიაზე უფრო საშიშია. პირადი გამოცდილებით ვიცი რა შეუძლია პრესას და ტელევიზიას. მათ მიერ მიყენებული იარები წლების შემდეგაც პირშეუკრავი და სისხლდამდინარენია. აი, სულ ახლახანს, ვარშავაში მჯდომი, სატელიტური ანტენით ვუყურებდი საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის გადაცემას „ჯილდო“, სადაც ქალბატონი რუსუდან ლორთქიფანიძე, საკუთარი დამსახურებებისა და მკითხველის სიყვარულის შესახებ საუბრობდა და არწმუნებდა დამსწრე საზოგადოებას და მაყურებელს, რომ მისი დაჯილდოება „ღირსების ორდენი“-თა და „დაფნის რტო“-თი იყო შედეგი მისი მუხლჩაუხრელი შრომისა და მაღალი პროფესიონალიზმის. გამიჩნდა გადაულახავი სურვილი მეთქვა მისთვის, როგორი დარჩა იგი ჩემს მეხსიერებაში და მოდი ამ შემთხვევით ვისარგებლებ:  

ქალბატონო რუსუდან, მიმაჩნია, რომ თქვენს შემთხვევაში არავითარ განსაკუთრებულ დამსახურებაზე, გარდა შევარდნაძის რეჟიმის მიმართ ჯამილოკიობისა და მსახურების სურვილით ანთებული გოშიობისა, საუბარიც კი არ შეიძლება. გაიხსენეთ თქვენი უსინდისო წერილები „ზვიადისტების“ თემებზე საერთოდ და პირადად ჩემი სასამართლო პროცესის შესახებ. თქვენ და კიდევ ერთ ვაი ჟურნალისტს, თემურ ქორიძეს, ხომ პირდაპირ შეჯიბრი გქონდათ გამართული – ვინ მეტ ღვარძლს და ბალღამს გადმოანთხევდით, ლაფს შეასხამდით ეროვნულ ხელისუფლებას, პირველ პრეზიდენტსა და მის მხარდამჭერებს. ამისათვის კი სრულიადაც არ ერიდებოდით ქურდ-ბანდიტების, ნარკომანებისა და მართლაც კაცისმკვლელების ხოტბის შესხმას. ეს თქვენ და თქვენნაირი ჟურნალისტები იყავით ქურდულ- ნარკომანული სამყაროს აპოლოგეტები და აიყვანეთ იგი სახელმწიფო იდეოლოგიის რანგში. 

დღეს უკვე ყველამ გააცნობიერა და რაც მთავარია ხმამაღლაც ითქვა თუ როგორ „ებრძოდა“ შევარდნაძე და ძმანნი მისნი კორუფციას და ასევე ცხადია, რომ ასეთ „გადამჭრელ ბრძოლაში“ რაღა თქმა უნდა მათ სწორედ თქვენნაირი ჯიბის ჟურნალისტი, მარიონეტი, დასჭირდებოდათ. აი, ჭეშმარიტი მიზეზი და საფუძველი თქვენი წარმატებებისა. რა შუაშია აქ პროფესიონალიზმი?! თქვენ კარიერა არა ნიჭითა და ტალანტით შეიქმენით, არამედ „ზვიადისტებზე” და იქნებ „ბატონი პრეზიდენტის” (შევარდნაძის) მიმართ ამდენი მადლობების ფონზე ერთხელ ეს ხალხიც მოიხსენიოთ, როგორც თქვენი ჯილდოების და კარიერის თანაშემომქმედნი. თქვენ და თქვენნაირ ჟურნალისტებს ლომის წილი გიდევთ ქვეყნის გაპარტახებაში. რომ არა თქვენ, მხოლოდ შევარდნაძე და მისი ხროვა ამდენს ვერ მოახერხებდა. ვისურვებდი ახალ საქართველოში ქვეყანას და ერს, ხალხს ვმსახურებდეთ და არა ხელისუფალთ, რომ ხვალის საქართველოში ხელისუფლების მაამებლურ – მედროული მსახურების ნაცვლად ყოველი ჩვენგანი მამულის სამსახურში იხარჯებოდეს.


რ.კ-დ: მე კი ასე ვიტყოდი – ჩვენ ორივენი მივესალმებით ქართული, გრიგოლ რობაქიძის სიტყვებით, რომ ვთქვათ, „ჩაკლული სულის“ რეანიმაციას და გვჯერა, რომ მოხდება საქართველოს ლაზარესებრი აღდგინება.

რუსუდან კიკალეიშვილი-დომუხოვსკი, 1996 წელს შვილებთან ერთად დასტოვა საქართველო, რათა გაეგრძელებინა ბრძოლა მეუღლის, პოლიტპატიმარ ვიქტორ დომუხოვსკის, სიცოცხლისა და ღირსების გადასარჩენად. საქართველოს ისტორიაში პირველი საზოგადოებრივი დამცველი. პოლიტიკურ პროცესზე იცავდა მეუღლეს.

ვიქტორ დომუხოვსკი, 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული უზენაესი საბჭოს დეპუტატი, 1993-1998 წლებში პოლიტპატიმარი, 1998 წლიდან დღემდე პოლიტემიგრანტი პოლონეთში

30იანვარი 2004, თბილისი - ვარშავა

ინტერვიუ მოამზადა და უძღვებოდა ქეთევან ყანჩელი.

Brak komentarzy:

Prześlij komentarz