środa, 25 marca 2009

„ ლაზიერად გაცოცხლების ” შანსი გაგვიჩნდა

სათაური ცნობილი პოლიტოლოგის ზბიგნევ ბრჟეჟინსკის არანაკლებ ცნობილი წიგნის „დიდი საჭადრაკო დაფა”-ს მიერ გამოწვეული ასოციაციების შედეგია. უფრო ზუსტი კი ალბათ იქნებოდა: „რა და რატომ დაგვემართა”. ცოტა შორიდან და ერთი შეხედვით უჩვეულო შესავლით დავიწყებ. სულ ცოტახნის წინ დიდ გასავალში იყო ასეთი ილეთი: ჩვენი ფოლკლორის სამ ძირითად მომენტს უფარდებენ ხოლმე ერთმანეთს (რადგან ფოლკლორი გახლავთ ეროვნული ხასიათის საუკეთესო გამომხატველი): ქართული ხალხური სიმღერები, ქართული ხალხური ცეკვა და ბოლოს ქართული ხალხური ზღაპარი „ნაცარქექია”. ხოლო ანალიზს კი ასეთს აკეთებენ: ჩვენი მენტალიტეტის უმთავრეს თვისებას წარმოადგენს უდიდესი სურვილი თავისმოწონებისა, საკუთარი ყოჩაღ_ბიჭობის ჩვენებისა და გამჭრიახობად მიჩნეული უქმობა_გაიძვერობა. ეს, ასე ვთქვათ, ერთ მხარეს ქართული ხასიათი და მეორე მხარეს კი სიტუაცია _ ერთობ რთული და ფეთქებადსაშიში. დასავლეთ _ საბჭოური დაძაბულობა ერთი შეხედვით განეიტრალებულია. გორბაჩოვს მთელი დასვლეთი ტაშს უკრავს და „გორბი! გორბი!”-ის ძახილით ოვაციებს უწყობს. მაგრამ აშკარაა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში დიდი ძვრები ხდება _ ევროპის ხელახალი გადანაწილება მიმდინარეობს. თითქოს ჩვენი დროც დადგა. ამდენად უნდა ვიყოჩაღოთ და არ ჩამოვრჩეთ მოვლენებს! და ჩვენ პირველები ვატარებთ მრავალპარტიულ, საყოველთაო, დემოკრატიულ არჩევნებს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ბალტიისპირეთის რესპუბლიკებსაც გავასწარით . . .  

და აღმოჩნდა, რომ (ზოგიერთების აზრით) თურმე ძალიან წინ და სხვაგან გადავმხტარვათ. იგივე დასავლეთი, რომლის მხარდაჭერის იმედი გვქონდა, თურმე სულ სხვანაირად მოიაზრებდა საბჭოეთის დემონტაჟს. გააჩნდა პირველი და მეორე რიგის ამოცანები. დამოკიდებულება გამორჩეულად განსხვავებული იყო. საოცრად თვალშისაცემი იყო სურვილი, რომ პოლონეთი ყველგან და ყველაფერში ყურადღების ცენტრში ყოფილიყო. ჯერ კიდევ 1978 წელს რომის პაპად პოლონელი აირჩიეს, რომელიც უკვე მეორე წელსვე ჩავიდა სამშობლოში და გააკეთა ის, რაც ვერ მიახერხა ვერც საზოგადოებრივმა და ვერც პროფკავშირულმა თუ პოლიტიკურმა მოძრაობებმა და პარტიებმა. ნობელის პრემიების „წვიმა” წამოვიდა პოლონეთში. ჩვენ კი თითქოს პირდაპირ თითი დაგვიქნიეს: დინების საწინააღმდეგოდ მიცურავთო. (დინების ამბავი კი ერთ წელიწადში ცალსახად გაირკვა. ჯ.ბუში უფროსის საპრეზიდენტო არჩევნების წაგების მთავარი მიზეზი იყო შეცდომები აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკაში. ეს სწორედ ჯ.ბუშს არ აპატია ამერიკელმა ამომრჩეველმა დინების საწინააღმდეგოდ ცურვა!!!)

ამ ზოგიერთების აზრს ოსტატურად მართავდა და იყენებდა რუსეთი თავისი გავლენის აგენტების მეშვეობით. ეს მოსკოვში იქმნებოდა ის სტერეოტიპები, რომელთა გავრცელება სხვადასხვა მოტივებით თავად ქართველებმა იკისრეს და რომელთაც მონდომებით იმეორებდნენ ყველგან და ყოველთვის. რად ღირს თუნდაც მოსკოვში დამზადებული ლოზუნგი _ „ჯერ დემოკრატია, მერე დამოუკიდებლობა”. რადგან რუსეთს საქართველოს დამოუკიდებლობისა ეშინოდა ყველაზე მეტად, თორემ განა რომელი იყო ისეთი ბრიყვი, რომ არ სცოდნოდა: დამოუკიდებლობის გარეშე არანაირი ქვეყანა არ შეიძლება იყოს დემოკრატიული. 
გამოდის შეწირული პაიკის როლში აღმოვჩნდით და თანაც არც პირველად. ასე გვირჩევნია, რადგან არ გვინდა გავაცნობიეროთ, არ გვინდა დავიჯეროთ, რომ ჩვენ თვითონ, უკვე მეორედ ამ საუკუნეში, საკუთარ ამბიციებს შევწირეთ ჩვენივე მომავალი. ყველამ გამოიყენა თავისი შანსი – პოლონეთმაც და ბალტიისპირეთმაც. ჩვენი ამპარტავანი ხასიათი არ გვაძლევს საშუალებას ვაღიაროთ, რომ ხელისუფლების შეიარაღებული დამხობითა და შემდგომი სამოქალაქო ომით ჩვენ თვითონ გაურკვეული დროით შევაფერხეთ ქვეყნის განვითარება. 
და მაინც აუცილებლად უნდა ითქვას _ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მაშინდელ მსოფლიო საჭადრაკო ტურნირში მძაფრ ცეიტნოტში იმყოფებოდა, მან ბრწყინვალედ წარმართა თავისი პარტია: 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი იყო ის სტრატეგიული სვლები, რომელთაც განაპირობეს 1992 წელს საქართველოს გაეროში გაწევრიანება და რომლითაც უმძიმეს პირობებში მოღვაწე პირველმა ეროვნულმა ხელისუფლებამ თავისი უმთავრესი დანიშნულება შეასრულა _ შექმნა ეროვნული სახელმწიფო. სამწუხაროდ მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან მეორე, ეკონომიკური რეფორმების ეტაპის განხორციელება, თუმცა დაწყებული იქნა შესაბამისი კანონების პაკეტის მიღებით, ხელისუფლებას არ დასცალდა. ეს ყოველივე მით უფრო გულსატკენია, რომ ის ეკონომიკური რეფორმები აშშ_ს კონგრესის ეკონომიკური კომიტეტის დასკვნაში აღიარებული იყო, როგორც ახალი სიტყვა. მას მესამე გზა უწოდეს „შოკური თერაპიის” გარეშე. ხოლო დღეს საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით გაცილებით უფრო უკან დგას ვიდრე თუნდაც 1991 წლის დეკემბერში იყო. 
სინამდვილეს თუ თვალს გავუსწორებთ, ჩვენ ჩვენი როლი სხვათა თამაშში სწორედაც რომ ძალიან კარგადაც კი შევასრულეთ. რუსეთი იძულებული გახდა იმდენი ყურადღება დაეთმო ჩვენთვისა და სხვა ჩვენნაირებისათვის, რომ ფაქტიურად უპროტესტოდ დასტოვა ცენტრალური ევროპა და ბალტიისპირეთი. ნურავინ იტყვის დასავლეთმა მიგვატოვაო. არა, უბრალოდ იქ პროფესიონალი პოლიტოლოგები საქმიანობენ და მათ ჩვენ და ჩვენი შესაძლებლობები ძალიან კარგად გათვალესა და ჩვენთან ურთიერთობებიც ამაზე ააგეს.
 ეს იყო წარსულში. ახლა კი ლაზიერად გაცოცხლების შანსი გაგვიჩნდა და თუ ამჯერადაც არ მოვუხმეთ საღ აზრსა და გონებას, სამუდამოდ მოგვიწევს ეროვნულ სახელმწიფოებრიობასთან დამშვიდობება. ეროვნული ღირსება სახელმწიფოებრივი ღირსებაა. ეროვნული სახელმწიფოებრიობის გარეშე კი არ არსებობს ეროვნული ღირსება, რომელიც ჩემი აზრით, პიროვნული ღირსების ნიშნით გაერთიანებული ადამიანების სპეციფიკურ სიმრავლეს წარმოადგენს. 
 აქ კი საქმე ცოტა რთულად არის, რადგან ჩვენ მართლაც არა ვართ ის ხალხი, რომელიც კანონმორჩილებას, ამავე კანონის წინაშე თანასწორობასა და სუფთა სინდის_ნამუსს დებდეს ეთიკურ_მორალურ ქვაკუთხედად, ანუ ცხოვრების წესად. თორემ სხვანაირად როგორ შეიძლება ასე უცერემონიოდ დააჩოქო საკუთარი ერის ასე ვთქვათ „ნაღები” და შემდეგ უსირცხვილოდ და თვალებში ნაცარშეყრით განაცხადო: იქ მჯდომარე აქცია იყო, ხოლო თუ ვინმემ საკუთარი ნებით დაიჩოქა ეს რა ჩემი გადასახდელიაო. უკაცრავად გახლავართ, მაგრამ როგორ იტყვიან, ნახმარი ცხვირსახოცებივით ნაგვის ყუთებში მოისროლეს საკუთარ თავზე ასე შეყვარებული „ელიტა” და იცით რატომ? იმიტომ, რომ დარწმუნებულნი არიან ხმის ამომღები არავინაა; იმიტომ, რომ ერთმანეთს კარგად იცნობენ და ერთი_მეორის მსგავსნი არიან; იმიტომ, რომ ხელსაყრელად მოკლე მახსოვრობა აქვთა და საკუთარი ოჯახის ცოდვა დავიწყებულები ამავე ოჯახზე გადაღებული ფილმის საზღვარგარეთულ პრეზენტაციებზე საკუთარ თავს რეპრესირებულს უწოდებენ; იმიტომ, რომ ადანიანი „დათა თუთაშხია”_საც წერს და ამავე დროს აცხადებს: არავითარი კამათი. აზრი და გონება რაღად გვინდა. აი, აგერ გვყავს ეს კაცი ( ნაწარმოებში სეთურს მის მიერ დამონებული ხალხი „მამა_მარჩენალს” ეძახის) და რასაც ეს გვეტყვის ულაპარაკოდ უნდა გავაკეთოთო. მერე რა მოხდა თუ ეს ყველაფერი პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ნახა და ახსოვს კიდევაც და უფრო მეტიც, ისევ იმ „ელიტის” წევრებს სამომავლოდ შენახულიცა აქვთ: ვინ იცის სად, როდის და ვის წინააღმდეგ დასჭირდებათ. აი, ხალხისა კი _ დარდიც არა აქვთ. იმიტომ, რომ საკუთარი ერი ჯგროდ და ბრბოდ მიაჩნიათ, თავად კი ყოველგვარ კანონსა და სინდის_ნამუსს გარეთ გრძნობენ თავს. 
ჩემნაირი ადამიანისათვის სატელიტური ტელევიზია და ინტერნეტი სულის ბალზამია. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფრის საქმის კურსში ვარ, მაგრამ იმაში, რაც ინტერნეტული პრესით არის ხელმისაწვდომი, სასიხარულო და საიმედო ძალზედ მცირეა. ძალაუნებურად ვადარებ პოლონეთში არსებულ სიტუაციას იმას რაც მესმის და რასაც ვკითხულობ საქართველოს შესახებ. არა იმიტომ, რომ პოლონეთში ყველაფერი წესრიგშია, არამედ იმიტომ, რომ უახლოესი წარსული გვქონდა ერთნაირი, მსგავსი და ამდენად საინტერესოა სერიოზული ანალიზი გაკეთდეს. მე რა თქმა უნდა ასეთი გამოკვლევის ჩატარების პრეტენზია არა მაქვს. მე მხოლოდ იმ ფაქტებს მოგახსენებთ რაც მოვლენის ზედაპირზე დევსა და ამდენად აშკარად თვალში საცემია. ერთი, რამ ამთავითვე უნდა ავღნიშნო: პოლონეთში სულ რაღაც ათიოდე წლის წინათ მოსახლეობის უმრავლესობას საშუალო განათლებაც კი არ ჰქონდა. დღეს სახალხო განათლების ( არა მხოლოდ ელიტარული სკოლების) დონემ იმენად დიდი ნახტომი გააკეთა, რომ სკოლების უმრავლესობას შესაძლებლობა აქვს გასცეს საშუალო განათლების საერთაშორისო ატესტატი. სკოლაში სავალდებულოა ორი უცხო ენის სწავლება, _ აქედან ერთი აუცილებლად ინგლისურია. საშუალო სკოლის ჩვეულებრივი (არა საერთაშორისო) ატესტატის მისაღებად მოსწავლე ხუთ გამოცდას აბარებს, _ აქედან სამი: პოლონური, უცხო ენა და მათემატიკა სავალდებულოა. დანარჩენ ორ საგამოცდო საგანს კი მოსწავლე თვითონ ირჩევს. პერიოდული პრესის სახით გამოდის შემეცნებითი ჟურნალები საშუალო სკოლის ყველა საგანში, მათშორის კულტუროლოგიაში, ფილოსოფიაში, ხელოვნების ისტორიასა თუ ინფორმატიკაში. მასალები მათში მკაცრად თანმიმდევრული და მოწესრიგებულია. სერიით „უდიდეს მოაზროვნეთა ქმნილებანი” გამოვიდა ფროიდი, დარვინი, წმ. ავგუსტინე, ერაზმ როტერდამელი, კამიუსი, სარტრი, პლატონი, პასკალი, მაკიაველი და სხვ. უკვე გამოსულია 150-ე ნომერი სერიიდან „მსოფლიოს უდიდესი მხატვრები”, რომელსაც ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია: იგი საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, თუ ცალკეული მხატვრების დიდი ალბომები ძალიან ძვირი ღირს, ამ სერიის თითოეული ყოველკვირეული ნომერი იაფიც არის და საერთო, ზოგადი დონის ასწევად და რაც მთავარია ხელოვნების ამ სახეობით კიდევ უფრო დასაინტერესებლად სრულიად საკმარის ინფორმაციას შეიცავს. სკოლებს უმჭიდროესი კავშირები აქვთ დამყარებული საზღვარგარეთის მსგავსი პროფილის სკოლებთან. კლასების გაცვლა სასწავლო წლის განმავლობაში სრულიად ორდინალური მოვლენაა. . . 
და ყოველივე ამის ფონზე მომიწია საქართველოს პატრიარქის, ერის სულიერი მოძღვრის, სააღდგომო ეპისტოლეს წაკითხვა: შვილებს სად უშვებთ, რატომ უშვებთ, აქ იჯექით, არაფერი ნახოთ, არაფერი ისწავლოთ, რის ლიბერალიზმი, რა ლიბერალიზმი, ჯგრო იყავით და ჯგროდ დარჩითო. „რა გითხრათ? რით გაგახაროთ?” განა ჩვენმა პატრიარქმა სხვაზე ნაკლებ იცის პროგრესისა და განათლების აუცილებლობისა და სიკეთის შესახებ? განა XX საუკუნის ქართული კულტურა და მეცნიერება საზღვარგარეთ განათლება მიღებულთა პლეადამ არ ზიდა? მაშ ვინ იყვნენ ივანე ბერიტაშვილი და დიმიტრი უზნაძე, ანდრია რაზმაძე და პეტრე მელიქიშვილი, ივანე ჯავახიშვილი და შალვა ნუცუბიძე, ნიკო ნიკოლაძე და არჩილ ჯორჯაძე, კონსტანტინე გამსახურდია და გრიგოლ რობაქიძე, ლადო გუდიაშვილი და ელენე ახვლედიანი და სხვანი და სხვანი, _ ყველას ხომ ვერ ჩამოვთვლი. ნაცვლად იმისა, რომ ქართული ეკლესია (და არა მხოლოდ იგი ) აწესებდეს სპეციალურ სტიპენდიებს ნიჭიერი, უნარიანი, სწავლას მოწყურებული ახალგაზრდებისათვის და თავად აგზავნიდეს მათ მსოფლიოსა და ევროპის სხვადასხვა სასწავლო ცენტრებში, ვისაც თავად მოუხერხებია პატრიარქალურ-პროვინციალური ჭაობიდან თავის დახსნა, იმათაც უკიჟინებს: წინ არ გაიხედოთ, უკეთესები არ გახდეთო. აბა, როგორ არ შემოგთავაზოთ ერთი პატარა ფრაგმენტი პოლონური პრესიდან და არ გთხოვოთ დასკვნა თავად გააკეთოთ:

„ ათი წელი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რათა Opus Dei [ ღვთის ქმნილება ] გამხდარიყო ერთ – ერთი ყველაზე მოქნილი კათოლიკური ორგანიზაცია პოლონეთში. ამ ორგანიზაციის ცენტრებში ნახავთ ხოლმე ადამიანებს გაზეთების პირველი გვერდებიდან. Opus Dei ყველაზე სწრაფად აკადემიურ ცენტრებში ვითარდება. უკვე ფლობს რამდენიმე სტუდენტურ საერთო საცხოვერბელს პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში. იეზუიტების ორდენის მსგავსად Opus Dei - ც განათლებაზე აკეთებს აქცენტს და სურს იყოს კათოლიკური ელიტის სკოლა ( „ვპროსტ ”, 7 იანვარი 2001 ).”

ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას კი სულ სხვა კურსი აუღია. მას განათლება, პროგრესი არ სჭირდება. ეტყობა ზოგიერთებს რკინის ფარდა ენატრებათ. მე კი, ღმერთო, შეგცოდე და, ობის სუნი მცემს. უნეტარესო, იქნებ აჯობებდა ეკლესიას, ერისთვის ამ უმძიმეს პერიოდში, ნაკლები ეზრუნა საკუთარ უზრუნველყოფაზე და უფრო აქტიურად ეძებნა გზები და საშუალებები მრევლის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუმცა მრევლიც არის და მრევლიც. თუ მრევლად მხოლოდ თბილისი და აქაც მისი ელიტარული ინტელიგენცია აღიქმება _ მას ეკლესიის დახმარება, ამ თვალსაზრისით, ნამდვილად არ სჭირდება. ამჯერად კონსტანტინე გამსახურდიას დავესესხები და პატარა ციტატს მოვიტან საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მისი ცნობილი სიტყვიდან:

 „ . . . ქართველი ერი ძალიან კარგია, როგორც სახელმწიფოებრივი მშენებლობის მასალა, მაგრამ მისი თავი _ ინტელიგენცია _ უმეტეს შემთხვევებში არ აღმოჩნდა ღირსი იწოდებოდეს ერის წინამძღვრად. . .”

ძალზედ თანამედროვედ ხომ არ ჟღერს?! 
კვლავ პოლონური მაგალითი. აი, რას წერს სტეფან ბრატკოვსკი (1934), გამოჩენილი პუბლიცისტი, პოლონეთის ჟურნალისტთა კავშირის საპატიო თავმჯდომარე. წარსულში_ ერთ-ერთი დამაარსებელი ცნობილი ეკონომისტებისა და პოლიტოლოგების იატაკქვეშა სადისკუსიო ჯგუფის "გამოცდილება და მომავალი" (პოლუნურად Doświadczenie i Przyszłość SemoklebiT _D I P) , რომელიც ამუშავებდა კომუნისტური რეჟიმის მოსალოდნელი დშლის შემდგომი პოლონეთის პოლიტიკური მოწყობის გეგმებს.

„ . . . მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ხელები ექავებოდა, პოლონელებმა იარაღს ხელი არ მოკიდეს. შიშის გამო კი არა, უბრალოდ საღმა გონებამ ასე ურჩია. . .
. . . 1976 წლის მოვლენების შემდეგ, ინტელიგენტების ჯგუფმა გადალახა რა შიში, „მუშათა გადარჩენის კომიტეტი” (Kkomitet obrony robotników შემოკლებით _ KOR) ჩამოაყალიბა. . . რამოდენიმე ხანში გამოჩნდა პრესა, რომელიც ცენზურის ქვეშ არ იმყოფებოდა, დაიწყეს მოქმედება იატაკქვეშა ტიპოგრაფიებმა და არალეგლური ლიტერატურის გამავრცელებელმა ქსელებმა. ამდენად, კათოლიკური ეკლესიის გვერდით, კიდევ ერთი რეჟიმისგან დამოუკიდებელ ორგანიზაციათა სისტემა ჩამოყალიბდა, რომლებიც რეჟიმს იგნორირებას უკეთებდნენ და აკრიტიკებდნენ კიდევაც მას. გახსნილობა და საჯაროობა ამ ორგანიზაციების ძალას წარმოადგენდა. KOR-ის ხალხს სცემდნენ, დევნიდნენ, ციხეებში ამწყვდნენ. მაგრამ რეჟიმი სულ უფრო და უფრო უძლური ხდებოდა. 
  1978 წელს ინტელექტუალურმა წრეებმა, რომლებიც KOR-თან ახლოს იმყოფებოდნენ, დააარსეს ჯგუფები "წარსულის გამოცდილება და მომავალი" (DIP). ისევე როგორც KOR-ის, მათი დაშლა ან დევნა ფორმალურად შეუძლებელი იყო: DIP-ს ხელმძღვანელობა არ ჰყავდა, არ გააჩნდა არც წესდება და არც წევრთა სია. მისი "საზოგადოების სამსახურში მყოფი კოლექტივი" ადგენდა ანკეტებს, და პოლონური ინტელექტუალური ელიტის წამყვანი წარმომადგენლების პასუხებზე დაყრდნობით ამზადებდნენ ანგარიშებს სახელმწიფოს მდგომარეობისა და მზარდი კრიზისიდან გამოსვლის საშუალებების შესახებ. ეს ყოველივე იმართებოდა დევიზით: ჩვენ პოლონეთზე პასუხისმგებლობისგან, არავის არ გავუნთავისუფლებივართ . . .
. . . პოლონეთში ხომ ბევრი ნიჭიერი ქიმიკოსი ცხოვრობდა, რომლებსაც თავისუფლად შეეძლოთ ნებისმიერი რაოდენობის ფეთქებადი ნივთიერების დამზადება, იყვნენ ელექტრონიკოსები, რომელთაც შეეძლოთ ნებისმიერი კონსტრუქციის დისტანციური მართვის მექანიზმის მოგონება. მაგრამ პოლონეთის ახალგაზრდობამ დაუჯერა თავის მოძღვარებს და არ გააჩაღა პარტიზანული ომი, რომელსაც პოლონური ქალაქების ჯოჯოხეთად გადაქცევა შეეძლო. . . ” 

ქართულმა ინტელიგენციამ კი თავად აისხა აბჯარ-იარაღი, თავად ჩაუდგა „დემოკრატიულ რევოლუციას” სათავეში და სისხლიც დაღვარა. დუმდა ქართული ეკლესია. მისმა საჭეთმპყრობელმა კი ნაცვლად იმისა, რომ ეკლესიის ზარების დარისხებით ეუწყებინა სრულიად საქართველოსათვის ძმათამკვლელი სამოქალაქო ომის შესახებ და დაეგმო იგი, _ შეუძლოდა ვარო განაცხადა; ეკლესია სახელმწიფოსაგან გამოყოფილიაო და სერო საქმეებში არ ვერევიო. 
და კიდევ ერთი _ როდესაც პოლონეთმა მოიპოვა ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა, აღმოჩნდა რომ ბევრს, ძალიან ბევრს, დრო უქმად არ დაუკარგავს და იმ კომუნისტურ შავბნელშიც უღვაწია ეკონომიკურ, ისტორიულ, ფილოსოფიურ და მრავალ სხვა სფეროში. უგროვებიათ მასალები, უწერიათ წიგნები მაშინ, როდესაც არავითარი იმედი არ იყო, თუ როდისმე, რეალურ მომავალში, მოხერხდებოდა მათი გამოცემა. ქართული ტაშფანდურა ინტელიგენციის საქმე კი იქამდე მივიდა, რომ როდესაც პოლონეთში გამოსაცემად მზადდებოდა დისიდენტთა ენციკლოპედიური ლექსიკონი, სერიოზულად იხილებოდა საკითხი: მიენდოთ თუ არა ქართული ნაწილის მომზადება ბელორუსებისათვის. საბოლოოდ მასალები მაინც საქართველოდან ჩამოვიდა, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, საოცრად ცალმხრივი და არასრული. დაინტერესებულ პირებს, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, ვურჩევდი საკუთარ თავზე ილუზიებს ნუ შეიქმნიან და გაარკვიონ: ჩათვალა თუ არა, პირადად იგი, ლევან ბერძენიშვილმა ამ ლექსიკონში მოხვედრის ღირსად.
და სულ ბოლოს კვლავ ბატონ კონსტანტინეს სიტყვებით დავამთავრებ:
„ . . .მტრული დამოკიდებულება სახელმწიფოსადმი პოლიტიკურად რყვნის ერს. იგი მასში ანტისახელმწიფოებრივ ტრადიციებს ანვითარებს . . . ”
ეს ის არის რაც რუსეთისა და შემდეგ საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში ყოფნამ დაგვმართა. სახელმწიფოსადმი (ვაიგივებთ ხელისუფლებასთან) დამოკიდებულება დღესაც მტრულია, რადგან თავად იგი, სახელმწიფო(ხელისუფლება), დედინაცვლად გახდომია ერს. 
ეს კი საშიშია, ძალიან საშიში. 

  და ეს ასევე გაგრძელდება სანამ ხალხი თავად არ გააცნობიერებს, რომ ყოველი მათგანი პიროვნებაა, ინდივიდია, საკუთარი ღირსება გააჩნია და მას, ამ ღირსებას, არავის შეალახვინებს ისევე როგორც თავად არ ხელჰყოფს სხვასა და იმ სხვის ღირსებას; აღიარებს კანონის უზენაესობასა და კონსტიტუციას; სანამ ადამიანის უფლებების დაცვა მხოლოდ და მხოლოდ ლიტონი სიტყვები და სამარცხვინო ადგილების დასაფარვი ლეღვის ფოთოლი იქნება და არა ყოველი მოქალაქის მიერ ჭეშმარიტად გააზრებული და რაც მთავარია ხელშეუხებელ ფასეულებად მიჩნეული სასიცოცხლო მოთხოვნილება; სანამ ქვეყანაში არ შეიქმნება ნამდვილი და არა მოჩვენებითი სამოქალაქო საზოგადოება; სანამ მართალს მართალი არ დაერქმევა და ფარისეველს ფარისეველი.

ვიქტორ დომუხოვსკი 

  1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული უზენაესი საბჭოს დეპუტატი
  პოლიტემიგრანტი და ყოფილი პოლიტპატიმარი

2003 წელი, ვარშავა, პოლონეთი

Brak komentarzy:

Prześlij komentarz