czwartek, 1 marca 2012

ბროწეული, სტაფილო და კუპიდონი ...

ანუ აფროდიზიაკები ჩვენს სამზარეულოში

ცელქი ბიჭუნაა ამურ-კუპიდონ-ეროსი. დაჰქრის აღმა დაღმა. თავად ერთობა და სხვის გრძნობებსა და ვნებებს არად დაგიდევთ. ეს მისი ისრით დაჭრილი აპოლონია თავდავიწყებით რომ მისდევს ქალწულ ნიმფას, თავის პირველ სიყვარულს, მაგრამ ხელში მხოლოდ დაფნის რტოებიღა რჩება ...


ნადეჟდა რუშევა: "აპოლონი და დაფნა"


სიყვარულო ძალსა შენსა ვინ არს რომე არ ჰმონებდესო და ბერძნული თუ რომაული ღმერთებიც უხვად უხდიან ხარკს კუპიდონის დედას, სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტას. ვნების ცეცხილი კი ერთნაირად სწვავს დიდსა და პატარას, უკვდავთ და მოკვდავთ. თავდავიწყებას მიცემული ღმერთები ამბროზიად წოდებული თაფლიანი ფეტვით იკვებებოდნენ, რადგან კარგად ერკვეოდნენ აფროდიტას სამზარეულოს საიდუმლოებებში. იცოდნენ რა და როგორ შეენელებინათ, როდის და როგორ მიერთვათ რათა სრულად მისცემოდნენ სიყვარულით ტკბობას.

აკი არა არს დაფარული რომელი არ გაცხადდესო და ჩვეულებრივმა მოკვდავებმაც ჩათვალეს ამქვეყნიური ნეტარების საიდუმლო არც ჩვენ გვაწყენდაო. ეძიებდე და ჰპოვებდეო და ... აფროდიტას გულის მოსაგებად, გამჟღავნებული, ან უფრო სწორად გაბახებული, საიდუმლოს საფასურად აფროდიზიაკი უწოდეს ყველა იმ საშუალებას, რაც სიყვარულსა და თავდავიწყებას აძლიერებს, გზნების ცეცხლს ანთებს და ვნების მორევს ატრიალებს.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე არაფერი არაჩვეულებრივი იმ საიდუმლო სამზარეულოში არ ყოფილა. ყველაფერი ძალიან ნაცნობი აღმოჩნდა და ყოველდღიურ ხმარებაშიც კი ჰქონიათ ადამიანებს. საიდუმლო ალბათ მხოლოდ ცოდნა იყო – რა? სად? როდის?


კვირინჩხი [Prunus spinosa (blackthorn or sloe)]

სიყვარულის აქტის გამახანგრძლივებელი პირველი რეცეპტი, რომელიც შეყვარებულებს თაფლში არეული კვირინჩხისა და აკაციის ფოთლებს ურჩვედა, ეგვიპტეში იეროგლიფებით იქნა ჩაწერილი (ძვ.წ.1700 წ ).
ლუდოვიკო XV-ს ცნობილი ფავირიტი მადამ პომპადური კი აფროდიზიაკად სტაფილოს წვენს მიიჩნევდა და არც სცდებოდა, რადგან აფროდიტას სამსახურში შემჩნეული ბოსტნეულები: ნიორი, ნიახური, პრასი, ბადრიჯანი, ოხრახუშის ძირები, სატაცური, ყველანაირი სალათები და კომბოსტოები, წიწაკა, სტაფილო და სხვადასხვა ღვიები, რომელიც რომაელი გლადისტორების მთავარი საკვები იყო, ქალებს სექსოფილობას, ხოლო მამაკაცებს პოტენციას მატებენ. მათ არც ზოგიერთი სოკო ჩამორჩება, განსაკუთრებით კი დათვის სოკო, ანუ თეთრა და ხარისფაშვა.


ჯუზეპე არჩიმბოლდო: "ვერტუმნუს",(1590 წ)

ბანანი, ნესვი, ბროწეული, მანგო, გარგარი და ატამი, ავოკადო, მაყვალი, კივი, ანანასი და ნიგოზი ის ხილია, რომელიც შეყვარებულებს სურვილით აღაგზნებს.

აფროდიზიაკების საიდუმლო ცოდნა სიყვარულში დაღლილებს ერთმანეთის ნდომისათვის ხელახალი ენერგიის პოვნას ხორცეულში ურჩვეს. ფრინველისა და კურდღლის კერძი შეყვარებულებს ძალას მატებს. უეჭველ აფროდიზიაკად არის მიჩნეული ღვიძლი, თირკმელები, კუჭი, შიგნეული, ძვლის ტვინი და ისეთი ეგზოტიკური რარიტასები როგორიცაა ყვერები ხარის (ესპანეთში) ბატკნის (ბალკანეთში), მამლის ბიბილო (უნგრეთში).

სხვათა შორის, ფროიდი თვლიდა, რომ გუნება-განწყობაზე განსაკუთრებით დიდი გავლენას სოკო, გოგრის თესლი, კამა და ჭვავის პური ახდენს. პოტენციის ამამაღლებელი და ვნების აღმძვრელი კერძების მომზადებისას უფრო ხშირად სარგებლობენ საქონლის, თხის, ცხვრის, ღორისა და ფრინველის (ხოხობი და შაშვი)ხორცით. შეუცვლელია თევზი. სასიყვარულო-ეროტიულ კულინარიაში ყველაზე საპატიო ადგილი კამბალას უკავია და მას სიყვარულის წამალსაც კი ეძახიან. სასიყვარულო დელიკატესია ზღვის ბიბილო. ამ საქმისთვის შეუცვლელია მოლუსკები, ხამანწკები და კრევეტები. ზღვის პროდუქტები, რომ ძლიერი აღმგზნები საშუალებაა, კაზანოვამაც კარგად იცოდა და ყოველ დღე 50 ხამანწკით საუზმობდაო. აფროდიზიაკად ითვლება კიბორჩხალებიც, რვაფეხები თევზებიდან კი ორაგული, ზუთხი, კალმახი და ხიზილალა.

ზოგიერთი სუნელი მამაკაცს მუდმივად შეყვარებულ მდგომარეობაში ამყოფებს. სამზარეულოშიც რეჰანი, ჩილი, დარიჩინი, კარი, ქინძი, ჯავზი, კოჭა, ყველანაირი წიწაკა, ნიორი და ჟენ-შენი გამოულეველი უნდა იყოს. ეს სუნელები აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას, სისხლის მიმოქცევას, რაც სიმსუბუქისა და ენერგის მოზღვავების შეგრძნებას ბადებს.



ამბობენ რომ დონ ჟუანი საუზმეზე 10 კვერცხის ომლეტს მიირთმევდა, რომელსაც მუჭით ამატებდა სუნელებს და სწორედ მათი წყალობით და არა რაიმე ზებუნებივი ფიზიკური ამტანობის გამო შეეძლო მთელი დღეებით დაუღლელი და ვნებიანი საყვარელი ყოფილიყო.

კვერცხი მართლაც საუკეთესო საშუალებაა პოტენციის ასამაღლებლად. რაც უფრო პატარაა მით უფრო შედგიანია.უმჯობესია უმად,უკიდურეს შემთხვევაში ოდნავ შემკვრივებული, მაგრამ მაგრად მოხარშული ან ჯადოსნურ ძალას ჰკარგავს და ჩვეულებრივი კერძი ხდება.



შოკოლადი ყოველთვის იქონიეთ ხელის ახლოს, კაკაოს მარცვლები საუცხოო აფროდიზიაკია, რადგან შეიცავს აღმგზნებ ნივთიერებას. ვანილიანი ყავა სულ მცირე დარიჩინითა და შოკოლადის მუსი არა მხოლოდ გემრიელია იგი თქვენს გრძნობებსაც კვებავს და სასიყვარულო მუხტსაც ერთი-ორად ზრდის. დარიჩინი, ეს განსაკუთრებით ფასეული აფროდიზიაკი, გამოიყენეთ როგორც საძინებელში (სურნელის გამო) ასევე სამზარეულოშიც, განსაკუთრებით კი ეროტიკულ ალერსებს წამძღვარებულ კერძებში.

ჩვეულებრივი ქინძი ხშირად გამოიყენება „სიყვარულის ელექსირებში”, როგორც ცალმხრივი სიყვარულის წამალი. საკმარისია ქინძის 7 მარცვლის დაფქვისას წარმოთქვათ შეყვარებულის სახელი და ჯადოსნური ფორმულა: „მარცვალი იწვის, გული იწვის, დაე, ჩვენი სიყვარული სამუდამოდ გიზგიზებდეს”, შელოცვილი ფხვილისა და წყაროს წყლით მომზადებული ნაყენი გადაწუროთ, სასურველ ადამიანს აგემოთ და ვინ იცის იქნებ შემდეგ პაემანზე იგი შეეცადოს თქვენთვის ქინძიანი კოქტეილის შემოპარებას.

სიყვარულის ელექსირის კიდევ ერთი რეცეპტი: 200გ შავი ქლიავის ჩირი,200გ ქიშმიში, 200გ ლეღვის ჩირი და 12 ცალი ნიგოზი. დაჭრილი და ერთმანეთში არეული ეს ჩირები მაწონთან ან იოგურტთან ერთად უნდა მიირთვათ ყოველ დღე 2 ს/კ. სასურველია დღის II ნახევარში.


საქვეყნოდ არის ცნობილი ჟენ-შენის აფროდიზიაკური სიკეთე. აძლიერებს, ენერგიით აღავსებს, ხელს უწყობს სექსუალურ აქტიობას. შეგრძნებებს არ ამძაფრებს, მაგრამ აქტს ახანგრძლივებს. იგი შეიძლება დაიწვას, დაიღეჭოს და დაილიოს როგორც ჩაი.



ჟენშენის ნაყენი: ძირი ჩაიდოს 0.5 ლიტრიან მარალპროცენტიან არაყში დაუცავით თავი და ერთი თვით შეინახეთ დაატკბეთ ტაფლით შეიძლება თავიდანვე დათაფლულ არაყში ჩაიდოს ნაყენი ყოველ დღე ისმება მაგრამ არა უმეტეს ერთი სირჩისა

სიყვარულით მთვრალიო, მაგრამ სიმთვრალე და სიყვარული ერთმანეთში ვერ მორიგდებიან, თუმცა არაფერს ისე არ უხდება ერთი ჭიქა მსუბუქი და ცქრიალა ღვინო თუ შამპანური, როგორც ორი შეყვარებულის რომანტიულ პაემანს, მაგრამ ზედმეტი და თან ძლიერი ალკოჰოლი აღგზნების ნაცვლად აძინებს.

არაყი მხოლოდ პირველ წუთებში ააჩქროლებს სისხლს, შემდეგ იწვევს როგორც ინტელექტუალურს ასევე სექსუალურს უძლურებას.

ლუდი სიმძიმის შეგრძნებითა და არასასიამოვნო ამონასუნთქით სცოდავს.

შეგრძნებებზე ასევე არასახარბიელოდ მოქმედებს ყველანაირი ტკბილეული, ფქვილოვანი ნაწარმი და კარტოფილი. ძნელად მოსანელებელი ხორციც ანელებს ვნებას, ამიტომ ვახშმად, რომლის შემდეგ შეყვარებულები სიყვარულის ღამეს გეგმავთ ნუ მიირთმევთ ღორის ხორცის კატლეტებს და სისხლიან ბიფშტექსებს.

მხოლოდ ვიტყვი, რომ ჩვენი წინაპრები მართალი იყვნენ, როცა ბრძანეს: მუცელ აღორებ და ღორია, აქორებ და - ქორიო. სექსში ქორობისა და ეროტიზმის არწივობის მსურველებმა კი კარგად უნდა დაიმახსოვრონ - ამ საქმეში წარმატება და აღიარება მუცელღმერთობას ვერ იგუებს. ამოყორილი მუცელი სსასწარაფოდ მოსაგვარებელი სხვა პრობლემებით "აწუხებს უფროსობას" და ჩვენი ორგანიზმიც იძულებულია მთელი თავისი ინერგია იქეთ მიმართოს. ჰო და რა გასაკვირია რომ მარჩელო მასტროიანის ცნობილი ფრაზა მინდა გაგახსენოთ "სურვილი კი მაქვს, ექიმო, მაგრამ ... "
სხვათა შორის ეს სულაც არ გახლავთ თანამედროვე მედიცინის კიდევ ერთი სასწაულებრივი მიგნება. აი, რას ფიქრობდნენ ამ თემაზე უძველესი ინდოელები:„კუჭის 1/2 საჭმელმა უნდა აავსოს, 1/4 წყალმა, დანარჩენი კი თავისუფლად სუნთქვისთვის ცარიელი დატოვე“.

ხოლო თავისუფალი და სწორი სუნთქვა განა მხოლოდ კრიმანჭულის სწორად სათქმელადაა საჭირო ...

Kolacja tylko we dwoje


Brak komentarzy:

Prześlij komentarz