sobota, 3 marca 2012

,,გიხაროდენ, ვაზო მორჩისა დაუჭნობელისაო...“


შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული;
მორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული;
ალვა სუნნელი, სამოთხეს აღმოსრული;
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული
და თავით თვისით მზე ხარ განბრწყინვებული.

ხატის შექმნის იდეა კაბადოკიაში ჩაისახა, სადაც იმყოფებოდა მლოცველთა ჯგუფი მამა არჩილის წინამძღოლობით კაბადოკიაში. გამოქვაბულში ღვთისმშობლის ერთ-ერთი ფრესკიდან ჩამოყრილ იყო ბათქაში და კედელზე თითქოს საქართველოს რუკა გამოსახულიყო. ამ გადარჩენილი ფრესკებიდან იმზირებოდა ღვთისმშობლის სახე, კერძოდ, მისი თვალები. მას იმდენად მეტყველი თვალები ჰქონდა, რომ მრავალი მნახველი დაატყვევა.

მცირე ამონარიდი დეკანოზი არჩილ მინდიაშვილის მოგონებიდან:
1994 წლის ნოემბერში, გიორგობის დღესასწაულისთვის, ღვთის ნებით გავემგზავრეთ ქართველთა უძველეს სამშობლოში – ანატოლიის კაბადუკიაში წმინდა სავანეთა მოსალოცად. ნანახმა გაგონილს გადააჭარბა: კილომეტრებზე გადაჭიმული ძველი წელთაღრიცხვის ვულკანური, აწ გაქვავებული ამონაფრქვევები, მოგვიანებით მათში გამოქვაბულ-გამოკვეთილი ეკლესია-მონასტრებითა და კინოვია-ლავრებით. სამშობლო დედისა ჩვენისა ნინოსი, ძლევამოსილისა გიორგისა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღვთისმეტყველისა, გრიგოლ ნოსელისა, საბა განწმენდილისა...

უდიდესი, ამჟამად უმოქმედო, სამონასტრო კომპლექსები გიორემის ხეობაშია განლაგებული; ყველაზე უკეთ შემონახულა მოცულობით ვრცელი ტოკალის ეკლესია. აქ ქართულ ენაზე აღვავლინეთ ჩვენი განმანათლებლის, წმინდა ნინოს სავედრებელი პარაკლისი. აქ ყველა მიგვიჯაჭვა კანკელის მცირე ნიშში მოხატულმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მადლმოსილმა ფრესკამ: დედაშვილობის უწმინდესი და უფაქიზესი გრძნობით ჩაუკრავს გულში მარადქალწულს ძე თვისი, რომელიც ასევე სიყვარულით შემოჰხვევია დედის ყელსა და პირი-სახეს. წმიდა მარიამის თვალები შორს, თითქოს დროისა და სივრცის მიღმა იმზირებიან – აწმყოდან მომავალში...


ღვთისმშობლის ფრესკიდან ჩამოყრილ იყო ბათქაში და კედელზე თითქოს საქართველოს რუკა გამოსახულიყო.


გავიხმე ჩვენი ტაძრის ხატმწერი [ირაკლი ცინცაძე], რომელიც მგალობლებთან ერთად გვახლდა მოსალოცად, ვთხოვე და ვაკურთხე ღრმად აღებეჭდა მეხსიერებაში, როგორც ხატმწერსა და მორწმუნეს, ამ ფრესკის მშვენიერება, მადლმოსილება და დავბრუნდებოდით თუ არა, ასეთივე ხატი შეექმნა მოციქულთა თავთა წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიისთვის. ჩამოვიტანეთ ამავე ფრესკის ფერადი რეპროდუქციაც...



ხატმწერმა კურთხევა ითხოვა, ხატი ჩვენი ეკლესიის ფანჯრის ძველ, ჩამოხსნილ დარაბაზე გამოესახა (ბევრი წირვა „მოუსმენია“, უფრო მადლიანი იქნებაო). ვთხოვე, მუშაობის პროცესში, ხატი არავისთვის ეჩვენებინა, დაწვრილებით ავუხსენი, რა უნდა გამოესახა ხატზე და რა სიმბოლური მნიშვნელობა ექნებოდა: ყოვლადწმიდას მარჯვენა ხელში ყურძნის ტევანი უჭირავს (იგია ვენახი, რომელმან გამოიღო ტევანი თავწარსხმული, ანუ შვა ქრისტე იესუ), მარცხენა ხელი დედობრივი სინაზით მოუხვევია ღვთიური ყრმისათვის; ყრმა იესუს მარჯვენა ხელში ვაზის მწვანე (მარადისობის და სამოთხის სიმბოლო) ფოთოლი უპყრია, რომელსაც შვიდი განშტოება აქვს, ნიშნად სულიწმიდის შვიდი ნიჭისა და შვიდი აპოკალიფსური ეკლესიისა, რომელნიც შეინარჩუნებენ ჭეშმარიტ რწმენას, მათ შორის კი, როგორც ნაწინასწარმეტყველებია, ივერიის უძველესი ეკლესიაც ვიგულისხმეთ, რამეთუ გვწამს ივერიის გაბრწყინებისა. ყურძნის ტევანში თორმეტი მარცვალი ითვლება, რაც ქრისტეს თორმეტ მოციქულზე მიანიშნებს – რომელნიც საუკუნეთა შექმნამდის მასთან იყვნენ. მაშასადამე, აკურთხევს რა იესუ ქრისტე ყურძნის ტევანსა და ფოთოლს ამით გამოიხატება მისი განკაცების საიდუმლოება, დალოცვა 12 მოციქულის მოღვაწეობისა და უკანასკნელი დროის 7 აპოკალიფსური ეკლესიისა...

გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც როგორც ჩვენ, ასევე ხატს განიკითხავდნენ; რამოდენიმე მოძღვარმა არც ამ ხატის ასლი აკურთხა, - არაკანონიკურიაო: მეტისმეტად ვარდისფრად აქვს ყვრიმალები გამოხატულიო (დაავიწყდათ, რატომღაც, წილკნის ღმრთისმშობელი, რომელსაც ასევე ვარდისფრად აქვს ღაწვები შეფაკლული, თუმცა ამით არც წმინდა ასურელ მამებამდის და არც შემდგომ მადლი არ მოჰკლებია), ყრმა იესუ მარცხენა ხელით აკურთხებსო. დიახ, ამ ხატზე ღვთაებრივი ყრმა მარცხენა ხელით მაკურთხეველია გამოხატული. რატომ? ცნობილი სისხლიანი გადატრიალების შემდგომ ამა სოფლის ძლიერთაგან დაიწყო ჩვენი შევიწროებაც: ორჯერ გაიძარცვა ჩვენი ტაძარი, იყო მცდელობა ჩვენი ფიზიკური განადგურებისაც, ვრცელდებოდა ცილისწამებები, თითქოსდა, ჩვენ განვუდექით პატრიარქს, შევქმენით ერთგვარი ავტონომია ეკლესიაში და ა.შ. და რაც ყველაზე უფრო გულსატკენი იყო, ამ შხამმა თავად ეკლესიის წიაღში შეაღწია.

სწორედ ამგვარ ვითარებაში ვუხმე ჩვენი ტაძრის ხატმწერს ირაკლი ცინცაძეს, განვუმარტე, თუ როგორი ხატი უნდა დაეწერა და ესეც ვუთხარი, რომ ღვთიური ყრმა მარცხენა ხელით მაკურთხეველი გამოეხატა, რაზედაც სამჯერ დამეკითხა მორიდებით: განა მარჯვენა ხელით მაკურთხეველი არ გამოიხატებაო მაცხოვარი? დიახ, ჩემო კეთილო, - იყო პასუხი, - მაგრამ ამჯერად ასე გამოხატავ. თავად კი უფალსა და ღმრთისმშობელს ვევედრებოდი: თუ ვცდები, მამხილეთ, დამსაჯეთ, ამგვარი ცილისწამების ატანა კი მიმძიმს და მის გასაქარვებლად დე, სასწაულთმოქმედებდეს ეს ხატი და ამ გზით დე, გამობრწყინდეს სიმართლე...

,,შენ ხარ ვენახის“ სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაული განსაკუთრებული ზეიმით მოციქულთა თავთა წმინდათა პეტრესა და პავლეს ეკლესიაში აღინიშნება 1(14) იანვარს, როდესაც სრულდება საღმრთო ლიტურღია, რომელსაც მოებმის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის აკათისტო (დაუჯდომელი).

წყარო: http://www.orthodoxy.ge/khatebi/venakhi.htm

საგალაობელი: შენ ხარ ვენახი. Georgian Orthodox hymn to the Theotokos.
http://www.youtube.com/watch?v=ZzFxfccuc5I&feature=related

English translation:

Thou art a vineyard, newly blossomed out.
Tender, beautiful, planted in Eden,
Aloe-scented from Paradise.
God adorned thee, no one deserves praise as thou,
And thou art thyself a brilliant sun.

Brak komentarzy:

Prześlij komentarz