czwartek, 1 marca 2012

ათასწლეულების შემდეგაც კაცობრიობა ისევ ციური მანანის იმედად რჩება?..


ხოლო მანანა ქინძის თესლივით იყო, ფისს ჰგავდა შესახედავად. (ძველი აღთქმა, რიცხვნი, 11,7)



ამ ხეს ლათინურად Ceratonia siliqua ჰქვია. ინგლისურად:Carob tree პოლონურად: Szarańczyn strąkowy. რუსულად: Рожковое дерево.

წიგნში"საქართველოს სამკურნალო მცენარეები" სწერია:
პარკი შეიცავს თესლებს, რომელნიც დაახლოებით თანაბარი ზომისაა. ძველად ამ თესლებს ხმარობდნენ ძვირფასი ქვების წონის ერთეულებად და მას კარატი ეწოდებოდა. აქედანაა მისი სახელწოდება "კერატი". ეს სახელწოდება მოხსენიებულია ქართულ ბოტანიკურ ლექსიკონებშიც, მაგრამ სულხან-საბას მოცემული აქვს სახელწდება "რქა".
რაფიელ ერისთავსაც თავის ბოტანიკურ ლექსიკონშიც შეტანილი აქვს "რქა კერატი", რქა, რქის ხე-კერატი.
სულხან-საბა: "რქა ეწოდების ხილსა ერთსა ლობიოსა ჰგავს"
ძველად მედიცინაში ხმარობდნენ მუცლის ღრუში ტკივილის დასაამებელ გარედან შემოსადებ წამლად.
"ძაღლისა ყურძენისა წყალი და რქისა ყვავილი ერთგან გაჰრიოს და მუცელს შემოსდვას"

და ისევ "საქართველოს სამკურნალო მცენარეები":ამ ხის გაშენებას აფხაზეთში მისდევენ

ეს "პარკოსანი ხე" უამრავია ფოთში და ბავშვობაში მისი "თაფლიც" ბევრჯერ მილოკია. სახელი მაშინ არც ვიცოდი და არც მადარდებდა. სიმართლე გითხრათ, არც ახლა ვარ დარწმუნებული, რომ ქართულად მისი სახელი, პარკოსანი ხე, სწორად გვაქვს შერჩეული, თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აზრია და სრული უფლება გაქვთ არ გაიზიაროთ

პარკოსანი ხის ნაყოფს მარავალმხრივი გამოყენება ჰქონდაო. დღესაც გამოიყენება კვებისმრეწველობაში და E410 სიმბოლოთი აღინიშნებაო, წავიკითხე ვიკიპედიაში. მეც ამ E410-ს „მოვეჭიდე” და ... მთელს ქართულ ნეტში ერთადერთ ინფორმაციას მივაგენი: E 410 პარკოსანი ხის გუმფისი

სიხარულით ლამის იყო დავლური დავუარე, რადგან ძველი აღთქმის ეს ადგილი გამახსენდა: ხოლო მანანა ქინძის თესლივით იყო, ფისს ჰგავდა შესახედავად. (ძველი აღთქმა, რიცხვნი, 11,7)

ბიბლიასთან „ციურ მანანას” სხვა და არა ნაკლებ შთამბეჭდავი კავშირი აქვს – მას წმიდა იოანეს პურსაც უწოდებენ. „ხოლო თვით იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელს ერტყა ტყავის სარტყელი: და საზრდელი მისი იყო კალია და ველური თაფლი”. (ახალი აღთქმა, მათე, 3.4)

გავრცელებული მოსაზრებით, ამ პარკოსანი ხის ნაყოფის (პარკის) კალიასთან მიმსგავსების გამო იოანე ნათლისმცემელის მიერ კალიით საზრდოობაში კალიად სწორედ ეს პარკები იგულისხმება. თუმცა თუ ამ პარკში არსებულ გუმფისის არსებობაც არ გამოგვრჩება მხედველობიდან და იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ლერწმისა და ჭარხლის შაქრების მოპოვებამდე სწორედ ეს იყო მთავარი „ტკბილი” რაც იმ დროის ადამიანმა იცოდა, საფიქრებელია, რომ ის ველური თაფლი სწორედ პარკის ხის გუმფისი უნდა ყოფილიყო და მეჩვენება, რომ იოანე ნათლისმცემელის საკვები, ორივე, კალიაც და ველური თაფლიც, პარკის ხის ნაყოფი უნდა ყოფილიყო.

აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ „გასტრონომიულ-სარწმუნოებრივ” სიუჟეტზე ექსკლუხივი ქრისტიანებეს არ ეკუთვნით, რადგან იუდაიზმიც იცნობს მსგავს ლეგენდას რაბი შიმონ ბარ იოჰაისა და მისი შვილის მონაწილეობით, ისევე როგორც ამავე პარკებით მოსაზრდოე თალმუდში მოხსენიებული რაბი ჰენინაჰის ცხოვრებას.

თავიდან მოგახსენეთ, სახელწოდების უტყუარობაზე თავს ვერ დავდებ მეთქი. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ სახარების მიხედვით სხვის მოჯამაგირეობაში დამშეული „უძღები შვილი” მამამისის მოჯამაგირეების ბედს შენატრის და „რქა”-დ წოდებულ იმ პარკებით, რითაც ღორებს კვებავს, მუცლის ამოვსებაზე ოცნებობს: ნატრობდა, ნეტავი ღორების საჭმელი რქით ამომავსებინა მუცელიო, მაგრამ ვინ აღირსებდა (ახალი აღთქმა, ლუკა, 15,16)



პარკოსანი ხე ხმელთაშუაზღვის ბასეინის მკვიდრია და მთელს ახლო აღმოსავლეთში მსხმოიარობს. ეს ჯიში ჯერ კიდევ ანტიკურ დროს იყო ცნობილი და იგი ერთადერთია რომელსაც ზეთისხილის ხეზე მდიდარი წარსული აქვს.

რადგან მუჰამედის არმია სიამოვნებით მიირთმევდა მის ნაყოფს, არაბულად ჰაროუბს, იხარა და იმრავლა პარკოსანმა ჩრდილოეთ აფრიკაში.

იმძლავრეს მავრებმა პირინეის ნახევარკუნძულზე და იქაც „იწვიმა” ციდან მანანამ, ხოლო ესპანელ კონკვისტადორებთან ერთად მექსიკასა და სამხრეთ ამერიკაშიც გაიდგა ფესვები. ინგლისელმა ზღვაოსნებმა არც სამხრეთ აფრიკა, ინდოეთი და ავსტრალია დასტოვეს გულდაწყვეტილები.

რქა ჰქვია, თუ პარკი ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ამჯერად აღარა აქვს, რადგან რაც იმ პარკშია თესლებია, მარცვლები, თუ მძივები აი, ის გახლავთ ციური მანანა. მისი წონა, 200 მგ, იმდენად მყარი სიდიდეა, რომ იგი დღემდე აქვთ ერთეულად იუველირებს. დიახ, დიახ! კარატი ანუ ბერძნულად κεράτιον.

თუმცა ეს მუქი ყავისფერი პარკები შინაური საქონლის საკვებადაც გამოიყენება (ცხენები, ჯორები, ცხვრები, ღორები, თხები), ჩვენი უმთავრესი ინტერესი დიაბეტთან მისი თავსებადობა და კაკაოს შემვცლელი ფქვილი გახლავთ.



პარკოსანი ხის მარცვალი ფართოდ გამოიყენება შოკოლადის ნაცვლად. მას შოკოლადისგან ოდნავ განსხვავებული გემო და 3-ჯერ ნაკლები კალორიები აქვს. ეს ფაქიურად ცხიმგაცლილი შოკაოლადია, პექტინებით მდიდარია, არაალერგიული. საერთოდ არ შეიცავს კალციუმის მშთანმთქმელ მჟაუნას მჟავას. ამიტომ მისი ფქვილი ხშირად გამოიყენება ჯანსაღ კვებაში შოკოლადის გემოს მიმცემ „სანელებლად”. პარკოსანი ხის ნაყოფი შეიცავს თითქმის 40% სახასროზას, 8% ცილას, ადამიანისათვის ესოდენ საჭირო, A და B ჯგუფის რამოდენიმე ვიტამინს, მრავალ მინერალსა და მოკროელემენტს.

ეგვიპტეში პარკოსანი ხის ნაყოფისგან ამზადებენ ძალზედ პოპულარულ გამაგრილებელ სასმელს რისთვისაც 1 ჩ/ჭ დაფქვილ/დანაყილი მანანის პარკები და ამდენივე შაქარი საშუალო ცეცხლზე მუდმივი მორევით შაქრის კარამელიზაციამდე მიყავთ. ამატებენ 8 ჩ/ჭ წყალს და წამოადუღებულ-გაცივებულს გადაწურავენ დოქში. მიირთმევენ ჩაციებული წყლით გემოვნების მიხედვით გაზავებულს.

მეცნიერებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ დედამიწის იმ რეგიონებში სადაც შიმშილი მძვინვარებს, პარკოსანი ხის ნაყოფი საკვებად საქონლის ნაცვლად ადამიანებს რომ მისცენ შიმშილი დაიძლეოდაო.

საოცარია, მაგრამ ათასწლეულების შემდეგაც კაცობრიობა ისევ ციური მანანის იმედად რჩება ...

შოკოლადის ნამცხვარი „ციური მანანა”

მასალად საჭიროა: 1 ჭ.პურის ფქვილი, 1 ს/კ გამაფხვიერებელი, 0,5 ს/კ კარაქი,
0,5 ჭ.თაფლი, 4 ს/კ პარკოსანის ფქვილი, 2 ს/კ კაკაო, 1 კვერცხი, ვანილი
ქვაბში კარაქი დაბალ ტემპერატურაზე გავადნოთ. დავუმატოთ თაფლი. დავცრათ კაკაო და პარკოსანის ფქვილი. ავთქვიფოთ ვანილთან და კვერცხთან ერთად. დავუმატოთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. მოვზილოთ ნაზი ცომი (თუ ცომი მაგარი გამოვიდა დავუმატოთ 1 - 2 ჩ/კ რძე). გადავიტანოთ ცხიმწასმულ ფორმაში და 35 –40 ვაცხოთ წთ 160 – 170 ჩ-ზე.

დასაშვები ვარიაციებია: ცომი შეიძლება მაწონზეც დამზადდეს ან ცომში თხილის, ნიგოზის თუნდაც ფინიკის ან ლეღვის ჩირის, თუ ციტრუსის, ჩილის თუ ალკოჰოლის დამატება.

პარკოსანი ხის ნუგბარი

მასალად საჭიროა: 220 გრ.კარაქი, 1,5 ჭ.თაფლი, 1,5 ჭ.რძის ფხვნილი, ვანილი, 1 ჭ.პარკოსანის ფქვილი, 2 ჭ.დაჭრილ-მოხალული ნიგოზი ამ პეკანი
გამდნარ კარაქს დავუმატოთ თაფლი, რძის ფხვნილი, პარკოსანის ფქვილი და ვანილი. მოვზილოთ ერთგვაროვანი მასა და დავამატოთ მოხალული და დაჭრილი ნიგოზი. გამოვაცხოთ სხვადასხვა ფორმის ფიგურები.



Brak komentarzy:

Prześlij komentarz