poniedziałek, 5 marca 2012

ტერმინოლოგია

საქართველოს "ვაზისა და ღვინის კანონი"-თ დადგენილი ტერმინოლოგია

ღვინო – პროდუქტი, რომელიც მიღებულია მხოლოდ ყურძნის ტკბილის ან დურდოს ნაწილობრივი ან სრული ალკოჰოლური დუღილის შედეგად, რომლის მოცულობითი სპირტშემცველობა 9,5%-ზე, ხოლო ტიტრული მჟავიანობა 4,0 გ/დმ3-ზე ნაკლები არ არის, მქროლავი მჟავიანობა კი – არა უმეტეს 1,2 გ/დმ3-ია;

სუფრის ღვინო – მასობრივი მოხმარების ღვინო, რომელიც მიღებულია ვაზის სტანდარტული ჯიშის ყურძნისაგან ზოგადი ტექნოლოგიის გამოყენებით.

სამარკო ღვინო – უმაღლესი ხარისხის ღვინო, რომელიც მიღებულია თითოეული მარკისთვის მკაცრად განსაზღვრულ მევენახეობის ზონაში, მხარესა და ქვეზონაში მოწეული ვაზის სტანდარტული ჯიშების ყურძნისაგან სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით და მინიჭებული აქვს სპეციალური სარეგისტრაციო ნომერი.

წარმოშობის ადგილის დასახელების კონტროლს დაქვემდებარებული სამარკო ღვინო – განსაკუთრებულ ზონაში დამზადებული უმაღლესი ხარისხის ღვინო, რომლის წარმოების პროცესი (ზონის გეოგრაფიული საზღვრები, ნარგაობის ფიტოსანიტარიული მდგომარეობა, ჯიშური სიწმინდე, ხარისხის კონდიციური მაჩვენებლები) ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.

საკოლექციო ღვინო – ბოთლში არანაკლებ 3 წლით დაძველებული სამარკო ღვინო;

მშრალი ღვინო – დასრულებული ალკოჰოლური დუღილის შედეგად მიღებული ღვინო, რომელშიც მარედუცირებელი შაქრების კონცენტრაცია 3,0 გ/დმ3-მდეა;

ბუნებრივად ნახევრად მშრალი და ნახევრად ტკბილი ღვინო – ღვინო, რომელიც მიღებულია დურდოს ან ყურძნის ტკბილის არასრული დადუღების გზით, სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელშიც მარედუცირებელი შაქრების კონცენტრაცია 5-50 გ/დმ3-ის ფარგლებშია;

ნახევრად მშრალი და ნახევრად ტკბილი ღვინო – ღვინო, რომელიც მიღებულია მშრალ ღვინოში ყურძნის ტკბილის დამატებით, რომელშიც მარედუცირებელი შაქრების კონცენტრაცია 5-50 გ/დმ3-ის ფარგლებშია;

ცქრიალა ღვინო – ღვინო, რომელიც მიღებულია ახლად დაკრეფილი ყურძნის, ყურძნის ტკბილის, სუფრის ან სამარკო ღვინის პირველადი და მეორადი ალკოჰოლური დუღილის შედეგად, რომელშიც ნახშირმჟავა გაზის წნევა არ უნდა აღემატებოდეს 3,5 ბარს, მოცულობითი სპირტშემცველობა კი 10,5%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს;

შუშხუნა ღვინო – ღვინო, რომელიც მიღებულია სუფრის ღვინისაგან და რომელშიც ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა 9,5%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს;

სპეციალური ღვინო – ღვინო, რომელიც მიღებულია ყურძნის ტკბილის ან დურდოს ნაწილობრივი ალკოჰოლური დუღილით და მასზე ეთილის სპირტის დამატებით და რომელშიც ღვინის საერთო სპირტშემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 24%-ს, ტიტრული მჟავიანობა უნდა იყოს 4-8 გ/დმ3, მარედუცირებელი შაქრების შემცველობა კი - არანაკლებ 30 გ/დმ3;

არომატიზებული ღვინო – ღვინო, რომელიც დამზადებულია მშრალი ან სპეციალური ღვინოების, მცენარეთა სხვადასხვა ნაწილების ექსტრაქტის ან მათი არომატული სპირტების, ეთილის სპირტისა და შაქრის შერევით, რომლის საერთო სპირტშემცველობა უნდა იყოს 20-24 მოცულობითი პროცენტი, ტიტრული მჟავიანობა – 4-8 გ/დმ3, მარედუცირებელი შაქრების შემცველობა კი - არანაკლებ 60 გ/დმ3;

საბრენდე ღვინომასალა – დაუმუშავებელი და გაუფილტრავი ახალგაზრდა ღვინომასალა;

ყურძნის ჭაჭა – ყურძნის დაწნეხვის შედეგად მიღებული დაუდუღარი ან დადუღებული მასა (პროდუქტი);

დურდო – დაჭყლეტილი ყურძნის მასა, მარცვლის კანი, რბილობი, წვენი, წიპწა (კლერტით ან უკლერტოდ), ღვინის დაყენების ტექნოლოგიური ციკლის პირველი შუალედური პროდუქტი;

კუპაჟი – ღვინომასალებისა (ან ბრენდის სპირტების) და მეღვინეობაში ნებადართული სხვადასხვა კომპონენტის ნაზავი;

ასამბლაჟი – ცქრიალა ღვინის წარმოებისას ერთი და იმავე ჯიშის, წლის მოსავლისა და ადგილის ყურძნის გადამუშავებით მიღებული ღვინოების ურთიერთშერევა;

გაერთგვაროვნება (ეგალიზაცია) – ჯიშის, ხარისხისა და წარმოშობის ადგილის მიხედვით ერთნაირი ღვინოპროდუქციის ურთიერთშერევა ერთგვაროვანი შემადგენლობის პარტიების მიღების მიზნით;

დაგაზვა (სატურაცია) – ღვინის ან სხვა სასმელების ნახშირორჟანგა გაზით ხელოვნურად დაგაზვა და გაჯერება;

სამარკო ცქრიალა ღვინო – უმაღლესი ხარისხის ცქრიალა ღვინო, რომელიც წარმოებულია მევენახეობის განსაკუთრებულ ზონაში მოწეული ვაზის სტანდარტული ჯიშების კლასიფიკაციაში ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე ჯიშისაგან მიღებული უმაღლესი ხარისხის (სამარკო) ღვინოებისაგან სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით;

გააქტივება – დავარგებაში გამოყენებული მუხის ტკეჩში ჟანგვა-აღდგენთი პროცესების დაჩქარებული წარმართვა სპეციალური ტექნიკური ან ტექნოლოგიური ხერხის გამოყენებით;

საბრენდე სპირტი – ბრენდის წარმოების შუალედური პროდუქტი, საბრენდე ღვინის ორჯერადი გამოხდით მიღებული 62-70% სპირტშემცველობის მქონე შუანახადი ფრაქცია;

დავარგება – ტექნოლოგიურ ჭურჭელში გარკვეული ფიზიკურ-ქიმიური პროცესების ბუნებრივი წარმართვა;

ღვინის ბრენდი – არანაკლებ 40% მოცულობითი სპირტშემცველობისა და სპეციფიკური თვისებების მქონე სასმელი;

მუხის ექსტრაქტი - სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავებული მუხის ტკეჩისაგან მიღებული ფხვიერი ან თხევადი მასა (არომატიზატორი), რომელიც გამოიყენება მომინანქრებულ ავზში ორდინარული ბრენდის დავარგებისა და მაგარი სასმელის დამზადებისას.

Brak komentarzy:

Prześlij komentarz