czwartek, 23 lutego 2012

ღვინო საქართველოში


ქვემო ქართლი, სოფ. შულავერთან “ხრამის დიდ გორაზე” აღმოჩენილი ნეოლითური ხანის (ძვ. წ. VI-V ათასწლეულები)თიხის დიდი ზომის საღვინე ჭურჭლის ასაკი რვა ათასი წელია. ეჭვგარეშეა, რომ ჭურჭელი საღვინე დანიშნულებისაა

ქართველი ხალხი ათასეული წლების მანძილზე ქმნიდა მეღვინეობის კულტურას, იმუშავებდა როგორც სუფრის ღვინოების (კახური, ქართლის, იმერული, რაჭა-ლეჩხუმის, აფხაზური და სხვა), ისე სადესერტო ღვინის მიღების ტექნოლოგიას. ამას ადასტურებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი უძველესი საგნები: თიხის ქვევრები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ფიალები და სხვა ნივთები.


ძველ საქართველოში ყურძენი ქვაში ნაკვეთ ან ხისაგან გამოთლილ ნავისებური ფორმის, საწნახელში იწურება. მისი ძირი, საიდანაც სითხე გაედინება, შინდისა და გვიმრის წნულითაა დაფარული. გლეხი საწნახელში დგებოდა და ყურძენს ფეხით წურავდა (ჭყლეტდა). შემდეგ ქვევრებში მთლიანად ან ჭაჭის ნაწილზე დაადუღებდა. ღვინო გადაჰქონდათ ტიკებითა და რუმბებით, ინახავდნენ ქვევრებში. ღვინის წურვის ამ ტრადიციას დღეს აღარ მისდევენ, მისი ხილვა მხოლოდ ღვინის ფესტივალებსა და თეატრალიზებულ სანახაობაბზეა შესაძლებელი.


ყურძნის დაწურვა საწნახელში (სურათი 14) პროფ. პეტრიაშვილის სახელმძღვანელოდან “ღვინის დაყენება”

საქართველოში ღვინოს არსებობაზე წერილობითი ცნობები დაცულია ბერძნულ, სპარსულ და ქართულ წყაროებში.
ქსენოფონტე (ძვ. წ. V ს.) წერს, რომ კოლხების ღვინო ”სურნელოვანი და საამო” იყო.
სტრაბონის (ძვ. წ. I ს.) ცნობით, იბერიაში ყურძენი ფართოდ გავრცელებული ყოფილა და ვაზის ისეთი მოსავალი მოდიოდა, მოსახლეობას მისი სრულიად მოხმარება არ შეეძლოო.
პროკოფი კესარიელი (VI) გვიამბობს: : ”მესხები შრომის მოყვარენი არიან, მათ ბევრი ვენახი აქვთ და თავიანთი ღვინო მიაქვთ სხვადასხვა ქვეყნებში გასაყიდად”.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცნობაა, ვინაიდან ცხადი ხდება, რომ ძველ მესხებს ცხოველი სავაჭრო ურთიერთობა ქონდათ დამყარებული მეზობელი ქვეყნებთან და ადგილობრივი პროდუქტი ექსპორტზე იგზავნებოდა. გარდა ამისა, გემო ერთ-ერთი ყველაზე რთული გადასაადგილებელი პროდუქტია და, თუ სათანადოდ არ მოეპყარი მას, გაგიფუჭდება. ცნობილია, რომ საქართველოში თერმოსის ტიპის ქვევრები არსებობდა [ვარძიაში აღმოაჩინეს ორმაგკედლიანი, თერმოსის მსგავსი, ქვევრი. სავარაუდოა, რომ ამგვარი ქვევრი ღვინის თერმული დამუშავებისათვის იყო განკუთვნილი, უმთავრესად ნახევრად ტკბილი, შუშხუნა ღვინოების მისაღებად]. შესაძლოა სწორედ ასეთი თერმოსის ტიპის ქვევრებით ხდებოდა კიდევაც ღვინის ექსპორტი.

ქართული სუფრისა და ღვინის სმის ტრადიციაზე ძალიან საინტერესო ცნობას გვაწვდის ფრანგი მოგზაური ჟან-პოლ შარდენი (XVII საუკუნის 70-იანი წლები): "სამგვარი საჭმელი მოვიდა სუფრაზე. ყველა სამოცამდე ვეება ლანგრით; მოვიდა ყველა ჯურის ფლავი, ბრინჯი ხორცთან ერთად მოხარშული. აკეთებდნენ სხვადასხვა ფერისას და გემოვნებისას; ყვითელ ფლავს შაქრით, დარიჩინით და ზაფრანით აზავებდნენ; წითელს ბროწეულის წვენით. თეთრი ფლავი კარგი და გემრიელი საჭმელია - აზიზი და მარგებელი. მერე თავად შემოიტანეს კუპატები, ყაურმა, მშვენიერი მომჟავო, მოხრაკული ხორცი და სხვა ამგვარი საჭმელები... საკვირველი წესიერებით და სიჩუმით მიმოჰქონდათ საჭმელები. ყველა უთქმელად აკეთებდა თავის საქმეს. სუფრაზე სამი ევროპელი ვიყავით და ჩვენ უფრო მეტს ვხმაურობდით, ვინემ ეს 150 კაცი, რომელიც სეფაში იყო... მეტად საკვირველი იყო სუფრის იარაღი და ავეჯეულობა. 120-მდე ღვინის სასმელი ჭურჭელი იყო სუფრაზე: ბადიები, თასები, ყანწები, კულები, 12 აზარფეშა და სხვანი..."


საწნახელში ჩამდგარი გლეხები. კარდენახი, გრაფ შერემეტიევის მარანი, 1897 წელი (ბარონ დე ბაის ფოტო)

Brak komentarzy:

Prześlij komentarz