środa, 22 lutego 2012

"ორ ზღვას შუა ძველის-ძველად" ...

ქართველურ_იბერიულ ცივილიზაციას უხსოვარ წარსულში აქვს ფესვები გადგმული. ის იმ უძველეს ხალხებთან და კულტურებთან იყო შერწყმული, რომელთა უმრავლესობაც დრომ წაშალა. ჩვენდა საამაყოდ კი ქართველი ერი და ქართული სახელმწიფო კაცობრიობის დღევანდელობასაც ისევე ამშვენებს, როგორც მრავალი ათასეული წლის წინათ. მას ძველმა ბერძნებმა GEORGIA ანუ მიწათმოქმედთა ქვეყანა შეარქვეს, რადგან მაშინდელი ქართველური სახელმწიფოს მიწათმოქმედების კულტურა განსწავლული ბერძნებისთვისაც კი გასაოცარი იყო. სხვა ხალხებმა სხვა სახელი გვიწოდეს, ჩვენ კი საკუთარ თავს ქართველებად, ხოლო ჩვენს ქვეყანას – საქართველოდ მოვიხსენიებთ.

ქართული საზოგადოებრივი მოწყობის ევოლუციის ისტორია არანაკლებ 3000 წელს მიითვლის, თუმცა მრავალფეროვანი და მდიდარი არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებული უძველესი ქართული მატერიალური კულტურის ძეგლებით დგინდება, რომ ქართველთა წინაპრები, პალეოკავკასიელი ხალხები, ამ ადგილებში ბევრად უფრო ადრე ცხოვრობდნენ და კავკასია ის რეგიონია, სადაც ადამიანისმსგავსი მაიმუნის „ჰომოსაპიენსად” ჩამოყალიბება მოხდა.

სწორედ აღმოსავლეთ საქართველოში, ამჟამინდელი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის, გარეჯის უდაბნოს, მიდამოებში
„უდაბნოპითეკად” წოდებული ადამიანისმსგავსი, ადრე უცნობი, მაიმუნის ნაშთები იქნა აღმოჩენილი.

2000 წელს ჟურნალიში „Science” ბოლნისში, საქართველოს სამხრეთში, დმანისის საერთაშორისო ექსპედიციის მიერ მოპოვებული 1,7 მილიონი წლის წინანდელი, შესანიშნავად შენახული თავის ქალების შესახებ დაიბეჭდა.

აფრიკის გარეთ ნაპოვნ Homo ergaster-ის ამ ერთადერთ ნაშთებს, ჰომოკავკასუსების, საქვეყნოდ ცნობილ `მზიას და ზეზვას” რეკონსტრუირებულ გამოსახულებებს მნახველები დღემდე არ ელევათ.

საქართველოს სხვადასხვა ადგილებში ძლიერი და საშიში გამოქვაბულის დათვის, კლდის ლომის, ხანჯლისკბილება ვეფხვის, ლოსის და ბიზონის ძვლებია ნაპოვნი. დასავლეთ საქართველოში, სათაფლიასა და მარტვილის მიდამოებში კი დინოზავრის ნაკვალევები მრავლად არის შემორჩენილი.

ქართველთა და მისი მონათესავე იბერულ-კავკასიური ოჯახის ხალხების საცხოვრისი არეალი დასავლეთიდან შავ ზღვაზე გამოდის. მას აღმოსავლეთით აზერბაიჯანი ემიჯნება, ფერხთით ანუ სამხრეთით – სომხეთი, ჩრდილოეთით კი ზეცადაზიდული მარად თეთრად მოქათქათე დიდი კავკასიონის ქედი გადმოჰყურებს.

ქართველური ხალხების ვინაობის _ ქართული ეთნოსის, ენისა და კულტურის, მათ შორის კულინარიული კულტურის ძირის გასაცნობიერებლად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დღევანდელი თურქეთის საზღვრებში მოქცეული ლაზეთი.

საქართველოში კლიმატური ატლასი თითქმის სრულადაა წარმოდგენილი, მას მხოლოდ არქტიკული მდგენელი აკლია. ჰავა ნესტიანი და სუბტროპიკულია შავი ზღვის მთელ სანაპიროზე, იმერეთსა და ქართლში კი ხმელთაშუა ზღვის მსგავსად, კონტინენტალურად მშრალი და ცხელია. კიდევ უფრო მხურვალე კლიმატია გარეჯის უდაბნოში, ხოლო სუბალპურ საძოვრებსა და ტყეებს დიდი კავკასიონიდან გოროზად გადმოჰყურებენ იალბუზისა თუ ყაზბეგის, უშგულისა თუ თეთნულდის მარადიული მყინვარები.

აქაური ფლორისა და ფაუნის სიუხვე, მდიდარი წიაღისეული საბადოები, კამკამა წყაროები და სამკურნალო წყლები, ხილისა და ბოსტნეულის სიმრავლე, სუფთა და ჯანსაღი ჰაერი, ჯიშ-სახეობათა ის მრავალფეროვნება, რასაც კავკასიისათვის ენდემური ეწოდება კლიმატურმა მრავალფეროვნებამ განაპირობა.

საქართველოს ბერძნულ „კოსმოგენურ მითებში”, კაცობრიობის განვითარების პრეისტორიულ თუ უძველეს ისტორიაში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი განეკუთვნებოდა.

ქართული ცივილიზაციის უძველეს წარმოშობას არქეოლოგიური მასალები ადასტურებენ, ხოლო წერილობითი დასაბუთება მრავლად მოიპოვება მატიანეებსა და ქრონიკებში, ჰომეროსის „ილიადა”-სა და „ოდისეა”-ში, ციკლში „ოქროს საწმისი” ანუ ოქრომდიდარ კოლხეთში არგონავტების მოგზაურობის შესახებ. ეს გახლავთ 3500 წლის წინანდელი თქმულება, როდესაც დასავლეთში ზევსის ძე, მინოსი, მეფობდა, ხოლო აღმოსავლეთში კოლხეთის მეფე გახლდათ მზის ღმერთის, ჰელიოსის ვაჟი – აიეტი. მასში კოლხურ და მინოსურ კულტურათა ნათესაური კავშირის დამადასტურებელი მრავალი ფაქტი მოიპოვება.

კოლხეთში ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის VII საუკუნეში ბერძნები უკვე საფუძვლიანად ფეხმოკიდებულნი სჩანან. მათ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე დაარსებული აქვთ ქალაქები: სინოპი, ტრაპეზუნტი, კერასუნტი, დიოსკურია, ფაზისი. აღსანიშნავია, რომ „ფაზისი” და „კოლხეთი” სამუდამოდ დამკვიდრდა აქედან წაყვანილი ხოხობის სახელში Phasianus colchicus. ლეგენდა გვამცნობს, რომ იაზონმა და არგონავტებმა არა მხოლოდ ოქროს საწმისი და მედეა გაიყოლეს თან, არამედ სხვაც მრავალი და მათ შორის ხოხობი, რომელიც უკვე საბერძნეთიდან მთელს ევროპაში გავრცელდა.

ინგლისელი ისტორიკოსი პროფესორი დავიდ მარშალ ლანგი ქართველების შესახებ სწერს:" საუკუნეების განმავლობაში ქართველებს ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩამოუყალიბდათ სრულიად განსხვავებული თვისებები. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, როგორიცაა სტუმარ-მასპინძლობა, მთელი კავკასიური ხალხებისთვისაა დამახასიათებელი, ზოგიერთი კი ქართველების ეროვნული ტემპერამენტიდან და უძველესი ტრადიციებიდან გამომდინარეობს... ქართველებს ახასიათებთ პიროვნული და პოლიტიკური ინდივიდუალიზმი, საუცხოო მოსაუბრენი, და დისპუტ – დისკუსიების მოყვარულნი არიან.

კარგი მებრძოლები, ცხენოსან-მსროლელები დიდად არ იხიბლებიან თანამედროვე ინდუსტრიულ ფაბრიკა ქარხნებში თუ დაწესებულებებში მუშაობით, სადაც მონოტონური ყოფა პირადი ინიციატივისა და თავისგამოჩენის შესაძლებლობას არის მოკლებული...

მუსულმანებისაგან განსხვავებით ქართველები მუდამ განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ ქალებს. ქართველ ქალს არასოდეს უტარებია ჩადრი და არ ყოფილა საჯარო ცხოვრებას ჩამოშორებული.

ყოველივე ეს გამოხატულებას პოულობს დედაღვთისას განსაკუთრებულ კულტში, ქართველთა განმანათლებელი წმიდა ნინოსა და ოქროს ხანის საქართველოს პერსონიფიკაციის მეფე თამარის სახებებში.

ფიცხები და შეურაცხჰყოფის არ მპატიებლები სიკეთეს სიკეთით პასუხობენ, ხოლო სტუმარს ხშირად რეალურ შესაძლებლობების გაუთვალისწინებლად მასპინძლობენ. ეს ხალხი, რომელმაც წარმოშვა უდიდესი პოეტები, მოცეკვავეები და მუსიკოსები, სიცოცხლეზე თავდავიწყებით შეყვარებულნი, საუკეთესო მეგობრები არიან და სხარტი გონებითა და იუმორის ცინცხალი გრძნობით გამოირჩევიან...„

საქართველო მთავარ ცივილიზაციური გზასაყარზე მდებარეობდა. ბევრმა მომთაბარემ თუ მოძალადემ დასტოვა აქ თავისი კვალი და სწორედ ის აღმოჩნდა ფასეული რაც შევითვისეთ ან რაც სხვას თან გავატანეთ. არაფერი უჩვეულო ამაში არ გახლავთ ასე ხდებოდა და ასე ხდება დღესაც ურთიერთ კულტურულ - ცივილიზაციურ გაცვლა - განვითარება, გამრავალფეროვნება და თანაარსებობა.

პრეისტორიული ქართველი პოლითეისტი იყო. ეთაყვანებოდა მრავალ ღმერთს, მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს. ბუნების შვილად აღიქვამდა თავს და ადგილის დედას აღმერთებდა.

ცხოველებიდან ხარს მიაგებდა უმეტეს პატივს, როგორც მიწის მუშასა და მარჩენალს, ფრინველებიდან –არწივს, ცაში თავისუფლად მონავარდეს, ხოლო მცენარეებში ვაზი იყო მისი უმთავრესი ზრუნვის საგანი. ვაზი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ჯვარიც კი, რომლითაც მოხდა „მოქცევაი ქართლისაი”, ვაზის ლერწებისაგნ შეკრა.

ათასეული წლების წინ ამ პოლითეისტმა ქართველმა სარჩო_საბადელის ძიებაში პირველად შეჰბედა ბუნებას და მას შემდეგ ქვისა თუ ლითონის იარაღ მომარჯვებული ცდილობს გაუშინაურდეს მას.

მონადირე იყო და ნადირის სიმრავლესა და აუცდენელ ისარს დალის, ნადირობის ქალღმერთს შესთხოვდა. მეზვრე-მევენახე იყო და აგუნას ქვისა თუ თიხის ფიგურებს სწირავდა პირველ ხელადა ღვინოს.
ხელოვანიც იყო და ხელოსანიც, მჭედელიცა და კირითხუროც, მეხრეცა და გუთნისდედაც.

აქვე შევნიშნავ, რომ ქართველმა ერმა გენდერულ თანასწორობამდე მატრიარქატიც გამოსცადა და პატრიარქატიც, რაც ქართულ ენაში უტყუარად არის ასახული. თუნდაც ეს უკვე ნახსენები „გუთნისდედა” და სხვა მრავალი: დედაენა, დედაბოძი, დედაქალაქი, დედააზრი, დედამიწა და უფრო მეტიც შეწყვილებულ სახელებში პირველ ადგილზე მუდამ ქალის ამსახველი სიტყვაა: დედ-მამა, და-ძმა, ქალ-ვაჟი, ცოლ-ქმარი, ბებია-ბაბუა.

კოლხეთის სამეფო იყო პირველი ქართველური სახელმწიფოებრივი ერთეული. მის ადგილზე უფრო მოგვიანებით, ძვ.წელთაღრიცხვის VI საუკუნეში, წარმოიშვა კოლხეთის ახალი სამეფო - ლაზიკა, რომელიც სხვადასხვა თავდამსხმელებისა თუ დამპყრობლების მიერ არაერთხელ იქნა დაქცეულ – გაძარცული, მაგრამ მაინც ჯიუტად ფეხზე დგებოდა და წელში სწორდებოდა.

აღმოსავლეთ საქართველოში კი ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაშლის შემდეგ წარმოიშვა კიდევ ერთი ქართული სახელმწიფო – იბერია, ანუ ქართლი. მდებარეობიდან გამომდინარე იბერია უფრო სპარსული აგრესიის ობიექტს წარმოადგენდა, ხოლო ლაზიკა – ბიზანტიისას. აგრესია არ არსებობს მხოლოდ სამხედრო. მას აუცილებლად თან სდევს კულტურულ_მენტალური მდგენელიც. თუმცა საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა ცვლილებები სახელმწიფოებრივი მოწყობის მხრივ, თუმცა დღეს საქართველო არც ადმინისტრაციული და არც კულტურული თვალსაზრისით აღმოსავლეთ და დასავლეთად არ არის დაყოფილი უნდა შეინიშნოს რომ გასტრონომიულ – კულინარიული განსხვავება აღმოსავლეთსა და დასავლეთის რეგიონებს შორის დღესაც თვალსაჩინოა.

ძვ.წელთაღრიცხვის VI საუკუნე ამ ორი ქართული სახელმწიფოს დაახლოების პერიოდია. ძვ.წ. IV და III შორის ფარნავაზიანთა დინაასტიის დამაარსებელმა მეფე ფარნავაზმა ქვეყანაში ერთიან სახელმწიფო ენად ქართული დაამტკიცა, ამ პერიოდში შეიქმნა კიდევაც ქართული დამწერლობა და დღეს ქართული ანბანი 2300 წელს ითვლის.

ძვ.წელთაღრიცხვის 65 წელს ქართლში მსოფლიოს უდიდესი დამპყრობლები – რომაელები გამოჩნდნენ, რომელთაც პომპეუსი სარდლობდა. ქართველები იძულებულნი შეიქმნენ თავდაცვითი პარტიზანული ბრძოლები ეწარმოებინათ. დახოცილებსა და დაჭრილებს შორის ბევრი ქალი იყო და ამ ცნობამ - პომპეუსი აღმოსავლეთში ამაზონებს ებრძვისო - რომამდეც მიაღწია.

მთებს თავშეფარებულმა ქართველებმა მტკვარზე ხიდები დაწვეს. მათ მდევარ რომაელებს დასჭირდათ მცხეთასთან ახალი ხიდის აგება, რომელიც დღემდე არის შემორჩენილი და რომელსაც დღესაც „პომპეუსის ხიდს” ეძახიან.

ამ პერიოდის მრავალ წერილობით წყაროთა შორის განსაკუთრებით საყურადღებოა ცნობილი ბერძენი გეოგრაფისა და ისტორიკოსის, სტრაბონის ჩანაწერები. საინტერესოა მის მიერ აღწერილი ქართველების საზოგადოებრივი წყობა, სამეურნეო და კულტურული თემატიკის მასალები. მთიელთა და ბარის მოსახლეობის ცხოვრების, ქალაქებისა და ციხე-სიმაგრეების, კომუნიკაციური და სავაჭრო არტერიების აღწერა.

მცხეთა – არმაზის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები ადასტურებენ უძველესი ქართული კულტურის განვითარების მაღალ დონესა და სიმდიდრეს. ნაპოვნი იქნა მტკიცე და სქელი თავდაცვითი ფორტიფიკაციული ნაგებობები, სამოსახლოები, წყალსადენი, საუცხოო აბანოები. აღმოჩენილი იქნა ასევე შესანიშნავად მოწყობილი და მდიდრული სამარხები. ერთ-ერთი მათგანის წარწერა გვამცნობს: ”...სასახლის მთავარი მხატვარი და ხუროთმოძღვარი”.

ძვ.წ. VII საუკუნეში ბაბილონიდან გაქცეული ებრაელების ნაწილი მცხეთაში ჩავიდა... 600 წლის შემდეგ მათ შორის ორი სწავლული ებრაელი იქნა გაგზავნილი იერუსალიმში ქრისტეს გასამართლებაში მონაწილეობის მისაღებად – ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. მათ გასამართლებას ვერ ჩაუსწრეს, მაგრამ როცა იესოს ნივთები იქნა განაწილებული ქართველ ებრაელებს უფლის კვართი ხვდათ წილად. მცხეთაში დაბრუნებულ ელიოზს მისი და, სიდონია, ტირილით შემოეგება; გამოსტაცა უფლის კვართი, ჩაიკრა იგი მკერდში და ასე გარდაიცვალა. ვერ მოხერხდა მიცვალებულის ხელებიდან ამ ძვირფასი ნივთის გამონთავისუფლება და იძულებულნი შეიქმნენ მაცხოვრის კვართი სიდონიასთან ერთად დაეკრძალათ.

წარმართობა თუ მაზდეანობა გამოვლილ ქართულ კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებას ქრისტიანობამ განუმეორებელი და ღრმა კვალი დააჭდო. საქართველო საუკუნეების განმავლობაში ქრისტეს რჯულის „მეწინავე სადროშო” გახლდათ, თუმცა კი ღრმად მორწმუნე ქართველისათვის არც სკეპტიციზმი ყოფილა უცხო ხილი.

ქრისტიანობამ უკვე I საუკუნეში შემოაღწია საქართველოში, როდესაც დედაღვთისამ და მოციქულებმა წილი ჰყარეს ვის სად უნდა ექადაგა ქრისტეს რჯული, საქართველო ღვთისმშობელს ერგო. ასე ჩამოვიდნენ საქართველში ანდრია პირველწოდებული და სიმონ კანანელი. და თუმცა გაქრისტიანების პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, ცნობილია, რომ 325 წლის ნიკეის კრებას ტრაპიზონის, ლაზიკის მთავარი ნავთსადგურისა და ბიჭვინთის (პიტიუნტი), აფხაზეთის სანაპიროს უმთავრესი სტრატეგიული ნავთსაყუდის, ეპარქიის დედაქალაქის, ეპისკოპოსები ესწრებოდნენ.

საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 319 წელს მეფე მირიანი III-ს მეფობის პერიოდში გამოცხადდა. წმიდა ნინომ ვაზის ტოტებისა და საკუთარი თმით შეკრული ჯვრით მოაქცია ქართლი. ეს ჯვარი, რომელსაც „ნინოს ჯვარი” ეწოდება დღესაც სიონის ტაძარშია დასვენებული. ქართველმა ერმა ქვეყნის დედა მდინარეში, მტკვარში, იღო ნათელი. იქ, სადაც 300 წლის წინ ქრისტეს კვართი დაიფლა ქართველთა უმთავრესი სალოცავი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი აიგო. ამ ტაძარს ერთ-ერთ ბურჯად სიდონიას საფლავზე ამოსული კედარი დაედო.

ქართველები საუკუნეების მანძილზე არა მხოლოდ იცავდნენ თავის ქვეყანას უცხოელი დამპყრობლებისაგან არამედ ჰქმნიდნენ საუცხოო და უმდიდრეს კულტურას. ქალაქ ფაზისში ( დღევანდელი ფოთი) მოქმედებდა მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემია. ადგილობრივი ქართველების გარდა იქ ცოდნას ეწაფებოდნენ ბერძნებიც, თუნდაც ბერძენი ფილოსოფოსი ევგენიოსი და მისი ვაჟი.

კეისარმა იულიანემ ქრისტიანობას ფილოსოფიური მიმდინარეობა – ნეოპლატონიზმი დაუპირისპირა. ამ პერიოდის ფილოსოფოსებს შორის მრავალი ქართველი იყო. V საუკუნეში ბიზანტიაში ცხოვრობდა ყველაზე ცნობილი ქართველი საეკლესიო მოღვაწე – პეტრე იბერი. მან მემკვიდრეობად დაგვიტოვა მრავალი თეოლოგიურ – ფილოსოფიური ნაშრომი, რომლებიც რენესანსულ და ჰუმანისტურ აზროვნებას დაედო საფუძვლად. სწორედ ეს უნდა იყოს მიზეზი, რომ ქართული რენესანსი მთელი 300 წლით უსწრებს ევროპულ რენესანსულ ეპოქას.
სწორედ მაშინ, V საუკუნეში, დაიწერა „შუშანიკის წამება” და „მოქცევაი ქართლისაი”, რომლებიც მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზეა ნათარგმნი. ქართული მონასტრები სინასა და ათონის მთებზე აშენდა.

VII საუკუნის მეორე ნახევარში არაბები შემოესევნენ ქართლს, მაგრამ არაბებისაგან დაუპყრობელ ტერიტორიებზე არსებობდნენ დამოუკიდებელი სამთავროები, რომელთა შორის პირველობდა აფხაზეთი. შემდგომ პირველობა და უმთავრესი როლი იკისრა სამხრეთ დასავლეთში მდებარე ტაო-კლარჯეთმა. იგი აშოტ ბაგრატიონის ( 780 – 826) სახელს უკავშირდება. 888 წელს აშოტ დიდის შვილიშვილმა ადარნასე IV-მ მიიღო ქართველთა მეფის წოდება. ბაგრატიონთა საგვარეულო ანუ ბაგრატიდები მეფობდნენ 1801 წლამდე და ამდენად ეს იყო მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი დინასტია

XI საუკუნე, დავით IV აღმაშენებელის მეფობა, საქართველოს ისტორიის ბრწყინვალე ფურცელია, თუმცა კი უმაღლეს განვითარებას, მის ოქროს ხანას, თამარის მეფობის პერიოდს ანუ XII საუკუნეს მიაწერენ.
თამარი იყო ბრძენი, მტკიცე მაგრამ გულისხმიერი მეფე, რომელიც ხალხსა და ქვეყანას დედობრივი სითბოთი, სიკეთით და მზრუნველობით მართავდა

XII საუკუნეში იქმნება ქართული ლიტერატურის „ხელიხელ საგოგმანები” მარგალიტი _ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი”. ეს გახლავთ უმშვენიერესი ენით დაწერილი ყავლგაუვალი აფორიზმებით, მეტაფორებით, საუკეთესო ზოგადსაკაცობრიო და ჰუმანისტური იდეებით აღსავსე ქმნილება. იგი ღვთიური სიყვარულის ოდაა, ვაჟკაცური შემართების, ხალხთაშორის ძმური თანაცხოვრების, მეგობრობის საგალობელია. ადამიანისა და ბუნების ერთიანობის ჰიმნი.

ძველ ბერძნული ლიტერატურისთვის დამახასიათებელია ადამიანურ განზომილებებამდე დაცემული, შურისმაძიებელი, ქვენა ვნებებითა და მრავალგვარი მანკიერებებით აღსავსე ღმერთები. შოთა რუსთაველმა კი ადამიანი აიყვანა ღვთიურ სრულყოფილებამდე.

„ვეფხისტყაოსანი” არის უმთავრესი ნაწარმოები კალსიკური ქართული ლიტერატურის და შუასაუკუნეებამდე, კერძოდ კი დანტეს შემოქმედებამდე, ქრისტიანული ქვეყნების ლიტერატურას ამ დონის როგორც ლიტერატურული, ასევე მასში გაჟღერებული ღრმა ფილოსოფიური ფასეულობების თვალსაზრისით, არაფერი შეუქმნია

XII საუკუნე – აღიარებულია საქართველოს ისტორიის კალსიკურ პერიოდად. იქმნებოდა უმშვენიერესი ქართული არქიტექტურა, მხატვრობა, ფრესკები, მოზაიკა, მინანქარი, ოქრომჭედლობის შედევრები.

იმ დროს როცა აღმოსავლეთის ქრისტიანულ ეკლესიებში გავრცელებული იყო ერთხმოვანება ( ჰომოფონია) საქართველოში მრავალხმიანი საგალობლებით ადიდებდნენ უფალს. ამ ნაწარმოებების ორიგინალურობა და უმაღლესი არტისტიზმი დაადასტურა XX ს. აღმოჩენილმა ორიგინალურმა ქართულმა სანოტო სისტემამ. უპირატეს პატივს საეკლესიო საგლობლებს მიაგებდნენ თუმცა ასევე იქმნებოდა არანაკლებ დიდებული საერო მუსიკალური ნაწარმოებებიც.

საყურადღებოა ამ პერიოდის სხვა მიღწევებიც როგორებიცაა: ფილოსოფიური, საკანონმდებლო, ასტრონომიულ-ასტროლოგიური, სამედიცინო ტრაქტატები. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა განათლებასა და მეცნიერებას.

ტაძრები და მონასტრები კულტურულ სამეცნიერო ცენტრებს წამოადგენდნენ და ისინი არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებდნენ, არამედ მრავლად იყვნენ მთელ ქრისტიანულ სამყაროში, მათ შორის იერუსალიმში.

საკმარისია დავასახელოთ თუნდაც მხოლოდ საქართველოში არსებული იმდროის უდიდესი მოაზროვნის იოანე პეტრიწის მზრუნველობას მინდობილი გელათის აკადემია იმერეთში, ქუთაისის სიახლოვეს; შიომღვიმე – ქართლში; იყალთოს აკადემიაში კი დიდებული მეცნიერი და თეოლოგი არსენ იყალთოელი მოღვაწეობდა.

მას შემდეგ ქართველებმა არა ერთი ომი თუ ბრძოლა გადაიტანეს.

ახლო თუ შორეულ სამეზობლოში არცერთი იმპერიის აღზევებას მათი ნიჭის, ჯაფისა თუ სისხლი გარეშე არ ჩაუვლია: ბიზნტიური, სპარსული, თურქული, ეგვიპტურ-მამლუქური, რუსული .

რაც ქართველობას რუსეთის ყველა ფორმაციისათვის: ცარისტული, კომუნისტური თუ აგერ ახლა დემოკრატიულად წოდებულის საკეთილდღეოდ უღვაწია იმას რა აღწერს. მადლობა და კეთილი სიტყვა არავის უთქვამს.

არც არის გასაკვირი.
ესაა სხვის სამსახურში ჩამდგარი "უცხოთესლის" ხვედრი.

სამწუხაროდ საკუთარი სახელმწიფოს ფეხზე დაყენება, იმ დიდებით, რაც დავითიან-თამარიან საქართველოს ეკადრებოდა, ვეღარ მოხერდა.

დღეს, XXI საუკუნის დასაწყისში, კვლავ გვეძლევა შანსი დამოუკიდებელი თავისუფალი დემოკრატიული სახელმწიფო ავაშენოთ.


Brak komentarzy:

Prześlij komentarz