დღეს ნათლისღებაა იორდანეს წყალში მონათლა იოანე ნათლისმცემელმა უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო.
ამ დღეს წყალკურთხევასაც უწოდებენ. სამეგრელოში „წაკურთხია”-ს [ წყარ კურთხუა = წყლის კურთხევა ] და ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია ...
მეც ველოდი ამ დღეს და ჩემებურად ვემზადებოდი. განა ტყუილად გამოვჩხრიკე ჩემი 6 წლის წინანდელი ჩანაწერები და ცომი "უტოპლენიკი"?
http://geosons.blogspot.com/2013/01/blog-post.html
მაგრამ აი, ეგ სახელი არ მომწონს. ამ რუსებს ყველაფერი ძალაინ უხეშად და არაესტეტიკურადა აქვთ - რა არის ახლა უტოპლენნიკი რა საჭმელია? ნუ კარგი, შევეშვათ რუსებს... თვითონ თუ შეგვეშვებიან თორემ ჩვენ განა რა შეგვიძლია რომ დავაკლოთ ამ ემელკა პუგაჩოვებისა და სტენკა რაზინების სამშობლოს.
მაშ ასე, რაღა დღევანდელი დღე ავირჩიე მაინცა და მაინც?
საქმე იმაშია, რომ ცომი მოზელის შემდეგ წყალში უნდა ჩააყურყუმელაოთ და ცოტა ხანში, დაახლოებით 30 წუთში, იგი თითქოს ცოდვათა სიმძიმისაგან განბანილ - განწმენდილი თავისით ამოტივტივდება. რით არ გამოდგება ნათლობის სიმბოლიკად? ჩაძირული და დამხრჩვალი სასწაულებრივად ცოცხლდება და ამოყვინთავს. თანაც ეს ჩვეულებრივი საფუვრიანი ცომი წყალში ჩაგდებამდე კარგად უნდა მოგუნდავდეს. ამაში ცხადია არაფერი უჩვეულო არ არის, მაგრამ ცომის „გამოყვანის” დროა სწორედაც, რომ უჩვეულოდ განსაზღვრული – ცომი აგუნდავეთ სანამ 6-ჯერ არ იტყვით „მამო ჩვენოს” ...
ჰო და გადავწყვიტე დღეს ნათლისღებაზე „ნათლისცემის” ცომი მომეზილა ...
თანდართული ფოტოებიდან ხადავთ რაც დაგვჭირდება მხოლოდ მარილი არ გადამიღია.
500 მლ რძე, 2 დიდი ან 3 პატარა კვერცხი, 100 გრ კარაქი, 7 გრ მშრალი ან 20 - 25 ცოცხალი საფუარი, 2 ს/კ შაქარი, მარილი და 1 კგ ფქვილი
კარაქს სახეხის დიდ თვალზე დახეხავთ. კვერცხიც ადრევე გამოიტანეთ, რომ ოთახის ტემპერატურის იყოს .
შემთბარ რძეში გახსნით შაქარსა და საფუარს და თბილ ადგილას დადგამთ 10 - 15 წთ-ით.
როცა თავზე ქაფს მოიყენებს ათქვეფილი კვერცხი და დახეხილი კარაქი ჩაამატეთ, მარილი და გამოზომილი ფქვილის 2/3 დააცარით (!!! ეს მნიშვნელოვანია) ოდნავ გადურიეთ და კიდევ დააცარით ფქვილი იმდენი რომ მხოლოდ 1 ჭიქა ღა გადგრჩეთ. აი, ახლა იწყებთ ზელას და დარჩენილი 1 ჭიქის 1/2 გამოყენებას ზილავთ ცომს იმდენ ხანს რაც დაგჭირდებათ რომ 6-ჯერ წარმოსთქვათ საუფლო ლოცვა "მამო ჩვენო".
თავად დარწმუნდებით რომ ცომი არის მკვრივი ელასტიური თბილი და ისეთი ნაზი რომ მისი ხელიდან გაშვება არ მოგინდებათ.
მაგრამ არა! გაავსეთ სათლი ან ღრმა ქვაბი არც ძალიან ცივი წყლით ( დაახლოებით ასე ოთახის ტემპერატურის )და ხელსახოცში გამოკრული ცომი მასში ჩაუშვით. ეს "თავდაბურვა" ისევე როგორ "დედაკაცისათვის ტაძარსა შინა" აუცილებელია სხვაგვარად ცომი შეიძლება ფსკერს მიეკრას და ამოტივტივება გაუჭირდეს
მე მახსოვს დედაჩემის "მცირედმორწმუნეობა" ძალიან პატარა ვიყავი მაშინ ჯერ სკოლაშიც არ დავდიოდი მაგრამ კარგად მასხოვს მე და დედა რიგრიგობით დავყურებდით ცომიან წყალს ბოლოს დედამ:არ გამოვა და ნუ გამოვა ამის მეტი ზარალი არ მენახოსო
და ცომიც თითქოს ამას უცდიდაო ნელ-ნელა ზემოთ წამოვიდა და ბოლოს ზღვაზე რომ "ბუიოკები" გინახავთ აი, იმის იქეთ არ გაცუროთო, ისე ამოტივტივდა.
ამოიყვანეთ წყლიდან, 30 წუთიც დააცადეთ "გონზე" მოვიდეს და შემდეგ რაც გენებოთ ის გამოაცხვეთ ამ ცომისაგან.
ესეც ტკბილი რულეტი
ჯერ არ უნდა გამეჭრა სანამ სულ არ გაცივდებოდა მაგრამ ვინ გაცლის ... სული ცხვირში აქვთ
ღამე სპეციალურად დავტოვე მაგიდაზე თავღიად ... მთელი ოჯახი ვადასტურებთ რომ დილით უფრო ფაფუკი თუ არა უარესი ნამდვილად არ ეთქმოდა
იმედია მომავალ წლამდე ხელს გავიწაფავ და ტრადიციად დავამკვიდრებ: ნათლისღებას "ნათლისცემის" ცომი
მრავალ ნათლისღებას დაგასწროთ უფალმა!
"აია რე, ბაია რე,
ბაიაშ წორს თანაფა რე,
ქირსე რე დო კალანდა რე
წაკურთხია დიდი დღა რე"
ბაია = ბზობა, თანაფა = აღდგომა, ქირსე = შობა, კალანდა = ახალი წელი
Subskrybuj:
Komentarze do posta (Atom)
Brak komentarzy:
Prześlij komentarz