"მეეჭვება, დასავლეთს ივანიშვილი რაიმე სერიოზული მნიშვნელობისა და ღირებულების ფიგურად ესახებოდეს”
საფრანგეთში ორგანიზაცია "ქარტია 2010"-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული უზენაესი საბჭოს დეპუტატს, მედეა თუშმალიშვილს ვთხოვეთ, თავისი ორგანიზაციის სახელით, გაეზიარებინა შეხედულებები საქართველოში მომხდარ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, ესაუბრა წინასაარჩევნო ვითარებაზე და გამოეთქვა აზრი საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის მოქმედების მნიშვნელობაზე.
- ამ უკანასკნელ ხანს ქართულ პოლიტიკურ წრეებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამ, შესაბამისად, აზრთა სხვადასხვაობაცაა. როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის ამ ინიციატივას?
- ვანო მერაბიშვილის დანიშვნა პრემიერ-მინისტრად თითქოს არც იყო მოულოდნელი - ჰაერში ტრიალებდა ეს იდეა, მაგრამ პრეზიდენტის მიერ შერჩეული მომენტი ახალი პრემიერის დანიშვნისა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პროფესიონალი პოლიტიკოსია, რომელიც ზედმიწევნით ფლობს შესაძლებლობების გამოყენების ტექნოლოგიას.
- ე.ი. «ქარტია 2010» მიესალმება ამ გადაწყვეტილებას…
- საქმე ის არის, რომ ვანო მერაბიშვილი სწორედ ის პოლიტიკური ფიგურაა, რომელიც სჭირდება აღმასრულებელ ხელისუფლებას - მას აქვს ხალხის ნდობის მანდატი, იშვიათი შრომის უნარი და სტრატეგიული ხედვა.
- პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ ამბიციური სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომლის დიდი ნაწილი სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას ეხება, ხოლო განსაკუთრებული ყურადღება უმუშევრობის პრობლემის მოგვარებაზე გაამახვილა. მოგწონთ მისი სტრატეგიული გეგმა?
- რა თქმა უნდა, უმუშევრობა სერიოზული პრობლემაა, ისე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის. რომ გადავხედოთ წინასაარჩევნო პროგრამებს, ისეთი მდიდარი ქვეყნებისთვის, როგორებიც არიან, მაგალითად, საფრანგეთი, ამერიკა, მთავარი საკითხი უმუშევრობა და ეკონომიკური კრიზისია. ახლად არჩეულმა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმაც, ძირითადად, აქცენტი გააკეთა უმუშევრობაზე.
საქართველოში უკანასკნელ წლებში გატარდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები. ვიმედოვნებთ, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი ჩვეული დინამიზმით შეძლებს სოციალური ფონის გაუმჯობესებასაც.
- ჩვენ სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც გვაქვს, უმუშევრობის გარდა...
- ჩვენი უმთავრესი პრობლემა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები და რუსეთის მუდმივი სამხედრო თუ პოლიტიკური აგრესიაა. ჩვენ მრავალგზის აღვნიშნეთ და ახლაც ვიმეორებთ, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოხდა 1993 წელს, როდესაც რუსეთმა ე.წ. "სამშვიდობო" ჯარი ჩააყენა ამ რეგიონში. ედუარდ შევარდნაძემ, სამშვიდობო შეთანხმების თანახმად, ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს, რითაც რუსული ჯარის ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე ლეგიტიმურად ცნო. ეს ისტორიული ფაქტია და ვერ შეიცვლება პოლიტიკური სიმპათიებისა თუ ანტიპათიების კარნახით. ფაქტობრივად, იმ დღიდან საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია ამ რეგიონში არ ვრცელდება.
- ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგია. ბიძინა ივანიშვილი, უფრო ადრე კი სალომე ზურაბიშვილი, ნინო ბურჯანაძე და სხვანი, ბრალს სდებდნენ მიხეილ სააკაშვილს ცხინვალში სამხედრო ოპერაციის დაწყების გამო. ეს ბრალდებები განსაკუთრებით დღეს გაისმის ივანიშვილის კოალიციის წარმომადგენელთა მხრიდან.
- სამწუხარო ფაქტია, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი და ასეთი, როგორც ჩანს, ბევრია, ვერ ანსხვავებს ოპოზიციურ ბრძოლას ქვეყნის ინტერესების ღალატისგან. რუსეთის ყურის საამებლად ნათქვამი ფრაზა "სააკაშვილი თავს დაესხა მძინარე ცხინვალს", გარდა შინაარსობლივი აბსურდულობისა, ქვეყნის ისეთი მძიმე ღალატია, რომელსაც არც ახსნა აქვს და არც - პატიება.
საბედნიეროდ, ოპოზიციაში არიან ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებმაც არ იკადრეს ქვეყნის ღალატი რუსეთში პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად. როგორც ჩანს, ეროვნული ინტერესი მათთვის უფრო ღირებული აღმოჩნდა. ვფიქრობ, მომავალში ყველა ჭეშმარიტად ეროვნული ძალა გაერთიანდება.
რადგან ახლოვდება 2008 წლის ომის დაწყების თარიღი და თქვენ ამ მტკივნეულ თემას შეეხეთ, მოდით გავიხსენოთ რამდენიმე ფაქტი, რომელიც წინ უსწრებდა ქართული ჯარის შესვლას ცხინვალში:
28 ივლისს, როდესაც დაიწყო ცხინვალიდან ინტენსიური სროლა, სწორედ იმ დღეს ცხინვალში ჩავიდნენ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, არმიის გენერალი პანკოვი, და 58-ე არმიის მეთაური, ანატოლი ხრულოვი;
3 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში შევიდა 42-ე დივიზიის მზვერავი ბატალიონი;
4 აგვისტოს - რუსეთის 58-ე არმიის სამედიცინო და კავშირგაბმულობის ნაწილები;
5 აგვისტოს როკის გვირაბიდან შემოვიდა 33-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადა;
6 აგვისტოს ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელობა დაბანაკდა ჯავაში და ბოლოს;
7 აგვისტოს, დილის ოთხ საათზე, როკის გვირაბიდან შემოვიდნენ სატანკო ბრიგადები.
საქართველოს პრეზიდენტი იდგა არჩევანის წინაშე: ან ჯარი უნდა შესულიყო ცხინვალში და შეეჩერებინა რუსეთის არმიის წინსვლა, ან გაეცა ბრძანება, გაეთხარათ სანგრები თბილისის მისადგომებთან, დედაქალაქის დასაცავად.
- ეს უკვე საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ რუსეთმა ომი დაიწყო საქართველოს ხელისუფლების შეცვლის მიზნით.
- რა თქმა უნდა, რუსეთის მიზანი იყო ხელისუფლების შეცვლა და არა ისედაც ოკუპირებული ტერიტორიის ოკუპაცია. რომ არა დასავლეთის რეაგირება, რუსეთის ჯარი უეჭველად შემოვიდოდა თბილისში. აგვისტოს ომი საქართველოს ტრაგედიაა, რუსეთ-საქართველოს ორსაუკუნოვანი ურთიერთობების კიდევ ერთი საზარელი ეპიზოდი და ამ კონტექსტში "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული აქცია კარალეთში, შეძახილებით: "მე არ მაინტერესებს, ვინ დაიწყო ომი" და მსგავსი ამისა, ვინ იცის, იქნებ უფრო ტრაგიკულია საქართველოსთვის, ვიდრე მისი ჩრდილოელი მეზობლის ვერაგი ზრახვები.
- არც სხვა პრეზიდენტებს წყალობდა რუსეთი...
- არც ერთს და არც ერთ ეპოქაში. მახსოვს, 1990 წელს სახაროვის მეუღლე, ელენა ბონერი, წერდა: "ვიდრე ზვიად გამსახურდია კავკასიაშია, კავკასია დაკარგულია რუსეთისთვის, რომლის მნიშვნელობაც ჯერ კიდევ ერმოლოვს ესმოდა." გარდა გეოსტრატეგიული ინტერესისა, რუსეთი ფსიქოლოგიურად ვერ ეგუება იმ აზრს, რომ საქართველო მისგან დამოუკიდებელი ქვეყანაა. თუ საქართველო დაბრუნდება რუსეთის პოლიტიკურ სივრცეში, რა მიზნითაც მოევლინა ჩვენს ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი თავისი "ქართული ოცნებით", მაშინ ჩვენ დავკარგავთ ჩვენს გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ დანიშნულებას, რისი დაკარგვაც, ალბათ, უკვე ხანგრძლივ ისტორიულ პერსპექტივაში, დაგვაკარგვინებს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესაძლებლობას.
- "ქარტია 2010" გამორიცხავს "ქართული ოცნების" პროდასავლურ ორიენტაციას?
- სრულიად გამოვრიცხავთ. არის კი ადამიანი, რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ "გაზპრომის" აქციონერს საქართველოს დასავლეთთან დაახლოება სურს და რომ მის ამ ზრახვას კრემლი აპლოდისმენტებით შეხვდება?! დამეთანხმებით, არარეალური სცენარია...
- ივანიშვილის გვერდით მყოფი თედო ჯაფარიძე თავის ინტერვიუში წერს, რომ ბრალდებაზე - ივანიშვილი პრორუსულიაო - დასავლეთშიც და საქართველოშიც უკვე ეღიმებათ...
- ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, თედო ჯაფარიძე, საკმაოდ ერკვევა საგარეო პოლიტიკაში და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ არ სჯერა არც ერთი სიტყვის, რომელსაც თავად წერს და ამბობს. თედო ჯაფარიძემ არ შეიძლება, არ იცოდეს, რომ დასავლეთში, მათ, რომლებსაც ევალებათ საქართველოს საკითხებში გარკვევა, ნამდვილად არ "ეღიმებათ" ივანიშვილის პრორუსულ წარმომავლობაზე. ამის დასტურია როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის სტუმრობა საქართველოში, ისე ახლახან ევროპის პარლამენტში გამართული დებატები, რომლის დროსაც სრულიად ნათლად და მკაფიოდ წარმოჩნდა, თუ როგორ აფასებს დასავლეთი ივანიშვილის პიროვნებას. საპარლამენტო დებატებს მოჰყვა "ქართული ოცნების" მხრიდან სამარცხვინო ისტერია, რომელმაც კიდევ ერთხელ ცხადყო ამ კოალიციის დაბალი პროფესიონალიზმი და სრულიად ანტიდასავლური განწყობა. აღარაფერს ვიტყვი საფრანგეთის წამყვან გაზეთებში გამოქვეყნებულ სტატიებზე, რომლებშიც ივანიშვილისადმი დამოკიდებულება ცალსახად უარყოფითია. მართალია, ივანიშვილის მიერ დაქირავებული ლობისტები არ იშურებენ დროსა და ენერგიას, რაც შეიძლება მუქ ფერებში დახატონ დღევანდელი საქართველო და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მაგრამ ის, რომ ლობისტების დაქირავება არ ცვლის და ვერც შეცვლის დასავლეთის მიერ შემუშავებულ სტრატეგიას საქართველოს მიმართ, ეს ბატონმა თედომ კარგად უწყის. რაც შეეხება თვით საქართველოში "მომღიმართ" ივანიშვილის პრორუსულობის ბრალდებაზე, შევახსენებთ, რომ 90-იან წლებში ჩვენი საზოგადოების ნაწილის ირონიულმა "ღიმილმა" ზვიად გამსახურდიას მიმართ, როცა გამსახურდია რუსეთის საკითხებზე და მის მრავალრიცხოვან აგენტურაზე მიუთითებდა, მიგვიყვანა სახელმწიფო გადატრიალებამდე, რომლის ჭრილობებს დღემდე ძნელად ვიშუშებთ.
- დავუბრუნდეთ ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ "ხელისუფლებამ საპროტესტო მოძრაობას ძალა დაუპირისპირდა» და "ხელისუფლება არ აპირებს ძალაუფლების დათმობას". ასევე, ის ვარაუდიც გამოითქვა, რომ, შესაძლოა, დასავლეთის გულის მოსაგებად, ახალმა პრემიერმა დაიწყოს მოლაპარაკება ივანიშვილთან.
- ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნით, პრეზიდენტმა, რა თქმა უნდა, ძლიერი სვლა გააკეთა. გააჩნია, ოპოზიცია "ძალაში" რას გულისხმობს? სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა დათმოს «ნაციონალურმა მოძრაობამ" ძალაუფლება, როცა ის, ყოველი გამოკითხვის მიხედვით, რამდენიმე ათეული პროცენტით უსწრებს ოპოზიციას? ან რას ნიშნავს "დათმობა", როცა ეს საკითხი არჩევნების გზით წყდება - ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ რა უნდა დათმოს. რაც შეეხება მერაბიშვილისა და ივანიშვილის ჰიპოთეზურ მოლაპარაკებას, ვფიქრობ, რომ თუ ის მართლაც შედგება, ეს იქნება არა მერაბიშვილის, არამედ ივანიშვილის ინიციატივა, რადგან მან იცის, რომ უმრავლესობით ის პარლამენტში ვერ მოვა და არ არის გამორიცხული, რომ სხვა გზები ეძიოს. რაც შეეხება დასავლეთს, დასავლეთს სურს, საქართველო პოლიტიკურად სტაბილურ, დემოკრატიის გზაზე მიმავალ სახელმწიფოდ იხილოს და ძალზე მეეჭვება, რომ ამ მისიის შესრულებაში დასავლეთს ივანიშვილი რაიმე სერიოზული მნიშვნელობისა და ღირებულების ფიგურად ესახებოდეს.
ესაუბრა ქეთევან ქურდოვანიძე.
პარიზი, 18 ივლისი, 2012 წელი.
Brak komentarzy:
Prześlij komentarz