niedziela, 30 września 2012

ვიქტორ დომუხოვსკი:" ჩვენ 1 ოქტომბერს ფონს უნდა გავიდეთ, ფონზე კი ცხენებს არა ცვლიან!"

ვიქტორ დომუხოვსკი: რუსეთს არაფერი არ გამოუვა

24 საათი 30.09.12

ინტერვიუ 1990 წლის

28 ოქტომბერს არჩეული უზენაესი საბჭოს დეპუტატთან ვიქტორ დომუხოვსკისთან (პოლონეთი)

- ბატონო ვიქტორ, 1990-იანი წლების რეპრესიების დროს შევარდნაძის რეჟიმმა გაიძულათ, ემიგრაციაში პოლონეთში წასულიყავით. მიუხედავად ამისა, თქვენ მუდამ აქტიურად მონაწილეობდით თქვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ალბათ, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება, სად მოღვაწეობთ დღეს და როგორ ეხმიანებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს?

- კი ბატონო, განთავისუფლების პირობა იყო საქართველოდან წასვლა. 1998 წლის აპრილში გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ჩემი უკანონო პატიმრობის შესახებ (რადგან უკანონოდ ვიყავი გატაცებული ბაქოდან და პოლიტიზირებული სასამართლოს მიერ კანონდარღვევით მქონდა მოსჯილი 14 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ქონების კონფისკაციით) და წინადადება მისცა შევარდნაძის ხელისუფლებას, 60 დღის განმავლობაში გავენთავისუფლებინე. 1998 წლის 23 ნოემბერს საქართველოში ჩამოვიდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მაშინ თავმჯდომარეობდა ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც საქართველო უნდა მიეღოთ. 25 ნოემბერს განთავისუფლებული ვიყავი და ერთ კვირაში ვიყავი პოლონეთში, სადაც უკვე ორი წელი იმყოფებოდა ჩემი ოჯახი. მუშაობა დავიწყე პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში, სადაც დღემდე ვმუშაობ. 13 წელიწადში მონაწილეობა მივიღე 70-ზე მეტ სამეცნიერო შრომაში.

ვცდილობ არ დავკარგო კავშირი საქართველოსთან, შევქმენით ქართული დიასპორა პოლონეთში "ქართლოსი", მივიღეთ მონაწილეობა საქართველოს მხარდამჭერ აქციებში. 2008 წელს ომის დროს უამრავი პოლონელი მხარს გვიჭერდა რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციებში. ქართულ დროშას პოლონელები უკვე კარგად იცნობენ და პატივს ცემენ. ვცდილობ, საჭირბოროტო მოვლენებზე ქართულ პრესაშიც გამოვთქვა აზრი და პოლონურშიც.

- წინასაარჩევნო ციებ-ცხელება დაიწყო, საზოგადოება პოლარიზებულია, თითქოს განახლდა 1991-1992 წლის პერიოდი, იმავე შემადგენლობითა და ენთუზიაზმით. თქვენი აზრით, რა შეიძლება ამას მოჰყვეს?

- კარგი შედარებაა! ისევ გაერთიანდენ ძველი და ახალი "პუტჩისტები" და ისევ საფრთხე შეექმნა საქართველოს დამოუკიდებლობას. მე, როგორც უზენაესი საბჭოს წევრს, პატივი მერგო ხელი მომეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი წუთები. ვერ გვაპატია ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა, საიდანაც ე. შევარდნაძის აზრით "მზე ამოდის", საქართველოს ჩამოყალიბება დამოუკიდებელ, ევროპულ სახელმწიფოდ და ბოლო შეტევაზე გადავიდა, ისევ თავდასხმით გვემუქრება, რადგან ესმის, რომ ქართველი ხალხი ბრძენია და რუსეთის დამქაშებს "ქართული ოცნების" სახით ხმას არ მისცემს. ჩვენ 1991-1992 წლებში ვერ შევძელით სახელმწიფოს დაცვა, რადგან მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა დ. ხაბულიანმა უაღალატა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კი ყავს ვანო მერაბიშვილი, რომელმაც აქამდე შეძლო ე. წ. "ოპოზიციის" ყველა პროვოკაციის უვნებელყოფა. დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც ქართველი ძალოვნები შეძლებენ ყველა პროვოკაციის მოგერიებას. მჯერა ქართული ჯარის, რომელმაც 2008 წლის ომში არც ერთი უშუალო ორთაბრძოლა არ წააგო! ამიტომ რუსეთს არფერი არ გამოუვა!

- მმართველი პარტიის შეურიგებელ ოპონენტად დღეს "ქართული ოცნება" გვევლინება, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით. როგორც მმართველი, ისე სხვა ოპოზიციური პარტიების აზრით, ბიძინა ივანიშვილი რუსეთის კადრია, რომელიც ცდილობს, შეასრულოს პუტინის ხელისუფლების ყველა დავალება. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

- რა თქმა უნდა ასეა, "ქართული ოცნება" რუსული პროექტია! ამაზე შეიძლება ბევრი ლაპარაკი, მაგრამ შევეცდები, ძალიან მოკლედ. "ქართული ოცნების" წევრი "რესპი" და უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი კიევში შევარდნაძის კარის ჟურნალისტს კოკა ყანდიაშვილს ხვდება, მას გადასცემს ბიძინა ივანიშვილის "რაპორტებს" და მორიგ დირექტივებს რუსებისთვის. კოკა ყანდიაშვილი ამის მერე მოსკოვში... "მირბის"! ახლა გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო შემკვეთი კვანტრიშვილის მკლელობის, მაგრამ ეს ამბავი არ არის ახალი ჩემთვის, მაშინ რუსები წერდნენ პრესაში და ინტერნეტში, რომ ეს იყო "მოსკოველი ქართველების რაზბორკები" და ივანიშვილის გვარიც იყო ნახსენები. პირველ არხზე "აქცენტებში" იყო ბიძინა ივანიშვილი. ასეთი უვიცი, ნარცისი ადამიანი ჯერ ტელევიზიაში არ მინახავს. კაცს არ ესმის დემოკრატიის ფუძემდებელი პრინციპები: სამ წელიწადში მე დაგიმყარებთ დემოკრატიას და მერე წავალ პოლიტიკიდანო. არცაა გასაკვირი, რუსული ველური პრიხვატიზაციის პირმშოს დემოკრატია და ადამიანის უფლებები სად უნდა ესწავლა? რუსეთში გაზრდილმა რუსული ვერ ისწავლა. მთელმა საქართველომ ნახა, რა რუსულით მიმართავდა მიტინგზე. ეს ბუნებით პატარა ადამიანი სულ უნდა იყოს ტელევიზიაში, რაც მეტს ილაპარაკებს, მით ნაკლებ ხმას მიიღებს "ქართული ოცნება"!

სამშაბათსაც იყო დებატები საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მონაწილეობდნენ პარტიული სიის პირველი ნომრები. იმ პარტიას რა ვუთხარი, სადაც სიის პირველი ნომერი კახა კალაძეა და ახლა ეს პარტიათა კოალიცია წარმოიდგინეთ. დებატების დროს ერთადერთი მონაწილე იყო, ვინც ბოლომდე განკუთვნილ დროს ვერ იყენებდა. ერთი წინადადება ვერ თქვა ნაწერში ჩაუხედავად, რაც თქვა - ყველაფერს კითხულობდა. უბრალოდ სამარცხვინო იყო "ქართული ოცნების" პირველი ნომერი. მის პატრიოტიზმზე ისიც მეტყველებს, რომ უარი თქვა საქართველოს ნაკრებში თამაშზე. ესეც იყო "ქართულლი ოცნების" სრული ფიასკო.

- "ქართული ოცნების ლიდერები თავიანთ გამოსვლებში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ბედი გადაწყდება არა 1 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, არამედ 2-ში. რას უნდა ნიშნავდეს ეს განცხადება, ემზადება თუ არა ივანიშვილი ქუჩის აქციებისთვის და რა შეიძლება მოჰყვეს "ოცნების" ამ წამოწყებას.

- არეულობებისათვის არა მხოლოდ ‘ქართული ოცნება" ემზადება არამედ მათი "კუკლავოდიც" და ამას არც მალავენ. აბა, სხვა როგორ უნდა გავიგოთ ეს განცხადებები.

სააგენტო რეგნუმთან საუბარში რუსი პოლიტოლოგის, დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის ექსპერტის მიხეილ ალექსანდროვის განცხადებით, ქართული სცენარი ასე გამოიყურება: გამორიცხული არ არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნების შედეგების მასობრივი ფალსიფიკაცია მოახდინოს, რაც არეულობას გამოიწვევს ქვეყნის შიგნით და შემდეგ მის ძალით ჩახშობას შეეცდება. რუსეთს, შეუძლია ჩაერიოს, რათა დაიცვას ქართველი ხალხი ძალადობისგან, ზუსტად ისე, როგორც დასავლეთი დაეხმარა დემოკრატიულ ძალებს ლიბიაშიო.

ესმით, რომ მიიღებენ ხმების 10-12% და პუტინის დავალებას ვერ შეასრულებენ, ამიტომ აპირებენ "план Б-ს" ამუშავებას, რომელიც გულისხმობს არეულობის გამოწვევას 2 ოქტომბერს, რათა მისცენ საბაბი "დემოკრატიულ" რუსეთს საქართველოში "დემოკრატია" დაიცვას თავისი ჯარით. როგორც მოგახსენეთ ამაზე პირდაპირ წერს მრავალი რუსი ეხპერტი, რომ "ქართული ოცნება" თუ შესძლებს, 1 ოქტომბრის შემდეგ, დიდი არეულობის მოწყობას, რუსის ჯარი შეეცდება საქართველოში შემოჭრას. მე მგონი, არაფერი არ გამოუვათ, რადგან საქართველოს ჰყავს ერაყსა და ავღანეთში გამოცდილი ჯარი. საკადრისს პასუხს მიიღებენ "ქართულ ოცნებაში" გაერთიანებული ნაჩეკისტარ-ნაპუტჩისტარი წითელი ელიტა და რუსული აგრესორები.

- ბატონო ვიქტორ, თქვენ დემოკრატიულ, განვითარებულ და წარმატებულ ქვეყანაში ცხოვრობთ და მოღვაწეობთ. რას ურჩევდით იმ ქართველ ამომრჩეველს, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია არჩევნებზე წასვლა ან დაბნეულია და არ იცის, ვის მისცეს ხმა?

- პოლონეთშიც დიდი პრობლემებია, პრეზიდენტ კაჩინსკის და მისი გუნდის დიდი ნაწილის დაღუპვა სმოლენსკის ავიაკატასტროფაში დღემდე არსებული ხელისუფლების მიერ რეალურად გამოძიებული არ არის. არის კორუფცია ადმინისტრაციაში და სასამართლოებში! მაგრამ ეს სხვა თემაა.

ქართველ ამომრჩეველს, რომელმაც ჯერ არ გადაუწყვიტია არჩევნებზე წასვლა ან დაბნეულია და არ იცის, ვის მისცეს ხმა, ვურჩევდი მხოლოდ ერთს: აუცილებლად წავიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს ნებისმიერ პარტიას, გარდა "ქართული ოცნების".

არც ერთი ხმა N 41 "ქართულ ოცნებას"!!!

ეს ქართული ოცნება არ არის, ეს არის საქართველოს დაღუპვა, თქვენ ხელშია პატივცემულო ამომრჩევლებო საქართველოს გადარჩენა:

არც ერთი ხმა "ქართულ ოცნებას"!!!

- რამდენად სერიოზულია საქართველოს საგარეო საფრთხეები და რამ შეიძლება გამოიწვიოს მათი ესკალაცია?

- მდგომარეობაა სერიოზულია ამის საბუთად კი ისევ რუსულ წყაროს მოვიშველიებ: ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადების "საქართველოს მომავალი სახლი ნატოა" კომენტირებისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა: მსგავსი გამონათქვამები ადასტურებს, რომ ნატო-მ ვერ გამოიტანა გაკვეთილი 2008 წლის ტრაგიკული მოვლენებიდანო.

ის რომ სწორედ ახლა, ამ პერიოდში რუსეთი საქართველოს საზღვრებთან ჯარს წვრთნის, ამზადებს და ელოდება, რომ საქართველოში მყოფი მეხუთე კოლონა, "ქართული ოცნების" სახით, მას საბაბს მისცემს, ჯარი შემოიყვანოს საქართველოში.

- და ბოლოს, ბატონო ვიქტორ, ამ დღეებში საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს პატიმართა წამების შემზარავი კადრები. ბუნებრივია, ამ ფაქტმა შემზარავი შთაბეჭდილება მოახდინა საზოგადოებაზე. თქვენ, როგორც ყოფილმა პოლიტპატიმარმა, შესანიშნავად იცით - რა არის პატიმართა წამება და თვადაც განიცადეთ ეს სისასტიკე, თქვენს თანამებრძოლებთან ერთად. თქვენი აზრით, რამ განაპირობა პენიტენციური სისტემის კრიზისი საქართველოში და როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება, რომელმაც უკვე აიღო პოლიტიკური პასუხიდმგებლობა მომხდარზე, ამ კრიზისის დასაძლევად?

- ციხის ამბები მაინც კარგად ვიცი. ვწერდი კიდევაც ამის შესახებ. სხვა თუ არაფერი ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომისიის პატიმართა უფლებების ქვეკომისიის ხელმძღვანელი ვიყავი და ის, რაც მაშინ ჩემს თვალსა და ყურს გამოეპარა, ბოლოს საკუთარ თავზე გამოვცადე. ნაცემიცა ვარ და კარცერად გამოყენებული სიკვდიმისჯილთა საკნის ბეტონის იატაკზეც არაერთი ღამე გამიტარებია. ვიცი ვის უნდა "ვუმადლოდეთ" ამ სისტემის ასეთ სიმყარეს და ძალიან გულსატკენია, რომ ის ნაძირალა ისევ თბილად და რბილადა ჰყავს ხელისუფლებას. თუმცა ისიც მესმის, რომ ეს საკითხი მათ დონეზე არ წყდება.

ამაზრზენ ვიდეო-ფაქტებს, ეჭვსგარეშეა ცალსახად საპროტესტო მუხტის ასაგორებლად ამზადებდნენ. საპატიმროებში დღემდე მოქმედებს 60-იან წლებში ედუარდ შევარდნაძის მიერ შექმნილი "კოდექსი". სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ უწყების რეფორმირება, ამაზე ყოველ წელს წერდა თავის ანგარიშებში სახალხო დამცველი. მაგრამ მეორე მხრივ, გადაღებული ვიდეო მასალა ძალიან ჰგავს დადგმულ სპეკტაკლს. დამიჯერეთ ასეა! ბევრი ზედმიწევნით კარგად, თუ ასე შეიძლება ეწოდოს ამ სიბინძურეს, გათვლილი სვლა იყო და კიდევ ერთხელ აღკვეთეს სახელმწიფოს დამხობის მცდელობა .

ხელისუფლებას შეიძლება აქვს კიდევაც შეცდომები, ცხადია რომ აქვს, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს საქართველო ისეთივე არჩევანის წინაშე დგას, როგორისაც ერეკლე II მოუწია გაეკეთებინა. მხოლოდ მიმართულებაა სხვა - არა ჩრდილოეთი, არამედ დასავლეთი და თამანედროვე ცივილიზაცია.

ჩვენ 1 ოქტომბერს ფონს უნდა გავიდეთ, ფონზე კი ცხენებს არა ცვლიან!

ვიყოთ ფხიზლად და ეს რუსული ვირუსი "ქართული ოცნების" სახით - მოვიშოროთ! იმედი და რწმენა მაქვს, რომ ასე მოხდება. ქართველები ბრძენი ხალხი ვართ და როცა საქართველოს საფრთხე ემუქრება, ქუდზე კაცი ვდგებით და ვიცავთ სამშობლოს.

ღმერთი არს ჩვენთან!

სამწუხაროდ ინტერვიუს P.S. აკლია და ცოტა არ იყოს გული კი დაწყდა მაგრამ ალბათ საგაზეთო სივრცის შეზღუდულობა იყო მიზეზი ... აქ მაინც დავამატებ

1. მეორეს მხრივ კი ჯაბა იოსელიანის დიდუბის პანთეონიდან გადასვენება არა მგონია რაიმე პრობლემა იყოს ზოგიერთი ყოფილი მხედრიონელის გარდა ვინმესთვის არა და სწორედ ჯაბას მენტალიტეტს ვებრძვითო თუ ბრძოლაა ბრძოლა იყოს ავგიას საჯინიბოები სანახევროდ არ გაიწმინდება

2. პირადად მე 2004 წლიდან ხმას ვაძლევდი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. ეხლაც ვარშავაში, საქართველოს საელჩოში, 1 ოქტომბერს ხმას მივცემ #-5 „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. მე მომწონს მათი პროგრამა!

ამასთან ერთად, ვთხოვ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომ გაანთავისუფლოს ცოტნე გამსახურდია. ეს ჩემი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლის ერთადერთი „დაკვეთაა”. წავიკითხე ცოტნე უარს აცხადებ რაიმე სახის შუამდგომლობის დაწერაზე. ვიცი ეს გრძნობა, თავად გამომიცდია და სწორედ ამიტომ მე როგორც ყოფილი პოლიტპატიმარი, საქართველოს მოქალაქე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი, როგორც მამისის, ჩვენი ქვეყნის პირველი პრეზიდენტის თანამდგომი ვშუამდგომლობ და ვითხოვ მის განთავისუფლებას.

Brak komentarzy:

Prześlij komentarz