poniedziałek, 11 stycznia 2010

დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა და ქართული ხალხური ზღაპარი "გვრიტი"


ქართული ხალხური ზღაპრის "გვრიტი" საინფორმაციო ბრძოლის იარაღად გამოყენება ჯერ კიდევ 2006 წელს მიმაჩნდა აქტუალურად.
http://forum.ge/?f=29&showtopic=33692891
დავწერე კიდევაც სცენარი და ვცადე საბავშვო სპექტაკლად მისი მომზადება. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ლამაზი, მეგობრობა-თანადგომისა და ჰუმანიზმის კარგი გაკვეთილი იქნებოდა ბავშვებისათვის. ბავშვები კი სპექტაკლებზე უფროსებს დაჰყავთ. აი, ის დედ-მამები, ბებია-ბაბუები კი იმედი მქონდა, რომ მეტსაც დაინახავდნენ ...
დღესაც მგონია, რომ ცუდი არ იქნებოდა დიასპორის, საგარეო საქმეთა, კულტურისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროების თანმამონაწილეობით შექმნილიყო ლტოლვილ ბავშვთა პაწია დასი, რომელიც "გვრიტს" მოამზადებდა და სხვადასხვა ქვეყნებში აჩვენებდა მას. აქ უკვე დიასპორები დავეხმარებოდით ტექსტის თარგმნით, ადგილობრივ ენაზე გამართულად მოსაუბრე მთხრობელის პოვნით, საელჩოები საგასტროლო პროგრამის უზრუნველყოფით ...
გვიანი არც ახლაა, ხოლო პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა ...


აქვე გთავაზობთ "გვრიტის" ჩემს მიერ მომზადებულ სცენარს


გვრიტი

გაისმის “მზე შინა და მზე გარეთა”. იხსნება ფარად. უკანა პლანზე ფონად ტყეა გამოსახული. სცენის შუაგულში ოდნავ შემაღლებულზე დგას დიდი მოწნული ბუდე, რომელშიც ზის ორი ბარტყი. მათ თავს დაფარფატებს დედა გვრიტი ქართულ კაბაში და თან მღერის:
გვრიტი:
გამოვჩეკე ჩიტუნები
და დავზარდე დიდები
ამ სამ დღეში გადავაფრენ
სანავარდოდ ჩვენს ტყეში.

სცენის სიღრმეში ჩანს ყვავი. იგი იმალება და ცდილობს გვრიტს თვალში არ მოხვდეს.

გვრიტი შვილებს მოეფერება, ბუდეს აუფუმფულებს, პაწია კალათას აიღებს და სანოვაგის მოსატანად გადის სიტყვებით:

გვრიტი:

არ იცელქოთ. მალე დავბრუნდები და გემრიელ სასუსნავს მოგიტანთ.

გვრიტი გადის სცენიდან.
ფრთხილი ნაბიჯებით და მოპარვით, გვერდით და უკან მოხედვით სცენაზე შემოდის ყვავი და ამბობს:

ყვავი:
ძლივს არ წავიდა! იფ, იფ! რა მშვენიერი ბარტყებია! ამათგან დიდი ხეირი მექნება!

დაავლებს ბარტყებს ხელს, შეისვამს მხრებზე და ახლა უკვე სწრაფი , მაგრამ ისევ ქურდული ნაბიჯებით გადის სცენიდან.

მოპირდაპირე გასასვლელიდან სცენაზე შემოდის გვრიტი სავსე კალათით და შვილებს ვერ პოულობს. აქეთ-იქეთ აწყდება, ტირილსა და ვიშვიშს იწყებს.

გვრიტი:
ვაიმე რა ვქნა?! ვაიმე რა ვქნა?! სად ვეძებო ბარტყები?!
ვინ დაიდო ჩემი ცოდვა? ვინ მომტაცა შვილები?!

გვრიტი უეცრად ჩერდება და ამბობს:

გვრიტი:
ამ ტირილითა და ვიშ-ვიშით ჩემს გასაჭირს განა რა ეშველება?! ისა
სჯობია შვილების საძებნელად წავიდე.

იცმევს “რკინის ქალამნებს” (ფეხსაცმელს იცვლის) ხელში “რკინის ჯოხს” (რამე ხელჯოხი ) იღებს და სცენიდან გადის.
ფარდა ეშვება. სანამ გვრიტი ფარდის წინ სცენაზე აქეთ - იქეთ გაივლის, ფარდის უკან დეკორაცია იცვლება (აღარ არის საბუდარი – კალათა, მაგრამ ტყის ფონი რჩება) ისმის „ჩიტი გვრიტი მოფრინავდა ....“ რომელიც მთელი „მოგზაურობის” ფონია

გვრიტს წინ შემოეყრება ძაღლი ( უკრაინული ტანსაცმელი ან სხვა სიმბოლიკა):

უკრაინელი ძაღლი:
გვრიტო, გვრიტო სად მიდიხარ რა გაგჭირვებია?
გვრიტი:
ბოროტმა ყვავმა შვილები მომტაცა და იმათ საძებნელად მივდივარ.

უკრაინელი ძაღლი:
წამოგყვები და შენი მშველელი ვიქნები.

გვრიტი:
ძალიან კარგი. მადლობის მეტი რა მეთქმის!

და ერთად გაუყვებისან გზას წინ გვრიტი მიდის და უკან ძაღლი მიყვება. აქეთ – იქეთ ყურადღებით იცქირებიან და ზოგჯერ დააყურებენ კიდევაც.
გადაივლიან სცენას და რომ შემობრუნდებიან წინ წერო ( ლიტვური ტანსაცმელი ან სხვა სიმბოლიკა) დახვდებათ

ლიტველი წერო:
გვრიტო, გვრიტო სად მიდიხართ? რა გაგჭირვებიათ?
გვრიტი:
ბოროტმა ყვავმა შვილები მომტაცა და იმათ საძებნელად მივდივართ.

ლიტველი წერო:
მეც თქვენი მშველელი ვიქნები.

გვრიტი:
ძალიან კარგი. მადლობის მეტი რა მეთქმის!

ახლა სამნი მიდიან: გვრიტი, ძაღლი და ბოლოს წერო. აქეთ – იქეთ ყურადღებით იცქირებიან და ზოგჯერ დააყურებენ კიდევაც.
გადაივლიან სცენას და რომ შემობრუნდებიან წინ კოდალა (ლატვიური ტანსაცმელი ან სხვა სიმბოლიკა) დახვდებათ

ლატვიელი კოდალა:
გვრიტო, გვრიტო სად მიდიხართ! რა გაგჭირვებიათ?
გვრიტი:
ბოროტმა ყვავმა შვილები მომტაცა და იმათ საძებნელად მივდივართ.

ლატვიელი კოდალა:
მეც თქვენი მშველელი ვიქნები.

გვრიტი:
ძალიან კარგი. მადლობის მეტი რა მეთქმის!

ახლა ოთხნი მიდიან: გვრიტი, ძაღლი, წერო და ბოლოს კოდალა. აქეთ – იქეთ ყურადღებით იცქირებიან და ზოგჯერ დააყურებენ კიდევაც.
გადაივლიან სცენას და რომ შემობრუნდებიან წინ ბუ (ესტონური ტანსაცმელი ან სხვა სიმბოლიკა) დახვდებათ

ესტონელი ბუ:
გვრიტო, გვრიტო სად მიდიხართ! რა გაგჭირვებიათ?
გვრიტი:
ბოროტმა ყვავმა შვილები მომტაცა და იმათ საძებნელად მივდივართ.

ესტონელი ბუ:
მეც თქვენი მშველელი ვიქნები.

გვრიტი:
ძალიან კარგი. მადლობის მეტი რა მეთქმის!

ახლა ხუთნი მიდიან: გვრიტი, ძაღლი, წერო, კოდალა და ბოლოს ბუ. აქეთ – იქეთ ყურადღებით იცქირებიან და ზოგჯერ დააყურებენ კიდევაც.
გადაივლიან სცენას და რომ შემობრუნდებიან წინ არწივი (პოლონური ტანსაცმელი ან სხვა სიმბოლიკა) დახვდებათ

პოლონელი არწივი:
გვრიტო, გვრიტო სად მიდიხართ! რა გაგჭირვებიათ?
გვრიტი:
ბოროტმა ყვავმა შვილები მომტაცა და იმათ საძებნელად მივდივართ.

პოლონელი არწივი:
მეც თქვენი მშველელი ვიქნები.

გვრიტი:
ძალიან კარგი. მადლობის მეტი რა მეთქმის!

ახლა ექვსნი მიდიან: გვრიტი, ძაღლი, წერო, კოდალა, ბუ და ბოლოს არწივი. აქეთ – იქეთ ყურადღებით იცქირებიან და ზოგჯერ დააყურებენ კიდევაც.
გადაივლიან სცენას და რომ შემობრუნდებიან წინ მამალი, ლომი და ინდაური (საფრანგეთის, ინგლისისა და აშშ-ს ტანსაცმელი ან სხვა სიმბოლიკა) დახვდებათ.

მამალი, ლომი, ინდაური:
გვრიტო, გვრიტო სად მიდიხართ?! რა გაგჭირვებიათ?

გვრიტი:
ბოროტმა ყვავმა შვილები მომტაცა და იმათ საძებნელად მივდივარ ჩემს მეგობრებთან ერთად.

მამალი, ლომი, ინდაური:
ჩვენც თქვენი მშველელი ვიქნებით.

გვრიტი:
ძალიან კარგი. მადლობის მეტი რა მეთქმის!

ახლა ცხრანი მიდიან: გვრიტი, ძაღლი, წერო, კოდალა, ბუ, არწივი და ბოლოს მამალი, ლომი და ინდაური. აქეთ – იქეთ ყურადღებით იცქირებიან და ზოგჯერ დააყურებენ კიდევაც.
უეცრად ბარტყების ტირილის ხმას გაიგოინებენ და შედგებიან.

გვრიტი:
შვილების ხმა მესმის. აქ არიან ჩემი ბარტყები.

გვრიტს მაშინვე უნდა გაიქცეს შვილების დასახსნელად, მაგრამ თანამგზავრები აჩერებენ. გამოდიან სცენის წინ და მათ უკან ფარდა ეშვება.
( ამ დროს ფარდის უკან დეკორაცია იცვლება. )

ინდაური:
ეგ ყვავი ძლიერი და ბოროტია.
არწივი:
ჩვენ მას ჭკუით და ხერხით უნდა ვაჯობოთ. M
ბუ:
ჯერ მოვიფიქროთ ვის რა შეგვიძლია.
ლომი:
ვინ რას გავაკეთებთ
მამალი:
ღამეს დაველოდოთ და როცა დაიძინებს ბარტყები ჩუმად
ამოვასხათ და გვრიტმა ისინი სახლში წაიყვანოს. ჩვენ კი ყვავს
მათი დაწევის საშუალება არ მივცეთ.

ყველანი ერთად:
კარგი აზრია

ფარდა იხსნება, სცენაზე ნაკლები შუქია (ღამეა) ყვავს სძინავს. ისმის მისი ხვრინვა. მეგობრები შემოდიან და ბარტყებს გალიიდან ანთავისუფლებენ. ბარტყები სიხარულით ჭყლოპინს იწყებენ და ყვავი იღვიძებს.
სანამ ის სანთელს ეძებს და შუქს აანთებს მეგობრები გვრიტს და მის ბარტყებს გადაეფარებიან და ყვავს მიმართავენ:

ძაღლი:
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა შენ ასე ცუდად იქცევი.

წერო:
ჩვენ არ მოგცემთ ნებას, რომ დედას შვილები წაართვა!

კოდალა:
შვილები ხომ შენცა გყავს?!

ბუ:
შენი თავი წარმოიდგინე იმ საბრალო გვრიტის ნაცლად.

არწივი:
ღმერთი მაღალია! ყველაფერს ხედავს! მაგრამ იგი მოწყალეცაა და
თუ შენს ცოდვებს მოინანიებ შეგინდობს და არც ჩვენ გაგრიყავთ
ჩვენი საძმოდან.
ყვავი:
მივხვდი, მივხვდი, მეგობრებო, ჩემს დანაშაულს და პირობას გაძლევთ
ასეთ ცუდ საქციელს აღარასოდეს ჩავიდენ. გვრიტსაც ბოდიშს
მოვუხდი, თუ მაპატიებს.

გვრიტი (ბარტყებით ხელში):
მიხარია, რომ მიხვდი შენს შეცდომას. შენი დასჯა სულაც არ
მინდა, თუმცა ღირსი კი ხარ, მაგრამ მე მხოლოდ ჩემს შვილებში
წყნარად და ტკბილად ცხოვრება მინდა.
ყვავი:
მაშ შევრიგდეთ!
მეგობვრებო, გპირდებით აღარასოდეს აღარ ჩავიდენ ცუდ საქმეს.
დღეიდან მე ბოროტი ყვავი აღარა ვარ. დღეიდან მეც თქვენს მეგობრად
მიგულეთ!

ყველანი ერთად ცეკვავენ და მღერიან:

„წუთისოფელი ასეა
დღეს ღამე უთენებია
რაც მტრობას დაუნგრევია
სიყვარულს უშენებია ...“

ფარდა ეშვება.

1 komentarz:

  1. ა, ბატონო! მაინცა და მაინც უცხოელმა თუ არ გააკეთა ისე ჩვენით ხომ თავას ვერაფერს მოვაბამთ, არა?

    „ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს?!“ - სამი პრიზით ედინბურგიდან ... სპექტაკლი „ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს?!“ რუსთაველის თეატრის, ნაციონალური თეატრისა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეიქმნა http://7days.ge/index2.php?newsid=2535

    OdpowiedzUsuń