piątek, 14 maja 2010

გეოპოლიტიკის რომანტიკოსი


ჭადრაკში არსებობს პატის მცნება, როცა გაქვს სვლის უფლება მაგრამ რეალურად ყველა შენი ფიგურა უქმია. ალბათ ასე შეიძლება დახასიათდეს სმოლენსკის შემდგომი საერთაშორისო ურთიერთობები ევროპის პოლიტიკურ დაფაზე.

ბოლო წლებში მოძლიერებული რუსეთი, რომელსაც დაუსჯელად შერჩა 2008 წელს საქართველოში განხორციელებული ოკუპაცია და ანექსია, დარწმუნდა რომ ფაქტიურად შიშსა „მორჩილებს ყოველი, იგიცა ვინც ძლიერია”, რომ „შიში შეიქმს სიყვარულსა”, რომ ეს შიშიც ყველას სხვადასხვაგვარი შეიძლება გააჩნდეს - ზოგს III მსოფლიო ომის და ზოგს ზამთარში უგაზობის – დაინახა და ბევრიც არ დაახანა: გააპროტესტა ამერიკის სარაკეტო ბაზის მშენებლობა პოლონეთში, შემდეგ იყო Nord Stream-ი, ყირგიზეთი, ნარინჯისფერების დამარცხება უკრაინაში და სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის ბაზირების ხელშეკრულების, უკვე იანუკოვიჩისეულ პარლამენტში, გაფორმება და სხვა და სხვა. ეს ყველაფერი გახლავთ სწორედ ის პატური მდგომარეობა რაშიც ჩააყენა ევროპა რუსეთ-გერმანულმა თანამეგობრობამ, ჯერ შროდერის პირადმა ინტერესებმა და შემდეგ კი მისი მემკვიდრის, მერკელის, რუსოფილიამ თუ პოლიტიკურმა ახლომხედველობამ.

სმოლენსკის კატასტროფაც სწორედ ამ კუთხით უნდა იქნეს განხილული: ვის უშლიდა ხელს პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი გუნდი? ცხადია, რომ რუსეთის იმპერიულ ამბიციებს მხოლოდ კაჩინსკი ვერც ძმასთან (რომელიც თავადაც უნდა ყოფილიყო იმ თვითმფრინავში, მაგრამ 86 წლის დედის, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცის ვაჟიშვილის დაღუპვის შესახებ, მძიმე ავადმყოფობის გამო დარჩა ვარშავაში) ან თუნდაც გუნდთან ერთად ვერ შეაფერხებდა, მაგრამ სულ უფრო მეტი ქვეყანა ცენტრალურ და სამხრეთ -აღმოსავლეთ ევროპაში აცნობიერებდა მათი ქვეყნების ერთ ბლოკად შეკვრის პერსპექტივას. ამ ქვეყნების რუსეთის გავლენის სფეროდან საბოოლოოდ თავის დაღწევის შესაძლებლობა, ამ ქვეყნების გაერთიანება და ერთ მძლავრ ბლოკად ჩამოყალიბება, ძველი ევროპის ეგოცენტრისტული პოლიტიკის უსიტყვო სტატისტებიდან მათი რეალურ მოთამაშეებად გარდაქმნა კი გახლდათ სწორედ პრეზიდენტ კაჩინსკის მიერ წარმოებული საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი.

პოლონეთს პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ასეთი ბლოკის ცენტრალურ ფიგურედ განიხილავდა და დარწმუნებული იყო რომ პოლონეთს ამის რეალური პოტენციალი გააჩნდა როგორც ტერიტორიულ-მოსახლეობრივი თუ კულტურულ-ცივილიზაციური ასევე პოლიტიკურ-ეკონომიკური რესურსის თვალსაზრისით. ცხადია პოლონეთის პრეზიდენტის ასეთი აქტიურობა მხედველობიდან არ გამორჩენია არც რუსეთსა და არც დასავლეთ ევროპას, რომელიც, ამერიკისგან განსხვავებით, სულაც არ მიესალმებოდა მეორე მსოფლიოს ქვეყნების მიერ საკუთარი ინტერესების წინა პლანზე წამოწევას. სასწრაფოდ უნდა მოძებნილიყო საპირწონე და მოიძებნა კიდეც პრაგმატულ-ამბიციური, მორალურ-ეთიკურ მუხრუჭებს მოკლებული ძალა, რომელმაც საოცარი მონდომებით და არანაკლები ახლომხედველური პოლიტიკით ფაქტიურად ნებაყოფლობით იტვირთა რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნება.

ეს იყო ის წინაპირობა რამაც შესაძლებელი გახადა, რომ რუსეთს პოლონეთშივე ეპოვა ის დასაყრდენი რომელიც მისი ამბიციების ფრონტის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან ე.წ. სახალხო დემოკრატიის ქვეყნებზე გავრცელებას უზრუნველყოფდა..

ცხადია მოსახლეობას ეს ყველაფერი სათანადოდ შეფუთული უნდა მიწოდებოდა. სწორედ ამას ემსახურებოდა პრეზიდენტის წინააღმდეგ აგორებული დისკრედიტაციისა და გაშარჟების აღვირახსნილი პოლიტიკა რომელსაც აქაური ჟურნალისტები ჯერ დასავლეთში თავად გადასცემდნენ და შემდეგ კი დასავლეთის პოლიტიკოსების თუ მასმედიის მოსაზრებებად უკან დაბრუნებულს ციტატებად აწვდიდნენ მკითხველებს, მაყურებლებსა თუ მსმენელებს, რაც გლობალიზაციის დღევანდელ პირობებში დიდ შრომას და გონებამახვილობას არ საჭიროებდა.

რა მოხდა კატინში? კატინი ეს პოლონელი ერის მოუშუშებელი ჭრილობა რომელიც 70 წლის განმავლობაში ტაბუ დადებული იყო და რომელსაც რუსეთი გერმანელებს აბრალებდა, მაგრამ როცა გორბაჩოვსა და ელცინს დასავლეთში დემოკრატიზაციის ნიღბად დასჭირდა ოდნავ ხილაბანდი აუწია, ამჯერადაც სატყუარად გამოიყენა. პრეზიდენტი და მისი გუნდი კატინში განხორციელებული გენოციდის მთელი სიმართლის გამჟღავნებისა და პასუხისმგებლობის საკითხს ცალსახად აყენებდნენ, რადგან მიაჩნდათ, და სამართლიანადაც, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობას ტყუილი და გადუჭრელი პრობლემები სასიკეთოს არაფერს ჰმატებენ.

ის ხალხი, ვისაც თავი პრაგმატულ პოლიტიკოსებად მიაჩნიათ და სინამდვილეში კი ვერ აცნობიერებენ ან არ სურთ გააცნობიერონ არადემოკრატიზირებული, არამოდერნიზებული რუსეთის გაძლიერების საფრთხე დიდი მონდომებით ჩაერთო რუსეთის მიერ შემოთავაზებულ თამაშში და ისიც რუსული წესებით. ამ ხალხთან ისურვა პუტინმა კატინის 70 წლისთავის აღნიშვნა 7 აპრილს და ამ ღონისძიებაზე პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არ მიიწვია. ამიტომ გახდა იძულებული ლეხ კაჩინსკი და მასთან ერთად პოლონური საზოგადოების უმშვენიერსი და საუკეთესო ნაწილი 10 აპრილს, ისევე როგორც ადრე ყოველწლიურად არაოფიციალურ ვიზიტად გამგზავრებულიყვნენ კატინის ტყეში კეფაში ტყვიით დახვრეტილი პოლონელი ოფიცრების, შლიახტისა და სამღვდელოების, იმდროინდელი პოლონეთის უერთგულესი შვილების (ზოგადად კი კატინში დახვრეტილი იქნა პოლონეთის უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის 25% ) საფლავების მოსალოცად.

სმოლენსკის სამხედრო აეროდრომი „სევერნი”, სრულიად უქმი წელიწადის უმეტეს დროს, აბსოლუტურად მოკლებულია ნავიგაციის თანამედროვე ტექნიკას, რომელიც პუტინ-ტუსკის ვიზიტის დროს იქ სპეციალურად იქნა მიტანილი და მათი წასვლის შემდეგ დემონტირებული თუმცა კარგად იყო ცნობილი რომ 10 აპრილს ანუ 2 დღის შემდეგ იმ საქათმის მსგავს ნაგებობას რასაც ფრენის საკონტროლო კოშკს ძნელად თუ დაარქმევს ადამიანი უნდა უზრუნველყო მეზობელი სახელმწიფოს უმაღლესი პირის უსაფრთხო მიღება. ამიტომ კატასტროფის პირველი წუთებიდანვე რუსეთი საინფორმაციო ქაოს და ვაკუუმს ჰქმნის. იგი ცდილობს დაამტკიცოს რომ:

1. სმოლენსკის აეროდრომი და ფრენის საკონტროლო სისტემა პრეზიდენტის მისაღებად მზად და წესრიგში იყო;
2. სავარაუდო მიზეზებიდან გამორიცხოს თვითმფრინავის კაპიტალური რემონტი, რომელიც სამარაში (რუსეთი) 2009 წლის მაისიდან დეკემბრამდე იქნა ჩატარებული.

ამავე დროს გულისამაჩუყებელი სცენებით ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოს, რათა პოლონელებს რაც შეიძლება მეტად დამწუხრებულად მოაჩვენოს თავი. თუმცა ეს სულ უფრო და უფრო ნაკლებ შედეგიანია.

პოლონელები დღეს უკვე ხმამაღლა მოითხოვენ საკუთარი ხელისუფლებისგან პასუხებს იმ კითხვებზე რაც ამ ერთი თვის განმავლობაში დაგროვდა და დღემდე პასუხგაუცემელია:

1. რატომ არ აამოქმედა ტუსკის ხელისუფლებამ რუსეთსა და პოლონეთს შორის 1993 წელს დადებული ორმხრივი ხელშეკრულება, რომელიც სამხედრო თვითმფრინავების ავიაკატასტროფების ერთობლივ კვლევას ითვალისწინებს და რატომ დაუქვემდებარე პოლონეთის ბორტი #1, რომელიც სამხედრო მანქანა გახლდათ, რომელზეც დაიღუპნენ პოლონეთის პრეზიდენტი, ამავე დროს სამხედრო მთავარსარდალი, და მასთან ერთად პოლონეთის შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის ჯარების სარდლები და უმაღლესი ოფიცრები
2. რატომ არ განიხილავს პოლონეთის მხარე მის საკუთრებაში არსებულ თვითმფრინავს საკუთარ ტერიტორიად როგორც ეს მიღებულია საერთაშორისო სამართალში
3. რატომ არ ითხოვა პოლონეთმა, NATO-სგან, რომლის წევრიც არის, დახმარება თუნდაც სატელიტური რუქებისა და ჩანაწერების სახით

ეს არის უმთავრესი საკითხი, რასაც უნდა განესაზღვრა კატასტროფის კვლევისა და გამოძიების ( ორი სხვადასხვა სფეროა) დაქვემდებარების სამართლებრივი ასპექტი.

დღეს კი მდგომარეობა წარმოუდგენლად უცნაურად მიმდინარეობს – კატასტროფიდან ერთი თვის თავზე ჯერ კიდევ არ არის დადგენილი კატასტროფის ზუსტი დრო. თავდაპირველად იყო დასახელებული 8:56 ვარშავის დროით, მაგრამ ცნობისმოყვარე ჟურნალისტებმა გამოქექეს და ხელისუფლებაც იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ კატასტროფა 8:41-ზე გვიან ვერ მოხდებოდა. ბუნებრივია ისმის კითხვა: ვის დასჭირდა ეს 15 წთ და რისთვის?
რატომ ითქვა, რომ მფრინავმა რუსული არ იცოდაო, როცა სრულყოფილად ფლობდა რუსულ ენას?
რატომ ითქვა, რომ დაფრენის ოთხი მცდელობა იყო, როცა აღმოჩნდა რომ თვითმფრინავი პირველსავე მცდელობაზე ჩამოვარდა?
რატომ ცვლიდნენ რუსი სამხედროები აეროდრომის საფრენი ბილიკის მიმმართველი განათების ნათურებს კატასტროფის შემდეგ?
რატომ და ვინ არ მიაწოდა ეკიპაჟს სათანდო მეტეოროლოგიური ინფორმაცია დროულად?
როგორ აღმოჩნდა თვითმფრინავი ასეთ დაბალ სიმაღლეზე და ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან ასე დაშორებით, ანუ რატომ ჰქონდა თვითმფრინავს ასეთი უჩვეულო დაშვების ტრაექტორია. დახრილი სწორი ხაზის ნაცვლად მიწასთან მიახლოვებული ჰიპერბოლა. დასაჯდომ ბილიკამდე 2 კმ-ით ადრე სიმაღლე ჰქონდა უკვე 10 მ. ასეთი სიმაღლე უნდა ჰქონდეთ უკვე დასაჯდომ ზოლზე, თანაც ზოლს 150 მ და 45 გრადუსით როგორ ასცდა ისეთი გამოცდილი ეკიპაჟი როგორიც მართავდა TU–154M -ს?
როგორ წამოედო თითქმის 12 მეტრის სიმაღლის მქონე თვითმფრინავი ხეს 6-7 მეტრის სიმაღლეზე?
6 – 7 მეტრის სიმაღლეზე ხეს წამოდებული თვითმფრინავის ნამსხვრევები როგორ გაიფანტა 800-900 მეტრის სიგრძეზე?
როგორ მოხდა, რომ ასეთი დაბალი სიმაღლიდან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრებიდან არა თუ არავინ გადარჩა, არამედ ცხედრების 85,4%-ის ამოსაცნობად გენეტიკური ანალიზი გახდა საჭირო?
რა მიზნით ჯდებოდა სმოლენსკის აეროდრომზე პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის თითქმის თანადროულად რუსული სამხედრო IL-76

ტექნიკური ხასიათის კითხვები ძალიან ბევრია, მაგრამ უმთავრესი ალბათ მაინც პოლონეთის ხელისუფლების კვლევა-გამოძიების სამართლებრივი საკითხში გამოჩენილი უუნარობაა. ამიტომაც დაარსდა საზოგადოებრივი მოძრაობა „10 აპრილი“, რომელიც აცნობიერებს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მცდელობას მწვავედ სვამს კითხვებს და მოითხოვს საეთაშორისო გამოძიებას.

პოლონური ფონდის „კატინი”-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პროფესორ იაცეკ ტრზნადელის მიერ პოლონეთის პრემიერის დონალდ ტუსკის სახელზე შედგენილ მიმართვაში, რომელიც გავრცელდა ინტერნეტითაც და რომელსაც 9 მაისს პრეზიდენტის სასახლის წინ ათეულ ათასობით ადამიანმა მოაწერა ხელი, ნათქვამია:
„2010 წლის 10 აპრილს, სმოლენსკში მომხდარ კატასტროფას, რომლის დროსაც პოლონეთის პრეზიდენტი და ქვეყნის უმთავრესი ინსტიტუტების უმაღლესი პირები დაიღუპნენ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისათვის, რადგან ეს კატასტროფა მოხდა არა პოლონეთში, არამედ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, მოგმართავთ, ბატონო პრემიერო, კატასტროფის გამომწვევი მიზეზების გამოსაძიებლად, შეიქმნას დამოუკიდებელი, საერთაშორისო საგამომძიებოლო კომისია. მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტებისაგან შემდგარი კომისიის დასკვნა მნიშვნელოვანი იქნება საზოგადო აზრისა და ისტორიისათვის...”

„შეთქმულების თეორიის“ გაშარჟება ახლა სამთავრობო მასმედიაში ძალიან აქტუალურია, თუმცა ეს ვერ შველის ამდენ პასუხგაუცემელ კითხვას, ხოლო კატინის ერთხელ უკვე გადმოცემული მასალების ხელმეორედ გადმოცემის ფაქტით აღფრთოვანება, ინტელექტუალებისა და, როგორც აქ უწოდებენ, III ჟეჩ პოსპოლიტას სალონისტების რუსეთისადმი უეცრად გაღვიძებული სიყვარული და საბჭოთა ჯარისკაცების საფლავებზე სანთლების დანთების აქციები ბევრი, კიდევ უფრო სერიოზული, კითხვების მიზეზი ხდება. პოლონეთის მოსახლეობა ყველა ამ კითხვაზე ეძებს პასუხს, რაზეც მეტყველებს თუნდაც ისეთი ფაქტიც, რომ პოლონეთში 10-ჯერ გაიზარდა ამ დღეებში ინტერნეტით სარგებლობა. რამდენჯერმე გაიზარდა იმ გაზეთების გასაღება, რომლებიც ობიექტურად ცდილობენ ამ ტრაგედიის გამოძიებას.

პოლონეთის ტელევიზიამ გადაიღო დოკუმენტალური ფილმი „სოლიდარნი 2010“, სადაც ნათლად ჩანს სიყვარულისა და გულწრფელი გლოვის ის ატმოსფერო, რომელიც სუფევდა ვარშავის ქუჩებში. მართველმა ელიტამ დაიწყო ამ ფილმის ავტორების უსასტიკესი დევნა. ზოგიერთი ინტელექტუალი თავს იმის უფლებასაც აძლევს, რომ განსხვავებული აზრი დაგმოს ან გააშარჟოს მაინც, რაც სმოლენსკის ტრაგედიის შემდეგ წინა პლანზე წამოსული სამოქალაქო საზოგადოების ერთსულოვნებისა და სოლიდარობის შემცირებას ისახავს მიზნად. მათ აშინებთ საზოგადოების ასეთი მძაფრი რეაქცია ამ მართლაც გაუგონარ ტრაგედიაზე.

მე ვერ დავსწარი საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაკრძალვას. ბედმა ასე ინება, რომ შევძელი პატივი მიმეგო პოლონეთის პრეზიდენტს ლეხ კაჩინსკისათვის და მინდა გითხრათ ჩემთვის ისინი თავისუფლების, დამოუკიდებლობის, სუვერენული სახელმწიფოებრიობის ერთნაირი სიმბოლოები არიან. როცა აქ დაიწერა, რომ თანამედროვე ისტორიას არ ახსოვს მართალი პოლიტიკოსის ასეთი დევნაო, ამან ჩემში პროტესტის გრძნობა დაბადა – ახსოვს! როგორ არ ახსოვს! ზვიად გამსახურდია, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტიც ასე გარიყეს და გაიმეტეს. ალბათ იმიტომ რომ ორივენი „დინების წინააღმდეგ მიცურავდნენ“ უპირველესი ღირებულების, ჭეშმარიტების სათავის ამოსაცბობად. საოცარია, კიდევ ერთი პოლონელი, ღირსეული პიროვნება, პაპი იოანე პავლე II, თავის ლექსში მოუწოდებდა, ჭეშმარიტებას მოწყურებულებმა დინების საწინააღმდეგოდ უნდა იცუროთო.

18 აპრილს ლეხ ალექსანდერ კაჩინსკი და მისი უსათნოესი მეუღლე მარია ჰელენა მაცკევიჩ-კაჩინსკა თვითმფრინავის ფრთების ქნევით (ეს იყო დაუვიწყარი სურათი) დაემშვიდობნენ საყვარელ ქალაქ ვარშავას და კრაკოვის ვაველში, მის გულის-გულში ერთად, ერთ სარკოფაგში დაიკრძალნენ. ერისაგან პიროვნების, პრეზიდენტის უფრო მეტი პატივი და დაფასება წარმოუდგენელია. დაიკრძალა მისი პოლიტიკური იდეალის იუზეფ პილსუდსკის აკლდამაში პოლონეთის დედოზარის “ზიგმინდის” სამრეკლოს მიწისქვეშა კელიაში. უამრავი ხალხი, სრული სამხედრო ღირსებითა და ფარდაგად დაფენილი ყვავილებით მიაცილებდა უკანასკნელ გზაზე და საოცრად ამაყი ვიყავი, რომ ოჯახის წევრების გარდა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს ერგო პატივი სარკოფაგში ჩასვენების ცერემონიასაც დასწრებოდა. ამაყი ვიყავი, რომ მაშინ როდესაც ბევრი უცხოელი ლიდერი ვერ ან არ ჩამოვიდა, ლეხ და მარია კაჩინსკების წინაშე ვალში მყოფი პატარა საქართველოს ხუთ ქვეყანა გამოვლილმა და თითქოს მართლაც გადაულახავი წინააღმდეგობის დამძლევმა პრეზიდენტმა მათ წინაშე მეგობრისა და ადამიანის ვალი პირნათლად მოიხადა.

ძმები კაჩინსკები, ეს ტყუპი ძმები, ინტელიგენტურ და პატრიოტულ ოჯახში გაიზარდნენ. მათი მამა მეთაურობდა იმ ბატალიონს, რომელიც ვარშავის აჯანყების დროს პირველი გადავიდა შეტევაზე. საქართველოს სიყვარულიც მამამ შთააგონათ. უყვებოდა მათ, რომ ქართველები საოცარი ხალხია, რომ 200 ქართველი გმირულად იბრძოდა პოლონელების გვერდით. ლეხ კაჩინსკიმ, როცა იგი ვარშავის პრეზიდენტი იყო, ააშენა ვარშავის აჯანყების მუზეუმი, რომლის ეზოში გახსნა (უკვე პოლონეთის პრეზიდენტის რანგში) პოლონეთის ჯარში მებრძოლი ქართველი ოფიცრების მემორიალური ობელისკი. მის გახსნაზე საქართველოს პრეზიდენტიც დაპატიჟა და როცა ქართველმა თარჯიმანმა წაიფორხილა ლეხ კაჩინსკიმ თავად წააშველა სიტყვა: ”პოლონეთის პრეზიდენტის პილსუდსკის მრჩეველი სამხედრო საკითხებში გენერალი ანდრონიკაშვილი”. ზეპირად იცოდა ქართველი მეომრების გვარები და უაქცენტოდაც გამოთქვამდა მათ.

საოცარი კაცი იყო. ბევრი პოლიტიკოსი პოლონეთშიც და ევროპაშიც არ იზიარებდა მის ანგაჟირებას საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში, მაგრამ იგი მიზანდასახულად აგრძელებდა თავის მისიას. ბუქარესტში NATO -ს შეკრებაზე საქართველოსა და უკრაინასთვის მაპის მინიჭებისთვის როგორ იბრძოდა – ეს შეიძლება საქართველოში ბევრმა არც იცის - მხოლოდ მერკელს 3-ჯერ ელაპარაკა. გადმოიბირა კიდევაც ჩვენ მხარეზე რამდენიმე ქვეყანა. ბოლოს კი პირდაპირ, ღიად სთქვა: „საფრანგეთმა და გერმანიამ ჩრდილოეთატლანტიკურ იდეას უღალატეს“

ლეხ კაჩინსკი ხშირად იმეორებდა: „ჩემი ხალხის ტრადიცია არის ბრძოლა ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის”. მისი დევიზი იყო: „უფალი, ღირსება, სამშობლო”, საერთაშორისო პოლიტიკა კი სამ უნივერსალურ ფასეულობას ეფუძნებპდა: სოლიდარობა, თავისუფლება, უსაფთხოება. თავის მთავარ მისიად ამ პრინციპების გატარებას თვლიდა არა მხოლოდ ცენტრალური ევროპისთვის, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთისთვისაც. საგულისხმოა მისი 2008 წლის 18 აგვისტოს (ომის შემდეგ ერთ კვირაში) „Newsweek”-სთვის მიცემული ინტერვიუ: „პრეზიდენტ სარკოზის ჰქონდა უფლება წამოეყენებია ინიციატივა (რუსეთის ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად), მაგრამ უკეთესი იქნებოდა ევროკავშირისთვის, პოლონეთისთვის, და ვფიქრობ საქართველოსთვისაც, ჯერ კონსულტაციები ჩაეტარებინა ... სარკოზის უნდა ესმოდეს, რომ ევროკავშირი მხოლოდ საფრანგეთი და გერმანია არ არის ...”

ერთ-ერთმა ცნობილმა პოლონელმა პოლიტიკურმა ექხპერტმა მარეკ მაგიეროვსკიმ მას ”გეოპოლიტიკის რომანტიკოსი” შეარქვა და თავის სტატიას სათაურით “სურდა მხოლოდ რომ ევროპა ყოფილიყო ცოტა უფრო სოლიდარული” ეს სურათი დაურთო



შეუძლებელია არ მოვიყვანო 2008 წ. 12 აგვისტოს თბილისში წარმოთქმული მისი სიტყვები: ”აქ ვართ რათა ბრძოლა წამოვიწყოთ. პირველად, დიდი ხნის შემდეგ, ჩვენმა მეზობელმა აჩვენა თავისი ნამდვილი სახე, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ საუკუნების მანძილზე. მას ჰგონია, რომ მეზობელი ერები მას უნდა ემორჩილებოდნენ. ჩვენ ვამბობთ არა!”

იმდენად თვალნათლად აჩვენა საკუთარი პრინციპების ერთგულება, ვაჟკაცობა და სიმამაცე, რომ თვითონ ადამ მიხნიკი, საკუთარ თავს რუსოფილს რომ უწოდებს, ძმები კაჩინსკების დაუძინებელი იდეური მტერი (“გაზეტა ვიბორჩას” მთავარი რადაქტორი), რომელსაც წლების მანძილზე კაჩინსკის წიმააღმდეგ ომი ჰქონდა გამოცხადებული, 2008 წლის 10 სექტემბერს თავის გაზეთში დაწერს დაუჯერებელ, წარმოუდგენელ სიტყვებს:

”ძალიან დიდად ვაფასებ პრეზიდენტ კაჩინსკის ჩასვლას თბილისში. პირველად ვიგრძენი სიამაყე, რომ ჩემი სახელმწიფოს პრეზიდენტმა ასე კარგად გამოხატა, პოლონური და აგრეთვე ჩემი წარმოდგენა თავისუფლების ეთოსზე, ღირსებაზე, ისტორიული ტრადიციებზე და პოლიტიკური სიბრძნეზე საქართველოში ვიზიტის დროს. კაჩინსკიმ გააკეთა მაქსიმუმი იმისა რაც შეიძლებოდა იმ მომენტში გაკეთებულიყო. ეს იყო არაჩვეულებრივი სიტუაცია, რადგან იბომბებოდა საქართველოს ქალაქები. ამ სიტუაციაში საჭირო იყო საოცარი პასუხი და კაჩინსკიმ ის მონახა.

ეს სურათი სამუდამოთ დარჩება ჩემს მესიერებაში: ლეხ კაჩინსკი დაბნეული, დაღლილი, მაგრამ მებრძოლი. პატარა მამაკაცი, რომელიც დგას თავისი უფრო მაღალი მეგობრების: სააკაშვილის, იუშენკოს და ესტონეთის პრეზიდენტის ხენდრიკ ილვესის ფონზე. პატარა პოლონელი რაინდი, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო ნაპოლეონი, დალაილამა, მანდელა, რონალდ რეიგანი და მარშალი პილსუდსკი ერთდროულად...”

საოცარია, მაგრამ გლოვის დღეებში მიხნიკისავე “გაზეტა ვიბორჩამ” ლეხ კაჩინსკის შესახებ ბევრი, რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკული სტატია დაბეჭდა და ატეხა ისტერიული კამპანია, არ უნდა დასაფლავდეს კრაკოვის პანთეონში – ვაველზეო, და იქვე, იგივე მიხნიკი მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, სარედაქციო სტატიაში სათაურით: “НАШИ СЕРДЦА ДРОГНУЛИ”, მადლობას უხდის რუსეთს - ერთ გვერდზე, ორ ენაზე: რუსულად და პოლონურად, სურათით, სადაც “მწუხარე” პუტინი პოლონეთის პრემიერს ტუსკს გადახვევია და მხარზე ხელს უთათუნებს. ამის კომენტარი შეუძლებელია

ძმებმა კაჩინსკებმა დიდი იმპულსი მისცეს პოლონეთს. საგულისხმოა, რომ პოლონეთი ერთადერთია ევროპაში ვისაც ეკონომიკაში დადებითი ზრდა აქვთ. ეს წინა ხელისუფლების, PiS-ის დამსახურებაა. თვითონ სახელმწიფოს ჯერ არაფერი ემუქრება, მაგრამ პოლონეთის განვითარება შენელდება თუ მარტო ტუსკის პარტია „პლატფორმა ობივატელსკა” (PO) დარჩება ხელისუფლებაში. პოლონეთში პრაქტიკულად ყალიბდება ორპარტიული სისტემა, რადგან ეს ორი პარტია ჯამში ხმების 80-85 %-ს იღებს. მართალია პარლამენტში ამჟამად კიდევ 2 პარტიაა, მაგრამ მათ მხოლოდ 5-7% აქვთ.

საბედნიეროდ, იაროსლავ კაჩინსკიმ შეძლო ძალების მოკრება და 26 აპრილს, კანონით განსაზღვრულ ვადამდე 2 საათით ადრე შეატანინა ცსკო-ში საბუთები (თვითონ მისი პარტიის წევრის ბოლო დაკრძალვაზე იმყოფებოდა) და გაავრცელა განცხადება, რომ გრძნობს პასუხისმგებლობას დაღუპულების წინაშე და მათ საქმეს გააგრძელებს. ეტყობა მაინც იმედოვნებდნენ, რომ თავის კანდიდატურას არ წარადგენდა, რადგან როგორც იაროსლავ კაჩინსკი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს, პოლონურ, რუსულ და დასავლურ პრესაში ერთხმად დაიწყო მტკიცება, რომ მას შანსი არ აქვს. თუმცა ჩემთვის მოულოდნელი არ იყო ასეთი ისტერიული რეაქცია. ასეთივე კამპანია იყო ლეხ კაჩინსკის წინააღმდეგ 5 წლის წინათ. იაროსლავ კაჩინსკიმ 9 დღეში მოაგროვა 1.7 მილიონი მხარდამჭერის ხელმოწერა, რაც ბრწყინვალე შედეგია! ბრონისლავ კომოროვსკიმ, რომელიც PO -ს კანდიდფატია ( პარლამენტის სპიკერი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიც), 15 დღეში 690 ათასი ხელმოწერა შეაგროვა. ეს კარგად ახასიათებს ხალხის განწყობას. ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა სთქვა: „ეს ფორმალური აქცია არ არის, ეს სახალხო მოძრაობაა”. უკვე მხოლოდ 10% ჩამორჩება პარტია PO-ს კანდიდატს – ბრონისლავ კომოროვსკიხ. საქმე იმაშია, რომ ი.კაჩინსკის რეიტინგი ამ ბოლო დროს 10% გაიზარდა, ბ.კომოროვსკისა კი 10% დაიკლო. 20 ივნისს არის დანიშნული პირველი ტური. ბრძოლა ამ ორ კანდიდატს შორის იქნება. თუ ასეთი ტენდენცია შენარჩუნდება, მაშინ იაროსლავ კაჩინსკის დიდი შანსი აქვს მეორე ტურში მაინც, მოიპოვოს გამარჯვება.

იაროსლავ კაჩინსკის გამარჯვება საჭიროა პოლონეთისთვის. ჯერ ერთი იმისათვის, რომ ლეხ კაჩინსკის პოლიტიკა გაგრძელდეს, მეორე კი – ბალანსი შენარჩუნდეს ხელისუფლების შტოებს შორის. მეორე მხრივ, პოლონეთში ბევრს ეშინია, რომ ტუსკის მთავრობის და კომოროვსკის პრეზიდენტად არჩევისას პოლონეთი მოხდება რუსეთის გავლენის ქვეშ. ტუსკის პარტია PO აწარმოებს პრაგმატულ ლიბერალურ პოლიტიკას, მათთვის პირველ ადგილზე დგას კარიერა და ხელისუფლების შენარჩუნება ნებისმიერი ხერხით, თუნდაც ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე. ძმები კაჩინსკებისა და პარტია PIS-თვის პირველ ადგილზე დგას პოლონეთის ეროვნული ინტერესები.

ლეხ კაჩინსკიმ ინტერვიუში ასე შეაფასა თავისი როლი: ეჭვი არ მეპარება, რომ მე ვარ ის ზღუდე რაც არ იძლევა ისეთი სახელმწიფოს აშენების საშუალებას, რომელშიც მთლიანად განმეორებული იქნებაოდა ყველაფერი ის, რაც უარესი იყო III რესპუბლიკაში*.აი, ასეთ რთულ ვითარებაში ხდება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ პოლონელი ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს...

* - პოლონეთის II რესპუბლიკა იყო II მსოფლიო ომამდე. კომუნისტების დროს იყო პოლონეთის სახალხო რესპუბლიკა, III კი – 1990 წ-დან. 2005-2007 წწ. PIS-ს, ლეხ და იაროსლავ კაჩინსკებს პროგრამული გეგმა ჰქონდათ მე-IV რესპუბლიკის აშენება.

ვიქტორ დომუხოვსკი,
1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული უზენაესი საბჭოს დეპუტატი,
„ქარტია 2010”-ს წევრი, პოლიტემიგრანტი პოლონეთში
ვარშავა, 15.05.2010

Brak komentarzy:

Prześlij komentarz