środa, 11 kwietnia 2012

ქრისტე აღსდგა!



ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავებსა შინათა სიცოცხლის მიმნიჭებელი

ორიოდე დღის წინ კათოლიკური აღდგომა იყო.
დღეს მართლმადიდებლური ვნების კვირის ოთხშაბათია.

ჩემდაუნებურად აღდგომის ორ აღქმას ვადარებ. ქრისტიანული მრწამსი დაფუძვნებულია სამმაგ მისტერიაზე: მესიის შობა, კაცობრიობის ცოდვათა ჯვარცმით გამოსყიდვა და განწმენდილი უკვდავი სულის მკვდრეთით აღდგომა მარადიულ ნათელში.

მე ჩემეულ განცდას მოგახსენებთ.
ჩემთვის, მართალია არა ეკლესიურისათვის, მაგრამ მაინც ქართული მართლმადიდებლობის ტრადიციებზე გაზრდილისათვის, უმთავრესი ის მისიაა რისთვისაც ღმერთკაცი იშვა. სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან აღდგომა საქართველოში მუდამ განსაკუთრებულიად აღინიშნებოდა. მაშინაც კი როცა ტაძრებთან კომკავშირელი აქტივისტები მორიგეობდნენ და ამიტომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ვერც ბედავდა ეკლესიაში მისვლას, მაგრამ სახლში მაინც აცხობდა პასქას, ღებავდა კვერცხებს და ანთებდა სანთელს.

ვნების კვირა განცდისა და გააზრებისათვისაა.
შავი ორშაბათით დაწყებული დიდი ხუთშაბათ გამოვლილნი ვხვდებით წელიწადის უმძიმეს დღეს – წითელ პარასკევს.

თუმცა დიდ ხუთშაბათამდე ხომ ვნების კვირის ოთხშაბათია – ჭიაკოკონობის ღამე. სავარაუდოდ ესეც, კოცონზე გადახტომით კუდიანებისა და ავი სულებისაგან თავის დახსნა – სიმბოლიურად ცეცხლით განწმენდა, წარმართულ-ქრისტიანული სიმბიოზია. ხევსურეთში ავი სულების მიყურადების სპეციალური რიტუალიც არსებობდა რათა წინასწარ შეეტყოთ მათი ბნელი ჩანაფიქრი და განსაცდელისაგან თავი დაეზღვიათ.

სანამ პასქაზე მოგიყვებით, რომელიც წითელ პარასკევს ცხვება და დიდი შაბათის ღამეს ტაძარში უნდა იკურთხოს წითელ კვერცხებთან ერთად, მინდა მოკლედ ვთქვა რა არის კიდევ აუცილებელი სააღდგომო სუფრისათვის.

თევზი ცხადია! თევზი ხომ ქრისტიანობის სიმბოლოა.

საქართველოს ზოგ რეგიონებში და თბილისის ძველი ტრადიცისათვის ცოცხალია დამახასიათებელი, ზოგან ზუთხი ურჩევნიათ და ზოგან ლოქო ქინძმარში. ჩვენს ოჯახში, სანამ ფოთში ვცხოვრობდით, სუფრა არ გაიშლებოდა კეფალის (cefal, łoban, mugil cefal) გარეშე. შემდეგ უკვე დიდ დღესასწაულებზე ნათესავები გვიგზავნიდნენ გასუფთავებულს, მწვანე ქინძითა და ნიახურით მუცელ ამოვსებულ კეფალებს, რომლესაც ფოთი – თბილისის მატარებლის გამცილებელს ატანდნენ. ამიტომაც ჰქონდა მუცელში ის მწვანილეულობა რომ „სუნი არ დაკვროდა”. დედა იმ წვანილს გადაყრიდა, თევზს კიდევ ერთხელ ცივ წყალში კარგად გარეცხავდა და მარილგარეულ სიმნიდის ფქვილში ამოვლებულს ზეთში წვავდა. ასეთ თევზს სოუსად ბაჟაც უხდება, ტყემლის, ან პამიდვრის საწებელი გნებავთ თუ ქინძძმარი. აღდგომას ჩვენს სახლში მაინც ალუჩის მწვანე საწებელს ანიჭებდნენ უპირატესობას. თუმცა კი თბილისში ნელ-ნელა მაგრამ მაინც კეფალი კობრმა (karp) და ჭანარმა (brzana) ჩაანაცვლა. ჭანარი ეს წვერას ერთ-ერთი სახეობაა კობრისებრთა ოჯახიდან. გემრიელია მაგრამ ჩემი ბავშვობისდროინდელ კეფალს რას შეედრება.

მე ხვალ – დიდ ხუთშაბათს – შევღებავ კვერცხებს. არ მოვხატავ. ეს არ არის ჩვენში მიღებული. შევღებავ და ისიც მხოლოდ წითლად და არა ფერად- ფერადად როგორც ეს სლავური მართლმადიდებლობაშია მიღებული. ქართული წესით კვერცხი მხოლოდ წითელი უნდა იყოს, ისევე როგორ ლიტურგიაში გამოყენებული ღვინო. იგი ხომ იესოს დაღვრილი სისხლის სიმბოლოა.

„უფალმა იესომ იმ ღამეს, რომელსაც გაიცემოდა, აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: „მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული. ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად“. ასევე ასწია სასმისიც სერობის შემდეგ და თქვა: „ეს სასმისი - ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში; ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად, რამდენჯერაც სვამდეთ“. [1 კორ. 11,23-25]

კვერცხს ენდროს ძირებითა და ხახვის ნაფრცქვენში ვღებავთ. მაგრამ აქ ენდროს შოვნა გამიჭირდა და ამიტომ მხოლოდ ხახვის ნაფრცქვენით მომიწევს დაკმაყოფილება. მაინც ძალიან კარგი გამოდის – ნამდვილი ქართული ფერი აქვს ხოლმე დამჯდარი წითელი უფრო სწორად კი მწიფე ალუბლისფერი.



დადგა კიდევაც წითელი პარასკევი. მართლამადიდებლური წესით ამ დღეს, უმძიმესი, ხშირად მხოლოდ წყლითა და პურით, მარხვისა და ლოცვის გარდა, ცხვება პასქა.
აქ მცირე განმარტება მინდა გავაკეთო. “baba wielkanocna”-ს საქართველოში, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვაში, პასქას, სანელებლებიან სააღდგომო პურს, ეძახიან. ხოლო რადგანაც „ეს არის სხეული ჩემი”ო – ტრადიცია მოითხოვს იგი ტკბილი და ძვირფასი იყოს. ანუ რაც შეიძლება მეტი სანელებლებით დამშვენებული და ძვირადღირებული.

თუ პასქა სწორად იქნება გამომცხვარი იგი მთელი 40 დღე შეინახება. მრავალ ოჯახში, ჩემი ბებიების ახალგაზრდობაში, მართლაც იმდენს აცხობდნენ რომ ახლობლებში მოსაკითხადაც ჰყოფნოდათ და 40 დღის განმავლობაშიც არ შემოჰკლებოდათ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხშირად პასქა ჩვეულებრივი პურის ფუნქციასაც ასრულებდა მართლაც რომ დიდი ძალა და ენერგია იქნებოდა საჭირო იმ დროს და იმ პირობებში, იმდენი და ისეთი პასქების დასაცხობად. თუმცა ფიზიკურზე უფრო მნიშვნელოვანი ალბათ სულიერი მზაობა იყო.



სააღდგომო სადღესასწაულო სუფრა გაშლილი უნდა იყოს მთელი ბრწყინალე შვიდეულის განმავლობაში. სუფრას მრავალნაირი ტკბილეული ამშვენებს, მაგრამ სააღდგომო კრავი მაინც განსაკუთრებული სიმბოლიზმის მატარებელია. ადრე იგი შაქარყინულისა იყო, ასეთებს მეც მოვსწრებივარ, ისევე როგორც შაქარყინულისგან "ჩამოსხმულ" ყურძნის მტევნებს. დღეს კი უკვე კრავს კექსის ცომით შესაბამის ფორმებში ვაცხობთ ხოლმე. იგი გემოს მეტი არაფრით განსხვავდება ვარშავის მაღაზიებში სააღდგომოდ გამოტანილი "კრავებისაგან".

სააღდგომო ტკბილი სუფრის მშვენება "ხაჭოს პასკა" გახლავთ. მას წაკვეთილი პირამიდის ფორმა აქვს იმ სამარხის სიმბოლოდ სადაც მკვდრეთით აღდგომის მისტერია განხორციელდა. ასეთ პასკაზე აუცილებლად არის გამოყვანილი ჯვრის გამოსახულება და აწერია ორი ასო "ქ" და "ა", ანუ "ქრისტე აღსდგა". ვისაც არა აქვთ ასეთი პასკებისთვის სპეციალური ფორმები და ამისთვის ყვავილის ქოთანს იყენებს ჯვარი და ასოები ცუკატებითა და ხმელი ხილით გამოჰყავთ...

სააღდგომო წითელი კვერცხი

საჭირო ინგრედიენტი:
· 30ც. კვერხცი (სასურველია მკვრივი ნაჭუჭის და მუქი ფერის "სოფლის")
· 2-3 შეკვრა ენდრო (Marzana barwierska, Марена красильная, Modder)
· 5-10ც. წითელი ხახვის ფურცელი
· 1 ს.კ. მარილი
· 1 ს.კ. ძმარი
· 2 ლ. წყალი
მომზადების წესი:
1. კარგად გავრეცხოთ ენდრო და დავჭრათ წვრილად სეკატორით ან დავჩეჩქვოთ ქვასანაყით. ჩავყაროთ ქვაბში, დავამატოთ ხახვის ფურცლები,მარილი, წყალი და ძმარი ვადუღოთ 10-15 წუთი. სასურველია საღებავი ერთი დღით ადრე მომზადდეს კვერცხის შეღებვამდე რადგან ფერი კარგად დაჯდეს.
2. ცივ საღებავში ხის კოვზით სათითაოდ ჩავაწყოთ გარეცხილი კვერცხი. როცა ადუღდება განვაგრძოთ ხარშვა 20-25 წუთი.
3. მოხარშული კვერცხი სათითაოდ გადავიტანოთ ცივ წყალში 5 წუთით (ნაჭუჭი რომ ადვილად მოცილდეს).
4. გავამშრალოთ კვერცხები, ზეთით გავაპრიალოთ და ჩავალაგოთ ჯეჯილში, ან შემოუწყვეთ პასკას გარშემო.

გული არ დაგწყდეთ თუ ჩემსავით ენდრო ვერ იშოვოთ ეს ჩემი 2007 წლის ფოტოა "გაზეთვამდე"



წინასწარ ვაგროვებ ხოლმე ხახვის ნაფცქვენს. მერე დაახლოებით 1 სთ ვხარშავ. წყალს გადავწურავ. ფურცლებს გადავყრი. თვითონ სითხეს კი გავაცივებ. ამიტომ ვიწყებ დიდ ხუთშაბათს, რომ ფერი უფრო დაჯდეს და კვერცხები უკეთესად შეიღებოს.
წითელ პარასკევს საღებავს დავამატებ 1 ს.კოვზ მარილს და ცოტა ძმარს.
წინასწარ გარეცხილი კვერცხები ფრთხილად ჩავუშვათ ცივ საღებავში და ვხარშოთ ჩვეულებრივად დაახლოებით 10-15 წთ.
ზღაპრული ფერის გამოდის! როგორც ჩემმა ქმარმა აღნიშნა ნატურალური ქართული ფერია!
თანაც მარილის, ძმრის და ხახვის არომატი ნაჭუჭშიც აღწევს და თვითონ კვერცხსაც ძალიან კარგ გემოს აძლევს. ამიტომაცაა აღდგომის კვერცხები განსაკუთრებით გემრიელი!


1 komentarz: