sobota, 7 kwietnia 2012

ვინა ვართ, რა ვართ ...




უცნაურად აეწყო ჩემი ცხოვრება ამ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში. უკვე მერამდენედ ვღებულობ სერიოზულ და ერთი შეხედვით პრეტენზიულ გადაწყვეტილებას. მსოფლიოში 23 მილიონი ლტოლვილია, და მე და ჩემი ოჯახი ალბათ ბევრი არაფრით განვსხვავდებით ამ მილიონებისაგან: ყოველი მათგანი ალბათ ჩვენსავით განიცდის ნათესავ-მეგობრების სიშორესა, თუ უცხო გარემოში ადაპტირების სირთულეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემი ოჯახი გამოდგება იმის მაგალითად, რომ თავსდატეხილ უბედურებასთან ბრძოლა შეიძლება და თანაც შედეგიანად, იმ შემთხვევაშიც კი როცა ძალები აშკარად არათანაბარია, მაგრამ ერთი პირობით: თუ მარტო არა ხარ, თუ შენს გარშემო მყოფთ გააგონებ და გაუზიარებ შენს ტკივილსა, და რაც მთავარია, არ დაკარგავ უკეთესი მომავლის იმედსა და ადამიანისადმი რწმენას.

ჩვენს ოჯახს თბილისში ბედნიერს ეძახდნენ. ეს ასეც იყო 1991 წლის 22 დეკემბრამდე, როცა ჩვენს სამშობლოში, საქართველოში, რუსეთის სპეცსამსახურებმა მოახდინეს სახელმწიფო სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება და ჩემი მეუღლე, ვიქტორ დომუხოვსკი, როგორც დამხობილი ხელისუფლების, პარლამენტის, წარმომადგენელი პრეზიდენტთან და სხვა პარლამენტარებთან ერთად იძულებული შეიქნა თავშესაფარი უცხო ქვეყანაში ეძებნა.

თავდაპირველად მე და ჩვენი ორი ვაჟი თბილისში დავრჩით, მაგრამ სპეცსამსახურებისა თუ უბრალოდ შეიარაღებული ბანდიტური ორგანიზაციების წარმომადგენელთა ყოველკვირეული ღამეული ვიზიტებისა, ჩხრეკებისა და პოლიციის უბანში წაყვანა – დაკავებების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გავხდი მეც მიმეტოვებინა სამშობლო. მაგრამ KGB აბა რის KGB –ეა?! მაინც მიაგნეს, მაინც იპოვეს და 1993 წლის 6 აპრილს, ღამის 11-ის ნახევარზე ბაქოდან ( აზერბაიჯანის რესპუბლიკა) მოიტაცეს. ამ დღიდან იწყება ჩემი ბრძოლა მეუღლის სიცოცხლის გადასარჩენად. დიახ, არც მეტი არც ნაკლები – სიცოცხლის გადასარჩენად, რადგან ის აბსურდული ბრალდებები, რაც მას წაუყენეს სასჯელის უმაღლეს ზომას, დახვრეტას, ითვალისწინებდა.

ავიყვანე ადვოკატი და თვითონაც გავფორმდი, როგორც საზოგადოებრივი დამცველი, იმის იმედით, რომ ასე მაინც მექნებოდა მეუღლის ნახვისა და საჭიროების შემთხვევაში სწრაფი რეაგირების საშუალება.

ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვეოდა მისი, როგორც ადამიანისა და პატიმრის უფლებები. იძულებული ხდებოდა გამოეცხადებინა საპროტესტო შიმშილობა. რამოდენიმეჯერ იქნა ნაცემი. ერთერთი ასეთი ცემის შემდეგ ჩემი მოთხოვნა სამედიცინო კომისიის შესახებ დამთავრდა ჩემი სასამართლო პროცესიდან გაძევებით. სულ მალე პროფესიონალი ადვოკატიც გაანთავისუფლეს და თავად განსასჯელსაც დაატოვებინეს სასამართლო დარბაზი.

სხვა გზა აღარ იყო და საჩივრით მივმართე გაეროს უმაღლეს კომისარს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. პროცესით დაინტერესდნენ ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებიც. შედეგად გამომირთეს ტელეფონი, კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება და დავკარგე სამსახური. მაგრამ მივაღწიე იმ პერიოდში უმთავრესს – მეუღლეს სიცოცხლე შევუნარჩუნე.

1995 წლის 6 მარტს გამოცხადდა განაჩენი: 14 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ქონების კონფისკაციით. ეს დიდი გამარჯვება იყო რადგან ბრძოლის გაგრძელება კიდევ შეიძლებოდა, თუმცა უკვე მხოლოდ საზღვარგარეთ, თანაც ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, რადგან მოსამზადებელი და გაეროში გასაგზავნი იყო პროფესიულ დონეზე შედგენილი საბოლოო საჩივარი. ამის საშუალებას კი მე საქართველოში არავინ მომცემდა.



1996 წლის 6 ნოემბერს შვილებთან ერთად ჩამოვედი პოლონეთში, რადგან იმედი მქონდა, რომ ჩემი მეუღლის ისტორიულ სამშობლოში ვიპოვიდი მიუკერძოებელ ორგანიზაციებსა და მათი მხარდაჭერით შევძლებდი დავხმარებოდი უკანონო პატიმრობაში მყოფ მეუღლეს. ბედნიერი ვარ, რომ იმედმა გამიმართლა...

ვითხოვე თავშესაფარი, მივმართე გაეროს ლტოლვილთა წარმომადგენლობას პოლონეთში, პოლონეთის ჰელსინკის ფონდს, სენატის ადამიანთა უფლებების დაცვის კომისიას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩემი ახალი კოორდინატები მივაწოდე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და აღვადგინე მათთან კონტაქტები. დავამყარე კავშირი პოლონეთის ჰუმანიტარულ აქციასთან. პოლონეთის ჰელსინკის ფონდმა ჩემს მეუღლეს აუყვანა ადვოკატი.



ამასობაში მე და ბავშვებს მოგვანიჭეს ლტოლვილის სტატუსი. ბავშვებმა სკოლაში დაიწყეს სწავლა.



მოგვცეს ბინა ვარშავაში და, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, ჩამოყალიბდა „ვიქტორ დომუხოვსკის განთავისუფლების” ორგანიზაცია, რომლიც აქტიურად მოქმედებდა და ორგანიზაციას უწევდა იმ საპროტესტო წერილებს, რომელიც ათასობით პოლონელმა გაუგზავნა საქართველოს ხელისუფლებას საერთოდ პოლიტპატიმრებისა და კერძოდ ვიქტორ დომუხოვსკის განთავისუფლების მოთხოვნით.





მუშაობა დავიწყე სპეციალობის მიხედვით – პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში. პარალელურად ვატარებ ქართული ენის ლექციების კურსს ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში.

1998 წლის 6 აპრილს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მიიღო დადგენილება, სადაც აღნიშნულია ის დარღვევები რასაც ადგილი ჰქონდა სასამართლო პროცესზე, წინასწარ გამოძიებასა თუ დაპატიმრაბისას. დადგენილებაში აღნიშნული იყო, რომ კომისია 90 დღის განმავლობაში ელოდა სახელმწიფო მხარის რეაგირებას. გავიდა ეს 90 დღეც და - არანაირი რეაგირება.




ამავე წლის ოქტომბერში ვარშავაში ჩატარდა ად.უფლებათა დაცვის მე-3 საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მონაწილეებმაც ვიქტორ დომუხოვსკის განთავისუფლების მოწოდებით მიმართეს საქართველოს ხელისუფლებასა და პრეზიდენტს.

23 ნოემბერს თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრონისლავ გერემეკი OBCE-ს იმჟამინდელი თავმჯდომარის რანგში. ვიზიტის სამუშაო გეგმაში ერთერთ პუნქტად ვ.დ-ის საკითხიც იდგა. 25 ნოემბერს საღამოს 19 სთ-ზე ჩემი მეუღლე გაანთავისუფლეს.

დადგა ერთერთი ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი. აუცილებელი იყო ვ.დ-ს საქართველოდან უმოკლეს ხანში გამომგზავრება. მუდმივი სატელეფონო კონტაქტი, რომელიც დამყარდა ვარშავაში PAH-ასა და თბილისში პოლონეთის წარმომადგენლობას შორის გვაწვდიდა ამომწურავ იმფორმაციას. 1998 წლის 3 დეკემბერს ჩვენი ოჯახი საბოლოოდ გაერთიანდა პოლონეთში საკუთარ ჭერქვეშ.

ამჟამად ორივენი ერთად ვმუშაობთ ფიზიკის ინსტიტუტში.

ძალზედ მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჩემი საქმიანობა სტუდენტებთან. ვამზადებ მათთვის ქართული ენის სახელმძღვანელოს, ქართულ-პოლონურ და პოლონურ-ქართულ ლექსიკონებს. ჩამოყალიბდა საქართველოს მოყვარულთა საზოგადოება, რომელიც საკმაოდ აქტიურად მოქმედებს და რომელმაც მოამზადა და წარმატებით ჩაატარა საქართველოს დღე, სამეცნიერო კონფერენცია, რამოდენიმე ფოტო გამოფენა. ჩვენი სურვილები და ოცნებები უფრო დიდია, მათ შორის არის ქართული საინფორმაციო-კულტურული ცენტრის ამოქმედება, რაც ალბათ არ უნდა იყოს ინტერეს მოკლებული თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ დაინტერესებას კავკასიითა და კერძოდ საქართველოთი.

15.09. 2000



ამ წერილის დაწერის შემდეგ იყო "ქართლოსი" - ქართული სათვისტომო პოლონეთში რამოდენიმე წარმატებული აქციითა და ერთი - ორი კარგი საქმით, შემდეგ 2009 წელს იყო ბიზნეს სამეცნიერო კონფერენცია თბილისში. შემდეგ ALAVERDI - THE GEORGIAN POINT და ქართული კულტურის ცენტრის ჩამოყალიბების მცდელობა ყოველივე ამის პარალელურად კვლავ ვმუშაობთ ფიზიკის ინსტიტუტში [რამოდენიმე ათეული სამეცნიერო პუბლიკაცია და რამოდენიმე სამეცნიერო კონფერენცია კრისტალოფიზიკაში]. გამოსაცემად მზად არის ან თითქმის მზად არის "გასტრონავტიკა" და "ქართული ენის სახელმძღვანელო", ჩანაფიქრშია ... გაგეცინებათ და კიდევ უფრო თამამი აზრებიც გვიტრიალებს თავში.







Brak komentarzy:

Prześlij komentarz