środa, 4 kwietnia 2012
ჩემი ბებიების პასქა ...
ესეც, ჩემი ბებიების სააღდგომო პასკის რეცეპტი, ჟურნალმა "მადიანი" 2010-ში სპეციალურ - სააღდგომო გამოცემაში დაბეჭდა.
სააღდგომო პასკის რეცეპტი ჩემი ბებიებისაგან
მასალა: 15 კვერცხი, 1,6 კგ შაქარი,700 გრამი კარაქი, 1,5 ლიტრი რძე, 120 გრამი საფუარი, დაახლოებით 4 კგ ფქვილი, 10 ცალი ილი ( კარდამონი), 3-4 ცალი მუსკატის კაკალი, ვანილი, დარიჩინი, 7-8 ცალი მიხაკი,ზაფრანა, 400-450 გრამი ქიშმიში, 2-3 წვეთი ლიმონის ესენცია, 2 ცალი ლიმონის ცედრა და წვენი, მაწონი და 3 კვერცხის გული.
მომზადება:
ნახევარ ლიტრ რძეში გავხსნათ საფუარის 3/4,ანუ 100 გრამი. დავუმატოთ ცოტა შაქარი და ფქვილი. დავდგათ თბილ ადგილას. რომ აფუვდება დავუმატოთ 1 ლ. ანადუღარი თბილი რძე.
15 კვერცხისა და 1.600 გრ შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი და დავუმატოთ საფუვრიანი რძე, მოვზილოთ რბილი ცომი 3,5 კილო ფქვილით (პლუს ცოტა ფქვილიც გაითვალისწინეთ საფანელისათვის). შევფუთოთ ცომი პლედით და დავდგათ თბილ ადგილას .
ვანილი, ლიმონის ცედრა და დაფქული: ილი (კარდამონი), მუსკატის კაკალი, დარიჩინი, და მიხაკი მოვათავსოთ ღვინის ჭიქაში და დავასხათ რომი ან სპირტი.
მეორე ჭიქაში ზაფრანას დავასხათ ნახევარი ღვინისჭიქა რომი ან სპირტი. ორივე ჭიქა თავდახურული დავდგათ.
როცა ცომი აფუვდება ხელის დაკვრით დავწიოთ დაბლა. დავაცადოთ და როცა ისევ აფუვდება ისევ ხელის დაკვრით დავწიოთ.
მესამედ კი შევაზილოთ 700 გრ რბილი კარაქი (კარაქი და არა მარგარინი!), მარლაში გაწურული სანელებლებიანი რომი,ლიმონის ესენცია, 2 ლიმონის წვენი.მოვაყაროთ ის დარჩენილი 20გრ. საფუარი, ცოტა მარილი და მოტოვებული ფქვილი დიდხანს ვზილოთ სანამ ცომი ხელს არ მოსცილდება დაახლოებით 45- 60 წუთი. ამისთვის დაფაზე საფანელს მოვაყრით და ცომს ისე დავაგუნდავებთ, რომ მაინცდამაინც ზედმეტად არ შევაზილოთ ეს საფანელი. ცომი ნაზი უნდა იყოს!
კიდევ რომ ამოვა დავუმატოთ ქიშმიში და ცხიმწასმულ ფორმებში გადავანაწილებთ. საშუალო ზომის რამდენიმე ფორმა იქნება საჭირო. ფორმები ერთნაირი ზომის უნდა იყოს, რათა ცხობის დროში არ იყოს განსხვავება( ქურის კარის გამოღება პასკის საბოლოოდ გამოცხობამდე არ შეიძლება, თორემ პასკა ჩავარდება!!!). თუ ფორმები არა გაქვთ, ქვაბების გამოყენებაც შეიძლება.
ფორმას წინასწარ ძირზე ცხიმწასმული (უმჯობესია კარაქი) სქელი ქაღალდი უნდა ჩაუფინოთ. ფორმამ ცომი რომ არ მიიკრას, მის ძირსა და კედლებზე, რომლებზეც ცხიმია წასმული, ვაყრით წმინდად დაფქულ ორცხობილას. ფორმები ცომით 1/3-ით უნდა გაავსოთ . ისევ დავდგამთ თბილად და დავაცდით კიდევ ამოსვლას. რომ აფუვდება, ზემოდან წავუსვამთ მაწონში (ან რძეში) გახსნილ კვერცხის გულს, შევდგამთ ქურაში და საშუალოზე ცოტა მაღალ ცეცხლზე ვაცხობთ 1 - 1,5 საათი . ცხობის დრო ფორმების სიდიდეზეა დამოკიდებული.
გამომცხვარი პასკა რომ ფორმიდან კარგად ამოვიდეს, ფორმის ძირს ვდგამთ ცივ წყალში, შემდეგ კი ნელი მოძრაობით პასკა ამოგვაქვს ფორმიდან.
სულ ბოლოს კი მოვაყრით შაქრის პუდრს. შეგვიძლია ნუშით ან მიწის თხილითაც მოვრთოთ
Subskrybuj:
Komentarze do posta (Atom)
Brak komentarzy:
Prześlij komentarz