poniedziałek, 27 lutego 2012

სუფრა ქართული



ღვინო კახური, პური ქართლური, ყველი თუშური, ხარჩო მეგრული, „ლილე” სვანური - სუფრა ქართული

ქართული სუფრა ქართველი ხალხის კულტურული და ყოფითი ტრადიციების შემადგენელი ნაწილია. მისი საწყისების ძებნით ცხადია ბევრ საინტერესო მასალას მოვიძიებთ. თავად ფაქტი, რომ ქართველებმა ჩვენი ქვეყნად დასახლების ლეგენდაც კი სუფრას, ლხინსა და დროსტარებას დავუკავშირეთ უკვე მიანიშნებს, რომ იგი იყო და დღესაც არის ადამიანური ურთიერთობებისა და კომუნიკაციის ერთ –ერთი უმთავრესი ფორმა.

სუფრას შეიძლება სხვადასხვა სახე და მიზეზი ჰქონდეს, მაგრამ ამით მისი არსი არ შეიცვლება. ნათქვამია: „ყველი და პურიო - კეთილი გულიო”. სუფრაზე მსხდომთა მთავარი იმპულსი გულითადი მასპინძლობა და ლხინისა თუ მწუხარების თანაზიარობაა.

ქართული სუფრა სახარებასავით ოთხთავია: პური, ყველი, ღვინო და სიმღერა. ამ ოთხ ბურჯზე დაფუძნებულ ქართულ სუფრაზე სადღეგრძელოდ თქმული უფლის დიდება, წარსულის ქება თუ მომავლის რწმენა საკურთხეველში წარმოთქმულ ლოცვას ემსგავსება.

როგორც სიმფონიური ორკესტრი წარმოუდგენელია დირიჟორის გარეშე, ასევე ქართული სუფრაც უთამადოდ არ არსებობს.

თამადა ქართული სუფრის დირიჟორია. მას დიდ უფლებებთან ერთად დიდი ვალდებულებებიც აკისრია. თამადაზეა დამოკიდებული სუფრის წარმატება, სტუმარ-მასპინძლის მიერ მიღებული სიამოვნების ხარისხი და კვლავ შეხვედრის სურვილი.

თამადობის წესი და კანონი ჯერ კიდევ ბიბლიური ზიარქის სიბრძნეშია ჩამოყალიბებული:
1. თუ თამადად დაგსვეს, თავს ნუ აიმაღლებ, არამედ იყავი დანარჩენთა შორის, როგორც ერთი მათგანი.
2. ჯერ მათზე იზრუნე და მერე დაჯექი. როცა ყველაფერს აღასრულებ, რაც გევალება, დაიკავე შენი ადგილი, რათა თანამეინახეებში მოილხინო და სუფრის რიგიანი გაძღოლისთვის გვირგვინი დაიმსახურო.
3. ისაუბრე - თამადას დარბაისლური სიტყვა შეშვენის, მაგრამ სიმღერას ნუ ჩაახშობ.
4. როცა იმღერენ სიტყვას ნუ გააგრძელებ და უდროო დროს ნუ იმენცარებ.
5. რაც ლალის თვალია ოქროს ბეჭედში, იგივეა ხმატკბილი სიმღერა ნადიმობისას.
6. რაც ზურმუხტის ბეჭედია ოქროს ბუდეში, იგივეა საამო ჰანგი ღვინის სმისას (სიბრძნე ზირაქისა, 32:1-6).

ქართულ სუფრზე პირველად მოხვედრილი უცხოელები ხშირად გაკვირვებულები აღნიშნავენ, რომ დიასახლისი ქალები სუფრასთან არ სხდებიან. ხშირად მართლაც ასეა, მაგრამ არა იმიტომ, რომ საქართველოში ქალი დაჩაგრულია და სუფრასთან ჯდომა ეკრძალება, არამედ თუ სუფრა გაშლილია ოჯახში და არა რესტორანში, დიასახლისი სუფრასთან დასაჯდომად ვერ იცლის. ის ემსახურება სტუმრებს, ამზადებს და სუფრას მატებს ახალ-ახალ ცხელ კერძებს, ნაჭამ თეფშებს ახლით უცვლის. აღსანიშნავია, რომ ვერც მასპინძელი მამაკაცი უზის სუფრას უდარდელად. მისი ვალია სტუმრები მიიღოს, მადლობა მოახსენოს სტუმრობისთვის, სუფრასთან მიიპატიჟოს და სათანადო ადგილი მიუჩინოს. ის ზრუნავს სუფრაზე სასმელი არ მოაკლდეს სტუმრებს.
ქართული ტრადიციების მიხედვით, პირველ სასმისს მასპინძელი მამაკაცი სვამს. ამ სასმისით ის ადღეგრძელებს სტუმრებს შორის მის მიერ შერჩეულ თამადას, რომელიც უნდა გაუძღვეს სუფრას და მოალხინოს სტუმრები.



სუფრის შემდგომი ბედი უკვე თამადის ხელშია და მის პიროვნულ თვისებებზე თუ „პროფესიულ” უნარზეა დამოკიდებული. ამ მომენტიდან ოჯახის მასპინძელი ქალიცა და კაციც თვალყურს ადევნებს, რომ სუფრას არა დააკლდეს რა. თუ სუფთა ჭურჭელი, გემრიელი კერძები და სუფრის ლაზათიანი გაფორმება დიასახლისის პრეროგატივაა, ღვინო და სხვა ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო სასმელები მამაკაცის საუფლოა.

დღეს ახალგაზრდებს რესტორნებში ურჩევნიათ დროსტარება, რადგან ოჯახში მასპინძლობა ადვილი საქმე არ არის. სტუმარ-მასპინძლობის მამა-პაპური ადათი მასპინძლს ავალდებულებდა დაეცვა სტუმრის სიცოცხლე თუნდაც იგი დევნილი ან ძებნილი ყოფილიყო და მაშინაც თუ სტუმარი მოსისხლე მტერი აღმოჩნდებოდა.

თუმცა საქართველოში ბევრი მიიჩნევს, რომ იქ სადაც ყველაფერი გათვლ- დათვლილი, აწონილ-დაწონილი, გამოთვლილ-გამოანგარიშებული და წინასწარ გადახდილია, მათ შორის პერსონალის მომსახურება და ღიმილიც, სადაც მასპინძელი თავადაც სტუმარია, ანუ რესტორანში, გულითადობისა და ადამიანური სითბოსათვის ადგილი არ რჩება.

მეორენი კი საკმაოდ ხშირად წუწუნებენ: მომბეზრდა ეს ერთი და იგივე სადღეგრძელოები, როდესაც ზეპირად იცი მათი თანმიმდევრობაც კი ...

რას იზამ! შეიძლება მხოლოდ ვუთანაგრძნოთ რომ ბედმა არ არგუნა ნამდვილი დიდოსტატის თამადობით ელხინა სუფრასთან, მაგრამ რა იცი ხვალ რა მოხდება იქნებ ბედმა გაუღიმოს,

ბოლოს და ბოლოს ქართული სუფრა ხომ თეატრივითაა, სადაც დავდივართ მიუხედავად იმისა რომ სპექტაკლი უკვე არაერთხელ გვაქვს ნანახი და ზოგიერთი მონოლოგი ზეპირადაც კი ვიცით. განა ყველა თუნდაც ცნობილი და სახელოვანი მუსიკოსი ახერხებს გენიალური კომპოზიტორების ჩანაფიქრის გადმოცემას? არაფერია ამაში გასაკვირი ყველა ხომ ვერ იქნება ჰერბერტ ფონ კარაიანი, სვიატოსლავ რიხტერი ან ლუჩიანო პავაროტი?

თამადის პროფესიონალიზმი კი სწორედ სადღეგრძელოების თანმიმდევრობის, რამოდენიმე ლექსის და გარდასულ ეპოქათა, უკვე ბანალურ სიბრძნედ ქცეულ, ციტატების ცოდნაშია.

სულ სხვაა ტალანტი.
ტალანტი ეს ღვთის წყალობაა და არა აქვს მნიშვნელობა რაში გამოიხატება იგი – ვიღაც აინშტაინად მოევლინება ამ ქვეყანას, ვიღაც ქრისტეფორე კოლუმბად, მიკოლაი კოპერნიკად ან ალექსანდრე მაკედონელად ... ვიღაც კი საქართველოში ექიმ იოსებ ჟორდანიად დაიბადება რათა ატლანტიკის თავზე ავიაკატასტროფისას საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინოს ამერიკელი პატარა გოგონა.

თუმცა სუფრას დავუბრუნდეთ.

ამგვარად მასპინძლების ვალია სტუმრებს მოემსახურონ ხოლო თამადა რომელსაც თითქოს შეუზღუდავი უფლებები აქვს - უბრალოდ მუშაობს. ეს მისი მოვალეობაა სტუმრები გაართოს და რაც უმთავრესია, ყოველმა თანამეინახემ უნდა იგრძნოს რომ სწორედ ის გახლავთ დედამიწის ჭიპი, მასზე სდგას ქვეყნიერება და მთელი სამყარო. ქართული სადღეგრძელო ყოველთვის დადებითია და კეთილგანწყობილი, აღტაცებითა და ურთიერთ კომპლიმენტებითაა აღსავსე. არ არის ამაში არავითარი ფარისევლობა. ეს ჩვენ, სადღეგრძელოს ადრესატს, უნდა გვახსოვდეს, რომ ქართულ სუფრაზე მოსმენილი არის ჩვენს მიმართ ხმამაღლა გაცხადებული სურვილ – მოლოდინი.

სადრეგრძელო არ შეიძლება შეიცავდეს რაიმე ნეგატიურ ემოციას, ყოველ შემთხვევაში პირდაპირ და უშუალოდ ნათქვამს. სამწუხაროდ, ყოველ ჩვენგასა აქვს ზოგჯერ „შეწინააღმდეგების“ მოთხოვნილება. ქართველებმა ესეც გაითვალისწინეს და მოიფიქრეს სადღეგრძელო ლუდით. როდესაც სადღეგრძელოს ამბობენ ლუდით ხელში, თუმცა ფორმა და შინაარსი ისევ პოზიტიურია, ადრესატს ისევ აქებენ, უნდა გვახსოვდეს რომ ლუდის სადღეგრძელო „უკუღმაა“. ლუდით ნათქვამი „გაუმარჯოს!“ სრულიადაც არ ნიშნავს რომ ადრესატს გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ – სწორედ რომ პირიქით. აღნიშნული მხოლოდ ბარის საქართველოს ეხება. მთაში ლუდი ისევ ისე წმინდა სარიტუალო სასმელად ითვლება და ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ.

თამადამ უნდა შესვას სავალდებულო სადღეგრძელოები. არცერთის გამოტოვება არ შეიძლება. სავალდებულოს გარდა რას და როგორ ისურვებს ეს უკვე მის ოსტატობასა და იმპროვიზაციის უნარზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა რომ სადღეგრძელოების მორიგეობა დადგენილია, ყოველი თამადა სადღეგრძელოების თანმიმდევრობაშიც კი თამადობის საკუთარ სტილს, საკუთარ ინდივიდუალობას ამჟღავნებს.

როგორც ვთქვით, პირველი სადღეგრძელოთი მასპინძელი თამადას ასახელებს. სუფრის წევრები მას მიულოცავენ ამ პატივს რასაც თამადად არჩეული სამადლობელოთი პასუხობს. შეკრებილებს გააცნობს სუფრის ხასიათს და აუცილებლად იტყვის სავალდებულოა თუ არა ბოლომდე სმა. ეს მნიშვნელოვანი მომენტია რომ შემდგომში ვინმეს „ღვინის ქურდობა“ არ დაბრალდეს. „ღვინის ქურდი“ ცხადია ის არის, ვინც ღვინოს იპარავს, მაგრამ საქართველოში ამ იდიომას შებრუნებული მნიშვნელობა აქვს. “ღვინოს იპარავს” ანუ ბოლომდე არ სვამს. სახელის ასეთი გატეხვა თავიდან რომ აიცილონ, მათ ვისაც გარკვეული მოსაზრებებით ღვინის სმა არ შეუძლიათ, ან არ სურს, სწორედ ამ დროს უნდა განაცხადონ, რომ ღვინოს ვერ დალევენ. სუფრის წევრობის სრულფასოვნება ამით არანაირიად არ შეიზღუდება.

თუ სუფრა ოჯახშია გაშლილი მეორე სადღეგრძელო სწორედ ოჯახის, მასპინძლისა და პერსონალურად დიასახლისისაა.

მესამე სადღეგრძელო სუფრის მიზეზს ეძღვნება: დაბადების დღე, დღეობა, იუბილე, ნიშნობა, ქორწილი თუ რაიმე სამსახურეობრივი წარმატება.

მეოთხე სასმისით გარდაცვლილებს ვახსენებთ. ეს სადღეგრძელო ფეხზე ადგომით ისმება. მართლმადიდებლური ევქარისტიის ალუზიას წარმოადგენს სუფრის წევრების მიერ ღვინის პურზე დაწვეთება ან პურს ღვინოში ჩაწობა.

შემდეგი სადღეგრძელო მშობლებს ეკუთვნით – ცოცხლებს ხანგრძლივ და ბედნიერ სიცოცხლეს ვუსურვებთ, მიცვალებულებს - სასუფევლის დამკვიდრებას.

ამის შემდეგი სადღეგრძელოების თემატიკა საზოგადოდ ჰუმანისტურია და მოიცავს ყველაფერს რაც სულს სწყურია და გონებას გაანათებს: სიყვარული, სამშობლო, მეგობრობა, წარსული და მომავალი, მშვიდობა ქვეყნად თუ ჩვენს სულებში, თავისუფლება და მისთვის თავდადებული თანამედროვე თუ ისტორიული გმირები, ცხოვრების ულამაზესი წუთები თუ ბავშვობის დროინდელი მოგონებანი, ბავშვი რომელიც სწორედ ახლა ამ წუთში იბადება ...

ყოველი სადღეგრძელოს შემდეგ თამადა მიმართავს რომელიმე თანამეინახეს: ალავერდსა ვარ! რაც ნიშნავს, რომ მას გადასცემს სადღეგრძელოს ანუ მის მიერ დაწყებული სადღეგრძელოს გაგრძელებას სთხოვს. სასაუბროდ გამოწვეული რამოდენიმე სიტყვას დაუმატებს თამადის ნათქვამს. განავრცობს მას. უნდა გვახსოვდეს, რომ თამადაზე ხანგრძლივი საუბარი არ არის სასურველი. სადღეგრძელო მოკლე უნდა იყოს. „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის შაირაია ამად კარგი“ გვასწავლის შოთა .

ასეთი ალავერდით სადღეგრძელომ მთელი სუფრა უნდა მოიაროს.

განსხვავებულად შესმულ სადღეგრძელოებში უნდა გამოიყოს ვახტანგური, როდესაც ორი თანამეინახე გამოთქმული სადღეგრძელოს მიმართ ერთნაირ დამოკედებულებას სასმისის ერთდროეული შესმით გამოხატავენ.

განსაკუთრებულ შემთხვევაში თამადამ შეიძლება განსხვავებული სასმისი მოითხოვოს: სპეციალური თასი, ყანწი და ან ფიალა. ასეთ სადრეგრძელოს ყველანი ამ განსხვავებული სასმისიდან შესვამენ რიგრიგობით.

სადღეგრძელოების შემდეგი ჯგუფი არის პერსონალური სადღეგრძელოები. სუფრასთან ყველანი თანასწორნი არიან და ყოველი მათგანი ღირსეულად უნდა იქნეს ნადღეგრძელები. ყოველ თამადას თავისი სტილი, მეთოდი და ჩვევები აქვს. მან სუფრის თითოეული წევრი უნდა ადღეგრძელოს, რაღაც განსხვავებული და განუმეორებელი, მხოლოდ ამ ადამიანისთვის შესაფერისი უთხრას, შეაქოს, წინსვლა და წარმატებები უსურვოს. ამიტომაც არ შეიძლება თამადად შემთხვევითი ადამიანის არჩევა. ისეთის ვინც არ იცნობს სუფრის და ოჯახის წევრებს.

მამაკაცები ფეხზე მდგომნი ისმენენ მათდამი წარმოთქმულ სადღეგრძელოებს. როცა ყველანი შესვამენ სადღეგრძელოს ადრესატი დალევს სამადლობელოს კეთილი სიტყვებისა და სურვილებისათვის.

სადღაც პოლონურ ინტერნეტში წავიკითხე, რომ ქართულ სუფრაზე „ქალები სადღეგრძელოს არ ამბობენ, არ დგებიან ფეხზე, სიგარეტს არ ეწევიან, ქალები არ სვამენ ყანწით ან თიხის თასიდან ... ქალები ჩვეულებრივ მამაკაცების ჩრდილში არიან...“ ეს არის სწორედ ის რაც თავში მოგახსენეთ: უცნობ თემაზე დასკვნების გამოტანა. ამ ჩანაწერის ავტორი უბრალოდ ვერ გარკვეულა, რომ ქართულ სუფრაზე ქალბატონები შეზღუდელები კი არ არიან არამედ, პირიქით. ქალბატონებს ასეთი უპირატესობა აქვთ – არ შეწუხდნენ ფეხზე დგომით სანამ მთელი სუფრა შესვამს სადრეგრძელოს. უპირატესობა აქვს არ დალიონ თუ არ სურთ. მათი ნებაა თუ სადღეგრძელოს წარმოთქმის სურვილი ექნებათ ეს არა თუ ცუდ ტონად არ ჩაითვლება პირიქით ყველანი უფრო მეტის ყურადღებითა და მოწიწებით მოუსმენენ. თამბაქოს წევას რაც შეეხება – ვინც არ ეწევა ძალად არ მოსწევს, ხოლო მწეველს, ქალი იქნება ის თუ კაცი, მოწევას არავინ უკრძალავს თუ ზოგადად მოწევა არ არის აკრძალული.

თამადას უფლება აქვს, და უფრო მეტიც უნდა, შესვას კიდევაც რამოდენიმე მოულოდნელი სადღეგრძელო დადგენილი რიგითობის დარღვევით. მაგალითად შემოსწრებულის ან დაგვიანებული სტუმრის. საქართველოში დაგვაინება, სუფრაზეც კი, ძალიან ჩვეულებრივი რამ გახლავთ.

შემოსწრებულ, მოულოდნელ სტუმარს ყოველთვის დიდი ხალისით ხვდებიან, რადგან „სტუმარი ღვთისაა“. ასეთ სტუმარს სთავაზობენ დაეწიოს სუფრის წევრებს, ანუ შესვას ის სადრეგრძელოები რაც უკვე დაილია. ასეთ შემთხვევაში სადღეგრძელოები ხშირად ერთიანდება.

პერსონალური სადღეგრძელოების შემდეგ სუფროს ყოველ წევრს, თამადის ნებართვით რა თქმა უნდა, ინდივიდუალური „თავისუფალი სადღეგრძელო“ შეუძლია შესთავაზოს დანარჩენებს. თანამეინახენი სადღეგრძელოს უერთდებიან, თუმცა კი არც უარის თქმაა გამორიცხული. ეს რაღაც იმდაგვარი დემონსტრაციული გამოსვლა იქნება ვინმეს მოსასალმებლად გამოწვდილი ხელი რომ არ ჩამოართვათ. არ არის სასურველი, მაგრამ დასაშვებია.

ძალიან მნიშვნელოვანია სუფრის რიტმი და უწყვეტობა. თამადამ სადღეგრძელოების წარმოთქმა ზედმეტად არ უნდა იჩქაროს მაგრამ არც უნდა დააგვიანდეს. ატმოსფეროს შეგრძნება უნდა ჰქონდეს და სადღეგრძელოებს შორის თავისუფალი საუბრებიც არ უნდა შეზღუდოს თუნდაც სუფრის ერთი ბოლოდან მეორეზე გადაძახილი. სადღეგრძელოს წარმოთქმის პერიოდში ასეთი საქციელი ან ღვინის თვითნებური სმა აბსოლუტურად დაუშვებელია.

როგორც უკვე ვთქვით, სიმღერა ქართული სუფრის ერთ-ერთი არსებითი მდგენელია. უსიმღეროდ სუფრა იმდენად წარმოუდგენელია, რომ ხალხური ლექსიც კი არსებობს:

„პურსა სჭამენ და ღვინოს სმენ,
სიმღერას არ იტყვიანო.
არ ვიცი ვინმეს გლოვობენ,
არ ვიცი არ იციანო.“


სადღეგრძელოებს შორის სიმღერას ან თამადა თავად წამოიწყებს ხოლმე ან ვინმე კარგ მომღერალს სთხოვს. მხოლოდ ჭირის სუფრაა, სადაც თუნდაც სევდიანი ხიმღერაც კი არ იმღერება. აქვე შევნიშნავთ, რომ დაკრძალვა- პანაშვიდებზე სიმღერად თქმული „ტირილი“ იმდენად გავრცელებული ყოფილა საქართველში, რომ ხალხურ ლიტერატურაში „ხმით ნატირლების“ მთელი ციკლია შემორჩენილი საუცხოო ლექსების სახით. მაგრამ გლოვის სუფრა არ მღერის.

სუფრა დამთავრების ხანს რომ მიატანს წამოდგება უხუცესი წევრი და მადლობას მოახსენებს თამადას გაწეული სამსახურისათვის. შეუქებს ხელოვნებას, კიდევ მრავალ მხიარულ სუფრაზე თამადობას, სიკეთესა და წარმატებებს უსურვებს.

ბოლო სადღეგრძელო კვლავ თამადას ეკუთვნის. ეს მისი ვალია შესვას „ყოვლადწმინდა“ ანუ ღვთისმშობლის სადიდებელი. თნამეინახენი ღვთისმშობლისმის მფარველობას უსურვებნე ოჯახსა და ერთმანეთს. ეს სუფრის დამაგვირგვინებელი სადღეგრძელო იმდენად სავალდებულოა, რომ ამბობენ ყოფილა შემთხვევა როცა თამადას დავიწყნია მისი შესმა და ღამე ქარბუქში ერთი სოფლიდან მეორეში დაბრუნებულა მასპინძლთან შეუსვამს „ყოვლადწმინდა“ და ისევ გამობრუნებულა სახლში.

ქართველები მიცვალებულებს არ ივიწყებენ. ასეთი ხსოვნის ერთ – ერთი გამოხატულებაა ჭირის სუფრა ანუ ქელეხი. იგი ჩვეულებრივ დაკრძალვის დღეს იშლება

ქელეხის სუფრა განსხვავებულია. მისი წესი და სადღეგრძელოებიც სხვაგვარია. ამ სუფრაზე მიცვალებულის ოჯახის წევრები ნათესავები და ახლობლები იკრიბებიან. ქელეხი ჩვეულებრივ დაქირავებულ დარბაზში ეწყობა ხოლმე. იგი დაკრძალვის რიტუალს ნაწილია და ოჯახისათვის თანაგრძნობის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა. ქელეხში სადღეგრძელოების რიგითობაც უნდა იყოს დაცული და მათი რაოდენობაც 9 ან 13-ია.

ქელეხის სუფრაზე ცხადია სადღეგრძელოები გარდაცვლილის გარშემო ტრიალებს, მაგრამ არც მხოლოდ მისით შემოიფარგლება. პირველი სასმისით მგლოვიარე მასპინძლი თამადას დაასახელებს. იგი ახლობელი უნდა იყოს, ვინც გარდაცვლილს კარგად იცობდა და სუფრის წევრებიც მისთვის უცხონი არ უნდა იყვნენ.

პირველი სასმისით თამადა მოკლედ დაახასიათებს მიცვალებულს დანარჩენები ფეხზე მდგარნი შესანდობარს იტყვიან: უფალმა შეუნდოს ცოდვანი და დაუმკვიდროს სასუფეველი. Qქრისტიანული წესის შესატყვისად პურს ღვინოს დააწვეთებენ.

შემდეგი რამოდენიმე სასმისი მიცვალებულის გარდაცლილ ნათესავებს ეკუთვნით, შემდეგი რიგით: მშობლები, შვილები, მეუღლე, გარდაცვლილი ნათესავები სახელდებით. სადღეგრძელოთა ეს ეგრეთ წოდებული მოსახსენიებელი ჯგუფი მთავრდება ყველა “გარდაცვლილ ნათესავთა ჩვენთა” შესანდობარის შესმით.

შემდეგი იწყება მიცვალებულის ცოცხალი ახლობლ;ების უპირველესად მგლოვიარე ოჯახის წევრების სადრეგრძელოები: პირვლად მშობლები თუ ცოცხლები არიან, შემდეგ მეუღლე, შვილები და შვილიშვილები, ნათესავები, მეგობრები, კოლეგები და მეზობლები, რომელთა შესახებ ამბობენ, რომ ხშირად უფრო ახლობლები არიან ვიდრე შორს მცხოვრები უახლოესი ნათესავიც კიო.

ამ მომენტში სუფრაზე შემოაქვთ ფლავი (აღმოსავლეთ საქართველოში შილა ფლავი ხორცით ან სოკოთი თუ მარხვაა. დასავლეთ საქართველოში ქელეხის სუფრა უხორცოა და ამდენად ფლავიც უხორცო ანუ ტკბილია ქიშმიშითა და ჩირებით). ფლავი თამადისათვის ნიშანია რომ კიდევ ერთხელ დალიოს მიცვალებულის შესანდობარი და სუფრა დაამთავროს.

ქელეხის სუფრის თამადობისთვის სუფრის წევრები თამადას მადლობას არ ეუბნებიან, მაგრამ მგლოვიარე ოჯახის წევრი უსურვებს მას, რომ სხვა დროს მხოლოდ მხიარულ სუფრაზე ეთამადოს

თითქოს სადღეგრძელოები ბევრია, მაგრამ სასმისებია პატარა რათა არ დათვრნენ სიტყვა ან ფეხი არ აერიოთ. არ არსებობს უფრო დიდი სირცხვილი ვიდრე ქელეხში დათრობა

აქ უნდა ითქვას რომ ქელეხის სუფრაზე და ზოგადად მიცვალებულის შესახებ წარმოთქმულ სადრეგრძელოს შესანდობარი ჰქვია, მაშინ როდესაც თავად სიტყვა “სადღეგრძელო” ხანგრძლივ სიცოცხლეს გულისხმობს.

თითქოს ასე ძალიან განსაზღვრულია ყველაფერი, მაგრამ რეგიონების მიხედვით ქელეხსაცა აქვს თავისი განხვავებული ნიშნები.

ქელეხის სუფრა მოკრძალებულია: მწვანილი, მწნილი, ფხალი, თევზი, ლობიო. უმთავრესი არის წანდილი ანუ თაფლიანი ხორბლის მარცვალი რაც ყველამ უნდა იხემსოს, როგორც ქრისტიანული წესის მკვდრეთით აღდგომის სიმბოლო.

როგორც უკვე შევნიშნეთ, დასავლეთ საქართველოში ქელეხის სუფრა უხორცოა მხოლოდ თევზეულია დასაშვები. გარდა ამისა ლობიო, ფხალი, მწნილები და ბრინჯი ტკბილი ფლავი ქიშმიშით, გარგარითა და სხვა ჩირებით.

მართლმადიდებლური ტრადიციით, მიცვალებულის სული დედამიწაზე გარდაცვალებიდან კიდევ ორმოცი დღის განმავლობაში რჩება და მხოლოდ მეორმოცე დღეს განწესდება იქ სადაც უნდა შეხვდეს მკვდრეთით აღდგომას. ამიტომ ქართული ტარდიცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ დღეს და განსაკუთრებით აღნიშნავს მას. ზუსტად მეორმოცე დღეს ახლობლები კვლავ შეიკრიბებიან ამჯერად ოჯახში. სუფრა ქელეხთან შედარებით უფრო მცირეა, მაგრამ ამ სუფრაზეც თამადად კვლავ ის იქნება ვინც ქელესის სუფრას უთამადა. განმეორდება სადრეგრძელოებიც.

ასევე იქნება წლისთავზე, რომელიც შეიძლება ზუსტად არც ემთხვეოდეს გარდაცვალების თარიღს. ამას „ჭირის ახდა” ეწოდება და იგი გლოვას ასრულებს. ზედმეტი გლოვით მიცვალებულის სული არ უნდა შევაწუხოთ.

ძალზედ მოკლედ მინდა კიდევ ორიოდე სიტყვით ვახსენო ქართული სუფრის კიდევ ერთი ფორამა – ხატობა. ეს არის ერთი კონკრეტული სალოცავის ან ხატის ერთგვარი დღეობა. აქედანაა კიდევაც თავად სახელიც – ხატობა. იკრიბებიან არა მხოლოდ ახლო - მახლო სოფლების მკვიდრნი არამედ მთელი საქართველოდანაც და ზოგჯერ საზღვარგარეთიდანაც კი ჩამოდიან. ზოგ შემთხვევაში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში გაბნეული მთელი წლის უნახავი ნათესავ-ახლობლები მხოლოდ ხატობაში ხვდებიან ერთმანეთს.

საინტერესოა, რომ თუმცა კი ხატობას რელიგიური ხასიათი აქვს, უფრო სწორად უნდა ჰქონდეს, სინამდვილეში მასში ძალიან ბევრია წარმართული ელემენტი და ცრუ რწმენები. შეიძლება ითქვას, რომ ხატობა რელიგიურ სახალხო დღესასწაულია ჭარბად გაფორმებული გართობითა და დროსტარებით. ხატობას თან ახლავს ხოლმე სხვადასხვა ბაზრობები: საკვებ-სასმელით, შინაური საქონელით, ხელსაქმითა თუ ხალხური რეწვის სხვა ნიმუშებით.

შეიძლება ითქვას, რომ ქართველები „არ ვართ მოწყენით”, რადგან ყველა კუთხეს თავისი მფარველი ხატი თუ სალოცავი ჰყავს და ხშირად არა ერთი. ყოველ მათგანს თავისი მრევლი ჰყავს, ხატობის საკუთარ კალენდარსა და წესებს იცავს. მაგალითად მთაში ხატობა ვერ ჩაივლის „სახატე ლუდის” ხარშვის გარეშე. თუმცა ამაზე ლუდისადმი მიძღვნილ ნაწილში ვისაუბროთ.

მეტად მნიშვნელოვანი დღეობებია საქართველოს ცხოვრებაში მარიამობა, ღვთისმშობლის მიძინების დღე 28/15 აგვისტო



23/10 ნოემბერი გიორგობა ანუ წმიდა გიორგის ხსენების დღე. მარიამობაცა და გიორგობაც როგორც ქართული მენტალობისათვის მეტად მნიშვნელოვანი დასვენების დღეებია ანუ სახლემწიფო საერო დღესასწაულებადაა გამოცხადებული.


ამას გარდა აღინიშნება ნინოობა, თამარობა, დავითობა, ლაშარობა და მრავალი სხვა. ყველას არა თუ ვერ განვიხილავთ არამედ ვერც ჩამოვთვლით. მხოლოდ ორ მათგანს ძალზედ მოკლედ დავახასიათებ: ბარბარობა და ალავერდობა.

ალავერდობა, ანუ ალავერდის ტაძრის დღესასწაული, ერთ-ერთი ყველაზე მეტად ცნობილი ხატობაა. იგი უკავშირდება ალავერდის ტაძრის დამაარსებლის VI საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწის 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის იოსებ ალავერდელის ( ალავერდელი ალავერდის ეპარქიის მთავარეპისკოფოსის წოდებაა) სახელს.



ტაძარი აღმოსავლეთ საქართველოში კახეთის გულის გულში მდებარეობს. უმშვენიერესი ფრესკებით დამშვენებული ხუროთმოძღვრების ეს უნიკალური ნიმუში კახეთის ტურისტული მარშრუტების ერთ-ერთი მთავარი ნიშანსვეტია არა მხოლოდ ისტორიულ-კულტურული არამედ გასტრონომიული ტურიზმის კავკასიური მექაა.

ალავერდობა ამავე დროს ჭირნახულის მოწევასა და დაბინავებასთან დაკავშირებული დღესასწაულიცაა. იგი 29 სექტემბერს იწყება და დაახლოებით სამი კვირა გრძელდება. ალავერდობაზე ტარდება სხვადასხვა შეჯიბრებები მათ შორის ჭიდაობა, ფარიკაობა, დოღი.



სამწუხაროდ დღემდე არის შემორჩენილი წარმართობიდან გადმოსული ცხოველთა მსხვერპლად შეწირვა, რასაც ეკლესია ცხადია ეწინააღმდეგება, მაგრამ ამაშიც სჩანს ქართული სარწმუნოების თავისებურება.

ბარბარობა ეკლესიურად გახლავთ წმინდა ბარბარეს ხსენების დღე. მე ძალიან მიყვარს ბარბალობა, როგორც მას ჩემს ოჯახში ეძახდნენ, და განსაკუთრებულადაც აღინიშნებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ ამ დღეს დღეობა და დაბადების დღე ერთად ჰქონდა ჩემს საყვარელ ბაბი ბებიას, რომელიც ბარბარედ იყო მონათლული.



ჩემი ბავშვობის დროს წმინდანებზე და დღეობებზე, მათი ხსენების დღეებზე, და საერთოდ რელიგიურ-ეკლესიურ დღესასწასულების შესახენ ნაკლებად საუბრობდნენ. ჩვენ ბავშვებს კი თავად სადღესასწაულო განწყობილებაც გვაკმაყოფილებდა. საკმარისი იყო, რომ ამ დღეს 17/4 დეკემბერს ცხვებოდა უგემრიელესი ლობიანები ანუ ხაჭაპური ლობიოს გულსართით.



ბარბალობას სიკეთითა და კარგი საქციელით უნდა მოგვეწონებინა თავი. ბარბალობა ხომ ბედობაა. მთელი მომავალი წელი ისეთი ვიქნებით როგორიც ბარბალობას ვიყავით.

შემდეგ ზუსტად ბარბალობას, 1980 წლის 17 დეკემბერს, იქორწინა ჩემმა ერთადერთმა და უსაყვარლესმა ძმამ, რადგან საქართველოში ბარბალობა წლის ყველაზე ბედნიერ დღედ ითვლება. არავინ განგვიმარტავდა რატომ. ჩვენ კი სად გვეცალა. უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით ვიყავით დაკავებულები - ბარბალობა ხომ მკითხაობისა და რიტუალების ღამეა.

საინტერესოა რომ ისევე როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში ქრისტიანულმა ბარბარემ ადრინდელი წარმართული სარწმუნოების ელემენტები შეითვისა. წმიდა ბარბარემ ჩაანაცვლა მზის ადრინდელი ქალღმერთი ბაბალე, რომელსაც მთელს საქართველოში ეთაყვანებოდნენ და რომლის სიმბოლოები იყო მრგვალი ნივთები და სოლარული ნიშნები.

ბაბალე ითვლებოდა ქალების, ბავშვებისა და ოჯახის მფარველად. არის შვილოსნობის, ნაყოფიერებისა და მოსავლიანობის ქალღმერთი. დღეობა კი ზუსტად ზამთრის ბუნიობაზე ჰქონდა, როცა დღე ანუ მზე იწყებს მატებას ანუ ნათელი სიკეთე ამარცხებს ზეციურ გველეშაპს – სიბნელეს.

სავარაუდოა რომ იმ დროს წელიწადიც ალბათ ბარბალობიდან იწყებოდა.

ბარბალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი მეკვლეობაც გახლავთ ანუ ამ დღეს შემოსული პირველი სტუმარი კეთილი ფეხის მქონე უნდა იყოს. იგი ოჯახში საჩუქრებით ხელდამშვენებული უნდა გვეწვიოს. რაიმე მოულოდნელობის თავიდან აცილების მიზნით მეკვლეს ხშირად წინასწარ უთანხმდებოდნენ. ზოგჯერ კი ოჯახის რომელიმე წევრი ჩუმად გადიოდა გარეთ და წინასწარ მომზადებული სავსე ხონჩით პირველი შემოდიოდა სახლში.

ფრიად მნიშვნელოვანი ელემენტია რომ ბარბალობას, ნაყოფიერებისა და შვილოსნობის, ზოგადად ქალური საწყისის დღეობაზე, არავითარი ცხოველური შესაწირი არ კეთდებოდა. უფრო მეტიც სამარხო სუფრა იშლებოდა, რადგან ბარბალობაზე ნებისმიერი სიცოცხელე ხელშეუხებელი იყო. ლობიანების გარდა სავალდებულო იყო წითელი და ნარინჯისფერი კერძები: ჭარხლის ფხალი, გოგრის ფლავი, შემწვარი კომში ნიგვზითა და ჩირებით და სხვა.



1 komentarz:

  1. იკითხეთ მაინც როდესაც სხვის სურათებს იყენებთ!

    OdpowiedzUsuń