ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ გარკვეულწილად შეცვალა პოლიტიკური პეიზაჟი.
24 საათი 05.02.12
ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ გარკვეულწილად შეცვალა პოლიტიკური პეიზაჟი.ქართველი საზოგადოება არაერთმნიშვნელოვნად შეხვდა ამ მოვლენას. ალბათ საინტერესოა, როგორ აფასებენ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უცხოეთში მცხოვრები ქართველები. ჩვენ ვთხოვეთ "ქარტია 2010-ის" ერთ-ერთ დამფუძნებელს, საფრანგეთში მოღვაწე ქართველ პოლიტიოსს, უზენაესი საბჭოს ყოფილ დეპუტატს, ქალბატონ მედეა თუშმალიშვილს, გაეცნო თავისი პოლიტიკური ორგანიზაციის თვალსაზრისი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. რესპონდენტს ესაუბრა ქეთევან ქურდოვანიძე.
- ქალბატონო მედეა, ქართულ მედიაში მრავალი მოსაზრება გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი ვერსია უკავშირდება საფრანგეთის პრეზიდენტის, სარკოზის ვიზიტს საქართველოში. გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში დაირხა ხმა, რომ თითქოს ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას "საიდუმლო ინსტრუქციები" მისცა. რას გვეტყოდით ამის შესახებ, შეიძლება ეს სარწმუნოდ მივიჩნიოთ?
- რაც შეეხება სარკოზის მიერ მიცემულ "საიდუმლო ინსტრუქციებს", რის შესახებაც, როგორც თქვენ ბრძანეთ, საუბრობენ გარკვეული პოლიტიკური წრეები და სარკოზის ვიზიტს უკავშირებენ ივანიშვილის გამოჩენას დღის სინათლეზე, შემიძლია გითხრათ, რომ ეს სრული აბსურდია. საერთოდ ჩვენი საზოგადოების გარკვეულ წრეებში "საიდუმლო შეთქმულებების" ჟანრი მეტად პოპულარულია, რომელთაგან ჯერჯერობით ერთიც კი არ გამართლებულა. სრულიად დარწმუნებულნი ვართ, რომ ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენა რუსული პროექტია და ეს მოვლენა არ უკავშირდება არც ევროპისა და არც ამერიკის პოლიტიკურ წრეებს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დასავლეთში არსებობს საკმაოდ ძლიერი რუსული ლობი, რომელიც ცდილობს და მომავალშიც ეცდება, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური დახმარება აღმოუჩინოს.
- ანუ, თქვენ გამორიცხავთ ყოველგვარ კავშირს ამ ორ მოვლენას შორის?
- ვიმეორებ, რომ საუბარი რაიმე "საიდუმლო ინსტრუქციებზე" ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფია. სარკოზი გამოცდილი პოლიტიკოსია და ის ჩამოვიდა საქართველოში სრულიად კონკრეტული მისიით, რომელიც მან გაახმოვანა თავის გამოსვლაში თავისუფლების მოედანზე. აშკარაა, რომ დასავლეთს აქვს კავკასიაში კონკრეტული გეოპოლიტიკური ინტერესი, რომელიც სრულიად ემთხვევა საქართველოს ნაციონალურ ინტერესს, მაგრამ, იმავდროულად, უპირისპირდება რუსეთის გეოსტრატეგიულ ინტერესს კავკასიაში. შეიძლება ითქვას, რომ სარკოზის მიერ თბილისში წარმოთქმული სიტყვა იყო დასავლეთისა და რუსეთის ურთერთობის ახალი ეტაპის დასაწყისი. თუ დავუბრუნდებით ჩვენს კითხვას - იყო თუ არა კავშირი სარკოზის ვიზიტსა და ივანიშვილის პოლიტიკურ სცენაზე გამოჩენას შორის, შესაძლოა, ეს კავშირი მართლაც არსებობს, ოღონდ, სულ სხვა ასპექტში. ივანიშვილის სასწრაფო გამოყვანა პოლიტიკურ ასპარეზზე ორმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა: რუსეთის პრემიერ-მინისტრის, პუტინის განცხადებამ ევრაზიული კავშირის შექმნის თაობაზე, რომელიც, ცხადია, ამ კავშირში კავკასიის ჩართვასაც გულისხმობს და ნატო-ს მოახლოებულმა სამიტმა, სადაც მოსალოდნელია საქართველოს საკითხის უფრო მკვეთრად დასმა.
ჩვენი საზოგადოების გარკვეულ წრეებში "საიდუმლო შეთქმულებების" ჟანრი მეტად პოპულარულია, რომელთაგან ჯერჯერობით ერთიც კი არ გამართლებულა.
- ე.ი. ფიქრობთ, რომ დასავლეთი შეეწინააღმდეგება პუტინის პროექტს ევრაზიული კავშირის შექმნის თაობაზე და სარკოზის ვიზიტს კავკასიაში ამ ჭრილში განიხილავთ?
- დასავლეთის ინტერესში არ შედის რუსეთის იმპერიის კვლვ შექმნა და გაძლიერება, რაც უეჭველად იქნება პუტინის მესამე მანდატის პრიორიტეტი.
- ქალბატონო მედეა, ქართულ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა "ქარტია 2010-ის" განცხადება, რომელსაც თქვენ და ვიქტორ დომუხოვსკი აწერთ ხელს. განცხადებაში ეჭვგარეშედ მიიჩნევთ, რომ ივანიშვილის "საქართველოს გადარჩენის" სურვილი რუსეთის ძალისხმევის შედეგია, მაგრამ საქართველოში არსებობს მოსაზრება, რომ ივანიშვილი პროდასავლური ორიენტაციისაა და ამ მოსაზრების დასტურად მისი მომხრეები მიიჩნევენ ივანიშვილის თანამშრომლობას ირაკლი ალასანიათან და "რესპუბლიკელებთან".
- მცდარი მოსაზრებაა. ირაკლი ალასანიაზე ძნელია აზრის გამოთქმა, რადგან ის ჯერჯერობით ვერ შედგა, როგორც გარკვეული პოლიტიკური ორიენტაციის მქონე პოლიტიკოსი. რაც შეეხება "რესპუბლიკელებს", თუკი "პროდასავლურმა" ბერძენიშვილებმა არ ითაკილეს 90-იან წლებში რუსეთის მიერ ინსპირირებულ და დაფინანსებულ სახელმწიფო გადატრიალებაში აქტიური მონაწილეობა მიეღოთ, რა გარანტია გვაქვს, რომ დღესაც იმავეს არ მოიმოქმედებენ?! რაც შეეხება ბ. ივანიშვილს ფენომენის რუსულ წარმომავლობას, თუ ძალით არ დავიბრმავებთ თვალს, სურათი სრულიად აშკარა და ნათელია. სხვათა შორის, იმავე აზრის არიან საქართველოს საკითხზე მომუშავე ფრანგი პოლიტოლოგებიც. ბიძინა ივანიშვილის გეგმა, მოიპოვოს საპარლამენტო უმრავლესობა და იმპიჩმენტის გამოცხადებით გადააყენოს პრეზიდენტი მანდატის დამთავრებამდე, რუსული გეგმაა, რომლის მიზანია, პუტინის პრეზიდენტობისას საქართველოში იყოს მართვადი ხელისუფლება, რათა განხორციელდეს კავკასიის ჩართვა ევრაზიულ კავშირში.
- როგორ ფიქრობთ, ევრაზიული კავშირის შექმნა რეალური პროექტია?
- ყოველ შემთხვევაში, რუსეთი ყველა ღონეს იხმარს, რათა ეს პროექტი განახორციელოს. თუკი რუსეთი შეძლებს კავკასიის გაწევრიანებას ევრაზიულ კავშირში, ის გადაჭრის მთავარ ამოცანას - კასპიის ენერგორესურსებზე სრულ კონტროლს. რუსეთისთვის ეს მართლაც მეტად მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული საკითხია. ცხადია, რომ რუსეთისათვის ამ მიზნის განხორციელებაში მთავარი დაბრკოლება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა. პარადოქსია, რომ რუსეთისათვის ამ მეტად მნიშვნელოვანი ბრძოლის მოგების იმედი უკავშირდება ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პიროვნებას, რომელიც დილეტანტის დონეზეც კი ვერ ფლობს პოლიტტექნოლოგიის ანბანს, მაგრამ რუსეთმა საქართველოსთან ბრძოლის ყველა საშუალება ამოწურა და ახლა იგი შველას ელის ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ შეკრებილი და დარაზმული, ტრადიციულად პრორუსული ორიენტაციის საზოგადოებისგან.
- ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც, ასე ვთქვათ, რუსეთისკენ იყურებიან, თავიანთ ორიენტაციას ამართლებენ იმ მოსაზრებით, რომ რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე საქართველო ვერ შეძლებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. თქვენ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა რაციონალური მარცვალი ამ მოსაზრებაში?
- ჩვენს პოლიტიკოსებსა და საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც კვლავ რუსეთისკენ იყურება, სხვადასხვა მოტივაცია აქვთ - ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილი, ფინანსური ინტერესი, ფსიქოლოგიური და სხვ. მთავარი მამოძრავებელი ძალა, რა თქმა უნდა, პირადი ინტერესი და ანგარებაა და ნაკლებად სახელმწიფო სარგებელზე ზრუნვა. ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის ორსაუკუნოვანი გამოცდილება გვაქვს. დამეთანხმებით, საკმარისი დროა, რომ მივიდეთ მარტივ დასკვნამდე - რუსეთი არასოდეს, არასოდეს იყო საქართველოს მოკავშირე და საქართველოს ინტერესების დამცველი. საქართველოს დაქუცმაცება, დასუსტება, დაუძლურება, დამორჩილება იყო მისი ძირითადი მიზანი და მუდმივი საზრუნავი. რუსეთი არ არის ის ქვეყანა, რომელიც თავისი ნებით დათმობს საკუთარ ინტერესს საქართველოს სასარგებლოდ. რუსეთზე შესაძლებელია იმოქმედოს მხოლოდ დასავლეთის ზეწოლამ, რაც ხორციელდება კიდეც, მართალია არა იმ ტემპით, ჩვენ რომ ვისურვებდით, მაგრამ ის მაინც ხორციელდება - ფრთხილად, ნაბჯი-ნაბიჯ, მეთოდურად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო დიპლომატიური თვალსაზრისით სწორი გზით მიდის. რაც შეეხება რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებას, რა შედეგს შეიძლება ველოდოთ, ამის შესანიშნავი მაგალითია შევარდნაძის პერიოდი, როცა "თეთრმა მელამ" ამ მოლაპარაკების შედეგად სრული პოლიტიკური ფიასკო განიცადა.
- შევარდნაძე არც ახლა "ზარდება" და ურჩევს საქართველოს პრეზიდენტს, იმეგობროს რუსეთთან.
- შევარდნაძეს, როგორც ჩანს, დაავიწყდა, რომ მისი მოლაპარაკების "შედეგად" 1993 წელს რუსეთმა მოახდინა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსია და სწორედ ამ პერიოდიდან საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქცია ამ ორ რეგიონზე არ ვრცელდება. შევარდნაძეს ალბათ ისიც აღარ ახსოვს, რომ სწორედ მისი ხელმოწერით იყო დაკანონებული რუსეთის ჯარის "ლეგიტიმური" ყოფნა საქართველოს მიწაწყალზე. შევარდნაძე არ არის ის პოლიტიკოსი, რომელმაც შეიძლება ვინმეს რამე საკითხზე რჩევა მისცეს - მას ამის არავითარი მორალური უფლება არ გააჩნია!
რუსეთმა საქართველოსთან ბრძოლის ყველა საშუალება ამოწურა და ახლა იგი შველას ელის ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ შეკრებილი და დარაზმული, ტრადიციულად პრორუსული ორიენტაციის საზოგადოებისგან.
- ე.ი. თქვენ მიგაჩნიათ, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას, როგორც ახლა ამბობენ, "ურთიერთობების დალაგებას" აზრი არა აქვს?
- იმ პოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც დღეს რუსეთია და არა მგონია, რომ ის ხვალ რადიკალურად შეიცვალოს, დარწმუნებული ვარ, რუსეთთან "ურთიერთობების დალაგების" ნებისმიერი მცდელობა დასრულდება შიდა ქართლის ორიოდე სოფლიდან რუსის ჯარის გაყვანით, საქართველოს სუვეენიტეტის დაკარგვის საფასურად. უბედურება ის არის, რომ რუსეთის მიერ ბიზნესმენ ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში ამოტივტივება სწორედ ამგვარი მოლაპარაკებების პერსპექტივას ისახავს მიზნად.
- ხშირად საუბრობდნენ იმ გულგრილობაზე, რომელსაც ერთი შეხედვით ავლენდა ამერიკის ხელისუფლება საქართველოსადმი. თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია ეს მოსაზრება. როგორ შეიცვალა ობამას მმართველობის პერიოდში რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები?
- ტალეირანი ამბობდა: "არ უნდა გააზვიადო მტრის სისუსტე და შენი მეგობრის ერთგულება." სამწუხაროდ, პოლიტიკაში "ერთგულება", "მეგობრობა" პირობითი ცნებაა. მეგობრობა არსებობს იმ მომენტამდე, ვიდრე ქვეყნების ინტერესები ერთმანეთს არ უპირისპირდება და პირიქით. დღეს არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ამერიკა ჩვენ თავის მოკავშირედ არ მიგვიჩნევს და გულგრილია საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ. პირიქით, სწორედ რუსეთთან ყბადაღებული "გადატვირთვის" პირობებში ობამას ადმინისტრაციამ საქართველოს ტერიტორიებს რუსეთის მიერ ოკუპირებულის სტატუსი მიანიჭა. ეს დოკუმენტი იძლევა საშუალებას, განვაგრძოთ დიპლომატიური ბრძოლა საერთაშორისო ინსტანციებში და მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როდესაც ამგვარმა იურიდიულმა დოკუმენტმა, ასე ვთქვათ, "იმუშავა" გარკვეული პერიოდის შემდეგ. ამერიკამ საქართველოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ფინანსური დახმარება აღმოუჩინა. ვიყოთ რეალისტები და ნუ მოვითხოვთ შეუძლებელს! რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მტერსაც და მოყვარესაც მშვენივრად ესმის, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მიწვევა ოფიციალური ვიზიტით თეთრ სახლში არის საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურება და მეტად მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის მქონე ფაქტი. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის თაობაზე, ობამას პრეზიდენტობის პერიოდში, ვფიქრობ, "გადატვირთვა" უფრო რიტორიკაა, ვიდრე საქმე. რუსეთის მიერ შემოთავაზებული საერთაშორისო პროექტებიდან ჯერჯერობით არც ერთს არ მიეცა მსვლელობა, მაშინ, როცა ამერიკა განაგრძობს მუშაობას ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარების დაყენების საკითხზე. მეტიც, მზადდება ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო გემების განლაგების პროექტი შავ, ბარენცის, ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვებში. სად არის "გადატვირთვა"? მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ დასავლეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში უთმობს რაიმეს რუსეთს, როდესაც ეს დათმობა მის პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებს არ ეწინააღმდეგება.
- საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია პრაქტიკულად დაიწყო. თქვენი აზრით, როგორია ძალთა გადანაწილება, ვის რა შანსი აქვს და სავარაუდოდ, რა სიახლეს უნდა ველოდედ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე?
- პოლიტიკაში ყველაფერია მოსალოდნელი. ისიც კი, რომ პოლიტიკისგან ისე შორს მდგომმა პიროვნებამ, როგორიცაა ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი, შეცვალა არსებული პოლიტიკური ვითარება. ამ მოვლენის მთავარი და ძირითადი მიზეზი, ცხადია, მისი ფინანსური კაპიტალია. საკითხავია, შეძლებს კი ივანიშვილი რეიტინგის შენარჩუნებას საპარლამენტო არჩევნებამდე?
- თქვენ როგორ ფიქრობთ?
- მიუხედავად იმისა, რომ მას მართლაც კოლოსალური ფინანსური საშუალებები აქვს და სადღეისოდ მის ირგვლივ მობილიზებულია საქართველოში და საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული პრორუსული და ანტიდასავლური ძალები "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხება ივანიშვილის ირგვლივ შეკრებილ ძალებს ძალზე გაუჭირდებათ.
ჭორვილაში დაბადებული ბიძინა ივანიშვილი იქნება ეს თუ პარიზში დაბადებული სალომე ზურაბიშვილი, ან კიდევ ნებისმიერი სხვა პიროვნება, მისი არსებობა ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ ზიანის მომტანი შეიძლება იყოს, თუკი მას არ აქვს უნარი, პოლიტიკური ბრძოლა ქვეყნის ღალატისგან განასხვავოს.
- რას ეფუძნება თქვენი პროგნოზი?
- მართალია, რომ ხუთი მილიარდი სოლიდური თანხაა საქართველოს მასშტაბით, რაც ივანიშვილს აძლევს საშუალებას, იყიდოს პოლიტიკური პარტიები, პრესა, ტელეარხები, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხარდაჭერა და ა.შ. "ოცდაათი ვერცხლის" ისტორია ძველი ისტორიაა - აქ ახალი და გასაკვირი არაფერია. მაგრამ, თვით ივანიშვილი იმდენად დაღდასმულია 90-იანი წლების რუსეთის საქმოსნური კლანების მეტად სპეციფიკური მსოფლმხედველობით, რომ მასზე მომუშავე "მრჩევლებს" გაუჭირდებათ ივანიშვილისგან შექმნან იმ დონის პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც ქართველი ერი ქვეყნის ლიდერად აირჩევს. მეორე გარემოება, რაც მაფიქრებინებს, რომ ივანიშვილი ვერ შეძლებს იმ უმრავლესობით მოსვლას პარლამენტში, რისი იმედიც მას და მის მომხრეებს აქვთ, არის მის ირგვლივ მართლაც უკიდურესად მარგინალური ძალების გაერთიანება, რომელთა რეიტინგიც წლების განმავლობაში 1% ვერ ასცდა, როგორც ამბობენ, მეფეს მისი ამალა ქმნის, ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკოსები კი მეფის შემქმნელნი ნამდვილად ვერ იქნებიან, ხოლო ფილარმონიაში ბიძინა ივანიშვილის მისასალმებლად ფეხზე წამომდგარი პუბლიკა, განსხვავებით 90-იანი წლებისა, საბედნიეროდ, პოლიტიკური ამინდის შემქმნელი აღარ არის!
პირადად ჩემთვის, და ამ აზრს დასავლეთში ქართველთა უმრავლესობა იზიარებს, ბიძინა ივანიშილის პიროვნების განმსაზღვრელი იყო მისი განცხადება, რომ "სააკაშვილი თავს დაესხა მძინარე ცხინვალს". ჭორვილაში დაბადებული ბიძინა ივანიშვილი იქნება ეს თუ პარიზში დაბადებული სალომე ზურაბიშვილი, ან კიდევ ნებისმიერი სხვა პიროვნება, მისი არსებობა ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ ზიანის მომტანი შეიძლება იყოს, თუკი მას არ აქვს უნარი, პოლიტიკური ბრძოლა ქვეყნის ღალატისგან განასხვავოს. ეს არის ივანიშვილის მთვარი პრობლემა და არა ის, ვისი პროექტით, რა გზით მოიპოვა თავისი კაპიტალი 90-იან წლებში რუსეთში, რამდენად უანგაროა მისი ქველმოქმედება და ა.შ.
- როგორც გაცხადდა, ივანიშვილის პარტიის ლიდერად მისი მეუღლე მოიაზრება და ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა ეს ფაქტი დადებითად შეაფასა.
- ივანიშვილის პარტიის ლიდერად ივანიშვილის მეუღლის დასახელება მაგონებს ცოლებსა და სიდედრებზე ბინებისა და მანქანების გადაფორმების პრაქტიკას. ივანიშვილის პარტიას აქვს "ხუთი მილიარდი " და ვინ იქნება ამ პარტიის ლიდერი - თვით ივანიშვილი, მისი მეუღლე, ნათესავი თუ მეზობელი, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს - ხუთმილიარდიანი პარტია ხმების გარკვეულ რაოდენობას ყველა შემთხვევაში მიიღებს. რაც შეეხება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, უეჭველია ის მეტად დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში ჩატარდება, რადგან სრულიად აშკარაა პროდასავლური და პრორუსული ძალების მკვეთრი დაპირისპირება. თუ გნებავთ, ეს იქნება რუსეთის საქართველოსთან ომის ნაირსახეობა.
- როგორც უკვე თქვით, ამ ბრძოლაში თქვენ "ნაციონალურ მოძრაობას" უწინასწარმეტყველებთ გამარჯვებას.
- როცა მოქალაქე მიდის ხმის მისაცემად, მან უნდა იფიქროს არა ვიღაც "ცით მოვლენილ მესიაზე", არამედ უნდა გააცნობიეროს, თუ რა არის მისი ქვეყნის პრიორიტეტი. ასე ხდება ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში. ჩვენი ძირითადი საზრუნავი უნდა იყოს ის, თუ ვინ შეძლებს შეინარჩუნოს საქართველოს სუვერენიტეტი. ყველასათვის მოსაწონი, ყველასათვის მისაღები "კარგი ხელისუფლება", რომელზეც ოცნებობს ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობა, ცისფერი ოცნებაა, მირაჟი...
მიმოვიხედოთ გარშემო და ნათელი გახდება, რომ "დედამიწად" წოდებულ ჩვენს პლანეტაზე ის არ არსებობს და ჩვენ, ქართველები, ვერ ვიქნებით გამონაკლისი.
ამიტომ, ხმა უნდა მივცეთ იმ პოლიტიკურ ძალას, თუ ძალთა გაერთიანებას, რომელიც არ შეცვლის საგარეო პოლიტიკის ვექტორს ჩრდილოეთის მიმართულებით და საქართველო თავისი ავ-კარგით, შეცდომებით თუ წარმატებებით კვლავ საქართველოდ დარჩება
სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/news/interview/2012-02-05/24931.html
Brak komentarzy:
Prześlij komentarz