პირველი: დღემდე დიდი გასავალი აქვს КГБ – კულუარებში გამოცხობილ ზღაპარს, თითქოს 1978 წელს ედუარდ შევარდნაძემ “გადაარჩინა ქართული ენა”. იმდროინდელი რეალობის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი კი ყველას ავიწყდება. არც ერთ იმდროინდელ რესპუბლიკაში არ მომხდარა ეროვნული ენის სტატუსის დაკნინება. უბრალოდ ამ ნაცარქექიამ კიდევ ერთი მორიგი ტყუილი მოგვიყვა და თანაც ყველაფერი იღონა, რათა იგი შთამბეჭდავად ჩარჩენილიყო ხალხის მახსოვრობაში. გაიხსენონ იმდროინდელმა პარტიის წევრებმა - 14 აპრილამდე გაცილებით ადრე მთელ საქართველოში ჩატარდა პარტიული კრებები, სადაც რაიკომების დავალებებით, პირველად პარტიულ ორგანიზაციებს უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება კონსტიტუციაში ქართული ენისათვის სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნების შესახებ. არა მგონია ვინმე საქმეში ჩახედულს შეეძლოს იმის წარმოდგენა, რომ ცეკას, თეკას, რაიკომების და პირველადი პარტიული ორგანიზაციების მდივნები რამეს აკეთებდნენ საკუთარი ინიციატივით, “ხელმძღვანელ ორგანოებთან” შეთანხმების გარეშე.
ეს მხოლოდ მთავრობის სახლთან შეკრებილი ხალხი იყო ალალი და განა ხალხის ბრალია, რომ კომუნისტები მის გულწრფელობას პირადული მიზნებისათვის იყენებდნენ? ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს კომუნისტებმა, რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლიდა და რომ ეროვნული თვითშეგნება, მათი ნების მიუხედავად, ასეთი აქციების შემდეგ გაიზრდებოდა.
საქართველომ პირველმა მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში პირდაპირ აიღო გეზი სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისაკენ, ეს მაშინ, როცა ბალტიის ქვეყნები ჯერ ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზეც კი არ ლაპარაკობდნენ. ამიტომ დაგვსაჯეს ასე სამაგალითოდ და ედუარდ შევარდნაძის უშუალო მონაწილეობით (პოლიტბიურომ, რომელსაც ამხანაგი ედუარდ ამბროსიევიჩიც ესწრებოდა, გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო) 1989 წლის 9 აპრილს.
ამ ფარისეველმა ოსტატურად გამოიყენა თავისი გაზრდილი კინო-ტელე და თეატრალური “წითელი (ნომენკლატურული) ინტელიგენცია” 1978 წლის 14 აპრილსაც და 1989 წლის 9 აპრილის მომდევნო დღეებში. იგივე “დამრტყმელი ძალა” იქნა მის მიერ გამოყენებული 1991-1992 წლებშიც საქართველოში რუსეთის მიერ დაგეგმული პუტჩის დროს.
მეორე: ახლა რაც ეხება “თვითმფრინავის საქმეს”, ისევ წამოვიდა ხმები რომ შევარდნაძე არაფერს შუაშია და რომ მან მხოლოდ მოსკოვის მითითება შეასრულა და განაჩენის შერბილება ან აღსრულების გადავადება შესაძლებელი არ იყო. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ საქმის ძიებისა და სასამართლო პროცესის ასეთ უმოკლეს ვადებში ჩატარება და უკანონო (სხვადასხვა იურიდიული ნორმების დარღვევების გამო) განაჩენის სარეკორდო ვადებში აღსრულება (სპეციალურად შევისწავლე აღსრულების ვადები) მხოლოდ ედუარდ შევარდნაძის პირადი დაინტერესებით და ინიციატივით მოხდა. იგი პირადად იყო ძალიან გაღიაზიანებული ამ თვითმფრინავის გატაცების ფაქტით. თავისი “შელახული” ავტორიტეტის აღდგენისთვის წავიდა უამრავ უკანონაბაზე და დარღვევაზე.
არავის არასოდეს ეჭვქვეშ არ დაუყენებია ამ ბიჭების დანაშაული. დიახ, მგზავრებით სავეს თვითმფრინავის გატაცება და მათი სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნა ყოველთვის და ყველგან დასჯადი ქმედებაა, მაგრამ აქ მეორე საკითხი წამოიჭრება – უნდა განისაზღვროს ყოველი მათგანის როლი და პასუხისმგებლობა და რაც უმთავრესია – სასჯელის ზომა. რად ღირს თუნდაც ამ საქმეში უდანაშაულო და გატაცებულ თვითმფრინავში საერთოდ არმყოფი მღვდლის თემურ ჩიხლაძის (მამა თევდორე) დახვრეტა!!! ასეთი პრეცედენტი მსოფლიო პრაქტიკაში არ არსებობს. საერთოდ ეს საქმე უზნეო ფაქტების უწყვეტი ჯაჭვია. და ისევ იმ “წითელი ინტელიგენციის” ბევრმა წარმომადგენელმა “ბატონ ედუარდთან” გასაუბრების შემდეგ გააუქმა საკუთარი ხელმოწერები დასახვრეტად გამზადებული საკუთარი შვილებისა და შვილიშვილების ტოლი ბიჭების შეწყალებაზე, რათა გადაერჩინა საკუთარი კარიერა და კეთილდღეობა (მიაქციეთ ყურადღება - არა სიცოცხლე). არცერთს იმ ოთხი სიკვდილმისჯილიდან არ უსვრია და არავინ არ მოუკლავს. დაჭრილი სოსო წერეთელი ქართველმა ჩეკისტებმა, ე.შევარდნაძის უშუალო მითითებით, წამებით მოკლეს. დათო მიქაბერიძემ ერთად ერთჯერ გაისროლა - თავი მოიკლა. არადა თვითმფრინავში დაფიქსირებულია 108 ნატყვიარი . . . გარედან ნასროლი.
მას ვინც ამ საქმეში ედუარდ შევარდნაძის გათეთრებას შეეცდება შევახსენებ, რომ ოვეჩკინების მუსიკალური ოჯახის მიერ თვითმფრინავის გატაცების დროს იყო სროლაც და დიდი მსხვერპლიც, მაგრამ არავინ დახვრეტილა და კიდევ უფრო მეტიც - მაქსიმალური სასჯელი იყო 8 წელი და დღეს ისინი ყველანი ცოცხლები არიან. იმ ქართველი ახალგაზრდების ასეთი განადგურება კი არა მხოლოდ ედუარდ შევარდნაძესი სინდისზეა და ამიტომაცაა რომ ზოგ-ზოგები ცდილობენ შევარდნაძის გამართლებით საკუთარი სინდისი დაიმშვიდონ, თუკი ასეთი რამ ჯერ კიდევ შერჩენიათ!!!
ვიქტორ დომუხოვსკი,
1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული უზენაესი საბჭოს დეპუტატი,
1993-1998 პოლიტპატიმარი,
1998 წლიდან დღემდე პოლიტემიგრანტი პოლონეთში
2003 წელი დეკემბერი
Brak komentarzy:
Prześlij komentarz