wtorek, 24 marca 2009

საუბარი ვიქტორ დომუხოვსკისთან

ვიქტორ დომუხოვსკის საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ პასპორტის ვადის გაგრძელებაზე თანხმობა დიდი წინააღმდეგობის შემდეგ მისცა. პოლიტიკურ ემიგრანტს ამის შესაძლებლობა ჩვენს გაზეთში საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელზე გამოქვეყნებულმა ღია წერილმა მისცა. ვიქტორ დომუხოვსკი იუსტიციის სამინისტროს მიერ პასპორტის ვადის უმოკლეს დროში გაგრძელებას ან პარლამენტის მიერ მისთვის, როგორც საქართველოს უღირსი პიროვნებისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვდა. 

"თითქმის ორ წელიწადს ველოდებოდი იუსტიციის სამინისტროს ნებართვას ჩემი პასპორტის ვადის გაგრძელებაზე. დადებითი პასუხი მიღებულია!!! 
ეხლა პასპორტი ჩავაბარე საკონსულოში, უნდა გააგზავნონ საქართველოში, იქ ჩააკრავენ გაგრძელების შტამპს, გამოგზავნიან ისევ ვარშავაში, საქართველოს კონსული ხელს მოაწერს და დამთავრდება ქართული პასპორტის ვადის გაგრძელების ჩემეული თავგადასავალი", - აცხადებს "დღესთან" საუბარში ვიქტორ დომუხოვსკი. 

ის რამდენიმე წელიწადია პოლონეთში ცხოვრობს და საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობს, მაგრამ არა ისეთში, სადაც ედუარდ შევარდნაძე და მისი საქმე ცოცხალია. "სანამ ის საქართველოშია, ჩემი ადგილი იქ არ არის. ჩვენთვის ორივესთვის საქართველოში ადგილი არ არის. ან მე, ან ეგ!". თუმცა, არის ერთადერთი გამონაკლისი... 
ემიგრანტობა ძალიან ძნელი რამე ყოფილა, არავის ვუსურვებდი. ადრე ძველი ემიგრანტების მოგონებებს რომ ვკითხულობდი, ბევრი რამ არ მესმოდა. ახლა მესმის მათი ნაღველის... იმის შეგრძნება, რომ "დროებით" ცხოვრობ უცხო ყვეყანაში სულიერად დამთრგუნელია. არაფერს იძენ - რად მინდა, დაბრუნებისას ამას თან ხომ არ ვათრევ. განსაკუთრებით არაფერზე ზრუნავ - ზედმეტი ხარჯია. ასეც ივარგებს (გავძლებ), ვიდრე აქ ვარ... 


- ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში დევნილი ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი დაბრუნდა, დაბრუნებას თქვენ თუ აპირებთ. 

- მართალი ბრძანდებით, დაბრუნდა რამდენიმე, მაგრამ ზოგიერთი ისევ უკან გაიქცა, ემიგრაციაში. ყველაზე გახმაურებული ბიძინა გიორგობიანის შემთხვევაა. არ მოინდომა კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობა და ძლივს გაასწრო. ძალიან ძნელია. ზოგადად დევნილი, იძულებითი ემიგრანტი ფრთხილია. ერთხელ აიყარა, გაიქცა, გადასახლდა. ძნელია მეორედ აიყარო, როცა არ ხარ დარწმუნებული, რომ მესამედ არ მოგიწევს გაქცევით საკუთარი თავისა და ოჯახის გადარჩენა. 

ახლანდელი დრო ძალიან მაგონებს 1970 წლების დასაწყისის საქართველოს, როცა ხელისუფლებაში კორუფციასთან ბრძოლის საბაბით ედუარდ შევარდნაძემ დაჭერები დაიწყო. განსხვავება ერთია: მაშინ იჭერდნენ, ქონებას ართმევდნენ და ციხეში უშვებდნენ (კობახიძე დახვრიტა კიდეც!). ეხლა იჭერენ, ფულს ართმევენ, ზოგჯერ მეორე წრეზეც მიდიან და ვინც ფულს არ "დახარბდება!", არც აკავებენ. პროგრესი არის. უეჭველად - ციხეებში არ ტოვებენ და არ ხვრეტენ! 

ამას წინათ ტელეკომპანიას "მზე" ასე ვუპასუხე - ედუარდ შევარდნაძე და მისი საქმე ცოცხალია. სანამ ის საქართველოშია, ჩემი ადგილი იქ არ არის. ჩვენთვის ორივესთვის საქართველოში ადგილი არ არის. ან მე, ან ეგ! 

ერთადერთი გამონაკლისი: - არაერთხელ განვაცხადე, რომ მივიღებ მონაწილეობას მისი დანაშაულებების გამომძიებელ კომისიაში. 

- სააკაშვილის ხელისუფლებას წინამორბედის მსგავსად პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებდით, რადგან თქვენი პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებისას სერიოზული წინააღმდეგობები შეხვდათ, მოგვარდა თუ არა ეს პრობლემა. 

- თითქმის ორ წელიწადს ველოდებოდი იუსტიციის სამინისტროს ნებართვას ჩემი პასპორტის ვადის გაგრძელებაზე. დადებითი პასუხი მიღებულია!!! ახლა პასპორტი საკონსულოში ჩავაბარე, უნდა გააგზავნონ საქართველოში, იქ ჩააკრავენ გაგრძელების შტამპს, გამოგზავნიან ისევ ვარშავაში, საქართველოს კონსული ხელს მოაწერს და დამთავრდება ქართული პასპორტის ვადის გაგრძელების ჩემეული თავგადასავალი. ასე ამიხსნა კონსულმა და დაამატა, რომ ეს ორ თვეს გასტანს. ისე, პრეზიდენტის ახალი ბრძანებულებით საქართველოს მოქალაქეს პასპორტი უნდა გაეცეს ერთ თვეში. სხვა რა გზა მაქვს - უნდა დაველოდო. 

- საქართველოში 2003 წლის ნოემბერში მიმდინარე პროცესებისადმი არც თუ დადებითად იყავით განწყობილი. შეიცვალა თუ არა თქვენი პოზიცია. 

- სამწუხაროდ, არ შეცვლილა. საუბედუროდ, ყველაზე ცუდი მოლოდინი გამართლდა. რაც მთავარია, არჩევნების ფალსიფიკაციის საკითხი ისევ აქტუალურია. თქვენ გაზეთში 2003 წლის ნოემბერში მოყვანილი მქონდა ცხრილი არჩევნების ფალსიფიკაციის მხოლოდ ერთი, მაგრამ მთავარი მაჩვენებლით - ზედმეტი, ჩაყრილი ბარათების რაოდენობა პროცენტულად. რომ დავუმატე ჩემი შეფასება 2004 წლის არჩევნებისთვის, საყურადღებო რამ გამოვიდა (იხ. ცხრილი): 

არჩევნების თარიღი (წ.) 1992- 1995 - 1999 - 2000 - 2003 - 2004 

ჩაყრილი ბარათები 50% - 30% - %20% - 10% -20% 

ეს ძალიან საშიში ცდუნებაა, თანამდებობის შენარჩუნების მიზნით, არჩევნების გაყალბების გზით სიარული. გამარჯვებისთვის ყველა ხერხი არ უნდა იხმარო. გამარჯვებაში მე ვხედავ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მილიონნახევარი ემიგრანტის დაბრუნებას საქართველოში და ძლიერი სახელმწიფოს აშენებას. მე მგონი, ეს არის ყველა ქართველისა და ქართული სახელმწიფოებრივი ძალის მიზანი! რუსეთის საიდუმლო სამსახურების მიერ შექმნილი იგორ გიორგაძის პარტია არ მყავს მხედველობაში, ისინი ისედაც, აკრძალულები არიან და ასეც დარჩებიან. კამათი უნდა გადავიტანოთ მშვიდობიან გზაზე, არჩევნებზე და აღმასრულებელ ხელისუფლებისთვის პირველი გამოცდა ოთხ ოლქში დანიშნული შუალედური არჩევნები უნდა იყოს. არ უნდა იყოს გამაღიზინებელი არავისთვის, თუ მაგ არჩევნებს მოიგებს დაპირისპირებული მხარე. ბოლოს და ბოლოს, ეს 4 ადგილი უმაღლეს საბჭოში ამინდს ვერ შეცვლის, მთავარია, ეს არჩევნები გაყალბების გარეშე ჩატარდეს. უნდა შევიგნოთ ყველამ, რომ არჩევნებია მთავარი სახელმწიფოში და არა საწინააღმდეგო მოძრაობა!!! მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია ავაშენოთ ძლიერი საქართველო! 2008 წლის არჩევნები უნდა იყოს ისეთივე ზეიმი, როგორიც იყო 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები, რომლებმაც ჩაუყარა საფუძველი საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენას !!! 

- ხელისუფლებაში სააკაშვილისა და მისი გუნდის მოსვლის შემდეგ საკმაო დრო გავიდა, რომ მისი მოღვაწეობის ავ-კარგიანობაზე ისუაბრო. როგორია ემიგრანტის თვალით დანახული დღევანდელი საქართველო. 

- სახელისუფლებო ოინები უკვე თავბრუსდამხვევია. ყველა მინისტრზე ცალ-ცალკე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ორ მკვეთრად გამოხატულ მინისტრს კი შევაფასებდი. უკიდურესობა "ურალმაშის" ქარხნების გაერთიანების ყოფილი გენდირექტორი კახა ბენდუქიძე (ვიცი, რომ დააწინაურეს და ახლა უკვე ვიცე-პრემიერია), საქართველოს ქონებას დაუნანებლად ანიავებს და რაც არანაკლებ ამაზრზენია და რაც ბენდუქიძემ რუსეთიდან შემოიტანა, ეს არის რუსული დერჟიმორდობა, უხამსობა და ბილწსიტყვაობა. მაგას საქართველო ფეხსალაგი ჰგონია, პარლამენტი და სამინისტრო კი ქურდული "სხოდნიაკი". მე ასეთი უვიცი "ხამი" ასეთ დონეზე არსად მინახავს?! 

პარლამენტი გადაიქცა სსრკ-ს დროინდელ უმაღლეს საბჭოდ, სადაც ერთხმად აძლევდნენ ხმას, თანაც გატარებული ცვლილებების შედეგად პარლამენტი ჩამოყალიბდა არა წესებშემოქმედ ორგანოდ, არამედ პრეზიდენტისა და მისი სამსახურის ბრძანებების უპირობოდ დამამტკიცებელ საძმაკაცოდ, რომლის წევრებსაც საკუთარი აზრი არც აქვთ და არც უნდა ჰქონდეთ. 

სასამართლოზე კი სერიოზულად ლაპარაკი საერთოდ არ შეიძლება. საქართველოში სასამართლო არ არსებობს. აღმასრულებელი ხელისუფლების სამდივნოა, სადაც მხოლოდ ბეჭედს ურტყამენ ხელისუფლების მიერ გამოტანილ "განაჩენს". 

"მეოთხე ხელისუფლება" არც ე.შევარდნაძის დროს არსებობდა, არც ახლა არსებობს დამოუკიდებელი მიუკერძოებელი სახით. განსხვავება მხოლოდ ერთია: ადრე პრესა და ტელევიზია თავისუფალი იყო, როგორც გიჟია თავისუფალი, რადგან მის მასალებს არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. ახლა კი ცდილობენ, მაქსიმალურად შეზღუდონ პრესა და ტელევიზია, ცენზურა დაუწესონ, ფინანსურად დააკაბალონ და ა.შ. მაგრამ ჯერ კიდევ ასე თუ ისე მაინც თავისუფალია. თუმცა კი ვიმეორებ - ბოკერია, არველაძე, ნადირაძე § სწ ისეთი მოჩვენებითი მოქმედებები აქვთ "დამხეცებული", რომ წერე და იკითხე. ელექტრონული მედიისათვის უფრო ქმედითი მეთოდებიც მოეძებნებათ: გაკოტრება, დახურვა, დარბევა-დაპატიმრებების ფართო პაკეტის სახით. 

- ხელისუფლებაში მოსვლამდე საქართველოს პრეზიდენტი ბევრს საუბრობდა ეროვნული თანხმობის აუცილებლობაზე. თუმცა, მასზე ზრუნვა მხოლოდ პარლამენტის მიერ მიღებულ ერთ დადგენილებასა და ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გამომწვევი მიზეზების შემსწავლელი უმოქმედო კომისიის შექმნაში გამოიხატა. მნიშვნელოვანია თუ არა ეროვნული თანხმობის პროცესი და შესაძლებელია თუ არა მისი მიღწევა ამ ეტაპზე. 

- ეს გზა აუცილებლად უნდა გავიაროთ. კარგია, რომ ეროვნული შერიგება შეიცვალა ეროვნული თანხმობით. მე არავისთან შერიგება არ მჭირდება. იურიდიულად 1991-1992 წწ. შეფასება (სინამდვილეში ეს მოხდა), ზვიად გამსახურდიას მკლელობის გამოძიება და დამნაშავების სასამართლო უნდა ჩატარდეს. ეს აუცილებელია! 1991-1992 წწ. მტრული სახელმწიფოებრივი მოქმედებისა და მომდევნო რეპრესიების ხელმძღვანელები უნდა მოხვდნენ სასამართლო სკამებზე! აუცილებელია მათი გასამართლება და განაჩენის გამოტანა. მათ უნდა იცოდნენ თავიანთი დანაშაულის ფასი კონკრეტული სასჯელის სახით, თუმცა სრულიადაც არ მოვითხოვ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გამწესებას. 

ისევ პოლონეთს დავესესხები. აქ დღემდე იმართება პროცესები თუნდაც 1971 წელს მაღარო ბუეკში გაფიცვის მონაწილეების დახვრეტის შემსრულებლების წინააღმდეგ. იქ სულ რამდენიმე კაცი დაიღუპა. ასევე კომუნისტი-პრეზიდენტი ვ.იარუზელსკის წინააღმდეგ 1981 წელს საგანგებო მდგომარეობის შემოღების გამო, რამაც ოპოზიციის დაპატიმრებები გამოიწვია. მას არავინ დაუხვრეტია, იარუზელსკი არ არის დაპატიმრებული, მაგრამ აქტიურად იცავს თავს საუკეთესო ადვოკატების მეშვეობით. მოსამართლე დაწვრილებით სწავლობს ისტორიას და აფასებს ყველას მოქმედებას. ერი ამით იწმინდება. ეს პროცესი 10 წელიწადზე მეტია გრძელდება და განაჩენი ობიექტური იქნება! სასამართლოს (და არა პოლიტიკური ძალის) მიერ დადგენილი ბევრი მაშინდელი დამნაშავე დაისაჯა, ზოგი პირობითით, ზოგი კი პატიმრობით. ძალიან ეფექტურად მოქმედებს ლუსტრაციის კანონი. ყველას შეუძლია იყოს მშვიდად, რომ მას მის წარსულ "გმირობებს" წინ არ დაუდებენ, ერთი პირობით - თუ კვლავ მაღალ თანამდებობებზე არ აქვს პრეტენზია. აქ უკვე სამოქალაქო საზოგადოებაა! 

- რევოლუციის შემდგომ მიხეილ სააკაშვილს კარგა ხანს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ადარებდნენ - აცხადებდნენ, რომ მასაც ხიბლი გააჩნია. 

- ბოლოს და ბოლოს უნდა შევეშვათ მითსა და ლეგენდებს და რაც კიდევ უფრო უარესია, ლუბიანკასა და სმოლენსკის მოედანზე მომუშავე ჭორების გავრცელების სამსახურების ცრუ ცნობების გავრცელებას. როდის შევიგნებთ, რომ ზ.გამსახურდია არ დაუღუპია გარემოცვას; 1991-1992 წწ. მოვლენები არ იყო "სახალხო აჯანყება". ეს ამ ტერმინის ავტორმაც (ე.შევარდნაძემ) აღიარა! ეს იყო რუსეთის საიდუმლო სამსახურებისა და მისი ქართული ეროვნების ჯაშუშების მიერ განხორციებული სამხედრო გადატრიალება. რა შუაშია აქ ზ.გამსახურდიას გარემოცვა. 

და რაც მთავარია. 1991 წლის 8 ოქტომბერს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ საოცარი სიზუსტით იწინასწარმეტყველა მოსალოდნელი შედეგები, რასაც საყოველთაო და პირდაპირი, სამართლიანი არჩევნებით მოსული ხელისუფლების დამხობა გამოიწვევდა: 

"ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დარღვევას, სრულ ქაოსს საქართველოს მთელ მიწაზე... ასეთ შემთხვევაში თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება თითო შეიარაღებული ხელისუფლება, შეიარაღებული ჯგუფები და მათი ხელმძღვანელები. ყოველი უბანი იქნება თითო შეიარაღებული ჯგუფის ხელში... მათ შორის ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ზეგავლენისათვის და იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა. მოიშლება ყველაფერი: ელექტროენერგია, გზები, დაწესებულებები... საქართველოსაც გადაედება შემდეგ ეს და დაიწყება დანაწევრება... საქართველო გახდება მსხვერპლი საყოველთაო განუკითხაობისა და საერთოდ, საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აი, რა მოჰყვება ჩემს შესაძლო გადადგომას..." 

სხვათა შორის, 1991-1992 წწ. გადატრიალების (პუტჩის) მონაწილეების უმრავლესობა აქტიურობდა ვარდების რევოლუციის დროსაც?! და ახლა ისე ეტყობა, ახალი დავალების შესასრულებლად ნიადაგს ამზადებენ, რაც ყოვლად დაუშვებელია. უნდა დამთავრდეს გადატრიალებისა და რევოლუციების ხანა. მე ვარდების რევოლუციის წინააღმდეგიც ამ მოსაზრებით გახლდით, მიუხედავად ჩემი შევარდნაძისადმი დამოკიდებულებისა. დღესაც იმავეს გავიმეორებ: ჩვენ არ უნდა გადავიქცეთ ბანანის რესპუბლიკად. მ.სააკაშვილის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს მხოლოდ 2008 წლის არჩევნებით, ან პარლამენტის მიერ დანიშნული ვადამდელი არჩევნების გზით. მხოლოდ არჩევნებით!!! ხელისუფლების ავ- კარგიანობა უნდა გადაწყდეს საარჩევნო ყუთებთან! 

- ახლახან პოლონეთში, გდანსკში "სოლიდარნოსტის" 25 წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. მოწვეულ სტუმართა შორის სააკაშვილიც იყო. ხომ არ შეხვედრიხართ მას და რა უთხარით ან რას ეტყოდით, შესაძლებლობა რომ გქონოდათ. 

- აქ არ შემიძლია გულისტკივილით ერთი რამ არ ავღნიშნო. სულ ახლახანს, 31 აგვისტოს, გდანსკში "სოლიდარნოსტის" 25 წლისთავზე ყველა ქვეყნის სტუმარი გამოვიდა თავის მშობლიურ ენაზე, 
ვ.იუშენკო უკრაინულად, 
ვ.ჰაველი ჩეხურად. 
მხოლოდ მ.სააკაშვილი გამოვიდა ინგლისურად?! 
მიუხედავად იმისა, რომ კარგი სიტყვა თქვა, მაინც ნაკლულობის გრძნობა დამრჩა. 
ახლახანს ჩამოსული იყო ქართველი ჟურნალისტების ჯგუფი, რომელსაც რუსულენოვანი თარჯიმანი "პატრონობდა". ძნელად მოიპოვება პოლონელი ჟურნალისტი, რომელმაც რუსული არ იცის, მაგრამ ისინი თავიანთ მშობლიურ ენაზე საუბრობდნენ და ჩვენები კი რუსულად. ჩვენ თვითონ უნდა დავამსხვრიოთ წარმოდგენა, თითქოს საქართველო რუსეთის ქვეშევრდომი და ხმამაღლა განვაცხადოთ: 
მე ვარ საქართველოს მოქალაქე და მე მაქვს ჩემი საკუთარი ენა. 

აქაურ მართლმადიდებელ ეკლესიაში და არაერთხელ შევსწრებივართ, როგორ ურთიერთობენ და ულოცავენ აქურ ეკლესიის მამებს რელიგიურ თუ სახელმწიფო დღესასწაულებს ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთის, კვიპროსის, უკრაინის ელჩები და მთელი დიპსამსახურები. საქართველოს საელჩოს პოლონეთში კი წელს, თავისი სახელმწიფოებრივი დღესასწაულიც არ აღუნიშნავს. სამ წელიწადს ვუმტკიცებდი აქაურ საელჩოს წარმომადგენლებს, რომ ტელეფონზე ქართულად უნდა პასუხობდნენ და ჯიუტად მაინც პოლონურად: ამბასადა სლუხაო, გაიძახოდნენ. 
  საჭიროა ქართული ეროვნული ფასეულობების გათვალისწინებით, რაღაც იმდაგვარი შეჯერება, როგორიც თავის დროზე პეტრე იბერმა განახორციელა ქრისტიანობისა და ბერძნული ფილოსოფიის ნეოპლატონიზმად შეჯერების სახით.

ვიქტორ დომუხოვსკი: უზენაესი საბჭოს წევრი თბილისის ოქტომბრის #7 საარჩევნო ოლქიდან; "მრგვალი მაგიდა -თავისუფალი საქართველო", საქართველოს ეროვნულ-ლიბერლური კავშირი, იურიდიული კომისიის წევრი, პატიმართა უფლებების ქვეკომისიის თავმჯდომარე; 1990 წ. უზენაესმა საბჭომ თითმფრინავის გამტაცებელთა საქმის საგამოძიებო საპარლამენტო დროებითი კომისიის თავჯდომარე. 
1991 წლის 15 ნოემბერს თვითმფრინავის საქმესთან დაკავშირებით, ვიქტორ დომუხოვსკიმ დაკითხა ედუარდ შევარდნაძე.


დაიბადა 1948 წლის 4 თებერვალს, ქალაქ ქუთაისში; განათლება უმაღლესი - დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1973 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის მეცნირებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. საქართველოს მეტალურგთა თავისუფალი კავშირის გამგეობისა და დარბაზის წევრი. 


გაზეთი "ხვალინდელი დღე", 2005 წელი

Brak komentarzy:

Prześlij komentarz