სად, მსოფლიოს სხვა რომელ ქვეყანაში, ხდება ან მომხდარა, რომ კერძო პირი თავის თავს აცხადებდეს გენერალურ პროკურორად და სისხლის სამართლის საქმეს ღძრავდეს ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ აბსურდული ბრალდებით – კანონიერი ხელისუფლება არის ბანდა და ბანდის მეთაური ზ.გამსახურდიაა (???) – ამ ე.წ. საქმეში არის ვახტანგ რაზმაძის ჩვენება, რომელსაც იგი მოწმის სახით იძლევა:
“... გამსახურდიას მიერ მუშაობის ბოლო პერიოდში დაშვებული შეცდომების გამო ის გადაყენებული იქნა და ქვეყანას მართავდა სამხედრო საბჭო. აუცილებელი შეიქმნა საქართველოს მართვის სათავეში ჩასდგომოდა პიროვნება ვინც მას გამოიყვანდა შექმნილი მდგომარეობიდან, ასეთ პიროვნებად აღიარებულ იქნა ე.შევარდნადზე, რომელიც 1992 წ. მარტში ჩამოვიდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ მის საქართველოში დაბრუნებას საზოგადოების ყველა ფენაში ერთნაირი აღფრთოვანება არ გამოუწვევია და დაიწყო მოძრაობა ე.შევარდნაძის წინაარმდეგ. ზოგიერთი პარტიისა და თანამდებობის პირთაგან განსხავებით საქართველოს პროკურატურის ორგანოებმა დაიკავეს ე.შევარდნაძის მხარდაჭერის პოზიცია და შეუდგნენ საქმის გამოძიებას... .”
შევეცდები დაგანახოთ რაოდენ შორს გამიზნულ და გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმასთან გვქონდა საქმე და შეცდომების დაშვებას თუ დაუშვებლობას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა კი შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ ჩვენს ხელისუფლებას შეცდომები არ ჰქონდა. შეცდომები იყო, ნამდვილად იყო, მაგრამ წინასწარ განზრახული ბოროტება და ერის წარსულის, აწყმოსა და მომავალის წინაშე ჩადენილი დანაშაული კი არა.
ერთის მხრივ მებრალებიან ის ქართველები, რომლებმაც ქართულ ისტორიაში ყორღანაშვილის საქმის მემკვიდრეობაღა შესძლეს, მაგრამ მეორეს მხრივ სათქმელიც უნდა ითქვას: ”ავს თუ ავი არ უწოდე, კარგს სახელად რა დავარქო?!” თანაც, როგორც ეტყობა კიდევ დიდხანს და ჯიუტად დაიჩემებენ ზოგიერთები შევარდნაძის ჩამოყვანას, კიდევ დიდხანს ეცდებიან დაარწმუნონ თანამოქალაქენი საკუთარ პოლიტიკურ წონასა და მნიშვნელობაში. არ უნდათ დაიჯერონ, რომ ამაოდ და უშედეგოდ, რადგან “სისტემას” მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის, როგორც მოსახლეობის ზომბირების ცენტრალური სამსახურისათვის, შესაბამისი განკარგულება მათ შესახებ ამჯერად არ გაუცია, ან იქნებ უფრო სწორი იყოს თუ ვიტყვით, რომ დიამეტრულად საპირისპირო განკარგულება იქნა გაცემული. ამისი ნათელი დემონსტრირება იყო ამასწინდელი არჩევნები ვაკის რაიონში _ ჯაბას ორი და ოცდახუთწლიანი “წარსულის” მქონე სარიშვილის დაახლოებით ცხრა პროცენტით. სად არის დღეს ის ოდიოზური ასე ვთქვათ საზოგადოება “თბილისელი”, რომელმაც დანარჩენ საქართველოს ზემოდან გადმოხედვა არ აკმარა და სულშიც ჩააფურთხა – სუნიანებოო. პოლიტიკაში და მსახურობაში არ არსებობენ მეგობრები, არსებობენ მხოლოდ ინტერესები – და თუმცა ეს ძალიან ბანალური ფრაზა ისევე ძალიან კარგად იციან ღოღობერიძეებმა, ორჯონიკიძეებმა, ჩარკვიანებმა, შენგელაიებმა, ამაშუკელებმა, გოგუაძეებმა, ჩხეიძებმა, კვარაცხელიებმა, ხაინდრავებმა და მათგვარებმა, როგორც იცოდნენ ხაბეიშვილმა, ჭანტურიამ, ქუთათელაძემ, გულუამ, ყარყარაშვილმა და მრავალმა და მრავალმა სხვამ, ყოველი მათგანი მაინც იმედოვნებს, რომ პირადად იგი იქნება ის გამონაკლისი, რომელიც კანონს ადასტურებს, თუმცა კი ეს კანონი გამონაკლისის გარეშეც განუხრელად სრულდება – შეასრულე შენი დავალება? წადი, თავისუფალი ხარ, გაანთავისუფლე ადგილი!
ყველა ქვეყანაში და ყოველ დროს არსებობდა ე.წ. მეხუთე კოლონა და საქართველო ამ მხრივ არც პირველია და არც უკანასკნელი, მაგრამ მე მაინც მინდა ერთ მომენტს ხაზი განსაკუთრებით გავუსვა: არასოდეს და არსად არ ყოფილა ასეთი მეხუთე კოლონები ერთგვაროვანი და ერთსახა. ზოგი “იდეას” ემსახურება, ზოგი საკუთარ ინტერესებს და კიდევ არის ხალხი, რომელთა მიმართ შეიძლება ითქვას “არა უწყიან რასა იქმიან”. და თუ პირველ ორ ჯგუფს არანაირი დამუშავება არ ესაჭიროებოდა, ისედაც მზად იყვნენ “სამსახურისათვის”, სწორედ ეს მესამე კატეგორია იყო განსაკუთრებული დამუშავების, ზემოთ ნახსენები ზომბირების, ობიექტი. ეს მათთვის იქმნებოდა ჯაბა იოსელიანის “კოლორიტული” ფიგურა ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, მათთვის მზადდებოდა კომპრომატები დაუმორჩილებლებზე, მათთვის იქმნებოდა მომავალი შესაძლო ოპოზიციის “ლიდერების”, “დიდი პოლიტიკოსისა და ახალი მსოფლიოს არქიტექტორის” მითები და ლეგენდები, ქართულ მენტალიტეტზე გამიზნული ლოზუნგი: “ჯერ დემოკრატია, მერე თავისუფლება”. ეს მათგან იქმნებოდნენ ე.წ. “გავლენის აგენტები”. არაფერია ამაში მოულოდნელი და გასაკვირი. ეს არის პოლიტიკური დაზვერვის ჩვეულებრივი სტრატეგიული გეგმა და საქმიანობა.
სხვათაშორის საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების სცენარი წინასწარ იყო დაბეჭდილი სანქტ-პეტერბურგის გაზეთში “ჩას პიკ” ( ავტორი გახლდათ “ვინმე” ემილ პაინი ეთნიკური პრობლემების ინსტიტუტიდან, მერე იგი სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელია, ახლა კი ისევ ეთნოლოგიური და რეგიონალური კვლევების ცენტრის დირეკტორი). დიდი, მართლა დიდი ფილოსოფოსი, აცხადებდა: “თუ ხალხი აირჩევს ზ,გამსახურდიას, მე წავალ ქართველი ხალხის წინააღმდეგ “ ??? და ამას იძახდა კაცი ვისი ხელებიც გასვრილი იყო ჩეხი ხალხის სისხლში (1968 წლის აგვისტოს მოვლენები). ჩემთვის იგი ჭეშმარიტად “რუსი დემოკრატი და საბჭოთა პატრიოტია”.
ჯერ კიდევ 1991 წლის მაისში თენგიზ კიტოვანმა მითხრა, რომ რუსეთს დაგეგმილი აქვს ოპოზიციის ხელით, მიტინგებით და სხვა საპროტესტო აქციებით, დესტაბილიზაციის გამოწვევა, მაგრამ ჩვენც ვემზადებითო .... რამოდენიმე წლის შემდეგ ციხეში შევხვდით ერთმანეთს. მას კვლავ არ ჰქონდა გაცნობიერებული საკუთარი “ღვაწლი”. ამიტომ ჩემს მიერ მისი პერსონის სრულიად დასაბუთებულ და სამართლიან შეფასებაზე ასე მიპასუხა: რა გინდათ ჩემგან?! მე რომ არა ე.შევარდნაძე სხვას, უარეს, დაავალებდა გადატრიალების გაკეთებას. მე ხომ ლმობიერი კაცი ვარ და ბევრი გადავარჩინე სიკვდილსო. ეს ღა მოვახერხე მეპასუხა: გამოდის, რომ მადლობელიც კი უნდა ვიყოთ შენი, რომ ნაკლებ სისხლიანი იყავი - მეთქი?
დაღვრილ სისხლთან დაკავშირებით მინდა გაგახსენოთ იმ დაძაბულ ვითარებაში, რაც ოთხმოციანი წლების ბოლოს სუფევდა საქართველოში ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გადადგა ეს იყო “ქართული ეკლესიის შავი წიგნის” დაარსება, რომელშიც უნდა შეტანილიყო და საშვილიშვილოდ დაწყევლილიყო ქართველის მკვლელი. გახსოვთ ალბათ როგორი ცეცხლში ნავთის დასხმა იყო ეს და ის უსუსური თავისმართლებაც გემახსოვრებათ: ჩვენ ქართველის მკვლელ ქართველს ვგულისხმობდითო. თუ ამას პატრიარქის დეკემბერ-იანვრის “შეუძლოდ ყოფნას” დავუმატებთ და ე. შევარდნაძის „შემთხვევით“ ფრაზას, რომ ეს მან, ცეკას პირველმა მდივანმა დაგვინიშნა ასეთი [კარგი] პატრიარქი, მგონი უკვე ცხადი ხდება რაოდენ ღრმა, წინასწარ გათვლილ და კარგად დაგედგმილ მოვლენებთან გვქონდა საქმე. და მე მინდა ჭანტურიას, წერეთლის, ჩხეიძის, ჭავჭავაძის, სარიშვილის სულიერ მამას, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოფოსს, ილია II–ს, ვკითხო: სად არის ახლა ის შავი წიგნი?
21 დეკემბრის ღამე მთავრობის სახლში გავათენე და 22 დეკემბრის დილას დავაპირე სახლში ასვლა. სანამ მანქანის ძრავს ვახურებდი ერთი წუთით გამასწრო ავთო რცხილაძემ და იგი მეტროსთან დაიჭირეს, მე ხალხმა გამაჩერა და გამაფრთხილა: ვაჟა ადამიას ბანდიტებს პიკეტი აქვთ მოწყობილი და ავთო დაიჭირესო. დავბრუნდი უკან. ავედი მეორე სართულზე (ადრე იქ ჩვენი იურიდიული კომისია იყო, იმ პერიოდში კი რადიოს რედაქცია) და დავაპირე სახლში დარეკვა, მაგრამ უეცრად ატყდა სროლა. ხოლო სროლის ატეხვა და რადიოს რედაქციის მინების ჩამსხრევა ერთი იყო. დამიზნულად ისროდნენ პირველი სკოლიდან და ქაშუეთის ეკლესიიდან. საპასუხო სროლაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო, რადგან მსროლელი (იარაღიანი ხალხი) იმ დროს მთავრობის სახლში პრაქტიკულად არავინ არ იყო. არც ღამე იყო ბევრი, მაგრამ დილისთვის საერთოდ ყველა გაქრა. იქვე გვერდზე, ამავე მეორე სართულზე, იყო პრეზიდენტის კაბინეტი და მთავარი სამიზნე ზუსტად მისი კაბინეტი იყო. მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ სამწუხაროდ მთავრობის სახლიდან ვერ გაანადგურეს ის სულგაყიდული თავდასხმელები იმ უბრალო მიზეზის გამო რომ, არ იყო მაშინ იქ არავითარი სამხედრო ძალა. სავალალოა, მაგრამ რეალურად 22-ში დილით 10-15 შეირაღებულ კაცს შეეძლო მთავრობის სახლის აღება. ბოლო მებრძოლებმა დილის 7 საათზე დატოვეს შენობა. სხვათაშორის მანამდე მათ ქაშუეთის ეკლესიასთან მდგომი მანქანიდან ამოიღეს რამდენიმე ათეული “ნურსის” ტიპის რაკეტა. აშკარაა, რომ თავდასხმა მთავრობის სახლზე წინასწარ დაიგეგმა და იგი იყო შემოდგომის მოვლენების ბოლო რგოლი. თუნდაც გავიხსენოთ ძალოვანი სტრუქტურების სხვადასხვა დონის თანამდებობის პირთა მიერ მოწყობილი ფარსების კასკადი: დილარ ხაბულიანს ვითომ მომწამლავი გაზი შეასხეს, რომან გვენცაძე ვითომ დაჭრეს (სინამდვილეში ამას რუსულად “სამოსტრელს” ეძახიან).
ეჰ, რამდენი რამის გახსენება შეიძლება ... მაგრამ მხოლოდ ერთ ფაქტს გავიხსენებ. 1992 წლის 27 დეკემბრისთვის აიყვანეს მთავრობის სახლის წინ რამდენიმე მებრძოლი, ეროვნებით რუსი, ჯარისკაცი. მე და ჯონი ფირცხალაიშვილი წავედით ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელთან, გენერალ ბეპაევთან (გენერალი პატრიკეევი შვებულებაში იყო), რომელსაც პროტესტი განვუცხადეთ რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების პუტჩში მონაწილეობის გამო და საქართველოს შინაგან საქმეში ჩაურევლობა მოვთხოვეთ. რაზეც გენ. ბეპაევმა პირდაპირ გვითხრა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია მოსკოვში მისი მთავარსარდლის ბ.ელცინის მიერ. პირადად მას ესმის, რომ ესენი არიან კრიმინალური ბანდები (ზუსტად მაშინ მიიღო ინფორმაცია, რომ დივიზიის უფროსი დაუჭრეს ყაჩაღურ თავდასხმაში), და მიუხედავად იმისა, რომ ის გვცნობს, როგორც კანონიერი ხელისუფლებას, მოსკოვიდან აქვს ბრძანება დაეხმაროს პუტჩისტებს. „კეთილი რჩევაც“ მოგვცა, რომ ეს საკითხი მოგვეგვარებინა პირდაპირ ელცინთან. მოგვიანებით, რამდენიმე წლის შემდეგ, ბეპაევმა ეს მომენტი თავის ინტერვიუში გაიხსენა.
ასე ერთი ცენტრიდან, მოსკოვიდან, იმართებოდნენ “ჩვენი ოპოზოციონერები” ანუ პუტჩისტები ან უბრალოდ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები – წითელი ინტელიგენციიდან დაწყებული და კრიმინალებით დამთავრებული.
სრულებით არ მინდა ისე გამიგოს ვინმემ თითქოს მხოლოდ იმ მხარეს ვხედავდე “კაენებსა და იუდებს“. არა, ვაი, რომ არა. მე დღემდე არ მასვენებს ერთი კითხვა. ყველანი “სასწაულებრივ” გადარჩით და ცოცხალნი, ჯანმრთელნი და საღსალამათნი გამოხვედით სამეგრელო – სვანეთის ტყეებიდან გარდა პრეზიდენტისა. დღეს კვლავ გაქვთ ქვეყნის პატრონობის პრეტენზია. კი, მაგრამ როგორ, როცა ერთ კაცს ვერ უპატრონეთ და ვერ დაიცავით?!
ქვეყნის პატრონობასთან დაკავშირებით ერთ, ამ ცოტა ხნის წინ დასმულ კითხვას, თუ რას ვფიქრობ „ქალბატონ მანანა არჩვაძე – გამსახურდიას პრემიერ მინისტრად დანიშვნის შესახებ”, მინდა გულწრფელად გავცე პასუხი.
ხელისუფლება სამი შტოსაგან შესდგება: საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო. მე მიმაჩნია, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით საჭიროა შენარჩუნებული იქნას უზენაესი საბჭო, როგორც მომავალიში ხელისუფლების ლეგიტიმური გადაცემის საფუძველი, ხოლო დანარჩენი ორი კი გამოცხადდეს ფუნქციონირება შეჩერებულად. მათი ფუნქციონირება არა მარტო შეუძლებელია არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, არამედ არა სასურველიც. თუ ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ მიღებული, რბილად, რომ ვთქვათ, საეჭვო კანონების გაუქმება აღდგენილ ხელისუფლებას დაბრუნების შემთხვევაში შეეძლება, იგივეს ვერ ვიტყვით ვერც აღმასრულებელი და ვერც სასამართლო ხელისუფლების შესახებ. დამოუკიდებელი ფუნქციონირების საშუალება კი პარალელურ სტრუქტურებს არ გააჩნიათ. მაშ რა საჭიროა ქაღალდის პრემიერი და მისი მინისტრები? თუმცა ცნობილ გამონათქვამში პოლიტიკა თამაშად არის მოხსენიებული, მაგრამ სიტყვის ასე პირდაპირი გაგებაც არ შეიძლება. ხოლო თუ ვინმეს რეალურად უნდა რეალური საქმის კეთება – ასპარეზი დიდია. ქალბატონი მანანა ექიმია. ვის თუ არა მას ესმის ნარკომანიის პრობლემის გადაჭრის აუცილებლობა საერთოდ და ჩვენნაირი პატარა ერისთვის განსაკუთრებით. თუნდაც ერთი ან ორი გადარჩენილი ახალგაზრდა განა უფრო მეტს არ ნიშნავს, ვიდრე ვითომ პრემიერის ვითომ თანანდებობა? განა საქართველოს განათლების სისტემის დღევანდელი მდგომარეობა კარდინალურ გარდაქმნას არ საჭიროებს? ძალაუნებურად მახსენდება მისი მამამთილის სიტყვები: მეომარს მწერალი სცვლის, მახვილოსანს კულტურტრეგერიო. განა უმჯობესი არ იქნებოდა თუნდაც ერთი – ორი სკოლა მაინც შეგვექმნა თანამედროვე მოთხოვნათა დონისა და ახალგაზრდათა თუნდაც მცირე, მაგრამ კონკრეტული რაოდენობისთვის მშობლიურ ენასა და კულტურაზე დაფუძნებული ჭეშმარიტად თანამედროვე, ევროპული განათლების საშუალება მიგვეცა. დღეს ამდენს ვლაპარაკობთ ადამიანთა უფლებების დაცვაზე და ქუჩები სავსეა უსახლკარო, მიჭირს ამ სიტყვის თქმა, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, უპატრონო ბავშვებით. ჰოდა, განა ამ უპატრონო ბავშვების პატრონზე უფრო მაღალი თანამდებობა რა შეიძლება იყოს? იცით რა მაოცებდა პირველ დღეებში ყველაზე მეტად ვარშავის ქუჩებში? საოცრად ხშირად ვხვდებოდი ინვალიდებს. მათზე ზრუნვა, მათთვის სწავლის, მუშაობისა და საერთოდ სოციალურად აქტიური ცხოვრების პირობების შექმნა ყველა ცივილიზირებულ ქვეყანაში სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი. ჩვენთან ჯერ კიდევ სულ ცოტახნის წინ ჯაბას ცხოვრების წესი და ნარკომანია იყო სახელმწიფოს პოლიტიკა. ტელე – რადიო – გაზეთებით ხდებოდა მათი პოპულარიზება და ახალგაზრდების, დემოგრაფიული თვალსაზრისით ერის ყველაზე მეტად აქტიური ნაწილის, დეგრადაცია. განა დღეს ეროვნული იდეის პრობლემა მოხსნილია? მეტს აღარ გავაგრძელებ. მხოლოდ ერთს ვიტყვი: საკეთებელი ნამდვილი საქმე უამრავია. უმჯობესი იქნებოდა მათკენ მიგვემართა ჩვენი ენერგია და ავტორიტეტი. თუ შესაძლებელია გვეპოვა მხარდამჭერები, სპონსორები, მიგვემართა სპეციალური ფონდებისა და კერძო პირებისათვის, თანამოაზრეთაგან შეგვექმნა ჯგუფი, რომელიც რეალურ საქმეს გააკეთებდა. დარწმუნებული ვარ, რომ საქმიანობის ეს სფერო გააერთიანებს არა მარტო „ზვიადისტებს”, არამედ ყველა პატიოსან ქართველს.
ეს ყველაფერი უკვე დაწერილი მქონდა, როდესაც კვლავ დაიწყო გამოსვლები შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით. ათი ათას კაცამდე შეგროვდაო მთავრობის სახლის წინ. ერთი კი ამიჩქროლდა გული, მაგრამ მოპროტესტეებში როცა ელდარ შენგელაია დავინახე და ცოტახნის შემდეგ კი აჩვენეს კადრი გვერდიდან მშვიდად მაცქერალი პოლიციელებით, პირადად ჩემთვის უკვე ცხადი გახდა, რომ კვლავ დადგმული სპექტაკლი თამაშდებოდა გადავდგები – არ გადავდგების თემაზე, იმავე სპონსორითა და იმავე აღმასრულებელი რეჟისორებით.
მე დღეს კვლავ არ მომწონს, ძალიან არ მომწონს აფხაზეთითა და აფხაზეთიდან ლტოლვილებით, რუსის ჯარითა და იმათი სამშვიდობო მანდატით ჟონგლიორობა, არ მომწონს გუდაფშუტა პარტიები და ქაღალდის პრემიერები, არ მომწონს პოლიტიკითა და ქვეყნის ბედით მოთამაშე ძველი თუ ახალი პოლიტიკოსები. ვისურვებდი მეტი სერიოზულობა, პასუხისმგებლობა და წინდახედულება, გულისტკივილი მენახა ორივე მხარეს. ჩვენ დღესა ვართ და ხვალ აღარ ვიქნებით – საქართველო კი იყო და მარად იქნება – ”წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო”.
ერთი რამ მეიმედება: სრული ჭეშმარიტება აღმოჩნდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ კაცობრიობის არსებობა – განვითარების ისტორიას სპირალური ფორმა აქვს. თვალსაჩინო მაგალითი გნებავთ? დიდხანს საძებარი ნამდვილად არ გაგვიხდება – დღეს საქართველო თავისი იტორიული არსებობა-განვითარების სპირალის ახალ ხვიაზე გადადის. ის რაც დღეს ხდება საქართველომ და ქართველებმა უკვე გაიარეს XVIII – XIX საუკუნეების მიჯნაზე, როცა საზოგადოება სამ დასად გაიყო, ვუწოდოთ მათ პირობითად: პრორუსული, პროთურქულ-სპარსული და “ჩვენი თავი ჩვენად გვეყუდვნეს”. დღეს ახალი არაფერი არ ხდება – საზოგადოება კვლავ სამად არის გაყოფილი: პროამერიკული, პრორუსული და ისევ ის “ჩვენი თავი ჩვენად გვეყუდვნეს”. როგორც მაშინ ამჟამადაც რეტროგრადებს დიდი ხანი არ უწერიათ. მაგრამ ჩემთვის ქართულ მეტყველებაში მოჭარბებული “სუპერ” და “ქოფი ბრეიქები” არცთუ დიდი ხნის წინანდელი “პრივეტ”-ისა და, გახსოვთ ალბათ, “ხრამში” ჩატარებული კონცერტის ანალოგიად აღიქმება. სხვისის პატივისცემამ საკუთარის უპატივცემლობა-დაუფასებლობამდე არ უნდა მიგვიყვანის. ერს, რომელმაც “საუკეთესოს” სინონიმად “სა-უცხო-ო” შეუფარდა, სხვაზე მეტი სიფრთხილე მართებს.
ბევრი დავკარგეთ, ძალიან ბევრი. ხოლო ამ ათი წლის წინანდელი ეროვნული ხელისუფლების დამხობით მივიღეთ ის მძიმე მდგომარეობა, რაშიც დღეს ვართ. დაიტაცეს და გაიტანეს საქართველოს სიმდიდრე. რა დამავიწყებს აკაკი ბაქრაძის პათეთიკურ მოწოდებას 1992 წლის თებერვალში – შევაგროვოთ, თუნდაც ჯართი და გავყიდოთ, რომ გადავარჩინოთ საქართველო (სამხედრო საბჭო-ვ.დ.). უბრალო მაგალითი - 1991 წლის შუა დეკემბერს ხორცი თბილისში ღირდა 15-20 მანეთი, მოსკოვში – 500 მანეთი. პურის ფასზე არაფერს ვამბობ. წარმოიდგინეთ განვითარების რა დონეზე იქნებოდა დღეს საქართველო. ერთმა მოხუცმა მანდილოსანმა ქუჩაში გამაჩერა (1991 წლის შუა დეკემბერი იყო) და მითხრა : “გადაეცი შვილო ზვიადს, რომ მთავრობის სახლის წინ დიდი-დიდი სკამი გააკეთოს და დააჯინოს ეგ ე.წ. ოპოზიცია, მათ ხომ სკამის მეტი არაფერი არ უნდათ. თორემ დაღუპავენ საქართველოს“. რა ბრძენი აღმოჩნდა ის მოხუცი! იმასაც გავიხსენებ, რომ ევროპული ექპერტების აზრით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921 წლებში ისე ვითარდებოდა, რომ რომ არა რუსეთის ოკუპაცია, შვეიცარიის დონეზე იქნებოდა. მეოცე საუკუნეში მეორედ გავუშვით ხელიდან ცივილიზებული სახელმწიფოს აშენების შანსი. ეს უკვე მერამდენედ, “ქართლელების აღმა ხნული კახელებმა დაღმა ფარცხეს”.
მოგვცემს კი ღმერთი მესამე შანს? არ ვიცი.
ვიქტორ დომუხოვსკი,
1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული უზენაესი საბჭოს დეპუტატი
პოლიტემიგრანტი და ყოფილი პოლიტპატიმარი
2001 წელი, დეკემბერი
ვარშავა, პოლონეთი
Brak komentarzy:
Prześlij komentarz