wtorek, 24 marca 2009

სუბიქტური ხედვა: ვარშავიდან დანახული საქართველო

ვერავინ დამაბრალებს სააკაშვილის ხელისუფლების მომხრე იყავიო. მიუხედავად ვარდების რევოლიუციით გამოწვეული საყოველთაო და სრული ეიფორიისა, ალბათ პირველი ვიყავი, რომელმაც 2003 წლის 23 ნოემბერს საგაზეთო სტატიაში გამოვთქვი შეშფოთება ახალი გუნდის მიერ ავტორიტარული მეთოდებით ქვეყნის მართვის მოსალოდნელი საფრთხის გამო. ერთადერთ დადებით მომენტად მხოლოდ შევარდნაძის რეჟიმის დამხობა მესახებოდა.

გავიდა ოთხი წელი და დღეს შეიძლება შევაფასოთ რა დავკარგეთ და რა შევიძინეთ. ჩემი აზრით, დადებითად შეიძლება შეფასდეს საგარეო პოლიტიკა. საქართველო გახდა დასავლეთის ფორპოსტი კავკასიაში და NATO-ში შესვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი. რუსეთის რეაქცია მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო და მას, რაც მოხდა, სააკაშვილს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. ჩემი აზრით, მან იმაზე მეტიც კი გააკეთა, რასაც კეთილი ნების დემონსტრირება და რეალისტური პოლიტიკა მოითხოვდა: მეგობრობის ხელიც გაუწოდა და საერთაშორისო არენაზე კეთილგანწყობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებაშიც კი დაეხარა. მაგრამ რუსი რის რუსია, თუ კი ზედმეტი და დაუმსახურებელი პატივისცემა სისუსტედ არ ჩაგითვალა და სუპერსახელმწიფოს ბაცილით დაავადებულმა კიდევ მეტი მონდომებით არ გააგრძელა ძირგამომთხრელი საქმიანობა. სრული ეკონომიური ბლოკადა რომელიც რუსეთმა ჩვენ გამოგვიცხადა ეს მისი „ვლადეცკავკაზ“-ური დაავადების სიმპტომია. პოლონელებსაც კი, რომლებმაც თავად განიცადეს რუსეთის მხრიდან პოლონური ხორცის ნაწარმზე დადებული ემბარგოს შედეგები, უჭირთ გააცნობიერონ როგორ ახერხებს საქართველო გაუძლოს სრულ ეკონომიკურ ბლოკადას. 

აქვე შევნიშნავდი, რომ იქნებ უფრო ეფექტური კონტრქმედებების შემთხვევაში უკეთესი შედეგებიც კი გვქონოდა. რამდენადაც ამ არჩევნებში მთავარი მოთამაშენი მიხეილ სააკაშვილი, გადამდგარი პრეზიდენტი, და გაჩეჩილაძე, GWS–ს გენერალური დირექტორი, მოიაზრებიან და რადგანაც ოპოზიციური ტელევიზია „იმედი“ ცულმომარჯვებული კახელი მევენახის კადრებით ზაფრავდა მაყურებელს, მეც ვენახისა და ღვინის თემას „გავათამაშებ“. საქმე იმაშია, რომ თუმცა ქართულმა სათვისტომომ პოლონეთში ქართული ღვინის ღირსების დასაცავად რამდენიმე აქცია ჩაატარა, მათ შორის რუსეთის საელჩოსთან და ვარშავის ცენტრში და ასე თუ ისე, ქართული ღვინის გაყიდვა პოლონეთში მნიშვნელოვნადაც გაიზარდა, სამწუხაროდ გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ ამაში პოლონელების სოლიდარობა უფრო მეტი იყო, ვიდრე ღვინის მწარმოებლების მხრიდან პროდუქცდიის ხარისხის მაღალ დონეზე შენარჩუნებისათვის ზრუნვა. ვერც სამთავრობო სტრუქტურებმა იმუშავეს სათანადოდ.ქართულ ღვინოს ჯერ კიდევ იმდენად კარგი სახელი აქვს პოლონეთში, რომ ბულგარელები და მოლდოველები ქართული ბრენდით იაფასიან ფალციფიკაციებს უშვებენ. თქვენ წარმოიდგინეთ მაღაზიებში უკვე სომხური “საფერავი”-ც კი გამოჩნდა?! ეს დაუშვებელია! ასე კონკურენციას ვერ გავუწევთ ფრანგულ, ესპანურ, იტალიურ ღვინოებს.

და მაინც მუხედავათ ყველაფრისა, საქართველომ გაუძლო ბლოკადას. უფრო მეტიც - შესაძლებელი გახდა ენერგო მატარებლებზე რუსეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვება. დღეს შევარდნაძის ამორფული და კორუფციული რეჟიმის მაგივრად გვაქვს ძლიერი და მყარი სახელმწიფოებრივი სტრუქტურები. დადებით მომენტად ვთლი ზემო აფხაზეთზე საქართველოს კონტროლის აღდგენას, ცხინვალის რეგიონში ალტერნატიული ადმინისტრაციის შექმნას. დღეს მტკიცედ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველომ შეჰქმნა საკუთარი ჯარი. საქართველოში იქნებ ყველამ არც კი იცოდეს, რომ აფხაზები ყველგან ჩივიან: საქართველო ახორციელებს სრულ საზღვაო ბლოკადასო. ამას ხომ საქართველო საკუთარი ძალებით ანხორციელებს!

სამწუხაროდ მოსახლეობის მდგომარეობა უკეთესობისკენ ძალიან ნელი, დაუშვებლად ნელი, ტემპით იცვლება. ამ სფეროში, ანუ შიდა პოლიტიკაში, შეუძლებელია გვერდი ავუაროთ მეტად მნიშვნელოვან, მტკივნეულ და უხეშ შეცდომებს, რომლებიც ჩემი აზრით არა ერთი და ორი იყო დაშვებული ამ ოთხი წლის განმავლობაში. სრულ აბსურდად მიმაჩნია დერჟიმორდა და ენაბილწი ბენდუქიძის ყოფნა მინისტრად. საქართველოში ბევრია კარგი ეკონომისტი, რუსეთის მახინჯ ეკონომიკაში გაზრდილი “გენიოსის” ჩამოყვანა კი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. 

ძარღვებში სისხლისგამყინავი, ცინიკური და სრულიად უაზრო დარღვევები მართლწესრიგისა და სამართალდამცავ სფეროში. რამდენი გახმაურებული მკლელობა არ იყო ობიექტურად გამოძიებული და დამნაშავენი საჯაროდ მხილებულნი. კორუფციასთან მებრძოლი ხელისუფლების რიგებში არ უნდა ყოფილიყო ოქრუაშვილი. მეეჭვება, რომ პატარკაციშვილის „კაი კაცობა“ პრეზიდენტი სააკაშვილისა და მისი გუნდისათვის მხოლოდ გუშინ ან გუშინწინ გახდა ცნობილი. მეეჭვება, რომ იურისტ სააკაშვილს არ ჰქონდეს გაცნობიერებული დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის აუცილებლობა დემოკრატიული სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებისათვის, მაგრამ ფაქტი ჯიუტია - მისი პრეზიდენტობის ოთხი წლის მანძილზე ვერაფრით მოხერხდა სასამართლო რეფორმის განხორციელება.

სააკაშვილისა და მისი გუნდის მოღვაწეობას თუ შევაფასებთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საშუალო დონის ცუღლუტი მოსწავლისა არ იყოს დაუყვედრებელ „ 3“-ს იმსახურებს ხუთბალიან სისტემაში (შედარებისათვის ე.შევარდნაძეს მხოლოდ და მხოლოდ „ 2-“ შეიძლება დავუწეროთ). 

ამ არჩევნებს, ჩემი გაანგარიშებით, მიხეილ სააკაშვილი პირველივე ტურში მოიგებს და დაახლოებით 60-70-% აიღებს. ნდობის მანდატი ჯერ კიდევ აქვს, რადგან სამწუხაროდ ამჟამად ღირსეული ალტერნატივა არა ჰყავს. მთავარია, რომ ილუზიები არ შეიქმნას, ცდუნებას არ აჰყვეს და გამარჯვება არჩევნებში არ მიიღოს, როგორც ძველი კურსის მხარდაჭერა! საარჩევნო დაპირებები შეასრულოს და პრიორეტეტად მართლაც მოსახლეობის სოციალური პირობების მკვეთრი გაუმჯობესობა დაისახოს. საქართველოს აქვს დიდი შანსი გამოვიდეს სიდუხჭირის კოლაპსიდან!!! 

არ მსურდა საარჩევნო კამპანიაში ჩარევა, რადგან ვთლიდი, რომ ყველაფერი მიმდინარეობს ნორმალური წესითა და რიგით. მაგრამ სიტუაციის გამწვავებამ ბოლო დღეებში შიში გამიჩინა - ოპოზიცია სახელმწიფოში დესტაბილიზაციური პროცესების ინსპირირებისაკენ არის მიმართული. უვარგისი ოპოზიცია გასული საუკუნის მეთოდებით უსუსურად ცდილობს მდგომარეობის გამწვავებას. დღეს XXI საუკუნეა, საარჩევნო და PR კამპანიებში უკვე უახლეს ტექნოლოგიებსა და მეთოდებს იყენებენ. არ შეიძლება მიტინგი და ქუჩის აქციები გადააქციო მთავარ იარაღად. მე შეგნებულად არ ვიხმარე ტერმინი: “პოლიტიკური ბრძოლის” მთავარ იარაღად, რადგან ეს არის არა პოლიტიკური ბრძოლა, არამედ რუსეთის დავალებით საქართველოს ხელისუფლების დამხობის მცდელობა!

მაგრამ ეს გასაკვირი სულაც არ არის, აკი ოპოზიციის მთავარ გაერთიანებას “მამალი პუტჩისტები”, პროფესიონალი რევოლუციონერები და რეციდივისტი დამამხობლები ხელმძღვანელობენ: ძმები ბერძენიშვილები, “მაესტრო”- ხაიდრავა&Co და მათი „საძმოები“. 2-7 ნოემბრის აქციებმა 1991-ის შემოდგომა გამახსენა. იგივე ლოზუნგები, იგივე სახეები, იგივე ისტერია! მაგრამ ხალხი ბრძენია და როცა მიხვდა რაშია საქმე, გაეცალა ... მეორე დღესვე! 7 ნოემბრის დილიდან სამივე ქართულ არხზე (“რუსთავი2”, “იმედი” და საზოგადოებრივი) შიშით და შეშფოთებით ვუყურებდი სიტუაციის გამწვავებას, თანაც წინა დღეს მოსკოვის არხებიდან, მესმოდა რომ 7-ში თბილისიდან “საინტერესო” ამბებს ველოდებითო.

ხელისუფლებამ შეძლო სიტუაციის სტაბილიზაცია და მეც, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთ ხელმომწერს, სიამაყის გრძნობა დამეუფლა. საქართველო შედგა როგორც სახელმწიფო, მას უკვე საკუთარი სახელმწიფოებრიობის დაცვა შეუძლია! გაოცებული შევყურებდი პოლიციის პროფესიონალურ მოქმედებებს. და თუმცა იყო გადამეტების, არაადეკვატური ძალმომრეობის რამდენიმე მომენტი, მაგალითად რიყეზე წითელი მანქანის შუშების ჩამტრევა, ტელეიმედთან სამის მიერ ერთის სასტიკი ცემა, ჩემთვის უმთავრესი იყო, რომ უმართავი პროცესები დასაწყისვშივე ჩაახრჩვეს. 

ამავე დროს, ასევე გაოცებული ვიყავი მომიტინგეების აგრესიულობით, უჯილაგობითა და შეგნებული, გააზრებული მანქურთიზმის დემონსტრირებით, როცა 9 აპრილის მემორიალზე აკიდოსავით ახუნძლულები, 7 ნოემბერს 9 აპრილს ადარებენ. ეს ჩემთვის, როგორც 9 აპრილის აქციის აქტიურო მონაწილისათვის, შეურაცხჰყოფა იყო! მხოლოდ ერთ ნიშანდობლივ ფაქტს მოვიყვან 9 აპრილის აქციიდან. როცა ბიჭებმა, ჩვენს მხარეს გამოათრიეს შეტაკებაში დაშავებული რუსის ჯარისკაცი, ყველა იქ მყოფმა ერთად დაიყვირა – ხელი არ ახლოთო და მართლაც არავის თითიც კი არ დაუკარებია ოკუპანტი არმიის მომხდური ჯარისკაცისათვის. აიყვანეს I სკოლის წინ ბაღში და იქ დააგდეს. სულ ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ და მაინც არავის აზრად არ მოუვიდა დაშავებულისათვის კიდევ ჩაერტყა ან ჩაეწიხლა. აი, ეს არის ნამდვილი ქართული რაინდობა, დიდსულოვნება! 7 ნოემბერს კი 20 არაკაცი ფეხებით უსწორდებოდა მიწაზე წაქცეულ ქართველ პოლიციელს და უკვე ნაცემსა და წაქცეულს დანით კიდევ ორი ჭრილობა მიაყენა. ეს არაა ქართველობა! ეს არაა კაცობა! ეს არაა ადამიანობა!

დღეს უკვე საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებულია, რომ 1991-1992 წლის სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო რუსეთმა თავისი აგენტურის მეშვეობით. ამიტომ ჩემთვის „პუტჩისტი“ და აგენტი-ჩეკისტი სინონიმებია. ვინმესთვის საიდუმლოა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები არიან თ.კიტოვანი, თ.სიგუა, ჯ.იოსელიანი, ძმები ხაინდრავები და ბერძენიშვილები, ი.სარიშვილი და ბევრი სხვა? ნამდვილად არ იყვნენ აგენტები ირაკლი წერეთელი (მიამიტი ბრიყვია) და გია ჭანტურია, რომლის ცოდვაც არც ასვენებს და არც მოასვენებს ირინა სარიშვილს არც აქ და არც იქ. გია ჭანტურიამ როცა გააცნობიერა რა შედეგები მოიტანა მისმა ოპოზიციონერობამ, როცა დაინახა როგორ მოიპატიჟა შევარდნაძემ და მისმა ხროვამ რუსეთის ჯარი და სამეგრელოს მიუსია, მოხსნა თავისი დანაყოფები დასავლეთ საქართველოდან და ისტორიული ფრაზა სთქვა: “მირჩევნია თბილისში ზვიად გამსახურდია შემოვიდეს, ვიდრე რუსეთის ჯარი“! .. და გია ჭანტურია შევარდნაძემ ბარბაროსულად ჩაცხრილა!

აღმაშთოფებელია ე.შევარდნაძის ინტერვიუ „სვობოდნაია გრუზიაში“, სადაც წერს სააკაშვილის შეცდომებზე. გასაოცარი ამბავია, ადამიანი, რომლის მთელი ცხოვრება შეცდომაა, სხვას შეცდომებს ურჩევს. ადამიანი, რომლის ხელებზეა უამრავი ქართველის სისხლი, ხმას იღებს და გვმოძღვრავს - „იმედის“ დახურვა ბარბაროსობააო!? მაშინ რა იყო “თვითმფრინავების ბიჭების”, ხებეიშვილის, გია ჭანტურიას, 5 ზუგდუდელის დახვრეტა? ზვიად გამსახურდიას მკლელობა? სამეგრელოს აწიოკება, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უცხო ჯარის, რუსული ურდოს, გამოყენება ??? „გენშერის მიტინგზე“ მომიტინგეების ძაღლებით (გერმანული ნაგაზებით) დაწიოკება??? ეს სია ძალიან გრძელია. ქართველი ერის ჯალათი და მოღალატე კიდევ ხმას იღებს?! იცოდე, ამხანაგო ედუარდ ამროსის ძევ, ყველაფერზე აგებ პასუხს. თუ კი გაასწრებ და ჩაძაღლდებას მოასწრებ – ჯოჯოხეთშია შენი ადგილი. საქართველოს მიწაში შენ არ უნდა დაიმარხო! 

შებღალავს თუ არა ფსევდოოპოზიციის მიერ ორგანიზებული 7 ნოემბრის დესტაბილიზაციის მცდელობის ნეიტრალიზება საქართველოს იმიჯს? არა მგონია. ეუთო უფრო გლობალური მასშტაბებითა და სტანდარტებით ხელმძღვანელობს, ვიდრე კონკრეტულითა და ამწუთიერით. მაგალითად ერთ პარადოქსს მოვიტან. 1991 წლის 31 დეკემბერს, მას მერეც კი რაც 25 დეკემბერს აშშ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, ეუთო-მ ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა, გარდა საქართველოსი, მიუხედავათ იმისა, რომ 21 დეკემბერს ალმა-ატაში საქართველომ უარი სთქვა დსთ-ში შესვლაზე!?

აი, აქ ჩნდება საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. ყველა პუტჩისტ-ჩეკისტს შერჩა სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა და პასუხისგებაში არავინ მიცემულა. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩერს უცხო ქვეყნის აგენტების ფარფაში. ყველა პუტჩისტი (ხელისუფლებაშიც არიან მამალი პუტჩისტები), შევარდნაძით სათავეში, უნდა გასამართლდეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისათვის, ქართული სახელმწიფოს მიმართ ჩადენილი ანტიკონსტიტუციური და ძირგამომთხრელი საქმიანობისათვის! ამის გარეშე ჩვენი ქვეყანა, საქართველო როგორც სახელმწიფო, ვერ განვითარდება, ვერ დაემკვიდრება როგორც დემოკრატიული ქვეყანა და ჩვენი საჰაერო სივრცე მუდამად იქნება რუსეთის ბომბდამშენების თავხედური და უტიფარი დარღვევების ობიექტი. ყველა ყოფილი ჩეკისტისა და აგენტის, ჩამშვებ-დამსმენის ლუსტრაცია ჩვენი სახელმწიფოსათვის სასიცოცხო აუცილებლობაა, რომელიც ბოლოს და ბოლოს უნდა ჩატარდეს საქართველოში. არ შეიძლება, რომ გამოუცხადებელ ომში, ფაქტიურ საომარ მდგომარეობაში, მყოფ ქვეყანაში, ამდენი გაშიფრული თუ გაუშიფრავი აგენტი იყოს.

ნოემბრის მოვლენების და მედიის თავისუფლების საკითხი მჭიდროდ გადაება ერთმანეთს. აქ აუცილებლად უნდა ითქვას, თუნდაც ორიოდე სიტყვა, ადამ მიხნიკის მედიატორის როლზე, რასაც პირად და მოქალაქეობრივ, ეროვნულ შერაცჰხყოფად აღვიქვამ. ასეთი მიკერძოვებული და სუბიექტური ადამიანი პოლონეთში მეორე ძნელად თუ მოიძებნება! პოლონეთის ფორუმებზე უდიდესი დისკუსია გაიმართა. 90% ინტერნაუტების მიხნიკის წინააღმდეგ გამოვიდა. ცნობილი პოლიტოლოგის ირინა ლასოტას წერილიც ხომ გახდა ცნობილი ქართველი მკითხველისათვის. მიხნიკის კონფორმიზმი კომუნისტებთან და უშიშროების მუშაკებთან ყველასთვის ცნობილია. ეს კაცი ლუსტრაციის საშინელი მოწინააღმდეგეა. მოვიყვან მხოლოდ ცნობილი ჟურნალისტის რაფალ ზემკევიჩის ერთი წიგნის სათაურს „მიხნიკოვშინა – ავადმყოფობის ჩანაწერი“. ერთ-ერთმა ინტერნაუტმა ა.მიხნიკი ასე შეაფასა:“იცავს გერმანიის და რუსეთის ინტერესებს“. ეს არის კაცი, რომელიც ტორეზ კულუმბეგოვს, როგორც პოლიტპატიმარს, აპიარებდა; ზვიად გამსახურდიას აგინებს, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს, ვინც საქართველოს რუკაზე აფხაზეთს რუსეთის ფერად ბეჭდავს; სვანები დამოუკიდებლობისათვის იბრძვიანო ამცნობს პოლონელ მკითხველს ... საქართველოს იგი სახაროვისა და ბონერის თვალით ხედავს, მათეული „საქართველო მცირე იმპერია“ მისთვისაც ჭეშმარიტებაა! ამისთანა „დემოკრატებთან“ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეჭვი არ მასვენებს, რომ გუშინდელი „იმედის“ თვითდახურვა მიხნიკის ნაკარნახები არ იყოს, რომ შემდეგ სათქმელი ჰქონდეთ: წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიციური არხი არ ფუნქციონირებდაო.

ზემოთ ვთქვი რომ იგივე ხალხი, ვისი ხელითაც რუსეთმა 91-92 წლების პუტჩი მოაწყო, დღეს ისევ ხელისუფლების გადატრიალებას აპირებს. ამ გაერთიანებულ ოპოზიციაში მხოლოდ კონსტანტინე გამსახურდიას ყოფნა მაკვირებს. როგორ შეუძლია მამის მკლელებთან ერთად ჯდომა და მათთვის ხელის ჩამორთმევა? როგორ მოხვდა საქართველოს ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი ასეთ გარემოცვაში? ერთადერთი ახსნა მაქვს – სწამს, რომ საქართველოსთვის სიკეთე მოაქვს. ალბათ ამიტომ პირადულიც უკანა პლანზე გადაწია, მაგრამ სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ პოლიტიკოსის ალღო არა აქვს. თუმცა კი პოლიტიკოსობა სად უნდა ესწავლა? საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა არ მიუღია, თუ არ ჩავთლით ხანმოკლე ეპიზოდს - აკაკი ბაქრაძის საკავშირო დეპუტატობის 1990 წლის საარჩევნო კამპანიაში დამკვირლებად მონაწილეობა „დას“-იდან. ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყანამ დაკარგა დიდებული მეცნიერი და ვერ მიიღო, თუნდაც საშუალო, პოლიტიკოსი. 

არ შეიძლება რამდენიმე, ჩემი აზრით მნიშვნელოვანი, შტრიხით არ შევეხო კონკრეტულად საარჩევნო კამპანიას. საარჩევნო კამპანიაში აშკარად გამოკვეთილია 6+1, ანუ მ.სააკაშვილი ყველას წინააღმდეგ. ოპოზიცია ჯამში 30-35% -ზე მეტს ვერ აიღებს. მაგ ექვსეულში აშკარა აუთსაიდერები არიან: ი.სარიშვილი 0.1%, შემდეგ ბ.პატარკაციშვილი, გ.მაისაშვილი და დ.გამყრელიძე, რომლებიც ჯამში აიღებენ 5-6% -ს. ორ დარჩენილ ოპოზიციის კანდიდატს, შ.ნათელაშვილსა და ლ.გაჩეჩილაძეს ჯამში 25-30% (10-15% თითოეულს) დარჩებათ – ესეც უკეთეს შემთხვევაში.  

სამწუხაროდ საქართველოს პრეზიდენტად ოპოზიციის კანდიდატების სერიოზულად აღქმა მიძნელდება. თუ სერიოზულად და მკაცრად შევაფასებთ ექვსიდან ხუთს არც განათლება და არც პოლიტიკური კულტურა აღმოჩნდება სათანადო დონეზე. განათლებითა და ინტელექტით მხოლოდ გია მაისაშვილი (სხვათაშორის საარჩევნო ბლოკის „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს“ ეკონომიური პროგრამის ერთ-ერთი ავტორი) გამოირჩევა. დღესდღეობით იგი კარგი ექსპერტია, მაგრამ სამწუხაროდ გუნდი არ ჰყავს, ამიტომ მხოლოდ მომავალში, თუ გააგრძელებს პოლიტიკური მოღვაწეობას და ზრდას, შეიძლება გახდეს მართლა ძალიან კარგი პრეზიდენტი. 

ეს არის საქართველოს მთავარი უბედურება, რომ წლების მანძილზე რეალური, პროგრამული ან თუნდაც მხოლოდ იდეური ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა! დღეს რომ მ.სააკაშვილს რეალური კონკურენტი არ ჰყავს, ხელისუფლება ამიტომაც ფიქრობს მე ვარ და ჩემი ნაბადიო და რიგ, ბევრ, შემთხვევაში თვითნებურად მოქმედებს.

აქვე არ შემიძლია არ ავღნიშნო მ.სააკაშვილის საარჩევნო შტაბის ზუსტი მუშაობა, ყველა თანამედროვე პიარ-ხერხების გამოყენება, მათ შორის ადმინისტრატიული რესურსებისაც. მთელ მსოფლიოში ხელისუფლება ყოველთვის იყენებს ადმინისტრაციულ რესურს, განსხვავება მხოლოდ მოცულობაშია. ასეთ შკალას შემოგთავაზებდით: „დასავლეთ“ ევროპაში ამ რესურსის გამოყენება თუ 5-10% (იტალიაში 10%) ფარგლებშია, პოლონეთში 15-20%, საქართველოში 25-30%, უკრაინაში 50%, რუსეთი 90-95%. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ არც ისე ცუდი მაჩვენებლები გვაქვს. 

ოპოზიციის მთავარი უბედურება სააკაშვილის მიერ გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი კი არ არის, არამედ ის რომ თავად საერთოდ არ ატარებენ საარჩევნო კამპანიას. საარჩევნო კამპანია არ არის მხოლოდ „არ გვეშინია“ და არც „5 იანვარს გათავდება მ.სააკაშვილის ხელისუფლება“-ს ჯიუტად ძახილი არის საარჩევნო კამპანია. საკუთარ სოციალურ, ეკონომიკურ, საგარეო და საშინაო პოლიტიკის ხედვას არ ან ვერ აფიქსირებენ. რა საერთო პროგრამა და ხედვა უნდა ჰქონდეთ სრულიად დიამეტრულად მოპირდაპირე პოზიციებზე მდგომ, როგორც თავადა აქვთ დეკლარირებული, ჯუჯა პარტიებს? პარტია, რომელიც ყველა საარჩევნო უბანს ვერ აკომპლექტებს კომისიის წევრებითა და დამკვირვებლებით წევრებისა და მომხრეების ნაკლებობას, რომ განიცდის ეს დიდ ტვინის ჭყლეტას არ მოითხოვს, არა? და ეს ოპოზიციური ეკლექტიკა რომ მათი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ცუნგ ცვანგია ამაზე ორი აზრი შეიძლება არსებობდეს? 

რაც ერიო ის ბერიო იტყვის მავანი და იქნებ მართალიც იყოს, მაგრამ თუ პარტიებმა არ იზრუნეს ელექტორატის აღზრდაზე ვერც თავად გაიზრდებიან. ამისათვის კი მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდის აგრესიული და ფსევდოპოლიტიკური აქტიურობა არა კმარა და ეს „მუშაობა“ არ არის პარტიული საქმიანობის თანამედროვე სტილი და მეთოდები. აქ არ შემიძლია არ დავეთანხმო გიორგი მაისაშვილს: საჭიროა საზოგადოების დაკვეთის ამაღლება, საჭიროა მოქალაქის აღზრდა – ჩამოყალიბება და ეს უპირველესი და საშური საქმეა. მაშინ მოქალაქე არ მივა საარჩევნო ყუთთან დევიზით: ოღონდ ეს არა და სხვა სულერთია ვინც უნდა იყვეს. 

ბოლოს კი, ყველას ვულოცავ დამდეგ შობა - ახალ წელს! საქართველოს ყველა მოქალაქეს ვუსურვებ, რომ 5 იანვარს ყოველმა მათგანმა გააკეთოს გააზრებული არჩევანი და მათ მიერვე არჩეული ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ უხვად გაცემული დააპირებების შესრულებას, ცხოვრების დონის მკვეთრ გაუმჯობესობას, ბევრ სიხარულს, დიდ ბედნიერებას!
თქვენი მოყვარული და მონატრული,

ვიქტორ დომუხოვსკი,
1990 - 1992 წწ. უზენაესი საბჭოს დეპუტატი,
1993 - 1998 წწ. პოლიტმატიმარი,
1998 – ჯერ კიდევ პოლიტემიგრანტი პოლონეთში 


ვარშავა, პოლონეთი, 27.12.2007  

Brak komentarzy:

Prześlij komentarz