poniedziałek, 25 czerwca 2012
თუ ჩვენ თავად არ გამოვიჭრით ყელს, რაც ისტორიულად გვჩვევია, საქართველო ამ კრიზისსაც დაძლევს
საფრანგეთში ორგანიზაცია "ქარტია 2010"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული უზენაესი საბჭოს დეპუტატი მედეა თუშმალიშვილი, საფრანგეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან ერთად, საქართველოს ხელისუფლების მოწვევით, დაესწრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისისადმი მიძღვნილ ქუთაისში გამართულ საზეიმო ცერემონიალს.
ქართული დიასპორას აქტიური მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის როგორც პოლიტიკურ, ისე კულტურულ ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანია და ეს არაერთხელ დადასტურდა. ქალბატონ მედეას ვთხოვეთ, გაეზიარებინა საკუთარი შთაბეჭდილებები ქვეყანაში მომხდარ ცვლილებებთან დაკავშირებით, ესაუბრა წინასაარჩევნო ვითარებაზე და რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე, იმავდროულად, დასავლეთის მიერ გამოხატულ საერთაშორისო მხარდაჭერაზე.
- ქალბატონო მედეა, თქვენ 26 მაისს დაესწარით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და საზეიმო გახსნას პარლამენტის ახალი შენობისა, რომელსაც მავანნი დანგრევას უპირებენ. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.
- რამდენადაც ვიცი, “მავანნი", რომელნიც პარლამენტის ახალი შენობისა და ხიდის დანგრევით იმუქრებიან, ერთი პიროვნებაა - ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა და ალბათ გაუგია, რომ თავის დროზე საფრანგეთში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ეიფელის კოშკმა (დღეს რომ პარიზის სიმბოლოა), ასევე ლუვრის ეზოში აგებულმა შუშის პირამიდამ და საკმაოდ უჩვეულო არქიტექტურის მქონე პომპიდუს ცენტრმა, მაგრამ არავის უთქვამს - დავანგრევთ და ავაფეთქებთო. საფრანგეთში არის საუკუნეების განმავლობაში გამომუშავებული აზრის გამოთქმის კულტურა, რომელიც იცავს საზოგადოებას ცალკეული ექსცენტრიული პიროვნების გაუწონასწორებელი ემოციებისგან. რაც შეეხება ქუთაისში პარლამენტის გადატანას, ვფიქრობ, ეს მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომლის შედეგი მომავალში უეჭველად წარმოჩინდება. ქუთაისი, რომელიც ოდითგან იყო ქართული პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ცენტრი - შორს რომ არ წავიდეთ, მეოცე საუკუნის დასაწყისში სწორედ ქუთაისში მოიყარა თავი იმდროინდელმა შემოქმედებითმა ელიტამ - საბჭოთა პერიოდში მიძინებულ, პერიფერიულ, ქალაქად იქცა. ამდენად, ის ფაქტი, რომ ქუთაისში იქმნება ქართული პოლიტიკური ცხოვრების ეპიცენტრი, საინტერესო და პერსპექტიულ იდეად გვესახება. საზოგადოდ, დღეს საქართველოში მიმდინარეობს ყველა რეგიონის აღორძინება, ეს მეტად მნიშვნელოვანი პროცესია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რისი არდანახვაც და არდაფასებაც შეუძლებელია.
- თქვენი აქ ყოფნის დღეს ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერებმა მიტინგი გამართეს. თვალყურს ადევნებდით ამ ღონისძიებას? როგორ ფიქრობთ, რას სიახლეს სთავაზობენ ისინი საქართველოს მოსახლეობას?
- 27 მაისს გამართულ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერთა მიტინგის შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ დასავლეთის თვალში, ეს იყო ხელისუფლების მიერ დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი - მიტინგი ჩატარდა დედაქალაქის მთავარ მოედანზე ყოველგვარი ექსცესების გარეშე. რაც შეეხება პირადად ჩემსა და, როგორც ირკვევა, ჩემს მრავალრიცხოვან თანამოაზრეთა დამოკიდებულებას ამ თავყრილობის მიმართ, გეტყვით, რომ ეს იყო პოლიტიკური უმწეობისა და უზნეობის კიდევ ერთი ნიმუში, რომლის მსგავსი არაერთხელ ვიხილეთ უკანასკნელ წლებში. მაგალითად, როდესაც “მავანნი" შამპანურს ხსნიდნენ 1992 წლის 7 იანვარს დაცხრილული და დანგრეული პარლამენტის შენობის წინ, როდესაც იგივე “მავანნი", შევარდნაძის წინ დაჩოქილნი, ყვიროდნენ: ჩვენ ავლოკავთ შენს გადაფურთხებულსო, როდესაც 26 მაისს “მავანნი" აღფრთოვანებულნი შესცქეროდნენ თბილისის სტადიონზე ეროვნულ დროშაზე მგორავ, მესიად შერაცხულ “უცნობს" და სხვა ამდაგვარი. ამჯერად, 27 მაისს გამართული მიტინგი თავისი ფორმითა და შინაარსითაც იყო პოლიტიკური უზნეობის დემონსტრირება - მარტო მსახიობი ჭანკვეტაძე რად ღირდა. გასული საუკუნის 30-იანი წლების აქტივისტის ფანატიკური გზნებითა და წკრიალა ხმით რომ ატყობინებდა იქ შეკრებილთ, თუ როგორ უახლოვდება ბიძინა ივანიშვილი, თავისი ესკორტით, ტრიბუნას, როგორ გასცდა იგი ერთ ჭადარსა და მეორეს უახლოვდება... ამ მღელვარე მოლოდინის შემდეგ, ტრიბუნაზე, როგორც იქნა, ახალმოვლენილი “ბელადი" და მოდერნიზებული ყვარყვარე თუთაბერი გამოჩნდა! სად, რომელ ქვეყანაშია შესაძლებელი მსგავსი ტრაგიკომიკური სანახაობის ხილვა, ასე რომ გვაგონებს ჩრდილოეთ კორეის საზეიმო ცერემონიალს?! გავიცინებდით ამ ახლად შობილი “პოლიტიკოსის" აღმართულ მუშტზე, მაგრამ საქმე საქართველოს მომავალსა და ამ ათასობით მოტყუებული მომიტინგის ბედს რომ ეხება?!
- არადა, ქართული მედია ერთხმად აღნიშნავდა, რომ მიტინგს რამდენიმე ათასი ადამიანი დაესწრო, ზოგი 150 000 და მეტსაც ასახელებდა.
- რამდენი ათასი დაესწრო, ამას არა აქვს დიდი მნიშვნელობა. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმ მოცემულობას, რომ ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში უკმაყოფილოთა რიცხვი დიდი იქნება. ათასობით ადამიანის ქუჩაში გამოსვლა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ნორმალური პროცესია. ჩვენს შემთხვევაში, ვგულისხმობ ისევ ივანიშვილის მიტინგს, უბედურება ის კი არ არის, რამდენიმე ათასი ადამიანი ქუჩაში რომ გამოვიდა და ალბათ ისევ გამოვა, არამედ ის მეტად საგანგაშო ფაქტი, რომ მოლოდინმა ნაციონალური მოძრაობის დონის ოპოზიციის შექმნისა, რომელიც მას ჯანსაღ კონკურენციას გაუწევს და მომავალში შეძლებს მის ჩანაცვლებას, ფიასკო განიცადა. ივანიშვილის “ქართული ოცნების" სახით ჩვენ მივიღეთ პოლიტიკურად კიდევ უფრო სუსტი ოპოზიცია. როდესაც რამდენიმე პოლიტიკური პარტია ქმნის კოალიციას, რომლის ლიდერის ერთადერთი ხიბლი არა პოლიტიკური, არამედ ფინანსური კაპიტალია, ისიც რუსეთის ველური კაპიტალიზმის პირობებში დაგროვილი, ეს, მართლაც, ამ პარტიის სრულ პოლიტიკურ მარცხზე მეტყველებს, მით უფრო, როდესაც თვით ამ პარტიების რეიტინგი წლების განმავლობაში ძალზე დაბალია და იგი, ძირითადად, ყველაზე მარგინალურ ძალებს აერთიანებს.
- საქართველოში წინასაარჩევნო მარათონი დაიწყო. თქვენი აზრით, არის თუ არა საქართველოში, ამ თვალსაზრისით, კონკურენტული გარემო და როგორია ძალთა თანაფარდობა?
- წინასაარჩევნო კამპანია, ცხადია, დაწყებულია. დრო ცოტა რჩება. სხვათა შორის, ხელისუფლება მუდმივად წინასაარჩევნო რეჟიმში მუშაობს, როგორც ჩანს, ეს მათთვის ბუნებრივი მდგომარეობაა. თქვენ მეკითხებით, არის თუ არა კონკურენტული გარემო? რა თქმა უნდა, არ არის.
საერთოდ, არ მესმის, რა კონკურენტულ გარემოზე საუბრობს ზოგიერთი პოლიტიკოსი, როდესაც ყველაზე მრავალრიცხოვანი პოლიტიკური გაერთიანების ლიდერისგანაც კი ვერ მოისმენ ერთ სერიოზულ პოლიტიკურ განცხადებასაც კი, ვერც ერთ ცოცხალ აზრს, რაიმე პროგრამის მსგავსს საშინაო და გნებავთ, საგარეო პოლიტიკაში!
“პრეზიდენტი მშიშარაა” - შეიძლება ეს განცხადება მივიჩნიოთ პოლიტიკური გაერთიანების ლიდერის რაიმე ღირებულების მქონე განცხადებად? რას ნიშნავს მშიშარა პრეზიდენტი? პრეზიდენტს ვახასიათებთ თუ გლადიატორს, ლომების გალიაში შესვლისა რომ არ ეშინია? პრეზიდენტთან მიმართებაში არსებობს ცნება “პოლიტიკური გამბედაობა", რომელიც ჩვენს პრეზიდენტს, რაგინდ კრიტიკულად არ უმზერდნენ მას, ნამდვილად არ აკლია. სხვათა შორის, პრეზიდენტი არ სარგებლობს ტყვიაგაუმტარი მინით, “უშიშარი ლიდერისგან" განსხვავებით.
ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური დონე გაცილებით მაღალია. ეს კარგად ორგანიზებული, მონოლითური პარტიაა, რომელსაც, განსხვავებით სხვა პარტიებისა, გააჩნია სტრატეგიული ხედვა. 2012 წლის ოქტომბერში ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობას მიიღებს და ჩვენ ამ ფაქტს მივესალმებით.
- როგორი იქნება “ქარტია 2010-ის" როლი ამ პროცესში?
- “ქარტია 2010-ის” განცხადებებში ჩვენ მრავალგზის აღვნიშნეთ, რომ საქართველოსთვის მთავარი საკითხი მისი სუვერენიტეტის შენარჩუნებაა, რის გარანტიასაც ნაციონალური მოძრაობა იძლევა. ამიტომაც, ამ პარტიას უპირობოდ დავუჭერთ მხარს.
- “ქართული ოცნების მიტინგებზე ნატო-სა და ევროკავშირის დროშებიც ფრიალებს...
- ქართული ოცნების ლიდერიცა და მის გვერდით მდგომნიც ძირითადად პრორუსული ორიენტაციის ძალებია. საზოგადოდ, როდესაც რომელიმე პოლიტიკოსი ამბობს - არც რუსეთი მინდა და არც ნატო, საქართველო ნეიტრალური უნდა იყოსო, არ დაიჯეროთ, იგი რუსეთზე ორიენტირებულია, ვინ პოლიტიკური და ვინ ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა ნეიტრალიტეტს გამორიცხავს. ან ვის უნახავს, ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანა ნეიტრალიტეტს აცხადებდეს? რა მივიღეთ 1921 წელს ნეიტრალიტეტის გამოცხადებით, ყველამ ვიცით. რაც შეეხება ნატო-ს დროშების ფრიალს ივანიშვილის მიტინგზე, ეს იყო დასავლეთის თვალისთვის გამიზნული იაფფასიანი ფანდი. საბედნიეროდ, ამ “პროდასავლური" სიმბოლიკის სიმრავლემ დასავლეთის პოლიტიკური ელიტა შეცდომაში ვერ შეიყვანა.
- ივანიშვილის მომხრეები ავრცელებენ ხმებს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია. ეს მისმა მეუღლემაც დაადასტურა თამარ ჩიქოვანის საავტორო გადაცემაში
- არ ვიცი, რამდენად პროფესიულია ივანიშვილის დაცვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ მის უსაფრთხოებას რაიმე დაემუქრება (რაც მაეჭვებს), მას ყველაზე უკეთ საქართველოს უშიშროების სამსახური დაიცავს, რადგან ეს ხელისუფლების უპირველესი ინტერესია. საერთოდ, მრავალრიცხოვანი დაცვა, ტყვიაგაუმტარი მანქანები და შუშები და მსგავსი საშუალებები ემსახურება პოლიტიკური იმიჯის შექმნას და რაც უფრო სუსტია პოლიტიკოსი, მით მეტი აქცენტი კეთდება დაცვის მანქანების რაოდენობაზე. ეს აპრობირებული და გავრცელებული პიარტექნოლოგიაა.
- დასავლეთის ინტერესი რომ საკმაოდ დიდია, ეს ნატო-ს სამიტმაც და ჰილარი კლინტონის ვიზიტმაც დაადასტურა. როგორ შეაფასებდით ამ ვიზიტსა და იმ გზავნილებს, რომლებიც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა გააჟღერა?
- ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, ისე როგორც სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსთა სტუმრობა საქართველოში, კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ დასავლეთის ინტერესი და მისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უცვლელია. ჩვენ ყოველთვის ვიყავით იმ აზრის და დღესაც მეტად ვრწმუნდებით, რომ ამერიკის პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მიერ დაწყებული “გადატვირთვის" პოლიტიკა რუსეთთან, მხოლოდ რიტორიკაა და არაფერს ცვლის, არც რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში და არც დასავლეთის დამოკიდებულებაში საქართველოს საკითხის მიმართ. ჰილარი კლინტონის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დასავლეთი არ ცნობს რუსეთის უფლებას, ჰქონდეს პრეტენზია გავლენის სფეროებზე, კერძოდ, სამხრეთ კავკასიაში. მეორე მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ამერიკამ აღიარა - საქართველოს უსაფრთხოებისთვის სჭირდება საზღვაო და საჰაერო დაცვა, რასაც აქვს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური დატვირთვა.
- ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ საქართველოში უნდა მოხდეს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა. ოპოზიციის ინტერპრეტაციით, მან იგულისხმა ოპოზიციისთვის ხელისუფლების გადაცემა.
- კლინტონმა თქვა ის, რასაც იტყვის ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის პოლიტიკოსი. მან აღნიშნა, რომ მხოლოდ არჩევნების გზით უნდა მოხდეს ძალაუფლების გადაცემა. მაგალითად, საფრანგეთში მემარცხენე პარტია ხელისუფლების სათავეში 14 წლის განმავლობაში იყო, მემარჯვენე - სულაც, თვრამეტი წელი. ნიკოლა სარკოზის დამარცხების შემდეგ, ისევ მემარცხენეები მოვიდნენ. ე.ი. ამ წლების განმავლობაში იცვლებოდნენ პრეზიდენტები, მაგრამ თუ პარტია იმარჯვებდა, იგი რჩებოდა ხელისუფლებაში. ასე უნდა იყოს საქართველოშიც. თუ საპარლამენტო არჩევნებში ისევ ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს, ბუნებრივია, იგი დარჩება ხელისუფლებაში. ხოლო პრეზიდენტი, რომლის ვადაც 2013 წელს ამოიწურება, გადასცემს ძალაუფლებას მას, ვინც გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს არის ის, რაც თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.
- და ბოლოს, როგორი იქნება რუსეთის რეაქცია ამ მხარდაჭერაზე და რა საფრთხეები არსებობს?
- რუსეთი რომ საქართველოსთვის მუდმივი საფრთხეა, ეს აქსიომაა და რომ საქართველოს უსაფრთხოების გარანტი შეიძლება იყოს მხოლოდ მისი მაქსიმალური დაახლოება დასავლეთთან, ესეც ფაქტია. არსებობს აზრი, რომ რუსეთი ისევ სამხედრო ძალას მიმართავს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მიზნით. არა მგონია, რომ რუსეთმა კვლავ გაიმეოროს 2008 წლის აგვისტოს სცენარი. ვფიქრობ, ის შეეცდება, ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს ოქტომბრის არჩევნები, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის დახმარებით. თუმც, რუსეთმა ისიც იცის, რომ დასავლეთი ფხიზლად ადევნებს თვალს საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების მომენტს.
თუ ჩვენ თავად არ გამოვიჭრით ყელს, რაც ისტორიულად გვჩვევია, საქართველო ამ კრიზისსაც დაძლევს და ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა და მისი ნორმალური განვითარება შეუქცევად პროცესად იქცევა.
ესაუბრა ქეთევან ქურდოვანიძე
სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/news/2012-06-25/30034.html
Subskrybuj:
Komentarze do posta (Atom)
Brak komentarzy:
Prześlij komentarz