poniedziałek, 7 maja 2012
ოსპი ტრუფლებით, ლაბა-ჟელითა და ჩირებით
ოსპი ტრუფლებით, ლაბა-ჟელითა და ჩირებით
ამ ჩაროზის ინსპირაცია გახლდათ ხბოს ხორცის პაშტეტი,რომლის ფოტოსაც ზემოთ ხედავთ,რომელიც ორი თვის წინ გეახელით და საუცხოო რამ იყო,განუმეორებელი არომატითა და სურნელით. მას შემდეგ ვაპირებდი გაკეთებას და ხან სასწრაფო საქმეები გამომიჩნდა, ხან ავადმყოფობამ მთელი თვით დამრია ხელი ... მაგრამ აკი ავს ნათელიც თან სდევსო ... ვფიქრობდი და ფანტაზიებში სხვადასხვა ვარიანტებს ვიგონებდი... დღეს გთავაზობთ ჩემეულ ვარიაციას.
საჭირო მასალა:
250 გ წითელი ოსპი, 50 გ ტრუფელის პასტა, 150 გ აღჯანაბადი [გარგარის ჩირი], 100 გ ნიგოზი, 2 ს.კ. ზეთი, თითო მწიკვი ილი და ჯავზი, წითელი წიწაკის რამოდენიმე ფანტელი, 100 მლ და კიდევ 200 მლ ღვინო: პორტვეინის ტიპის ( "კარდენახი") ან მადერას ტიპის("ანაგა" ), 2 ფურცელი ჟელატინი, მარილი და დაფქვილი შავი პილპილი - გემოვნებით.
მომზადება:
მოხარშული და წყლისაგან დაწრეტილი ოსპი, მოკაწლული აღჯანაბადი [გარგარის ჩირი]და ნიგოზი დავამიქსეროთ (ან ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ) დაუმატოთ ზეთი, სუნელები, წიწაკა, ტრუფელის პასტა და ალკოჰოლი ასევე მარილი და პილპილი.
კარგად ავურიოთ ცხიმწასმულ ფორმაში გადავიტანოთ თავი მოვუსწოროთ, კარგად დავტენოთ და პრესის ქვეშ დავდგათ გრილ ადგილას.
სანამ ეს პიურე გაცივდება მოვამზადოთ ალკოჰოლის ლაბა- ჟელე.
ჯავზითა და ილით, ან სხვა თქვენთვის უფრო მისაღები სანელებლებით შეზავებულ და შემთბარ ალკოჰოლში გავხსნათ ჟელატინი.
ფორმიდან ფრთხილად ამოვიღოთ გაცივებული პიურე/პაშტეტი და იმავე ფორმაში ჩავასხათ ლაბა- ჟელე დაახლოებით 1 - 2 სმ სისქეზე.
ვაცალოთ გაცივდეს
შემდეგ მასზე მოვათავსებთ გაცივებულ პიურე/პაშტეტს, დანარჩენ ჟელესაც გადავასხამთ და შევდგამთ მაცივარში. როცა საბოლოოდ გაცივდება ფრთხილად ამოვიღებთ ფორმიდან და გადავიტანთ ფართო ფარფლიან ლანგარზე.
ჩირები ალკოჰოლის ვაჟინში
300მლ ნეკერჩხლის ვაჟინი
ჩირები: ლეღვის, აღჯანაბადი [გარგარის], შავი ქლიავის
200მლ "კარდენახი" ან "ანაგა"
პატარა ნაჭერი ცხარე წითელი წიწაკის
1 ს/კ ძმარი "ბალსამიკო"
სქელძირიან ქვაბში დაბალ ცეცხლზე ავადუღოთ ღვინო და მასში დამბალი ჩირები ნეკერჩხლის ვაჟინით, წიწაკით. ვადუღოთ სანამ არ შესქელდება და ჩირები არ დარბილდება. დავუმატოთ ძმარი და კიდევ 5 წთ. ვადუღოთ. გადმოვდგათ და გავაციოთ
ჩვენი პიურე/პაშტეტი მოვრთოთ ამ კარამელიზირებული ჩირებითა და სოუსიც შემოვასხათ.
შენიშვნის სახით კი გეტყვით და ალბათ თქვენც დამეთანხმებით რომ საუცხოო უნდა იყოს კარტოფილის პიურეც სათანადოდ შერჩეული საკმაზებითა და ჩირებით, ან თეთრი ბლის თუ სამოთხის ვაშლის,ან სულაც ბადრიჯნის,მწვანე პამიდვრის მურაბებით ... მე მგონი ძალიანაც მოუხდება
წითელი თუ თეთრი ლობიოს პიურე კაკლის მურაბით!!!
ნუ, ხორცეული, ბატისა თუ იხვის ღვიძლის პაშტეტები ხომ ისედაც დელიკატესების "ფაფარაყრილი ლომებია"
Subskrybuj:
Komentarze do posta (Atom)
Brak komentarzy:
Prześlij komentarz