niedziela, 5 czerwca 2011

საქართველო უპირველეს ყოვლისა

"სიყვარულო ძალსა შენსა... " და "... მეგობრობა გზად და ხიდად"

სისხლსავსე ცხოვრების ხელოვნება ქართველებს სრულადა აქვთ ათვისებული - ასე მიაჩნიათ მელერებს, მარჩინს პოლონური "Playboy"-ს მთავარ რედაქტორს, ძალზედ პოპულარული სატელევიზიო პროგრამის ავტორსა და მასპინძელს, მის მეუღლეს ანას როკ ანსამბლ “Andy”-ს სოლისტსა და გიტარისტს, პროფესიით ჟურნალისტს, საავტორო რადიო გადაცემის წამყვანს. ალბათ ამიტომაც იყო რომ აქ, საქართველოში გადაწყვიტეს დაქორწინება. საქართველოში, სადაც როგორც თავის წიგნში "გაუმარჯოს! მოთხრობები საქართველოდან" აღნიშნავენ, ღვინო ლიტრობით იყიდება ხოლო გამასპინძლება სპორტის ეროვნული სახეობაა რომელსაც დიდი და პატარა თავდავიწყებით ეძლევა.

ამ წიგნს მელერები თავიანთ პირმშოს უწოდენებ. შეიძლება ითქვას ხელიხელ აგოგმანებენ და მთელ პოლონეთში დაუზარლად ატარებენ შეხვედრებს მკითხველებთან, მაყურებლებთან, მსმენელებთან ყვებიან საქართველოს შესახებ, ყვებიან ადათ-წესებზე, ყვებიან ხალხზე და თვალწარმტაც ბუნებაზე წარსულსა და აწმყოზე, იმედსა და მომავალზე ... ყვებიან კეთილგანწყობით, ზოგჯერ დანანებით ზოგჯერ ირონიით მაგრამ ყოველთვის დიდი სიყვარულით. ეს არ არის პოლონელის მიერ საქართველოს შესახებ დაწერილი პირველი წიგნი, მაგრამ გვერწმუნეთ პირველია რომელშიც სიყვარულია ამოსავალი წერტილი, სიყვარული და მეგობრული თანადგომა ყოველ სტრიქონში გამოსჭვივის.

სოციალურ ქსელში მარჩინი არა მხოლოდ საქართველოს დროშიანი მაისურით შემოგეგებათ არამედ ავტოინფორმაციაში გულახდილად გამოგიტყდებათ რომ საქართველოში მოგზაურობაზე დამოკიდებულებითაა დაავადებული.

წიგნში საკმაოდ დიდი თავი აქვს დათმობილი "თვითმფრინავის საქმეს" და ამდენად ბუნებრივია, რომ ავტორები 1990 წელს 28 ოქტომბრის არჩეული უზენაესი საბჭოს წევრსა და ამ საქმის შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი კომისიის თავმჯდომარეს, 1993-1998 წწ პოლიტპატიმარს, ამჟამად კი ვარშავაში მცხოვრებ პოლიტემიგრანტსა ვიქტორ დომუხოვსკისაც დაუკავშირდნენ. მას ჩვენც ვთხოვეთ წიგნის შეფასება.

მადლიერების გრძნობა, სიკეთის დანახვისა და აღქმის უნარი ერთ-ერთი ადამიანურ ღირსებათაგანია, მაგრამ მაინც მინდა ხაზი გავუსვა ამ წიგნის გამოსვლის პრაქტიკულ მხარესაც. დღეს, როცა საქართველოს ასე ძალიან ესაჭიროება ტურიზმის განვითარება, როცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღორძინება არის მისი პოლიტიკური უსაფრთხოების საფუძველი და იქნებ ტერიტორიული ინტეგრაციის გარანტი, ნამდვილად უზომოა ასეთი წიგნის, ასეთი ცნობილი და პოპულარული ვარსკვლავების, ასეთი სელიბრიტების როლი. მით უმეტეს რომ წიგნის ავტორები მოქნილი კალმითა და მსუყე ფერთა პალიტრაში ნაწები ყალმთ ხატავენ არა მხოლოდ ქართველებისა და საქართველოს პორტრეტებს, არამედ ჩვენი უახლოესი და ფრიად ტკივილიანი წარსულსა თუ აწმყოს სურათებსაც მეგობრის პირდაპირობით აღწერენ. ამიტომ ეს წიგნი აუცილებლად უნდა ითარგმნოს ქართულად. ეს წიგნი ჩვენთვის "გამოცხადება" იქნება - რას და როგორ აფასებენ, როგორ გვხედავენ ჩვენი უცხოელი მეგობრები, ისინი ვისაც სხვაზე უკეთ ესმით ჩვენი, რადგან ბედის უკუღმართობას მრავალი ერთნაირი განსაცდელი მოუძღვნია ჩვენთვის ვისაც ჩვენთან ბევრი საერთო თვისება აკავშირებს და რომელთაც დღევანდელი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში ქვეყნის, ხალხისა თუ ცალკეული ინდივიდის შტორმმედეგობის ჩვენზე მეტი გამოცდილება დაუგროვებია.

მე ჩემი ცხოვრება ჩემს ჭკუაზე გამივლია, ჩემი შეხედულებები და სიმპათიები გამომიმუშავებია, პოლიტიკური მრწამსი თუ მორალური იმპერატივი ... ზოგ შემთხვევაში ჩვენი აზრები სრულ თანხვედრაშია ზოგან 180 გრადუსიანი კუთხე გადაშლილა ჩვენს შორის, მაგრამ პატივს ვცემ მათ უშუალობას, ვაფასებ მათ გულწრფელობას და ჩემი ქვეყნის სიყვარულისათვის საპასუხოდ მეგობრობას ვთავაზობ.”






წიგნი გაყიდვაში 18 მაისს გავიდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უკევ ტოპ ათეულშია შესული. სულ მოკლე ნაწყვეტს ვთარგმნით რათა წიგნის ეშხში შეგიყვანოთ.

„... ნამდვილი საგიჟეთია.

ჰო, კი, ცოტა ასეცაა. აქ მოძრაობის საპირისპიროდაც შეიძლება იარო და მართვის უფლების გარეშეც. უმარტივესი საქმის მოგვარებამ შეიძლება სიცოცხლე გაგიმწაროს. ბენზინგასამართ პუნქტში ტიპს შეიძლება ცალ ხელში შლანგი ეჭიროს და მეორეში ანთებული სიგარეტი. მანქანებს გიჟებივით ატარებენ. კარები რომ გაიღება ჯერ არავინ იძვრის ადგილიდან მერე კი ყველა ერთად მიაწყდება. გამუდმებით ყვირიან. დენიც ხშირად არ არის.

ვერ ნახავ ქართველს, რომელიც აბსოლუტურად დარწმუნებული არ არის, რომ დედამიწის ზურგზე არ არსებობს საქართველოზე ლამაზი კუთხე. ეს მათთვის ცხადზე უცხადესია. შეიძლება კიდეც შეჭამონ რაიმე უცხო, სწრაფად გადასანსლონ, აბა, როგორ, აკი მზისქვეშეთში ყველაზე უკეთესი ქართული კერძებია. და მთები. და თბილისი. და სიმღერები. და ღვინო. ყველაფერი საუკეთესოა. ო, რა ნაციონალისტები არიან.

მაგრამ ღვინო, ფაქტია რომ საუცხოოა. მღერიან გენიალურად. და ეს კერძები, ღმერთო ჩემო, რა გემრიელია. სუფრა როგორც ცხოვრების წესი. და სადღეგრძელოები. როცა უკვე თავმობეზრებული მორიგ სიტყვას წინაპრების შესახებ ცალყურში ატარებ უეცრად თამადა ისეთ რაიმეს იტყვის, რომ თვალზე ცრემლი მოგადგება, ან სიცილი გაგგუდავს. და იუმორის საოცარი გრძნობა. და აბსურდისადმი ტრფიალი. და ეს მხიარული ანარქია. როცა ყველაფერი უთავბოლოდ გეჩვენება - აღმოჩნდება, რომ თურმე ასე სულაც არ არის.

აქ ნამდვილად არავინაა მარტო. ეს არის საქართველო...”

რამოდენიმე ფოტო ანა და მარჩინ მელერების წიგნიდან "გაუმარჯოს! მოთხრობები საქართველოდან"







და ბოლოს რამოდენიმე შეკითხვით თავად წიგნის ავტორებს, ანა და მარჩინ მელერებს, მივმართეთ

ქორწილი საქართველოში

ვისი იდეა იყო საქართველოში ქორწინება, ვინაა ავტორი ანუ რომელი უფროა შეშლილი ანა თუ მარჩინი?

ანა: გამოდის რომ მე (იცინის). როცა 2007 წლის გაზაფხულზე დაქორწინება გადავწყვიტეთ სურვილი გამოვთქვი – საყვარელო, იქნებ საქართველოში ვიქორწინოთ! ჩვენი ოჯახები და მეგობრები აღტაცებულნი შეხვდნენ ჩვენს ამ გადაწყვეტილებას და – თუმცა მოკრძალებულ ქორწილს ვაპირებდით მხოლოდ ახლობლებისათვის –პოლონეთიდან თბილისში 70 კაციანი მაყრიონი ჩამოგვყვა.

მარჩინი: ტყუილია, არაფერიც, ეს მე მოვიფიქრე! (იცინის) თუმცა სულ ორიოდე ნათესავისა და რამოდენიმე მეგობრის ჩამოსვლას ველოდი, მაგრამ ცოტ-ცოტაობით ნამდვილი შემოსევა გამოვიდა, რადგან მეგობრები ჩამოვიდნენ პოლონეთიდან, თურქეთიდან, ჩეხეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ვისი იდეა იყო, მთავარია რომ აპრილის ერთ ღამეს მცხეთაში გაგვიჩნდა ეს სურვილი ეტყობა ჩვენი ბედის დავთარში საქართველოში ქორწინება ეწერა (იცინის)

ანა: გადაჭრით და კატეგორიულად ვაპროტესტებ – მარჩინმა კი არა ეს მე მოვიფიქრე საქართველოში დაქორწინება!

მარჩინი: ჰო, კარგი, კარგი! გამოვნახოთ კომპრომისი და შევთანხმდეთ, რომ ორივენი თანაბრად დარტყმულები ვართ (იცინის)

სიყვარულთან ანგარებას რა ხელი აქვს, მაგრამ მაინც რამ შეგაყვარათ საქართველო რა მოგცათ მან?

ანა: გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ საქართველო ჩვენი მეორე სახლი გახდა სადაც შეასანიშნავი მეგობრები გვყავს და ქვეყანა რომელიც ისევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის როგორც ჩვენი სამშობლო. თბილისი ის ქალაქია სადაც – ჩვენი მუდვივი საცხოვრისი ვარშავის შემდეგ – ყველაზე მეტ დროს ვატარებთ. გასულ წელს ბევრად უფრო იშვიათად ვიყავი სილეზიაში, საიდანაცა ვარ წარმოშობით, ვიდრე თბილისში (იცინის)

მარჩინი: ხალხის გამო, უპირველს ყოვლისა, და დავამატებდი ცოტა არ იყოს შერეკილი ხალხის გამო. სვანეთში დილის მჟავე წყლის გამო. კახური ღვინის გამო. ზუგდიდში მოსმენილი სიმღერების გამო. აჭარის მთიანეთში სუფრის გამო. ასობით დაუვიწყარი წუთებისა და გულღია სიცილისათვის. ჰო და კიდევ ცხადია პირველ რიგში განსაკუთრებული ქართული პუნქტუალობისათვის (იცინის)

ქართველები და პოლონელები – რა გვაქვს საერთო და რითი განვსხვადებით?

ანა: ჩემი აზრით ბევრი მსგავსებაა, მაგრამ რაც განსაკუთრებით განგვასხვავებს ერთმანეთისაგან ის არის, რომ პოლონელებს ხასიათში აქვთ ბუზღუნი. ყველაფრით უკმაყოფილონი მუდმივად რაიმეს განვიცდით, მეგობრულ საუბრებში ბედ-იღბალზე ვწუწუნებთ, პოლიტიკაზე, ამინდზე, ყველაფერზე. ძირითადად დამარცხებებსა და გარდაცვალებებს მივაგებთ პატივს. ქართველები კი სიცოცხლეზე არიან შეყვარებულები და ამიტომაც მას ისე ეწაფებიან თითქოს ყოველი დღე უკანასკნელი იყოს. აღფრთოვანებული ვარ მათი ამ „carpe diem”–ით.

მარჩინი: მსგავსება კი ის გახლავთ რაც პოლონურად ჟღერს “ზასტავ შე ა პოსტავ შე” ანუ სტუმარს მეფურად უნდა გაუმასპინძლდე, მაშინაც კი როცა ეს შენს შესაძლებლობებს აღემატება. მსგავსებებს მივაკუთნებდი დამოკიდებულებას “გამოჩნდება საშველი”, განუწყვეტელ იმპროვიზაციებს, თვალში საცემია თქვენი გახსნილობა.

თვისებები რომელთა ურთიერთ გაცვლით ორივე მხარე მოგებული დავრჩებით

მარჩინი: თქვენს მუსიკალურობას ხომ არ გაიმეტებდით (იცინის)

ანა: გიწილადებთ ცოტა მოწესრიგებულობასა და ქუჩის მხოლოდ მწვანე შექზე გადაკვეთის ჩვევას (იცინის)

რა არის ქართულ რეალობაში ისეთი რაც თქვენთვის მიუღებელია

მარჩინი: მიუღებელი რომ იყოს რაიმე უკან არც დავბუნდებოდით თუმცა კარგი იქნებოდა ქართული დაპირებების 30 პროცენტზე მეტი რომ სრულდებოდეს. არ ვამბობ, რომ ეგრევე 100 პროცენტი, მაგრამ იქნებ 70 მაინც ( იცინის) და ურიგო არ იქნებოდა უნარშეზღუდულ ადამიანებისადმი მეტი მზრუნველობა. დღეს ეტლში მჯდომის საქართველოში წასვლას აზრი არა აქვს. ამის შესახებ ჩვენი მკითხველებიც კი გვწერენ.

პოლონელები ამბობენ; უფალი, ღირსება, სამშობლო. ქართველები კი – ენა, მამული სარწმუნოება. თქვენთვის მნიშვნელოვანია ეს ცნებები: ღმერთი, სარწმუნოება, მამული, ენა, ღირსება…

ანა: ჩემთვის მნიშვნელოვანია ენაც, მამულიც და ღისებაც. ძალიან ლამაზადაა ქართველების მიერ ხაზგასმული მათი ენის, როგორც თვითმყოფადობის განუზომელი ელემენტის, მნიშვნელობა. ჩვენ აქ, ვისლის ნაპირებზე, ეს ყოველთვის არც გვახსენდება. სილეზიიდანა ვარ, სადაც პოლონურის გარდა ჩვენი ენაც გვაქვს – სილეზიური და მიხარია, რომ იქ ხალხი ენის საშუალებით გამოხატავს საკუთარ განსხვავებულობას. იქნებ ურიგო არ იქნებოდა ამის შესახებ მეტი გვეფიქრა სამწუხაროდ დღევანდელ პირობებში ეს ლამაზი სლოგანები უფასურდება, ან კიდევ ზოგჯერ ახალ, ჩემი აზრით, ცუდ ელფერს ღებულობენ.

მარჩინი: მნიშვნელოვანია რომ შევინარჩუნოთ პატივისცემა წარსულისა და საკუთარი თვითმყოფადობა. ვიპოვოთ საკუთარ თავში ძალა რათა განვვითარდეთ თავად ჩვენცა და ჩვენი ქვეყანის განვითარებასაც ხელი შევაშველოთ.

აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისაო – შესაძლებელია წარსულის დაძლევა ან უფრო სწორად მოღორება?

მარჩინი: როგორც მიხეილ ბულგაკოვი თავის რომანში, “ოსტატი და მარგარიტა”, წერს - ხელნაწერები არ იწვიან, ხოლო წარსულს დაბრუნდება ახასიათედბს. სადღაც კუთხეში მიგდებული ბოლოს მაინც გამოძვრება და თავს შეახსენებს მათ ვისაც მისი დავიწყება სურდა.

იქნებ ქვეყნისთვის უმჯობესია ერმა წარსულში არ იქექოს რადგან ნათქვამია, ბედნიერება კარგი ჯანმრთელობა და ცუდი მეხსიერებააო

მარჩინი: ჩვენს ყოფილ პრეზიდენტს, პოსტკომუნისტ ალექსანდრ კვაშნიევსკისაც ჰქონდა ეგეთი ლოზუნგი: “ავირჩიოთ მომავალი”. ენაკვიმატები კი აქილიკებდნენ “გავათეთროთ წარსული” უფრო ზუსტად გადმოსცემს შინაარსსო. ცხადია არ შეიძლება გამუდმებით წარსულში ჩარჩე თორემ მომავალი გამოგვეცლება ხელიდან, მაგრამ ისტორიის მოტყუილებაც შეუძლებელია. აშშ-ში ჯერ კიდევ ცოცხალია სეცესიური ომის მემკვიდრეობა და იმდროინდელი კონფლიქტები. თუ ვინმეს ჰგონია, რომ კომუნიზმის ისტორიის კარი გამოკეტა, უბრალოდ გულუბრყვილოა ისტორიას თვალი უნდა გაუსწორო რათა შეძლებისდა გვარად მშვიდად იცხოვრო ხოლო თუ ამას არ გავაკეთებს იგი ბუმერანგივით დაგვიბრუნდება

„ცხოვრება მშვენიერია!” – მაგრამ ეს მშვენიერება, სილამაზე ხომ ისაა რასაც ვერსად ვიპოვით თუ იგი ჩვენში არ სახლობს

მარჩინი: ჰმ, სადმე მტკვის ნაპირზე საფერავიანი დოქით ჩამომჯდარ ადამიანს სილამაზე გვერდს ვერ აუქცევს (იცინის) სერიოზულად კი ჩვენ გვიყვარს ადამიანები და ქვეყნიერება, მეგობრულად ვართ განწყობილნი და იქნებ სწორედ ამიტომ მიგვიღო საქართველომ ასე ლამაზად

თქვენი აზრით რა არის ის მთავარი მიზეზი რომლისთვისაც ღირს საქართველოში გამგზავრება

ანა: ხალხი, ბუნება, კერძები, კულტურა, ღვინო, მუსიკა, ცეკვა, ტრადიციები თბილი ზღვა ... სხვა რაღაა საჭირო

მარჩინი: გერმანული წესრიგი, შვეიცარული პუნქტუალობა, გზებზე ყველანი ნელა და წესების დაცვით მოძრაობენ, ალკოჰოლს თითქმის არ სვამენ, არავინ აძალებს სტუმარს ბევრ ჭამა-სმას … სხვა რაღა უნდა ისურვო?



მასალა მოამზადა, ავტორები მოიპატიჟა, წიგნის პრეზენტაცია მოაწყო, ინტერვიუ ჩაიწერა და თარგმნა ქართულმა მაღაზია -სალონმა ვარშავაში
ALAVERDI – THE GEORGIAN POINT
Warszawa, ul.Ząbkowska 18
tel: 48 22 4011776

Brak komentarzy:

Prześlij komentarz