niedziela, 5 czerwca 2011

საქართველო უპირველეს ყოვლისა

"სიყვარულო ძალსა შენსა... " და "... მეგობრობა გზად და ხიდად"

სისხლსავსე ცხოვრების ხელოვნება ქართველებს სრულადა აქვთ ათვისებული - ასე მიაჩნიათ მელერებს, მარჩინს პოლონური "Playboy"-ს მთავარ რედაქტორს, ძალზედ პოპულარული სატელევიზიო პროგრამის ავტორსა და მასპინძელს, მის მეუღლეს ანას როკ ანსამბლ “Andy”-ს სოლისტსა და გიტარისტს, პროფესიით ჟურნალისტს, საავტორო რადიო გადაცემის წამყვანს. ალბათ ამიტომაც იყო რომ აქ, საქართველოში გადაწყვიტეს დაქორწინება. საქართველოში, სადაც როგორც თავის წიგნში "გაუმარჯოს! მოთხრობები საქართველოდან" აღნიშნავენ, ღვინო ლიტრობით იყიდება ხოლო გამასპინძლება სპორტის ეროვნული სახეობაა რომელსაც დიდი და პატარა თავდავიწყებით ეძლევა.

ამ წიგნს მელერები თავიანთ პირმშოს უწოდენებ. შეიძლება ითქვას ხელიხელ აგოგმანებენ და მთელ პოლონეთში დაუზარლად ატარებენ შეხვედრებს მკითხველებთან, მაყურებლებთან, მსმენელებთან ყვებიან საქართველოს შესახებ, ყვებიან ადათ-წესებზე, ყვებიან ხალხზე და თვალწარმტაც ბუნებაზე წარსულსა და აწმყოზე, იმედსა და მომავალზე ... ყვებიან კეთილგანწყობით, ზოგჯერ დანანებით ზოგჯერ ირონიით მაგრამ ყოველთვის დიდი სიყვარულით. ეს არ არის პოლონელის მიერ საქართველოს შესახებ დაწერილი პირველი წიგნი, მაგრამ გვერწმუნეთ პირველია რომელშიც სიყვარულია ამოსავალი წერტილი, სიყვარული და მეგობრული თანადგომა ყოველ სტრიქონში გამოსჭვივის.

სოციალურ ქსელში მარჩინი არა მხოლოდ საქართველოს დროშიანი მაისურით შემოგეგებათ არამედ ავტოინფორმაციაში გულახდილად გამოგიტყდებათ რომ საქართველოში მოგზაურობაზე დამოკიდებულებითაა დაავადებული.

წიგნში საკმაოდ დიდი თავი აქვს დათმობილი "თვითმფრინავის საქმეს" და ამდენად ბუნებრივია, რომ ავტორები 1990 წელს 28 ოქტომბრის არჩეული უზენაესი საბჭოს წევრსა და ამ საქმის შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი კომისიის თავმჯდომარეს, 1993-1998 წწ პოლიტპატიმარს, ამჟამად კი ვარშავაში მცხოვრებ პოლიტემიგრანტსა ვიქტორ დომუხოვსკისაც დაუკავშირდნენ. მას ჩვენც ვთხოვეთ წიგნის შეფასება.

„ მადლიერების გრძნობა, სიკეთის დანახვისა და აღქმის უნარი ერთ-ერთი ადამიანურ ღირსებათაგანია, მაგრამ მაინც მინდა ხაზი გავუსვა ამ წიგნის გამოსვლის პრაქტიკულ მხარესაც. დღეს, როცა საქართველოს ასე ძალიან ესაჭიროება ტურიზმის განვითარება, როცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღორძინება არის მისი პოლიტიკური უსაფრთხოების საფუძველი და იქნებ ტერიტორიული ინტეგრაციის გარანტი, ნამდვილად უზომოა ასეთი წიგნის, ასეთი ცნობილი და პოპულარული ვარსკვლავების, ასეთი სელიბრიტების როლი. მით უმეტეს რომ წიგნის ავტორები მოქნილი კალმითა და მსუყე ფერთა პალიტრაში ნაწები ყალმთ ხატავენ არა მხოლოდ ქართველებისა და საქართველოს პორტრეტებს, არამედ ჩვენი უახლოესი და ფრიად ტკივილიანი წარსულსა თუ აწმყოს სურათებსაც მეგობრის პირდაპირობით აღწერენ. ამიტომ ეს წიგნი აუცილებლად უნდა ითარგმნოს ქართულად. ეს წიგნი ჩვენთვის "გამოცხადება" იქნება - რას და როგორ აფასებენ, როგორ გვხედავენ ჩვენი უცხოელი მეგობრები, ისინი ვისაც სხვაზე უკეთ ესმით ჩვენი, რადგან ბედის უკუღმართობას მრავალი ერთნაირი განსაცდელი მოუძღვნია ჩვენთვის ვისაც ჩვენთან ბევრი საერთო თვისება აკავშირებს და რომელთაც დღევანდელი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში ქვეყნის, ხალხისა თუ ცალკეული ინდივიდის შტორმმედეგობის ჩვენზე მეტი გამოცდილება დაუგროვებია.

მე ჩემი ცხოვრება ჩემს ჭკუაზე გამივლია, ჩემი შეხედულებები და სიმპათიები გამომიმუშავებია, პოლიტიკური მრწამსი თუ მორალური იმპერატივი ... ზოგ შემთხვევაში ჩვენი აზრები სრულ თანხვედრაშია ზოგან 180 გრადუსიანი კუთხე გადაშლილა ჩვენს შორის, მაგრამ პატივს ვცემ მათ უშუალობას, ვაფასებ მათ გულწრფელობას და ჩემი ქვეყნის სიყვარულისათვის საპასუხოდ მეგობრობას ვთავაზობ.”






წიგნი გაყიდვაში 18 მაისს გავიდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უკევ ტოპ ათეულშია შესული. სულ მოკლე ნაწყვეტს ვთარგმნით რათა წიგნის ეშხში შეგიყვანოთ.

„... ნამდვილი საგიჟეთია.

ჰო, კი, ცოტა ასეცაა. აქ მოძრაობის საპირისპიროდაც შეიძლება იარო და მართვის უფლების გარეშეც. უმარტივესი საქმის მოგვარებამ შეიძლება სიცოცხლე გაგიმწაროს. ბენზინგასამართ პუნქტში ტიპს შეიძლება ცალ ხელში შლანგი ეჭიროს და მეორეში ანთებული სიგარეტი. მანქანებს გიჟებივით ატარებენ. კარები რომ გაიღება ჯერ არავინ იძვრის ადგილიდან მერე კი ყველა ერთად მიაწყდება. გამუდმებით ყვირიან. დენიც ხშირად არ არის.

ვერ ნახავ ქართველს, რომელიც აბსოლუტურად დარწმუნებული არ არის, რომ დედამიწის ზურგზე არ არსებობს საქართველოზე ლამაზი კუთხე. ეს მათთვის ცხადზე უცხადესია. შეიძლება კიდეც შეჭამონ რაიმე უცხო, სწრაფად გადასანსლონ, აბა, როგორ, აკი მზისქვეშეთში ყველაზე უკეთესი ქართული კერძებია. და მთები. და თბილისი. და სიმღერები. და ღვინო. ყველაფერი საუკეთესოა. ო, რა ნაციონალისტები არიან.

მაგრამ ღვინო, ფაქტია რომ საუცხოოა. მღერიან გენიალურად. და ეს კერძები, ღმერთო ჩემო, რა გემრიელია. სუფრა როგორც ცხოვრების წესი. და სადღეგრძელოები. როცა უკვე თავმობეზრებული მორიგ სიტყვას წინაპრების შესახებ ცალყურში ატარებ უეცრად თამადა ისეთ რაიმეს იტყვის, რომ თვალზე ცრემლი მოგადგება, ან სიცილი გაგგუდავს. და იუმორის საოცარი გრძნობა. და აბსურდისადმი ტრფიალი. და ეს მხიარული ანარქია. როცა ყველაფერი უთავბოლოდ გეჩვენება - აღმოჩნდება, რომ თურმე ასე სულაც არ არის.

აქ ნამდვილად არავინაა მარტო. ეს არის საქართველო...”

რამოდენიმე ფოტო ანა და მარჩინ მელერების წიგნიდან "გაუმარჯოს! მოთხრობები საქართველოდან"







და ბოლოს რამოდენიმე შეკითხვით თავად წიგნის ავტორებს, ანა და მარჩინ მელერებს, მივმართეთ

ქორწილი საქართველოში

ვისი იდეა იყო საქართველოში ქორწინება, ვინაა ავტორი ანუ რომელი უფროა შეშლილი ანა თუ მარჩინი?

ანა: გამოდის რომ მე (იცინის). როცა 2007 წლის გაზაფხულზე დაქორწინება გადავწყვიტეთ სურვილი გამოვთქვი – საყვარელო, იქნებ საქართველოში ვიქორწინოთ! ჩვენი ოჯახები და მეგობრები აღტაცებულნი შეხვდნენ ჩვენს ამ გადაწყვეტილებას და – თუმცა მოკრძალებულ ქორწილს ვაპირებდით მხოლოდ ახლობლებისათვის –პოლონეთიდან თბილისში 70 კაციანი მაყრიონი ჩამოგვყვა.

მარჩინი: ტყუილია, არაფერიც, ეს მე მოვიფიქრე! (იცინის) თუმცა სულ ორიოდე ნათესავისა და რამოდენიმე მეგობრის ჩამოსვლას ველოდი, მაგრამ ცოტ-ცოტაობით ნამდვილი შემოსევა გამოვიდა, რადგან მეგობრები ჩამოვიდნენ პოლონეთიდან, თურქეთიდან, ჩეხეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ვისი იდეა იყო, მთავარია რომ აპრილის ერთ ღამეს მცხეთაში გაგვიჩნდა ეს სურვილი ეტყობა ჩვენი ბედის დავთარში საქართველოში ქორწინება ეწერა (იცინის)

ანა: გადაჭრით და კატეგორიულად ვაპროტესტებ – მარჩინმა კი არა ეს მე მოვიფიქრე საქართველოში დაქორწინება!

მარჩინი: ჰო, კარგი, კარგი! გამოვნახოთ კომპრომისი და შევთანხმდეთ, რომ ორივენი თანაბრად დარტყმულები ვართ (იცინის)

სიყვარულთან ანგარებას რა ხელი აქვს, მაგრამ მაინც რამ შეგაყვარათ საქართველო რა მოგცათ მან?

ანა: გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ საქართველო ჩვენი მეორე სახლი გახდა სადაც შეასანიშნავი მეგობრები გვყავს და ქვეყანა რომელიც ისევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის როგორც ჩვენი სამშობლო. თბილისი ის ქალაქია სადაც – ჩვენი მუდვივი საცხოვრისი ვარშავის შემდეგ – ყველაზე მეტ დროს ვატარებთ. გასულ წელს ბევრად უფრო იშვიათად ვიყავი სილეზიაში, საიდანაცა ვარ წარმოშობით, ვიდრე თბილისში (იცინის)

მარჩინი: ხალხის გამო, უპირველს ყოვლისა, და დავამატებდი ცოტა არ იყოს შერეკილი ხალხის გამო. სვანეთში დილის მჟავე წყლის გამო. კახური ღვინის გამო. ზუგდიდში მოსმენილი სიმღერების გამო. აჭარის მთიანეთში სუფრის გამო. ასობით დაუვიწყარი წუთებისა და გულღია სიცილისათვის. ჰო და კიდევ ცხადია პირველ რიგში განსაკუთრებული ქართული პუნქტუალობისათვის (იცინის)

ქართველები და პოლონელები – რა გვაქვს საერთო და რითი განვსხვადებით?

ანა: ჩემი აზრით ბევრი მსგავსებაა, მაგრამ რაც განსაკუთრებით განგვასხვავებს ერთმანეთისაგან ის არის, რომ პოლონელებს ხასიათში აქვთ ბუზღუნი. ყველაფრით უკმაყოფილონი მუდმივად რაიმეს განვიცდით, მეგობრულ საუბრებში ბედ-იღბალზე ვწუწუნებთ, პოლიტიკაზე, ამინდზე, ყველაფერზე. ძირითადად დამარცხებებსა და გარდაცვალებებს მივაგებთ პატივს. ქართველები კი სიცოცხლეზე არიან შეყვარებულები და ამიტომაც მას ისე ეწაფებიან თითქოს ყოველი დღე უკანასკნელი იყოს. აღფრთოვანებული ვარ მათი ამ „carpe diem”–ით.

მარჩინი: მსგავსება კი ის გახლავთ რაც პოლონურად ჟღერს “ზასტავ შე ა პოსტავ შე” ანუ სტუმარს მეფურად უნდა გაუმასპინძლდე, მაშინაც კი როცა ეს შენს შესაძლებლობებს აღემატება. მსგავსებებს მივაკუთნებდი დამოკიდებულებას “გამოჩნდება საშველი”, განუწყვეტელ იმპროვიზაციებს, თვალში საცემია თქვენი გახსნილობა.

თვისებები რომელთა ურთიერთ გაცვლით ორივე მხარე მოგებული დავრჩებით

მარჩინი: თქვენს მუსიკალურობას ხომ არ გაიმეტებდით (იცინის)

ანა: გიწილადებთ ცოტა მოწესრიგებულობასა და ქუჩის მხოლოდ მწვანე შექზე გადაკვეთის ჩვევას (იცინის)

რა არის ქართულ რეალობაში ისეთი რაც თქვენთვის მიუღებელია

მარჩინი: მიუღებელი რომ იყოს რაიმე უკან არც დავბუნდებოდით თუმცა კარგი იქნებოდა ქართული დაპირებების 30 პროცენტზე მეტი რომ სრულდებოდეს. არ ვამბობ, რომ ეგრევე 100 პროცენტი, მაგრამ იქნებ 70 მაინც ( იცინის) და ურიგო არ იქნებოდა უნარშეზღუდულ ადამიანებისადმი მეტი მზრუნველობა. დღეს ეტლში მჯდომის საქართველოში წასვლას აზრი არა აქვს. ამის შესახებ ჩვენი მკითხველებიც კი გვწერენ.

პოლონელები ამბობენ; უფალი, ღირსება, სამშობლო. ქართველები კი – ენა, მამული სარწმუნოება. თქვენთვის მნიშვნელოვანია ეს ცნებები: ღმერთი, სარწმუნოება, მამული, ენა, ღირსება…

ანა: ჩემთვის მნიშვნელოვანია ენაც, მამულიც და ღისებაც. ძალიან ლამაზადაა ქართველების მიერ ხაზგასმული მათი ენის, როგორც თვითმყოფადობის განუზომელი ელემენტის, მნიშვნელობა. ჩვენ აქ, ვისლის ნაპირებზე, ეს ყოველთვის არც გვახსენდება. სილეზიიდანა ვარ, სადაც პოლონურის გარდა ჩვენი ენაც გვაქვს – სილეზიური და მიხარია, რომ იქ ხალხი ენის საშუალებით გამოხატავს საკუთარ განსხვავებულობას. იქნებ ურიგო არ იქნებოდა ამის შესახებ მეტი გვეფიქრა სამწუხაროდ დღევანდელ პირობებში ეს ლამაზი სლოგანები უფასურდება, ან კიდევ ზოგჯერ ახალ, ჩემი აზრით, ცუდ ელფერს ღებულობენ.

მარჩინი: მნიშვნელოვანია რომ შევინარჩუნოთ პატივისცემა წარსულისა და საკუთარი თვითმყოფადობა. ვიპოვოთ საკუთარ თავში ძალა რათა განვვითარდეთ თავად ჩვენცა და ჩვენი ქვეყანის განვითარებასაც ხელი შევაშველოთ.

აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისაო – შესაძლებელია წარსულის დაძლევა ან უფრო სწორად მოღორება?

მარჩინი: როგორც მიხეილ ბულგაკოვი თავის რომანში, “ოსტატი და მარგარიტა”, წერს - ხელნაწერები არ იწვიან, ხოლო წარსულს დაბრუნდება ახასიათედბს. სადღაც კუთხეში მიგდებული ბოლოს მაინც გამოძვრება და თავს შეახსენებს მათ ვისაც მისი დავიწყება სურდა.

იქნებ ქვეყნისთვის უმჯობესია ერმა წარსულში არ იქექოს რადგან ნათქვამია, ბედნიერება კარგი ჯანმრთელობა და ცუდი მეხსიერებააო

მარჩინი: ჩვენს ყოფილ პრეზიდენტს, პოსტკომუნისტ ალექსანდრ კვაშნიევსკისაც ჰქონდა ეგეთი ლოზუნგი: “ავირჩიოთ მომავალი”. ენაკვიმატები კი აქილიკებდნენ “გავათეთროთ წარსული” უფრო ზუსტად გადმოსცემს შინაარსსო. ცხადია არ შეიძლება გამუდმებით წარსულში ჩარჩე თორემ მომავალი გამოგვეცლება ხელიდან, მაგრამ ისტორიის მოტყუილებაც შეუძლებელია. აშშ-ში ჯერ კიდევ ცოცხალია სეცესიური ომის მემკვიდრეობა და იმდროინდელი კონფლიქტები. თუ ვინმეს ჰგონია, რომ კომუნიზმის ისტორიის კარი გამოკეტა, უბრალოდ გულუბრყვილოა ისტორიას თვალი უნდა გაუსწორო რათა შეძლებისდა გვარად მშვიდად იცხოვრო ხოლო თუ ამას არ გავაკეთებს იგი ბუმერანგივით დაგვიბრუნდება

„ცხოვრება მშვენიერია!” – მაგრამ ეს მშვენიერება, სილამაზე ხომ ისაა რასაც ვერსად ვიპოვით თუ იგი ჩვენში არ სახლობს

მარჩინი: ჰმ, სადმე მტკვის ნაპირზე საფერავიანი დოქით ჩამომჯდარ ადამიანს სილამაზე გვერდს ვერ აუქცევს (იცინის) სერიოზულად კი ჩვენ გვიყვარს ადამიანები და ქვეყნიერება, მეგობრულად ვართ განწყობილნი და იქნებ სწორედ ამიტომ მიგვიღო საქართველომ ასე ლამაზად

თქვენი აზრით რა არის ის მთავარი მიზეზი რომლისთვისაც ღირს საქართველოში გამგზავრება

ანა: ხალხი, ბუნება, კერძები, კულტურა, ღვინო, მუსიკა, ცეკვა, ტრადიციები თბილი ზღვა ... სხვა რაღაა საჭირო

მარჩინი: გერმანული წესრიგი, შვეიცარული პუნქტუალობა, გზებზე ყველანი ნელა და წესების დაცვით მოძრაობენ, ალკოჰოლს თითქმის არ სვამენ, არავინ აძალებს სტუმარს ბევრ ჭამა-სმას … სხვა რაღა უნდა ისურვო?



მასალა მოამზადა, ავტორები მოიპატიჟა, წიგნის პრეზენტაცია მოაწყო, ინტერვიუ ჩაიწერა და თარგმნა ქართულმა მაღაზია -სალონმა ვარშავაში
ALAVERDI – THE GEORGIAN POINT
Warszawa, ul.Ząbkowska 18
tel: 48 22 4011776

ღია წერილი ქალაქ თბილისის მესვეურებს: ხეიბარი ხეიბარ ქალაქში – სახსოვარი საქართველოდან

ბატონ გიგი უგულავას, ქალაქ თბილისის მერს,
ელ. ფოსტა: tata@tbilisi.gov.ge


საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს ვარშავაში
ელ–ფოსტა: inform@mfa.gov.ge
ელ–ფოსტა: warsaw.emb@mfa.gov.ge


ბატონ პაპუნა დავითაიას, საქართველოს დიასპორის მინისტრს,
ელ-ფოსტა: info@diaspora.gov.ge

საინფორმაციო სააგენტოს GHN

რადიოს ''საქართველოს ხმა"

ღია წერილი ქალაქ თბილისის მესვეურებს

მაისის თვეში ვარშავაში გამოვიდა ძალიან საინტერესო წიგნი საქართველოს შესახებ. ავტორებს მკითხველები არა მხოლოდ მადლობას სწერენ არამედ საკუთარ შეხედულებებსაც უზიარებენ. ერთ-ერთი ჩანაწერი ძალზედ აქტუალური და მტკივნეულია. იგი წიგნის ავტორების თხოვნით ვთარგმნე და გიგზავნით.

ჩემის მხრიდან კი მხოლოდ ორიოდ სიტყვას დავამატებ.

1996 წლიდან მუდმივად ვცხოვრობ ვარშავაში. თავდაპირველად მაოცებდა ქუჩებში, ტრანსპორტში უნარშეზღუდული ადამიანების სიმრავლე. გარკვეული დრო დამჭირდა იმისათვის, რომ გამეაზრებინა უბრალო ჭეშმარიტება - პოლონელ ხეიბრებს აქვთ ქუჩაში გასვლის მიზეზი, რაგდან ან სწავლობენ ან მუშაობენ, არც კულტურულ თუ გასართობ ღონისძიებებს აკლდებიან და არც სახლმწიფო თუ საჯარო დაწესებულებებში საქმის მოგვარება უჭირთ ... დამოუკიდებლად, რადგან ყველაგან გათვალისწინებულია მათი ნორმალური ფუნქციონიერბისათვის საჭირო პირობები. განსხვავებით ჩვენი, ქართველი, უნარშეზღუდული მოქალაქეებისა - ამათ შინა პატიმრობა აქვთ მისჯილი.

საერთო ძალისხმევით საზოგადოებს ძალუძს ამ პრობლემის თუნდაც გააზრება და მისი დაძლევის გზების პოვნა. ეს ძნელი არ უნდა იყოს. არა ვართ ამ საქმის პიონერები. გზა კარგახანია გაკვალულია.

კეთილი სურვილებით
რუსუდან კიკალეიშვილი-დომუხოვსკი


ხეიბარი ხეიბარ ქალაქში – სახსოვარი საქართველოდან

2009 წლის ოქტომბერს 30 წლის შემდეგ პირველად დავბრუნდი საქართველოში, უფრო ზუსტად მის დედაქალაქ თბილისში. დაბადებით მოძრაობის უნარშეზღუდული ვარ და ბინის გარეთ ძირითადად ხან ყავარჯნებით ხან ეტლით გადავადგილდები. – დიდედაჩემი დაუმაზაშვილი იყო და ამიტომ ადრე ბავშვობაში საქართველოს ხშირი სტუმარი ვიყავი თუმცა მაშინ ჩემსა თუ სხვათა ხეიბრობას ვერც აღვიქვამდი აკი მცირეწლოვანისათვის ბუნებრივია, რომ თუ სადმე ასვლა-ჩასვლა გაუჭირდება მას ხელში აიყვანილს გადასვამ-გადმოსვამენ.

დღეს კი, 50 წლის ასაკს მიახლოებული ადამიანისათვის, რეალობა სულ სხვაგვარად აღიქმება. პირველი შოკი თბილისის აეროპორტში განვიცადე. ეს რაღაც ისეთი იყო რაც ადრე არასოდეს განმიცდია. აეროპორტში პასპორტი ჩამომართვეს და მისი დაბრუნების პირობა იყო იქაური თანამშრომლების მიერ თვითმფრინავიდან ჩემი გადმოყვანისთვის გაწეული დახმარების საფასურის გადახდა. დამცირება უზომო, მიზეზი: მომხვეჭელობა? გაუაზრებლობა? თუ სულმოკლეობა. უკანა გზაზე სიტუაცია განმეორდა, მაგრამ მე უკვე .... აღარ გადავიხადე

მერე და მერე მდგომარეობა უფრო გაუარესდა ჩავედი იმისათვის რომ რაღაც მენახა, ვიღაცას შევხვედროდი, მომეგვარებინა არა მხოლოდ პირადული საქმეები და რომ არა ჩემი და რაც მთავარია ჩემი ცხოვრების თანამგზავრის უდიდესი ძალისხმევა ვერაფერსაც ვერ მოვაგვარებდი. ავტობუსში ვერ ახვალ, რადგან ქალაქში მოძრაობს მხოლოდ რაღაც ძალიან მაღალი, რომელიც შესახედაობით 60 წლების ჩვენს იელჩეს ჩამოჰგავს. მეტროში ვერ ჩახვალ რადგან ან ძველი გაცვეთილი კიბეებია, ან ესკალატორები და ისიც ხშირად არ მუშაობს. იქნებ ვინმეს ეტლში მჯდომს ეცადა იმით სარგებლობა?! ძალიან მონდომებულებს ტაქსი ღა რჩებათ იმედად. ჩემი ჯიბე ამას გასწვდება, მაგრამ ადგილობრივების არც თუ ძალიან. ცენტრშიც კი არ არის არცერთი საზოგადოებრივი ტუალეტი, რომლითაც უნარშეზღუდულ ადამიანს შეეძლება ისარგებლოს. ქუჩაში ეტლით გადაადგილება ეს აბსოლუტური კოშმარია საერთოდ არ არსებობს მისასვლელები, ბორდიურები ძალიან მაღალია და ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილიც კი მანქანებითაა გავსებული რომლებიც 4 რიგად ჩაწყობილნი მიჰქრიან მოძრაობის 2 ზოლიან ქუჩაზე. ამიტომაც არაფერია გასაკვირი იმაში რომ ქუჩაში უნარშეზღუდული ადამიანის დასანახად ... ამ ხეიბარი ქალაქის ლამაზი შენობების ვიტრინაში საკუთარი გამოსახულება ღა მრჩებოდა

ჩემს დაკვირვებას ადასტურებს ქალბატონი ირინა ინასარიძე, უნარშეზღუდული ბავშვების მშობლების მიერ დაარსებული საზოგადოების ანიკა-ს თავმჯდომარე უკვე ახლა ეს ბავშვები საზოგადოების მხრიდან არა აქცეპტირებულნი, ხშირად პატიმრები არიან საკუთარ სახლებში. როცა გაიზრდებიან, ხოლო მშობლების ხელები ვეღარ გაუწევენ ლიფტის, ბორდიურის მისასვლელის, ავტობუსის დასაწევი მოწყობილობის მაგივრობას 100% პატიმრებად იქცევიან. კიდევ უფრო დამძიმდება სურათი თუ გეტყვით რომ ერთის მხრიბ ეს ეხება მოსახლეობის 10 – 14 % ხოლო მეორეს მხრივ უნდა აღინიშნოს რომ საუბარია მხოლოდ ... ქვეყნის დედაქალაქზე. შეგიძლიათ წარმოიგინოთ რა ხდება პროვინციაში?

ხეიბარი ქალაქი ერთხმად გავიძახით მე და ჩემი პარტნიორი. უნდა შევეცადპთ მაინც. სხვა ვინ გააკეთებს ამას ჩვენზე უკეთ? ჩვენ თვითონ როგორმე გავუძლებთ ... სხვას ვისაა აქვს უფრო მეტი მიზეზი ამის სწორედ იქ გასაკეთებლად ... როგორმე გავუძლებთ… მაგრამ ფული სად ვიშოვოთ? რამე უნდა მოვიფიქროთ

ხოლო თბილისში დიდედას საფლავზე დადებული აღთქმა, რომ თუ ჯანმრთელობა ხელს არ შემიშლის, საქმეს ბოლომდე გავყვები - ეს არის ჩემი ყველაზე ძვირფასი სახსოვარი საქართველოდან.

ვარშავა 5.06.2011

ორიგინალი იხ.

http://www.gaumardzos.pl/content/konkurs-pamiatka-z-podrozy#comment-16

niedziela, 17 kwietnia 2011

ზბიგნევ ჰერბერტი და მისი ორი ლექსი


1998 წლის 28 ივლისს ვარშავაში გარდაიცვალა XX საუკუნის პოლონეთის ერთ-ერთი უდიდესი პოეტი, ევროპის ერთ-ერთ უდიდესი ლირიკოსი, ყველაზე დიდი მეამბოხე, ზბიგნევ ჰერბერტი; იგი ვინაც კარგად აცნობიერებდა ხელოვანის როლს, რომელსაც კარგად ესმოდა პოეზიის დანიშნულება, რომლისთვისაც პოეტი საერთო სახალხო საკითხებში ჭეშმარიტების მოღაღადე ის სახალხო ბარდია, რომელის ნაწარმოები მილიონების კუთვნილებად ქცეულა. მისი შემოქმედება ეს ისეთი აბსოლუტური ღირებულებაა, რომელსაც დრო ვერაფერს დააკლებს, რამეთუ ადამიანი კვლავაც დადგება დრამატული არჩევანის წინაშე, მისი თანამსდევნი კვლავაც და კვლავაც იქნებიან იმედები, ილუზიები, შეცდომები და ჭეშმარიტების გამოცნობის აუცილებლობა. და რადგან ჰერბერტი სწორედ ამაზე წერდა და თან ასე ლამაზად, ამიტომაც დაჯაბნა დრო და ამიტომაც არის იგი უკვდავებასთან წილნაყარი. ინდივიდის უზენაესი ღირებულება არის მისთვის ისტორიის აქტიობის სუბიექტი. იგი ადამიანისათვის იბრძვის. თუმცა ისე ეტყობა, რომ ამ ბრძოლის ბედი წინასწარ უნდა იყოს გადაწყვეტილი: განა ადამიანი ოდესმე განაგდებს ჯოგურ ინსტინქტებს, განა ოდესმე იქნება, ისე რომ მასა არ დომინირებდეს, ისტორია კი ბრბოს, ხმაურსა და სახელმწიფოს უზენაეს ინტერესებს არ ანიჭებდეს უპირატესობას? ისტორიასთან თამაშში ადამიანი პაწაწკინტელა, საკუთარ ბედზე ყოველგვარ ზემოქმედების უნარს მოკლებული პაიკია. მილიონობით დევნილთა და ვნებულთა ოხვრა – ყვირილის ნაცვლად დუმილი და შემაძრწუნებელი სიჩუმე ისმის. იქმნება თავგანწირვისა და ვნება – ტკივილის სტერეოტიპები. ათეული წლების განმავლობაში იბრძოდა, და კვლავაც იბრძოლებს, ჰერბერტი მათ წინააღმდეგ ადამიანის ადამიანური ღირსებისათვის. ჰერბერტი ირონიულად ენამოსწრებულიც არის და იმავდროულად ისტორიის მზაკვრული ხრიკების წინაშე ადამიანის დამცველი ადვოკატიც. ესაუბრება, ედავება, ზოგჯერ ღიად ებრძვის კიდევაც ფილოსოფოსებს, ისტორიკოსებსა და პოლიტიკოსებს. მის ლექსებში ადამიანები და იდეები ხშირად ღმერთებისა და ანტიური გმირების ნიღბებს იკეთებენ. მხოლოდ ჰერბერტისათვის დამახასიათებელი ტრადიციული სიუჟეტების, ფაბულებისა და მოტივების არჩევანი არის ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციასთან განუყრელად დაკავშირებული მითებისა და ლეგენდების სიცოცხლისა და ევოლუციის დასაბუთება. სწორედ მითები, როგორც ძველი ასევე თანამედროვე – ხშირად შინაარსის განმაზოგადებელ სიტყვას მოკლებულნი – წარმოადგენენ ჩვენს ძველ და განუწყვეტლად მშფოთვარე სამყაროსთან შემოქმედებით თანახმიანობას მოწყურებული ჰერბერტის პოეზიის ფესვებს, რომლის გაცნობიერება ევროპული კულტურის საფუძვლების გარეშე შეუძლებელია. პოეტი მიმართავს მითოლოგიას, უძველეს ისტორიასა და კლასიკას. თანამედროვე სამყაროში გადმოტანითა და მათი ახლებური ინტერპრეტაციით ააქტიურებს ისტორიული სიმბოლების მნიშვნელობას. უბრალო, მარტივი ენით გადმოგვცემს ჰუმანისტის ღრმა ნააზრევს. საერთოდ ენა მისთვის მხოლოდ საშუალებაა. იგი კაზმულსიტყვაობაზე მაღლა არსსა და რაობას აყენებს. ლექსების უმრავლესობა თეთრ ლექსებს მიეკუთვნება და სასვენი ნიშნებიც შეგნებულად არის გამოტოვებული. ჰერბერტის კითხვისას ყურადღება უნდა გამახვილდეს მორალური გამოცხადებებზე. მისი შემოქმედების მახასიათებელ ნიშან-თვისებას წარმოადგენს სამყაროსადმი უნდობლობა, გამქირდავი დამოკიდებულება და ისტორიასა და ტრადიციასთან, როგორც აზროვნების წყაროებთან, სასოწარკვეთითა და თავგანწირვით მებრძოლი გაორებული ადამიანის იდეა. განსაკუთრებული სიცხადით ეს გამოვლინდა პან კოგიტო – ს კონსტრუქციაში, რომელიც როგორც ლექსების მთელი ციკლის ლიტერატურული გმირის ტიპი ჰერბერტის ლირიკაში 1970 წელს დაიბადა ( cogito ლათ. აზროვნება: : cogito, ergo sum – ვაზროვნებ ე.ი. ვარსებობ). წაგებული საქმის ერთგულების მღაღადებელი და გმირული ძალისხმევის მომთხოვნი ლექსით, პან კოგიტოს მოწოდება, ზბიგნევ ჰერბერტმა ოპოზიციის მორალური გზამკვლევი წინამძღოლის ადგილი მოიპოვა. KOR -ის (მშრომელების დაცვის კომიტეტი) შექმნის დღიდან მასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ჰერბერტის ეს 1974 წელს დაწერილი ლექსი ჩამოყალიბების ეტაპზე მყოფი ოპოზიციური მოძრაობის თავისებურ ჰიმნად გადაიქცა. იგი პარიზში იეჟი გედროიჩის, პოლონური კულტურის უდიდესი ავტორიტეტის, რედაქტორობით გამომავალ პოლონური ემიგრაციის ჟურნალში Kultura დაიბეჭდა. 1981 წელს კი იატაკქვეშეთში გამომავალმა ჟურნალმა Zapis დაბეჭდა გემოვნების ძალმოსილება – ლექსი, რომელიც ყურადღებას ამახვილებდა არა იმდენად ერთეულთა გმირობაზე რამდენადაც კომუნიზმისადმი საყოველთაო ზიზღზე. სამხედრო მდგომარეობის პერიოდის ნამდვილი ბრძოლის პირობებში იგი მართლაც, რომ საუკეთესო ჰიმნი იყო. არ მოითხოვდა გმირობას, მაგრამ იმავდროულად მოუწოდებდა წელგამართული მდგომარეობის შენარჩუნებასა და დაუმორჩილებლობას. პან კოგიტოს, მოაზროვნე ადამიანს, კარგად ესმის, რომ წელგამართული მდგომარეობა, რომელსაც იგი ღებულობს, შეიძლება არაფერსაც არ შესცვლის, მაგრამ უძლურებას, აპათიასა და უსახურობაში ჩახრჩობას მაინც ხომ აგვაცილებს თავიდან. ღირსება უკვე თავის თავად არის ღირებულების მატარებელი და ამდენად ფიზიკური დამარცხების პირობებშიც კი ფასეულია. ახდენს რა რისხვისა და ათვალისწუნების პერსონიფიკაციას, ჰერბერტი დიდი ასოებით წერს მათ. უმაღლეს ავტორიტეტებად მოხმობილი ჰყავს: გილგამეში – ქალაქ ურუკის ნახევრად ლეგენდარული პატრონი, ჰექტორი – ილიადას ცნობილი გმირი და როლანდი – შუასაუკუნეთა რაინდის ეტალონი. მათ შორის ყოფნა უდიდესი პატივიც არის და სიმართლისათვის ბრძოლაში უდრეკელობის უტყუარი ნიშანიც. ჰერბერტი სამყაროს დაინტერესებული მკვლევარია და თუმცა საკუთარ თავს ბრბოში ხედავს, ცდილობს სოციალურ-ფსიქოლოგიური კიბის არცერთი საფეხური, არცერთი დონე არ დარჩეს მხედველობის მიღმა. ლექსში ვარაუდები ბარაბას თემაზე წინა პლანზე გამოაქვს ორმაგი დაპირისპირება: ერთი ეს არის ბრბოსა და ინდივიდის თემა. ბრბო- მონოლითი იგნორირებას უკეთებს ინდივიდსა და მის არჩევანს. თავის მხრივ ინდივიდი, უკვე თითქმის გათქვეფილი ამ ბრბოში, თითქმის უძლური გააკეთოს საკუთარი, დამოუკიდებელი არჩევანი, მიიღოს გადაწყვეტილება, მაინც პოულობს ძალას, რათა გააცნობიეროს საკუთარი უძლურება. ეს ბრბო ის უთაო მასაა, რომელთანაც ლირიული გმირი არ ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, მაგრამ რომელმაც მას უკვე წაართვა თავისუფლების გარკვეული ნაწილი. მეორე დაპირისპირება კი არის ბარაბასა და იესოსს თემა. ბარაბას ჰერბერტი საკუთარი თავის იმპერატორსა და უზენაეს ხელისუფალს უწოდებს. მისი ცხოვრება არ არის წინასწარ დაგეგმილი და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული საით წავა და რას გააკეთებს. იგი სრულიად თავისუფალია. მას არავის წინაშე არანაირი მოვალეობა არ აკისრია. იესო კი წარმოდგენილია როგორც მსჯავრმისჯილი, გამოუალ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი. მისი არჩევანი უკვე გაკეთებულია და იგი ამ არჩევანით განწირულია. აქ ჰერბერტი იკვლევს უმნიშვნელოვანეს საკითხს – თავისუფლებისა და ამ თავისუფლებით სარგებლობის საკითხს. თავისუფლების გამოყენება ძნელია. მით უფრო ძნელი, რომ ყოველი ჩვენგანი გარკვეული სახით მიდრეკილნი ვართ კომპრომისებისადმი. ამიტომაც პოეტი თავად გვეუბნება: გარკვეულ სახით ამ საქმეში გახვეული მეც ხომ ვიყავი – ო. კიდევ იმიტომ არის ძნელი, და პოეტი არც ამას არ მალავს, რომ ის ვინც ასეთ არჩევანს გააკეთებს ჯილდოდ უმეტეს შემთხვევაში ვნებას მოიწნევს. ჰერბერტი მკითხველის წინაშე აყენებს სრულიად გარკვეულ არჩევანს: თუ აქვს სურვილი, რომ მას გაჰყვეს – უნდა იცოდეს, რომ ეს ძნელი გზაა; თუ არ სურს – მისი ნებაა: დაე, დარჩეს დაჩოქილებს შორის. აცნობიერებს რა ბრძოლის დაუნდობლობის ხარისხს სახარების პრინციპებსაც კი უპირისპირდება და კრძალავს შენდობასა და შეწყალებას. სიმართლის დამცველებს მორალურ-ეთიკური ძლიერება მოეთხოებათ. ზბიგნევ ჰერბერტის შემოქმედებაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით კიდევ ერთ თემას – პოეტის აღტაცებას სამყაროთი. ეს არის დახვეწილი ერუდიტის, რაფინირებული ესთეტის აღტაცება, რომელმაც ბევრი იმოგზაურა, ევროპა და მსოფლიო შემოიარა, ყველგან იყო და ყველაფერი ნახა და მაინც მთელი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნა გაოცების უნარი. ერთი კია მის აღტაცებას გარდასული საუკუნეებიის შემოქმედები და მათი ნაწარმოებები უფრო იწვევენ, ვიდრე თავისუფალი სამყაროს თანამედროვეობა. ჰერბერტი სიამოვნებით ამყარებდა კონტაქტებს უცხო ქვეყნების მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეებთან, დასეირნობდა ქალაქებში და ათვალიერებდა ისტორიის, კულტურისა და ხელოვნების ძეგლებს. ასე შეიქმნა არა მარტო მთელი რიგი ლირიკული ლექსები არამედ შესანიშნავი ესეების ციკლი ბარბაროსი ბაღში, ნატურმორტი ლაგამით და ლაბირინთი ზღვისპირას – უჩვეულო ტრილოგია სამხრეთისა და ჩრდილოეთის ცივილიზაციებისა და ხელოვნების შესახებ.



გემოვნების ძალმოსილება ( Potęga smaku)

ამას ნამდვილად არ სჭირდებოდა დიდი გმირობა
ჩვენი უარი არ დათანხმება სიჯიუტე და დაჟინება
გვქონდა სულ მცირე ცერცვის ხელა გამბედაობა
თუმც არსებითად ეს ხომ მხოლოდ გემოვნების იყო საკითხი
ჰო გემოვნების
რაშიც გამოკრთის ნაპერწკალი სულის სინდისის

ვინ იცის თუკი გვაცდუნებდნენ უფრო კარგად უფრო ლამაზად
რომ მოეგზავნათ თხელ დახვეწილ ქალების გუნდი
ანდაც ჰერონიმ ბოსხის სურათების ზღაპრული ქიმერები
მაგრამ იცი კი რა ჯოჯოხეთი იყო ჩვენს ირგვლივ მაშინ
ჭანჭრობი ფსკერი ჩიხი მკვლელების ბუდე
რაც მათ სამართლიანობის სასახლედ მონათლეს
თვითნახადი მეფისტოფელი ლენინურ ქურთუკში
ველად აგზავნიდა ავრორას შთამომავლებს
მიწისფერსახიან ბიჭბუჭებსა და
წითელხელება უშნო გოგოებს

ჭეშმარიტად ყურითმოთრეული იყო მათი რიტორიკა
( მარკ ტულიუსი საფლავში ბრუნავდა )
ტავტოლოგიის ჯაჭვები რეგვენული აზრების კორიანტელი
ჯალათების დიალექტიკა არავითარი სინატიფე მსჯელობაში
კავშირის სილამაზეს მოკლებული სინტაქსი
მაგრამ აკი ესთეტიკაც საჭიროა ცხოვრებაში
არ ივარგებს სილამაზის დავიწყება

თანადგომის გამოცხადებამდე გამოწვლილვით უნდა შეისწავლო
არქიტექტურული აღნაგობა დოლებისა და საყვირების რიტმი
ოფიციალური ფერები ყოვლად უმაქნის დაკრძალვათა რიტუალი

ჩვენმა თვალებმა და ყურებმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს
ჩვენმა შეგრძნებებმა ამაყი დევნილობა ირჩიეს

ამას ნამდვილად არ სჭირდებოდა დიდი გმირობა
ჩვენი უარი არ დათანხმება სიჯიუტე და დაჟინება
გვქონდა სულ მცირე ცერცვის ხელა გამბედაობა
თუმც არსებითად ეს ხომ მხოლოდ გემოვნების იყო საკითხი
ჰო გემოვნების
რომელიც გვთხოვდა გამოსვლას ზიზღს და გამქირდავ სიტყვას
თუნდაც შედეგად ძირს დაემხოთ სხეულის უძვირფასესი კაპიტელი
თავი



ვარაუდები ბარაბას თემაზე ( Domysły na temat Barabasza )

რა დაემართა ბარაბას? ვკითხულობ არავინ არ იცის
ჯაჭვი შეხსნეს და გამოუშვეს ნათელ ქუჩაში
საითაც უნდა იქეთ წავა მარჯვნივ წინ მარცხნივ
ბუქნას დაუვლის სიხარულით დაიყივლებს რა ენაღვლება
იმპერატორი საკუთარი თავის ხელების
უზენაესი უფალია თავისი სუნთქვის
ვკითხულობ რადგან გარკვეულ სახით ამ საქმეში გახვეული მეც ხომ ვიყავი
ბრბოში ჩათრეული პილატეს კარის წინ აკი მეც სხვებივით
ვყვიროდი გაუშვი ბარაბა ბარაბა გაუშვი
ყველანი ყვიროდნენ ჩემი დუმილი მარტოსული
არას შესცვლიდა გარდაუვალი არ გადივლიდა
ბარაბა კი შეიძლება დაუბრუნდა თავის ბანდას
მთებში ისევ ისე კლავს და გულდანდობით ძარცვავს
ან იქნებ მეთუნეობაში დასაქმდა
და ბოროტებით გასვრილ ხელებს
თიხის ძერწვაში იწმინდავს
იქნებ მეთულუხე, მენახირე ან მევახშეა
გემების პატრონი – ერთ-ერთი მათგანით პავლე მიცურავდა კორინთელებთან
ან – რაც გამორიცხული სულაც არ არის –
რომაელების კმაყოფაზე მყოფი ჩამშვები
აი ამას ჰქვია წუთისოფლის თამაში
ბედ-იღბალი ფორტუნას ღიმილი

ნაზარეველი კი
მარტო დარჩა
არჩევანის გარეშე
მკაფიო
სისხლიანი
კვალით



მასალა მოამზადა და ლექსები თარგმნა
რუსუდან კიკალეიშვილი - დომუხოვსკიმ
27 აპრილი 2002, ვარშავა



ტორენტიუსის ერთადერთი შემორჩენილი ქმნილება "ნატურმორტი ლაგამით"
Martwa natura z wędzidłem (Alegoria wstrzemięźliwości)
ზბიგნევ ჰერბერტი ჰოლანდიური "ოქროს ხანის" ხელოვნების შესახებ ჩანაწერების სათაურად იოჰან ტორენტიუსს დაესესახა ...

Johannes van der Beeck ( also known by his alias Johannes Torrentius), Emblematic still life with flagon, glass, jug and bridle, Rijksmuseum Amsterdam, 1614


ქართული მაღაზია-სალონი ALAVERDI - THE GEORGIAN POINT ვარშავაში


ვარშავაში, მართლმადიდებლური ეკლესიის ახლოს გაიხსნა ქართული მაღაზია-სალონი. სალონი რადგან ძნელია მხოლოდ მაღაზია ეწოდოს მას - აქ ვერსად ნახავთ დახლს და სალარო აპარატიც კი მიმდებარე სათავსოშია ... გარდა ღვინო- ბორჯომ- ლიმონათისა იყიდება ჯემები, მურაბები, ხილის წვენები, აჯიქა და ტყემლის საწებელი ... უახლოეს დღეებში უნდა "გამოჩნდეს" ქართული ჩაი და სუნელ-საკმაზებიც ... სალონი კიდევ იმიტომ რომ კედელზე განთავსებული მონიტორი საქართველოთი დაინტერესებულ პუბლიკას ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიაწვდის ისტორიიის, კულტურისა და ტრადიციების შესახებ ... საინტერსო კონკრეტული ინფორმაცია კი გამოადგებათ მათ ვინც საქართველოში ტურისტულ თუ საქმიან მოგზაურობას გეგმავენ ... ალავერდი დიდი ტურისტული ჯგუფების დაკმაყოფილებასაც შესძლებს და არც ინდივიდუალური მოგზაურობის მსურველების ცნობისწადილს დასტოვებს უყურადღებოდ ... უახლოეს მომავალში აქვე იქნება შესაძლებელი ქართველ ხელოვანთა და ხალხური რეწვის ოსტატთა ნაწარმოებების შეძენა ... იგეგმება ქართული კულტურის დღეების მოწყობაც სამხატვრო კოლექტივებისათვის კონცერტების გამართვაში ხელშეწყობა მოკლედ სახელი ALAVERDI - THE GEORGIAN POINT მაქსიმალურად იქნება გამოყენებული .










niedziela, 30 stycznia 2011

ღია წერილი გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკა"-ს მთავარ რედაქტორს

ღია წერილი გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკა"-ს მთავარ რედაქტორს
ბატონ ალეკო ასლანიშვილს

ბატონო რედაქტორო,

თქვენი გაზეთის ფურცლებზე გამოქვეყნდა თქვენი სტატია `რატომ მონათლა სააკაშვილმა ანტიფაშისტი ფაშისტად?~ ვინაიდან წერილი ეხება საფრანგეთის გმირს დიმიტრი ამილახვარს, ბუნებრივია, მან დიმიტრი ამილახვარის შთამომავალთა და საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა ყურადღება მიიპყრო. ჩვენ გთავაზობთ ჩვენს პასუხს თქვენს სტატიაზე და იმედს გამოვთქვამთ, რომ თქვენ პატივს სცემთ ოპოზიციურ აზრს გამოთქმულს ჩვენს მიერ თქვენი სტატიის მიმართ და ჩვენს საპასუხო წერილს უცვლელად გააცნობთ თქვენს მკითხველს.

ალ. ასლანიშვილის სტატიაში `რატომ მონათლა სააკაშვილმა ანტიფაშისტად ფაშისტი?~, ბ-ნი ალეკო ასლანიშვილი აღშფოთებით წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას პრესის მეშვეობით მრავალგზის გაუფრთხილებია პრეზიდენტი თავი შეეკავებინა ისტორიული წიაღსვლებისაგან, პრეზიდენტს ყურად არ უღია ასლანიშვილის გაფრთხილება, კვლავაც ისტორიულ თემას შეხებია და საფრანგეთის გმირის დიმიტრი (ბაზორკა) ამილახვარის სახელი ფრანკოს სახელთან დაუკავშირებია.

სტატიაში ვკითხულობთ:

"აი, იმ დღესაც _ 13 სექტემბერს, ქუთაისში კადეტთა კორპუსის სასწავლო ცენტრის გახსნაზე პრეზიდენტი გამოვიდა ჟრუანტელისმომგვრელი პატრიოტული სიტყვით: მსოფლიო ისტორიიდან რამოდენიმე აღმატებული მაგალითი გაიხსენა და ის ცნობილი ადამიანები (ქართველები) ჩამოთვალა, რომლებიც სხვა ქვეყნებისა და მმართველებისათვის წირავდნენ თავს და გამარჯვებას მოუპოვებდნენ. უპირველესად ესპანეთის დიქტატორი ფრანკოს მამაცი ოფიცერი, პოლკოვნიკი ამილახვარი დაასახელა. პრეზიდენტის ეს დახასიათება იმავე დღეს გადაიცა "რუსთავი 2"-ის ეთერით და სახტად დატოვა სრულიად საქართველო" _ წერს ბ-ნი ასლანიშვილი. ძნელი სათქმელია დარჩა თუ არა "სრულიად საქართველო სახტად", მაგრამ ჩვენ რომ სახტად დაგვტოვა ბ-ნ ა. ასლანიშვილის ცრუ-ბრალდებამ, ეს უეჭველია!

საქმე ის გახლავთ, რომ პრეზიდენტმა კადეტთა კორპუსის გახსნის ცერემონიალზე ახსენა არა დიმიტრი ამილახვარი, არამედ ალექსანდრე ამილახვარი, რომელიც ნამდვილად გახლდათ ესპანეთში 30-იან წწ. სამოქალაქო ომის დროს და ქართველ თავადებთან: ელიზბარ ვაჩნაძესთან, მერაბ ჯორჯაძესთან და ნიკოლოზ ჩხოტუასთან ერთად იბრძოდა წითელი ტერორის და ბოლშევიზმის წინააღმდეგ. ისინი იყვნენ არა `ფაშისტები~, არამედ როიალისტები და იბრძოდნენ ესპანეთში მონარქიის გადასარჩენად.



Князь Амилахвари Александр Владимирович
Родился 1879 в Гори, окончил Тифлисский кадетский корпус, Пажеский корпус 1901. Полковник Собственного Е.И.В. Конвоя. Георгиевский кавалер. Командир сформированного им Грузинского драгунского полка. В эмиграции в Испании, доброволец армии ген. Франко. После 1945, на 1954.02. - в Перу,


с 1957 в США, председатель Союза Инвалидов в Нью-Йорке. Жена Регина Павловна (бар. Гротгус, ум. 1934.01.29 в Париже).Ум. 1968.08.21 в Нью-Йорке.

"Донские казаки в борьбе с большевиками"
http://old.elan-kazak.ru/fotogalleriportret.htm


მარცხნიდან სხედან ქაქუცა ჩოლოყაშვილი და გენერალი სპირიდონ მიხეილის ძე ჭავჭავაძე. დგანან ლელო ჩიქოვანი, ელიზბარ ვაჩნაძე, რაფო ერისთავი, ალექსანდრე სულხანიშვილი


მერაბ ჯორჯაძე


ნიკოლოზ ჩხოტუა

თავის დროზე, საინტერესო ცნობა მოგვაწოდა ქართული ემიგრაციის ისტორიის შესანიშნავმა მცოდნემ, საფრანგეთში მცხოვრებმა ისტორიკოსმა გიორგი მამულიამ _ საფრანგეთის არქივში დაცული ცნობის მიხედვით, 1937 წელს ესპანეთში მძიმედ დაჭრილი იტალიის ტახტის მემკვიდრე გაეტან დე ბურბონი გადაურჩენია ალექსანდრე ამილახვარს და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ესპანეთიდან იტალიაში ჩაუყვანია.

გვინდა აგრეთვე რამოდენიმე სიტყვით შევეხოთ წერილის ავტორის მიერ ბატონ პრეზიდენტისათვის შემოთავაზებულ დ. ამილახვარის `ოჯახის წევრთა შემდგომ ბედის~ ვერსიას. ბატონი ასლანიშვილი გვამცნობს, რომ დიმიტრის მეუღლე, მეუღლის და და დიმიტრის შვილები დაპატიჟებულები იყვნენ დიმიტრი ამილახვარის თანამებრძოლების მიერ `ქელეხზე ქართული წესის მიხედვით~ (დ. ამილახვარი დაიღუპა 1942 წლის 24 ოქტომბერს). საინტერესოა სად მოიძია ავტორმა ეს ინფორმაცია და რა `ქელეხი~ უნდა ყოფილიყო საფრანგეთში ომის დროს 1944 წლის 25 დეკემბერს?

დიმიტრი ამილახვარის მეუღლე ირინა, მისი და ელისო დადიანი და დიმიტრის შვილები ოთარი და თამარა მოწვეულები იყვნენ 1944 წლის 25 დეკემბრის შობის დღესასწაულზე უცხოეთის ლეგიონის ხელმძღვანელობის მიერ. გზაში ავტოკატასტროფა მოხდა, ორივე და დაიღუპა, ბავშვები კი გადარჩნენ.

სიმართლეს არ შეესაბამება აგრეთვე დიმიტრი ამილახვარის დის დოდო ამილახვარის დაღუპვის ისტორია. დოდო ამილახვარის ტრაღიკული ბედი (იგი დაიღუპა 1946 წელს) არავითარ კავშირში არ არის დები დადიანების ტრაღიკულ დაღუპვასთან 1944 წლის დეკემბერში.

რაც შეეხება თვით დიმიტრი (ბაზორკა) ამილახვარის დამოკიდებულებას 30-იანი წწ. ესპანეთის სამოქალაქო ომის მიმართ, როგორც მისი ქალიშვილი თამარ ამილახვარი-კინსკი ყვება, ბაზორკა ამილახვარისთვის ერთ-ერთ სამხედრო პირს შეუთავაზებია ფრანკოს წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობა, რაზეც დიმიტრი ამილახვარს ცივი უარი უთქვამს _ `კომუნისტების გვერდით ვერ დავდგებიო...~

საზოგადოდ, არის ხოლმე ისტორიაში ისეთი რთული მომენტები, როცა არჩევანი კეთდება არა ცუდსა და კარგს შორის, არმედ ცუდსა და ნაკლებად ცუდს შორის. ფაქტია, რომ გენერალმა ფრანკომ ესპანეთში კომუნისტების მიერ გაჩაღებულ სამოქალაქო ომში დიდი სისასტიკე გამოიჩინა და დიქტატორის სახელი დაიმკვიდრა ისტორიაში. მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ ესპანეთის 30-იანი წწ. სამოქალაქო ომი ფინანსდებოდა და იმართებოდა კრემლის მიერ. სტალინს დიდი იმედი ჰქონდა `რევოლუციის ექსპორტის~ დასავლეთ ევროპაში მის მიერ პროვოცირებული სამოქალაქო ომის მეშვეობით.

ჩვენი წერილის მიზანი არ არის ფრანკოს ავ-კარგიანობის შეფასება. ჩვენ სხვა საკითხი გვაწუხებს: _ გულწრფელად გვეგონა, რომ ის დრო, როდესაც საქართველოში გრიგოლ რობაქიძეს ფაშისტად მოიხსენიებდნენ ისტორიას ჩაბარდა. სამწუხაროდ, ბატონი ასლანიშვილის წერილი თავისი პათოსით საბჭოთა პერიოდის სტატიას მოგვაგონებს. ბატონი ასლანიშვილი, რომელსაც, როგორც ჩანს, პრეტენზია აქვს ემიგრაციის ისტორიის კარგი მცოდნისა, თავისი წერილის ბოლო აბზაცში წერს:

`თუ ბატონი პრეზიდენტი თავისი მდიდარი, სხვისთვის ხელმიუწვდომელი წყაროებიდან მაინც ფლობს საიდუმლო ინფორმაციას ვინმე `ესპანელი ამილახვარის~ შესახებ, გულწრფელად მოვუხდი ბოდიშს მის აღმატებულებას და მადლობას ვეტყვი ქართული ემიგრაციის ამ უცნობი გმირის წარმოჩენისთვის. ოღონდაც წინასწარ ვიტყვი, ამის იმედი არა მაქვს~.

ვფიქრობთ, ბატონ ასლანიშვილს ისღა დარჩენია `სრულიად საქართველოს~ წინაშე ბოდიში მოუხადოს საქართველოს პრეზიდენტს და მადლობა უთხრას `უცნობი გმირის~ წარმოჩენისათვის, ჩვენ კი დიდი მოწიწებით ვიხრით თავს ქართული ემიგრაციის ისტორიაში კარგად ცნობილ ალქსანდრე ამილახვარისა და მისი თანამებრძოლების ხსოვნის წინაშე.

და ბოლოს, გვინდა შევნიშნოთ, რომ ოპოზიციური აზრის გამოთქმა ხელისუფლების მიმართ არ უნდა იყოს თვითმიზანი, რადგან ხშირად, ხელისუფლებასთან დაპირისპირების ცდუნება იმდენად დიდია, რომ უვიცობა-სიბრძნედ საღდება, _ უხამსობა კი `სიტყვის თავისუფლებად~.

დიმიტრი ამილახვარის ოჯახის სახელით
მიკა კობიაშვილი

"ქარტია 2010"-ის სახელით
მედეა თუშმალიშვილი

საფრანგეთი, 2011 წ , იანვარი



დაინტერესებულთათვის:
საქართველოს რესპუბლიკა, 2010-09-22, ავტორი: ალეკო ასლანიშვილი

http://www.opentext.ge/index.php?m=12&y=2010&art=19024

რატომ მონათლა სააკაშვილმა ანტიფაშისტი ფაშისტად?! ანუ ამილახვარი, რომელიც ის არ იყო, ვინც სინამდვილეში იყო ყველა ადამიანს რაიმე გატაცება აქვს, ჰობი, ასე ვთქვათ.

ზოგი ასანთის კოლოფებს ან საფოსტო მარკებს აგროვებს, ზოგი - ასიგნაციებს, უმეტესწილად - მიმოქცევაში არსებულს, ზოგიც - ძველებურ სპილენძის სამოვრებსა და ქვაბებს. უფროსი მეგობარი მყავს, სიტყვებზე ნადირობს, ცოცხალი მეტყველებიდან უკვე ამოვარდნილ ლექსიკურ ერთეულებს ეძიებს და მათს რეანიმაციას ცდილობს.ჩვენი პრეზიდენტი, მისი აღმატებულება მიხეილ სააკაშვილი კი ისტორიზმით არის გატაცებული, უფრო სწორად, შეპყრობილი. თავის უხვ საჯარო გამოსვლებს, სჭირდება თუ არა, ისე მოავარაყებს ხოლმე ისტორიული "ფაქტებით", როგორც კარგი ოქრომჭედელი. ოღონდ ძალიან ხშირად, როგორც წესი, ეს ვარაყი ბრწყინვით ბრწყინავს, მაგრამ ოქროსი არ არის, თითბრისაა. თითბერი კი, მოგეხსენებათ, რა უმალ ჰკარგავს ელვარებას და შავდება.ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, ნათქვამია. ჰოდა, ბატონი მიშა, არავინ რომ არ აძალებს და არ ექაჩება ენაზე, მოულოდნელად ისეთს დაახეთქებს ხოლმე, ასაკოვან და ამდენად, გარკვეული ცოდნა-გამოცდილებით დაყურსულ ადამიანებს, თმები საბოლოოდ უჭაღარავდებათ.რამდენჯერ ვთხოვეთ გაზეთით მასაც და მის თანაშემწე-მრჩევლებსაც, რომლებსაც პრეზიდენტის საჯარო გამოსვლებზე თვალყურის დევნება ევალებათ (უნდა ევალებოდეთ!), დაანებეთ ამ ისტორიას თავი, მეტი პატივი ეცით წინაპრებსა და მსმენელებსო, მაგრამ გაგიგონია!..აი იმ დღესაც - 13 სექტემბერს, ქუთაისში კადეტთა კორპუსის სასწავლო ცენტრის გახსნაზე გამოვიდა ჟრუანტელისმომგვრელი პატრიოტული სიტყვით: მსოფლიო ისტორიიდან რამდენიმე აღმატებული მაგალითი გაიხსენა და ის ცნობილი ადამიანები (ქართველებიძ ჩამოთვალა, რომლებიც სხვა ქვეყნებისა და მმართველებისთვის წირავდნენ თავს და გამარჯვებას მოუპოვებდნენ. უპირველესად ესპანეთის დიქტატორ ფრანკოს მამაცი ოფიცერი, პოლკოვნიკი ამილახვარი დაასახელა, რომლის არჩევანიც მთლად მოსაწონი არ იყო, რადგან ფრანკოს ედგა მხარში, რამდენიმე გამარჯვება მოუტანა. იგი ბრძოლაში დაიჭრა და ამ ჭრილობებისგან გარდაიცვალაო - პრეზიდენტის ეს დახასიათება იმავე დღეს გადაიცა "რუსთავი-2"-ის ეთერით და სახტად დატოვა სრულიად საქართველო. ასეთივე რეაქცია გამოიწვია პრეზიდენტის ამ გამოსვლის გამეორებითმა ჩვენებამ შაბათს, 18 სექტემბერს მეორე არხის ეკრანით.რაკი ტელეარხებმა ასე ერთსულოვნად აიტაცეს მისი აღმატებულება მიხეილ სააკაშვილის ისტორიულ-ჰეროიკული წიაღსვლა, ბუნებრივია, მიიჩნიეს, რომ კარგი საქმე გაუკეთეს მაყურებელს - თვით პრეზიდენტის ხელდასხმით თვალსაწიერი გაუმდიდრეს უძვირფასესი ისტორიული ცოდნით.მაგრამ ეს ასე არ არის. არც ერთი ფაქტი, გარდა იმისა, რომ ამილახვარი ქართველი და მამაცი იყო, მართალი არ არის, მეტიც - თუ სულაც სიმართლეს ვიტყვით, თავანკარი სიცრუეა, ოღონდ არ ვიცი, სათავეს საიდან იღებს: არცოდნიდან თუ შეგნებული გაყალბებიდან. ალბათ მაინც არცოდნიდან. ეტყობა პრეზიდენტს მოსწავლეობის წლებში რაღაც-რაღაცებისთვის ყური მოუკრავს. შემდეგ აღარაფერი დაუმატებია, დროის გასვლის პარალელურად პირიქით, ზოგი რამ დაავიწყდა, ზოგი რამ აურია და მაინც, სადაც არ ეზარება, მაშინვე გადმოალაგებს ხოლმე.ახლა კონკრეტულად ამილახვარზე. თუ მაგალითად მოჰყავდა, აი, რა უნდა სცოდნოდა და ეთქვა მასზე:დიმიტრი ამილახვარი 1906 წელს დაიბადა თერგის ოლქის სოფელ ბოზორკინოში (ახლანდელი ჩერმენი, ჩრდ. ოსეთი), სადაც მისი მშობლები გიორგი ამილახვარი და ნინო ერისთავი ერთი წლით ადრე გადასახლდნენ. დაბადების ადგილის მიხედვით, ზედმეტ სახელად "ბაზორკას" ეძახდნენ. 14 წლამდე საქართველოში იზრდებოდა, შემდეგ ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა, პარიზში. 1924-1926 წლებში სწავლობდა სენ-სირის სამხედრო სასწავლებელში, მისი დამთავრების შემდეგ მსახურობდა ჩრდილო აფრიკაში მდგარ საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. 1936 წელს "განსაკუთრებული არჩევანით" კაპიტნის წოდება მიანიჭეს. ამ ჩინით იგი ყველაზე ახალგაზრდა ოფიცერი იყო მთელ საფრანგეთში.მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, 1940 წლის თებერვალში, დიმიტრი ჩაირიცხა ალჟირში, სიდი-ბელ-აბესში შექმნილი უცხოური ლეგიონის მე-13 ნახევარბრიგადაში. თავი ისახელა ნორვეგიაში, ნარვიკის ბრძოლაში 1940 წლის მაის-ივნისის დამდეგს. გერმანელთა მიერ ჩრდილოეთ საფრანგეთის ოკუპაციისას ლეგიონი ინგლისში გადავიდა, სადაც თავისუფალი საფრანგეთის შეიარაღებული ძალების პირველი ბირთვი შეადგინა.კაპიტანი ამილახვარი მონაწილეობდა ერიტრეის კამპანიაში, განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1941 წ. 7 აპრილს ქ. მასაუის აღებისას, სადაც მოულოდნელი შეტევით ხელთ იგდო იტალიელთა რამდენიმე საესკადრო ნაღმოსანი და მრავალი ტყვე. მონაწილეობდა სირიის კამპანიაში და დამასკოს აღებაში.მას მოუხდა ვიშის კოლაბორაციონისტული მთავრობის სამხედრო ნაწილების წინააღმდეგ ბრძოლაც. ფაშისტებმა და ვიშის მთავრობამ დაუსწრებლად მიუსაჯეს სიკვდილი, პარიზში დარჩენილ მის ცოლ-შვილს (ცოლად ჰყავდა იოსებ იულონის ძე დადიანის ასული ირინეძ სდევნიდა გესტაპო და პოლიცია.დიდი სამხედრო დამსახურებისთვის დიმიტრი ამილახვარს ლეიტენანტ-კოლონელის წოდება მიენიჭა და თავისი - უცხოური ლეგიონის ნახევარბრიგადის მეთაურად დაინიშნა. ამ სამხედრო შენაერთმა გენერალ მ.პ. კენიგის ბრიგადის შემადგენლობაში გმირული წინააღმდეგობა გაუწია გენერალ ე.რომელის გერმანულ არმიას 1942 წ. 26 მაისი - 10 ივნისს "უდაბნოს ვერდენად" წოდებულ ბირ-ჰაკეიმის 16-დღიან ბრძოლაში. იქ გამოჩენილი მამაცობისთვის დაჯილდოვდა "განთავისუფლების ჯვრით", რომელიც თვით გენერალმა დე-გოლმა დააბნია მკერდზე და საფრანგეთის ეროვნულ გმირად გამოაცხადა.დიმიტრი დაიღუპა ჩრდილოეთ ეგვიპტეში, ელ-ალამაინის ბრძოლის დასაწყისში 1942 წ. 24 ოქტომბერს. სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვეს საპატიო ლეგიონის ჯვრით. დაკრძალეს ლიბიის უდაბნოში. 1956 წელს დ. ამილახვრის სახელი მიენიჭა სენ-სირის სამხედრო სასწავლებლის 143-ე გამოშვებას.ბატონო პრეზიდენტო, ბარემ მისი ოჯახის შემდგომ ბედზეც გიამბობთ: დიმიტრის გარდაცვალების შემდეგ მისმა თანამებრძოლებმა დაღუპულ მეთაურს ქელეხი ქართული წესის მიხედვით გადაუხადეს და მისი ოჯახის წევრებიც მიიპატიჟეს. გაემგზავრნენ დიმიტრის ქვრივი ირინე დადიანი, ცოლისდა და შვილები თამრიკო და ოთარი. გზაზე მანქანა მოცურდა, ხეს შეეჯახა და ირინე და მისი და ადგილზე გარდაიცვალნენ, ბავშვები გადარჩნენ. როდესაც დადიანის ასულთა ცხედრები სახლში მიასვენეს, დიმიტრის დამ - დოდომ, რომელსაც ძმისწულებიც დაღუპული ეგონა, მდ. სენაში დაიხრჩო თავი.დე-გოლმა დიმიტრი ამილახვრის შვილები საფრანგეთის შვილებად გამოაცხადა და დიდად იზრუნა მათი აღზრდა-განათლებისთვის.და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას თავშეწირული ეს კაცი, ჩვენი პრეზიდენტის მსუბუქი ხელით, უფრო სწორედ მსუბუქი ენა-პირით, ფაშისტების მხარდამჭერი მოფაშისტო კაუდილიო ფრანკოს თანამოაზრედ და თანამებრძოლად გამოცხადდა!ახლა კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალზე ბევრმა არ იცის.დიმიტრი ამილახვრის ძმა გახლდათ გმირი ოთარ ამილახვრისა, რომელიც 1924 წლის სექტემბერში, აჯანყების დამარცხების შემდეგ მასობრივი რეპრესიების დროს დახვრიტეს ბოლშევიკებმა.ეს ოპერაცია ღამით ჩატარდა, გორის სიახლოვეს. ოთარი მარცხენა მხარში დაჭრილა და გული წასვლია. მკვდარი ჰგონებიათ და სხვებთან ერთად ჩაუფლავთ. ასეთი მასობრივი ჟლეტების დროს ორმოები გვამებით პირამდე ისე ივსებოდა, რომ წაყრილი მიწა ძლივს ფარავდა. გამთენიისას გონს მოსულა, საძმო საფლავიდან წამომდგარა, გორის გარეუბანში თავისი სკოლის ამხანაგის სახლში მისულა და შველა უთხოვია. კარგად მიუღიათ: ჭრილობა შეუხვევიათ, დაუპურებიათ კიდეც... ამასობაში კი ამხანაგს "სადაც ჯერ არს" იქ უცნობებია და პურობის დროს, როცა ოთარი მასპინძლებს თავს გადახდენილს უამბობდა, ჩეკისტები წამოსდგომიან. სიკვდილს ერთხელ სასწაულებრივად გადარჩენილი ოთარ ამილახვარი იქვე, ეზოში დაუხვრეტიათ.აი თითქმის ყველაფერი, რაც ცნობილია დიმიტრი ამილახვარზე. ვფიქრობ ეს სურათი სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც ბატონმა მიხეილმა დაგვიხატა.თუ მაინცდამაინც ესპანეთში უნდოდა მოეძებნა ფრანკოს ქართველი თანამებრძოლი, შეეძლო დაესახელებინა სახელგანთქმული დიპლომატი ნიკოლოზ (ნიკიძ შალვას ძე ჩხოტუა (ჭყონიაძ - იუსტიციის გენერალი, ესპანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (ჩილე, მალტა), იგი 1905 წელს დაიბადა ბათუმში, 1921 წლიდან ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ჯერ საფრანგეთში, შემდეგ - ესპანეთში, სადაც წარმატებული კარიერა გაიკეთა. იყო მალტის ორდენის კავალერი და საპატიო წევრი. გარდაიცვალა 1984 წ. განისვენებს შვეიცარიაში, ლოზანაში. ანდერძის თანახმად, მისი გული თბილისში დაკრძალეს 1988 წლის 26 მაისს.დაბოლოს: თუ ბატონი პრეზიდენტი თავისი მდიდარი, სხვისთვის ხელმიუწვდომელი წყაროებიდან მაინც ფლობს საიდუმლო ინფორმაციას, ვინმე "ესპანელი ამილახვარის" შესახებ, გულწრფელად მოვუხდი ბოდიშს მის აღმატებულებას და მადლობას ვეტყვი ქართული ემიგრაციის ამ უცნობი გმირის წარმოჩენისთვის.ოღონდ, წინდაწინ ვიტყვი, ამის იმედი არა მაქვს!

sobota, 22 stycznia 2011

რამოდენიმე შეკითხვა ევროპარლამენტის თავჯდომარეს ბატონ ეჟი ბუზეკს

ბატონო თავჯდომარევ !
პრესიდან შევიტყეთ, რომ ევროპარლამენტმა შესაძლოა ბელორუსს აუკრძალოს მონაწილეობა მომავალ ოლიმპიადებში და საფეხბურთო ჩემპიონატებში.

ამ ცნობასთან დაკავშირებით, ჩვენ გაგვიჩნდა რამოდენიმე შეკითხვა:

ბატონო თავჯდომარევ, მიგაჩნიათ თუ არა თქვენ, რომ რუსეთს, რომელიც 2014 წელს უმასპინძლებს ზამთრის ოლიმპიადას და 2018 წელს, მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში, მეტი იურიდიული და მორალური უფლება აქვს ჩაერთოს მსოფლიო მასშტაბის სპორტულ ზეიმებში, ვიდრე, მაგალითად, ბელორუსს?

რუსეთი არის ქვეყანა, სადაც ნაციონალიზმი სახელმწიფო რანგშია აყვანილი. რუსეთის დედაქალაქში, ფაშისტური ორგანიზაციები სრულიად დაუსჯელად არბევენ არარუსულ მოსახლეობას.

რუსეთი არის ქვეყანა, სადაც პოლიტიკურ ოპონენტებს ფიზიკურად უსწორდებიან.

რუსეთი არის ქვეყანა, სადაც “ურჩ” ჟურნალისტებს კლავენ.

რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში აწყობს სახელმწიფო გადატრიალებებს და აღვივებს ეთნიკურ კონფლიქტებს.

რუსეთი არის ქვეყანა, რომლის იმპერიულ ამბიციებს შეეწირა ათასობით ჩეჩენი და რომელმაც 2008 წლის აგვისტოში, ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

ჩვენ ვსვამთ კითხვას, ბატონო თავჯომარევ, რატომ არის შესაძლებელი ევროპის პარლამენტის გადაწყვეტილებით მიღებულ იქნას სანქციები ბელორუსის წინააღმდეგ, რომელიც, გეთანხმებით, არ არის დემოკრატიის მოდელი (მაგალითი), მაშინ როცა რუსეთის მიმართ, რომელიც პოსტ-საბჭოთა პერიოდშიც “ბოროტების იმპერიის“ რანგშია, ევროპის პარლამენტს შესატყვისი სანქციაები არ დაუწესებია.

ნიშნავს თუ არა ყოველივე ზემოთქმული, რომ გაერთიანებული ევროპის პარლამენტი, რომელიც უნდა იყოს მაღალი მორალისა და კანონიერების მაგალიის მომცემი, მოქმედებს ორმაგი სტანდარტით –
სჯის უფრო სუსტს, თავს უხრის უფრო ძლიერს,

” ის რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს” ?!


პატივისცემით, “ქარტია 2010” სახელით,
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატები:
მედეა თუშმალიშვილი - საფრანგეთი,
ვიქტორ დომუხოვსკი - პოლონეთი
2011 წლისს 14 იანვარი

czwartek, 23 grudnia 2010

ტიბუ :: Tibu - lekarstwo na przeziębienie

Smaczny domowy sposób leczenia od najdawniejszych czasów starożytności

ეს ძველ მეგრული, მარტივი და გემრიელი ფაფა გაცივებულზე უებარი საშუალებაა. მარტივი რადგან მის მოსამზადებლად არც ტექნოლოგიური მრავალფეროვნება მოგეთხოვებათ და არც დიდად დახვეწილი უნარ-ჩვევები .

საკმარისია 1 თავი ნიორი, 2 სუფრის კოვზი ქონდრი, ცოტა ცხარე წიწაკა და სიმინდის ფქვილი სულ ესაა და ეს

თუ არასრულწლოვანისთვის ამზადებთ ძმარი მიაშველეთ თუ არა და ჭაჭის არაყი. ფაფა თბილი უნდა მიირთვათ რაც ფაფის სახელშივეა ნათქვამი, რადგან მეგრული "ტიბუ" ქართულად ითარგმნება როგორც "თბილი"

გაცივებულზე უებარი საშუალებააო დავწერე და უნდა გითხრათ, რომ პროფილაქტიკური მნიშვნელობაც არა ნაკლები აქვს.

მოკლედ, შეგაცივათ, შეგაჟრიალათ? მაშ 1 ლიტრ მდუღარე წყალში ჩაასხით წინასწარ ცივ წყალში გახსნილი 4 სუფრის კოვზი [წინასწარ მოხალულ] სიმინდის ფქვილი. აცალეთ ფქვილს მოხარშვა, მაგრამ ყურადღებით იყავით, რომ არ ჩაგისქელდეთ - ტიბუს ფაფის კონსისტენცია უნდა ჰქონდეს! დაამიქსერეთ, თუ ნაყვის თავი არა გაქვთ ან უბრალოდ გეზარებათ, 1 თავი ნიორი და კარგა ბლომად ქონდარი, ნამეტანიც არ მოგივიდეთ, 2 სუფრის კოვზი ხმელი ქონდარი სრულიად საკმარისია; წითელი ცხარე წიწაკა.

მდუღარე ფაფა შეკმაყეთ ამ საკმაზით წამოადუღეთ 2 - 3 წუთი, დაუმატეთ [ზღვის] მარილი და 2 სუფრის კოვზი ღვინის ძლიერი ძმარი.

შეგიძლიათ გემოვნების მიხედვით დაუმატოთ თაფლი, გატარებული ნიგოზი , ჩაახეხოთ ყველი ან სხვა "ფოკუსები" ჩაატაროთ. ჩემს პატარა საიდუმლოსაც გაგიმხელთ - მე ტიბუში ცოტა ზეთსაც ვამატებ. მოკლედ, გამრავალფეროვნება თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ, მთავარია ძირითადი სამკურნალო "პრეპარატები" არ დააკლოთ, ესაა: ღომის ღომის, ჩვენს რეალობაში კი სიმინდის ფქვილის, ნივრიან ქონდრიანი ცხარე შეჭამანდი ... მეგრელებს, ძველ კოლხთა შთამომავლებს, ხალხურ მედიცინაში ნამდვილად დაეჯერებათ აკი ნიორსა და ქონდარს ჯერ კიდებ მედეას მამიდა კირკე ზრდიდა თავის ჯადოსნურ ბაღჩა - ბაღში.