czwartek, 20 września 2012

ჩარლზ სიმიჩი: ღამის სამი საათის ფილოსოფია




ზბიგნევ ჰერბერტი, რომელიც 1924 წელს ლვოვში დაიბადა და 1998 წელს ვარშავაში გარდაიცვალა, ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი პოეტი იყო. შესაძლოა, მისი სხვა თანამემამულეები, რომლებსაც ბოლო ათწლეულებში ნობელის პრემია მიაკუთვნეს, ჩესლავ მილოში და ვისლავა შიმბორსკა, საზოგადოებისთვის უფრო მეტად არიან ცნობილნი, მაგრამ წაიკითხეთ მისი ლექსები და დარწმუნდებით: ჰერბერტი უდაოდ ამ კომპანიის ღირსეული წევრია, ამ სამში ყველაზე ორიგინალური, და ყველაზე მხიარულიც. მის ნაწერები ომის საშინელების, ტოტალიტარიზმის და დევნილობის გემოს გაგაგებინებთ, და მაინც, სერიოზულობისა და კომიზმის ნაზავისგან შედგება. სწორედ ტრაგიკომიკურობაა ის, რაც მათ ეშხს და მარილს მატებს. ჰერბერტის ადრეულ ლექსში ,,ხუთნი’’ სიკვდილმისჯილები, რომლებსაც გამთენიისას დახვრეტა ელით, სიცოცხლის უკანასკნელ საათებს სიზმრებზე, მანქანის ნაწილებზე, ზღვის კურორტებზე, ბორდელში განცდილ თავგადასავალზე, პოკერის დროს მოსულ გამოუსწორებელ შეცდომაზე საუბარში ატარებენ, სასმელის გამო დაობენ და ასკვნიან, რომ არაყს არაფერი სჯობს: ღვინო მის დამლევს თავს ატკივებს. ჰერბერტი ისეთ ლექსებს წერდა, რომლებსაც ეს ხუთნი უკანასკნელ ღამეს გულს დაუდებდნენ და გაგება არ გაუჭრდებოდათ.
კრებულში ,,რჩეული ლექსები’’ (1956-1998) ცხრა ციკლის ლექსებია შესული. ეს ის ნამუშევრებია, რომლებსაც ჰერბერტი სხვადასხვა ასაკში წერდა და აქვეყნებდა. ინგლისურად ზბიგნევ ჰერბერტს უმეტესად ალისა ვეილზი, ჩესლავ მილოში და პიტერ დეილ სკოტი თარგმნიდნენ. დანიძლავება შემიძლია, ვინც კი მათ წაიკითხავს, არასოდეს დაავიწყდება. ეს ლექსები იმ წლებში იწერებოდა, როცა პოლონეთში შავი წლები იდგა, და მართალია, მკითხველი მათ ჩვენს დღეებში ეცნობა, მათი მეშვეობით წამოიდგენს, რას ნიშნავდა ევროპის ისტორიის ლამის ყველაზე შავ-ბნელ პერიოდში ცხოვრება, და მაინც, ესენი კონვენციური გაგებით პოლიტიკური ლექსები არაა, ისინი მეტისმეტად რთულია საიმისოდ, რომ ღირსების დამამცრობელი კლიშირებული იარლიყები დავადოთ. აი, მაგალითად, ლექსი, რომელიც ჰერბერტმა თხუთმეტი წლის ასაკში დაწერა – შეყვარებულ წყვილზე, რომელიც სექსს შუა ომში ეძლევა, თავზე კი ბომბები ეყრებათ:
ორი წვეთი

ტყეებს ცეცხლი ეკიდებოდა –
ესენი კი ამ დროს ისე
ეკვროდნენ ერთმანეთს
როგორც ვარდები თაიგულში
ადამიანები გარბოდნენ თავშესაფრებში
მან კი თქვა ჩემს ცოლს ისეთი თმა აქვს
მის ძირებში დავიმალები
და ერთი საბნის ქვეშ შემალულები
უსირცხვილო სიტყვებს უჩურჩულებდნენ ერთმანეთს
შეყვარებულთა ლიტანიას
როცა შეუძლებელი გახდა გაძლება
ერთმანეთის თვალებში შეძვრნენ
და თვალები მაგრად დახუჭეს
ისე მაგრად რომ არ უგრძვნიათ ცეცხლის ალები
როცა ცეცხლი მათ წამწამებს მიადგა
და ბოლომდე უშიშრად იყვნენ
ბოლომდე იყვნენ ერთგულები
ბოლომდე ერთმანეთის მსგავსნი
ორი წვეთივით
ნამტირალევ სახეს რომ ეკიდება
ჰერბერტს უყვარდა თქმა, რომ ეს ,,გაყეყილი მონსტრი მკვლელის თვალებით’’ – ისტორიის ჰეგელისეული გაგება - არ აინტერესებს. ,,წლები შევალიე ისტორიის უსუსურ თხზულებებს/ მომაბეზრებელ მონაცვლეობას და უთანაბრო ბრძოლას/ ბრბოების თავში მოქცეულ ნაძირლებსა და ერთ მუჭა მართლებსა და გონიერებს’’ – ასე წერდა ერთ თავის ლექსში. ნამდვილ ცოდნამდე მხოლოდ წიგნების მეშვეობით არ მისულა. თხუთმეტი წლის იყო, როცა ქალაქი, რომელშიც დაიბადა და ცხოვრობდა, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის თანახმად, საბჭოთა კავშირმა დაიკავა, ცხრამეტი თვის შემდეგ კი ნაცისტებმა, როცა ალიანსი დაიშალა და ჰიტლერი რუსეთს თავს დაესხა. ლვოვი, ეს სიცოცხლით სავსე, ჭრელი ქალაქი, რომელშიც პოლონელები, რუსები, უკრაინელები და ებრაელები ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, რამდენიმე დღეში საკონცენტრაციო ბანაკად იქცა. ჰერბერტს ეს დრო კარგად ახსოვდა. ყვებოდა, როგორ მოკლეს მაშინ მისი მასწავლებელი, როგორც თავად წერს, ,,ისტორიის სკოლის უკანა ეზოს ტყვიებით’’, დანარჩენები კი ციხეებში ჩაყარეს. ჰერბერტი პოლონურ წინააღმდეგობის მოძრაობას შეუერთდა, სწავლა კი მიწისქვეშეთის უნივერსიტეტში გააგრძელა. იმ ხანებში ბევრის ნახვა და გადატანა მიუწია: მასობრივი მკვლელობების მოწმეც ყოფილა, იძულებითი დეპორტაციაც გამოსცადა და საყოველთაო შიშის გაბატონებასაც შეესწრო. მისი ოჯახი საბჭოელების მიერ ლვოვის აღებას არ დალოდებია, 1944 წელს კრაკოვში გაიქცნენ. წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ ჰერბერტმა უნივერსიტეტში სწავლა გააგრძელა, თან სახვითი ხელოვნების აკადემიაში ხატვის კლასსაც ესწრებოდა და ამავე დროს სავაჭრო აკადემიაში ეკონიმიკას სწავლობდა, ბოლოს ხარისხიც კი მოიპოვა. როგორც ანტიკომუნისტური ,,არმია კრაიოვას’’ ყოფილი მებრძოლი, იმ წლებში პოლიტიკურად არასაიმედო პირად ითვლებოდა. ჰერბერტს მაშინ დიდი არჩევანი არ ჰქონდა, ათასგვარ სამუშაოზე უმუშავია, ხან ეკონიმიკის საკითხებისადმი მიძღვნილი ჟურნალის რედაქტორი იყო, ხანაც – ბანკის კლერკი, მაღაზიის გამყიდველი, ბუღალტერი, ბიბლიოთეკარი, ერთხანს კოოპერატივში მუშაობდა, ბოლოს კი, უკვე მოგვიანებით, პოლონელ კომპოზიტორთა კავშირის ადმინისტრატორად. ერთი წელი, როცა ძალიან გაუჭირდა, სისხლს აბარებდა და თავი ასე გაჰქონდა. 1950 წლამდე მისი ლექსები არსად გამოქვეყნებულა, 1956 წელს, ოცდათორმეტი წლის ასაკში, პირველი წიგნი, ,,სინათლის წნული’’ გამოსცა. მოგვიანებით თავის გამძლეობას, რომლის წყალობითაც ,,ძლიერთა ამა ქვეყნისათა’’ წინაშე მუხლი უკიდურეს გასაჭირშიც კი არ მოუხრია, შინაგან ძალას ან ხასიათის სიმტკიცეს კი არ მიაწერდა, ამბობდა, გემოვნების საქმე იყოო. რეჟიმის პრიმიტიული რიტორიკის, კაციჭამიების დიალექტიკის და აზროვნების ხარისხის ატანა მოწყალე ირონიამ გაუადვილა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სული ესთეტიზმის მეშვეობით იხსნა: საყოველთაო სიბინძურეში რომ არ გაისვარა, ამაში სუბვერსიული როლი სილამაზის მისებურმა აღქმამ ითამაშა.
ჰერბერტის პოეზიის ახალი მკითხველისთვის ყველაზე დიდი მოულოდნელობა იმის აღმოჩენა იქნება, რომ მისი ლექსების უმეტესობა ბერძნული და რომაული ანტიკურობის სიუჟეტებს ეყრდნობა, ოღონდ მათში მითების და ისტორიული მოვლენების ანგარიშგასაწევ ვერსიებს, ან ორიგინალის ფილოსოფიურ ან ეთიკურ წანამძღვრებს კი არ ათამაშებს – მათი რადიკალური გადაფასებაა იმ ადამიანის პოზიციიდან, რომელმაც უახლესი ხანის ომების და რევოლუციების ქარცეცხლი გამოიარა. მაგალითად, ერთგან ჰერბერტი აქილევსს და ჰიტლერს ერთმანეთს აცნობს. ერთ-ერთ ლექსში ნიკე დაჭრილ და გარდაცვლილ ჯარისკაცებს უყურებს და იდენტობის დეზორიენტაცია ეწყება: ვეღარ ხვდება, რის ქალღმერთია. კიდევ ერთ, უფრო შიშისმომგვრელ ლექსში, ჰერბერტი თავქარიანი სატირის ამბავს ყვება, რომელიც ათენას გადაგდებულ ფლეიტას პოულობს, დაკვრას სწავლობს და აპოლონს, მუსიკის ღმერთს, პაექრობაში იწვევს. სატირი, რა თქმა უნდა, წაგებული რჩება და აპოლონი თავხედობისთვის სასტიკად აზღვევინებს: ცოცხლად ატყავებს და ხეზე აკრავს.
აპოლონი და მარსიასი
სინამდვილეში აპოლონის და
მარსიასის დუელი (აბსოლუტური სმენა
უსაზღვრო დიაპაზონის წინააღმდეგ)
საღამოს ჟამს იმართება
როცა – როგორც უკვე ვიცით –
მსაჯულებს გამარჯვება
ღმერთისთვის აქვთ მიკუთვნებული
ხეზე თოკით მიბმული
საგულდაგულოდ გატყავებული
ბღავის მარსიასი
ბღავის
და სანამ ბღავილი მის მაღალ ყურებამდე მიაღწევდეს
ამ ბღავილის ჩრდილში ისვენებს
აღშფოთებისგან აცახცახებული
ამრეზილი აპოლონი
ინსტრუმენტს წმენდს
მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს
მარსიასის ხმა
მონოტონური
ხომ თითქოს მხოლოდ
ერთი გაბმული ხმოვანი

-სგან შედგება
მაგრამ სინამდვილეში
მარსიასი
მისი სხეულის ამოუწურავ ჯანს და სიმძლავრეს
ღვიძლის სლიკინა მთებს
ხეობების თეთრ გამოძახილს
ფილტვების მოშრიალე ტყეებს
კუნთების მოტკბო მთაგრეხილებს
ნაღველს სისხლს ურევს
და ძვლების
თოვლიანი ქარები
მეხსიერების მარილს
ურევს მიერეკება
აღშფოთებისგან აცახცახებული
ამრეზილი აპოლონი
ინსტრუმენტს წმენდს
ახლა ამ ქოროს
მარსიასის ხერხემალიც
შეერთებია
კაცმა რომ თქვას
ესეც იგივე ხმოვანი
ა-ა
ოღონდ უფრო ღრმა და
ამ შრიალნარევ ბღავილს
ღმერთის
ხელოვნური ბოჭკოებისგან
შექმნილი ნერვებიც ვეღარ უძლებს
ხრეშიანი გზით
ტოვებს ასპარეზობის
ადგილს გამარჯვებული
და თან ფიქრობს
ხომ არ წარმოდგება
მარსიასის ღრიალიდან
ერთ დღეს
ახალი ხელოვნება – ვთქვათ –
ბეტონი და არა ხრეში
მოულოდნელად ფეხებთან
გაქვავებული ბულბული უვარდება
აპოლონი თავს აბრუნებს
და ხედავს
რომ ხეს რომელზეც მარსიასი იყო მიკრული
თმა ბოლო ღერამდე
გათეთრებია.
ოვიდიუსის ვერსიაში გამარჯვებული ღმერთი რჩება, მაგრამ ჰერბერტს აინტერესებს, რა შეიძლება მოხდეს ამ გამარჯვების შემდეგ, ამიტომ ფეხს ითრევს და ,,აღშფოთებისგან აცახცახებული’’ შორიახლო ტრიალებს, რომ ნაწამები ადამიანის ხმა თავის ყურით გაიგონოს. აპოლონი იმ ,,წმინდა’’ ესთეტიკის განსახიერებაა, რომელშიც ხორცის ტანჯვისთვის ადგილი გათვალისწინებული არ არის. აი, აპოლონი ტანჯვის ადგილს აჩქარებით ტოვებს, მაგრამ ეჭვი უჩნდება: ხომ შეიძლება, მარსიასის მდარე ტკივილისგან ახალი რეალისტური ხელოვნება იშვას. ხეს და ბულბულს ადამიანის ტანჯვისადმი მეტი თანაგანცდა აქვთ, სრულყოფილება - გულგრილი სისასტიკის განუყრელი თანამგზავრია. ყოველ შემთხვევაში, ასე წაიკითხა ეს ლექსი სტანისლავ ბარანჩაკმა ჰერბერტის პოეზიისადმი მიძღვნილ თავის ავტორიტეტულ ნაშრომში ,,უტოპიიდან გაქცეული’’.
ერთ-ერთ თავის პატარა პროზაულ ლექსს ჰერბერტმა ,,პრაქტიკული რჩევები კატასტროფის შემთხვევაში’’ დაარქვა. მამაჩემი, რომელიც სამყაროს იმავე ნაწილში იყო დაბადებული, დროდადრო მეკითხებოდა: ,,კიდევ ერთხელ ემიგრირება რომ დაგვჭირდეს, ნეტავი საით უნდა გავიქცეთ?’’ ახლა იგი ჰერბერტს მაგონებს. მამაჩემიც მხიარული პესიმისტი იყო, რომელსაც სულ ეჭვი ჰქონდა, რომ შესაძლოა, ჩვენთვის ისტორიამ შვება ძალიან ცოტა ხნით გამოიმეტა. ფიზიკური და სულიერი გადარჩენის სტრატეგიები ჰერბერტის მთავარი საფიქრალი იყო. თავის ძალიან კომიკურ და ამავე დროს ავისმომასწავებელ ლექსში ,,მითოლოგიის უგულებელყოფის მცდელობა’’ ისე ხდება, რომ ძველი საბერძნეთის ღმერთებიც დევნილები ხდებიან. შებინდებისას რომელიღაც ქალაქის გზას დაადგებიან. ჯიბეებში ყალბი დოკუმენტები უწყვიათ და სპილენძის მონეტები უჩხრიალებთ. ხიდზე გადასვლისას ჰერმესი მდინარეში ხტება. დანარჩენები ხედავენ, როგორ იხრჩობა მათი თანამგზავრი, მაგრამ მის გადარჩენას არც ერთი არ ჩქარობს: კამათს იწყებენ, კარგი ნიშანი იქნება ჰერმესის დახრჩობა, თუ ცუდი.
ეს მომდევნო ლექსიც დევნილებზე აქვს დაწერილი, ასობით ათასი რუსის შესახებ, რომლებსაც რევოლუციის შემდეგ საკუთარი ქვეყნიდან გაქცევა მოუხდათ.

იგავი რუსი ემიგრანტების შესახებ

ეს ამბავი ოც ან
ოცდაერთ წელს მოხდა
რუსი ემიგრანტები
გამოჩნდნენ ჩვენში
მაღალი ქერა ადამიანები
წინასწარმეტყველის თვალებით
და ოცნების მსგავსი ქალები
ბაზრის მოედანზე რომ გამოდიოდნენ
ვამბობდით ხოლმე – აი ჩიტები
შორეთს გადმოფრენილნი
ჩვენი აზნაურობის საღამოებზეც ვხედავდით
და ყველა ჩურჩულებდა
მათ დანახვაზე
შეხედეთ ამ მარგალიტებს
მაგრამ როცა მფრინავ ბურთებქვეშ
შენთებული ცეცხლი ჩაქრა
უმწეო უსუსური ადამიანები
შეგვრჩა ხელში
ნაცრისფერი გაზეთები მას მერე დუმდნენ
საცოდაობა იყო მათი
მარტოობა
ფანჯრებს მიღმა გიტარები აღარ უკრავდნენ
შავი თვალებიც ჩაქრა
სამოვარების სტვენა შეღამებისას
საკუთარი მამულების სადგურებში აბრუნებდათ
ორიოდე წლის შემდეგ
მათგან მარტო სამმა შეგვახსენა თავი
ერთმა რომელიც შეიშალა
მეორემ რომელმაც თავი ჩამოიხრჩო
ქალმა რომელთანაც კაცებმა დაიწყეს სიარული
დანარჩენები ცხოვრების გზაზე
მტვრად იქცნენ
ეს იგავი კი ვინმე ნიკოლაიმ მომიყვა
რომელსაც ესმის ისტორიის გარდაუვლობა
შესაშინებლად მომიყვა ალბათ
ანუ თავის აზრზე გადასაყვანად.

,,სერიოზული, პატიოსანი ადამიანის გონებას ისტორიისა არაფერი ესმის და ვერც უნდა გაუგოს. ისტორიის ლოგიკა მხოლოდ ერუდიტ ცინიკოსს ანიჭებს სიამოვნებას,’’ – წერდა ემილ ჩორანი. ჰერბერტს, რომელსაც პერსონაჟისადმი რომანისტის ალღო და ინტერესი ჰქონდა, ეს ფრაზა არ ეხება. ის თავის ყველაზე პირქუშ ლექსებშიც იუმორისტი იყო, ხუმარა და თანამლმობი. ჰერბერტი წერდა, რომ სურდა გაეგო, როგორი იყო პასკალის ღამე, წინასწარმეტყველთა სევდა, აქილევსის მრისხანება, ათასების მჟლეტველთა სიცოფე, მარია სტიუარტის სიზმრები, ნეანდერტალელის შიში, უკანასკნელი აცტეკის სასოწარკვეთა, ნიცშეს ხანგრძლივი კვდომა, ლასკოს მომხატველთა სიხალასე; რა სხვადასხვანაირად ავსებენ აზრით სიცოცხლეს ადამიანები, რამდენად განსხვავებული რამეები სწამთ და ხიბლავთ. ხოლო თუ ამ დროს კალიგულას ან სოფლის იდიოტს არაფრით სჯობიან, რა გაეწყობა, დე იყოს ასე. ჰერბერტი მათ თავიანთ სათქმელს მიანც ათქმევინებს:

რუსული ზღაპარი

ჩვენი მეფე, ხალხის მამა, დაბერდა და გადაღრძუვდა. ისე დაბერდა, თავისი ხელით მტრედს ვეღარ ახრჩობდა. იჯდა ტახტზე, ოქროსი, უგრძნობელი. მარტო წვერი ეზრდებოდა, ისე გაეზარდა, მთელ იატაკს მოედო, დარბაზმა რომ ვერ დაიტია, გარეთ გამოეზარდა. მერე ვიღაც სხვა მეფობდა, კაციშვილმა ვერ გაიგო, ვინ ოხერი იყო. ცნობისმოყვარე ხალხს რა დალევს, სასახლის ფანჯრებში იჭყიტებოდნენ, კრივონოსოვი, მაგალითად, სახრჩობელიდან უჭვრიტინებდა. მართალია, მარტო ჩამომხრჩვალი კაცის თვალი ხედავს ყველაფერს.
ბოლოს მოკვდა ჩვენი მეფე, ხალხის მამა. ზარები რეკდნენ და რეკდნენ, მაგრამ ცხედარი სასახლიდან ვერ გამოჰქონდათ. ჩვენი მეფე თურმე ტახტს მიეზარდა. ტახტის ფეხები მეფის ფეხებს შეეზარდა, ხელები - სავარძლის სახელურებს. ხომ ვერ ააგლეჯდნენ, შეუძლებელი იყო. სირცხვილი და თავის მოჭრა, ეს რა საქმე დაგვემართა – გაგონილა მეფის ოქროს ტახტიანა დამარხვა?
ჰერბერტის ერთი-ერთი საყვარელი სტრატეგია ის იყო, რასაც ბარანჩაკი ,,ნიღბისგან განძარცვას’’ უწოდებს – საგნების, იდეის რეალური არსის ჩვენებას, რომლებიც წერის მომენტამდე სხვა, ცრუ, არათავის ნიღაბს იფარებდა. საათი, მაგალითად, მასთან შეიძლება მეწისქვილის უდრტვინველ, ვაშლივით სავსე და ალაპალაპებულ სახედ იქცეს, რომელსაც თმის ერთადერთი შავი ღერი ჩამოვარდნია, მაგრამ შიგნით რომ ჩახედო, მატლების ბუდეს ან ჭიანჭველების გაყვანილ ხვრელებს დაინახავ. ჰერბერტის განზრახვა ყოველთვის სატირულობის შემოტანაა, მაგრამ როცა ის კარგად ნაცნობი სახეებისა და მოვლენებისგან გვაუცხოებს, ხალხური იუმორი მახსენდება. ესეც წარმოსახვის უსაზღვრო, თავისუფალი თამაშია, იგივე თავაწყვეტილად ლაღი იუმორი, რომელიც მხოლოდ ზღაპრებში, გათვლებში, შესაქმეს მითებში გვხვდება, და სადაც ნაცნობი უცნაურად და უცნობადაა წარმოჩენილი. ეს ორი პროზაული ლექსი ნიღბისგან განძარცვის კარგი თვალსაჩინოებაა:
მთვარე
ვერ გამიგია, რა გაწერინებთ ლექსებს მთვარეზე. მთვარე ერთი მსუქანი და ფეთხუმი ვინმეა. მთვარე ღამ-ღამობით საკვამურებს ედება. ყველაზე ძალიან კი საწოლის ქვეშ შეძრომა და ფეხსაცმლის ყნოსვა უყვარს.
ქათამი
ქათამი იმის საუკეთესო მაგალითად გამოდგება, როგორ აბეჩავებს ადამიანებს ცხოვრება. ფრინველის სიმსუბუქე და ბუნებრივი გრაციოზულობა სრულიად დაკარგული აქვს. კუდი კურტუმოდან ისე აქვს გადმოკიდებული, როგორც უგემოვნებო კაცს - ზომაზე დიდი შლაპა. ექსტაზისა და განცხრომის იშვიათ მომენტებში, როცა ცალ ფეხზე დგას და უქუთუთოო მრგვალ თვალებს თვითკმაყოფილებით ქაჩავს, განსაკუთრებით ამაზრზენია. და, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სიმღერის ის პაროდია რად ღირს, რომლითაც გამოუთქმელად კომიკურ საგანს დაჰკანკალებს: მრგვალ, თეთრ, ლაქებიან კვერცხს.
მე ქათამი ზოგიერთ პოეტს მაგონებს.
ჰერბერტი ამ ხერხს ბევრ ლექსში იყენებს. ,,ვარდის ყურში’’, მაგალითად, კაცს ქალის გვერდით არაერთი წელი აქვს გატარებული, მაგრამ მხოლოდ ზამთრის ერთ ღამეს, როცა განათება მის სახეს რაღაც ახლებურად ეცემა, ამჩნევს, რომ ქალს ყურის მაგიერ ვარდი ჰქონია. იმ დღეს არაფერს ეუბნება, თუმცა, ქალი მისტიკურ არსებად ეჩვენება. მოგვიანებით, როცა საწოლში ერთად არიან, იხრება და ამ ეგზოტიკურ ყურს აკვნეტს. კიდევ ერთ თავის ლექსში, ,,რა აზრისაა ბატონი კოგიტო ჯოჯოხეთზე’’, ბელზებული ხელოვნების მოყვარული აღმოჩნდება, რომელიც თავს არ ზოგავს, რომ თავის საუფლოში იმდენივე ქორო, პოეტი და მხატვარი ჰყავდეს, რამდენიც სასუფეველშია გამწესებული. თუმცა, მომდევნო ლექსიდან ჩანს, რომ ჰერბერტის ანგელოზთა საუფლოში მთლად სიმღერისთვის არ სცალიათ და არც ისეთ ნეტარებას ეძლევიან, ზოგს რომ ჰგონია:
რეპორტაჟი სამოთხიდან
სამოთხეში სამუშაო კვირა ოცდაათ საათამდეა დაყვანილი
ხელფასები წარმოსადგენზე მაღალია, ფასები – გამუდმებით ქვემოთ მიიწევს
ხელით შრომა (შესუსტებული გრავიტაციის გამო) დამღლელი აღარ არის
შეშის ჩეხვა ისეთივე ადვილია, როგორც ბეჭდვა
სოციალური სისტემა სტაბილურია, ხელისუფლება ბრძენი
სინამდვილეში სამოთხეში ცხოვრების დონე უფრო მაღალია
ვიდრე ნებისმიერ ქვეყანაში
რა თქმა უნდა, იყო თავიდან სიძნელეები
გარკვეული წრეები იყო გასავლელი, აბსტრაქციის რაღაც ფორმები
მაგრამ სულის და ხორცის ერთიანობის დარღვევა მათაც ვერ შეძლეს
ზოგმა შეიძლება ცხიმის წვეთი დაკარგა, ზოგმა მყესის პატარა ძაფი
რას იზამ, ცოტა აბსოლუტს ცოტა თიხას რომ შეაზელ
შედეგს თვალი უნდა გაუსწორო
კიდევ ერთი ბოლო გადახვევა აღიარებული დოქტრინიდან
რაც მხოლოდ იოანემ იწინასსწარმეტყველა: ადამიანი ხორცით აღსდგება
მაგრამ ღმერთს ყველა ვერ იხილავს
დანარჩენები წარღვნების და სასწაულების შესახებ
კომუნიკეების მოსმენას უნდა დასჯერდნენ.
ერთ დღეს რა თქმა უნდა ღმერთი ყველას დაენახება
როდის მოხდება ეს, არავინ იცის
მანამდე კი ყოველ შაბათ დღეს ნაშუადღევს
საყვირების ტკბილ გადაძახილზე
ფაბრიკებიდან გამოდიან ზეციური პროლეტარები
ვიოლინოსავით მოუქნელად აქვთ
ფრთები მკლავქვეშ ამოკეცილი.
სამოთხე სოციალისტური იდეებითაა წაბილწული. ზეციური მუშათა კლასი მგონი პროფესიულ კავშირებშიც კია გაერთიანებული. ჰერბერტს ის დებილიზმი ახალისებს, რომლის წყალობით ადამიანს სამოთხე, თუნდაც უტოპია, ისეთ რამედ წარმოუდგენია, რომელიც ჩვენს ადამიანურ არსთან გამომშვიდობებას მოითხოვს. სხვა ლექსში წერს, რომ უკვდავების წარმოდგენა ბავშვობიდანვე ძრწოლვას გვრიდა. ღმერთების შური? რა უნდა მშურდეს მათი, კითხულობს, ის, რომ მთლად კარგი მენეჯერები ვერ არიან? სამყარო შეიძლება სრულყოფილიც გახდეს, მაგრამ ასეთ სამყაროში აღარ იცხოვრება. ზეცაშიც რომ იყოს, წერას იქაც გააგრძელებს, თავის ადამიანურ მხარესთან გამოთხოვებაზე უარს ამბობს, ტკივილის განცდის დიდებულ, მხოლოდ მის, უნიკალურ გამოცდილებას კბილებით დაიცავს. ჰერბერტი ასე თვლის: წარმავალის, წუთიერის მშვენიერება ადამიანისთვის სრულიად საკმარისია.
ჰერბერტის პოეზია ჩვენი ბუნების წინააღმდეგობრივი ხასიათის დრამატიზაციაა. ჩვენ ხომ ღრუბელსა და ტალახიან გუბეს შორის ვცხოვრობთ, ამბობს ჰერბერტი. ასაკში რომ შევდივართ, სიკვდილს და ტანჯვას რომ შევიცნობთ, განსხვავებულ, გინდ სეკულარულ, გინდ რელიგიურ ტრადიციებზე და იდეებზე გაზრდილები თანდათანობით ვამჩნევთ, რომ შეუძლებელი ყოფილა თქმა, ბედისწერა მართავდა ჩვენს სიცოცხლეს თუ შემთხვევითობა და ამაზე ფიქრი მხოლოდ საკუთარ თავთან კონფლიქტს გვიქადის, ისევე როგორც ცოტაოდენი აბსოლუტისთვის ცოტაოდენი თიხის შერევა, მაგრამ როცა საქმე არჩევანზე მიდგება, ჰერბერტი ორივე საწყისს თანაუგრძნობს, თუმცა, არც ის ავიწყდება, რომ სამყაროში უბედურებების უმეტესობა ხშირად მეოცნებეებს, ამქვეყნიერებას გაშორებულ იდეალისტებს და ტრაგიკულ გმირებს დაუტრიალებიათ, და არა პრაქტიკულ ადამიანებს. ამას აყვედრის მისი გმირი ,,ფორტინბრასის ელეგიაში’’ დაღუპულ ჰამლეტს:
,,ახლა კი როცა მარტონი დავრჩით პრინცო მოდი კაცურად ვილაპარაკოთ...’’
გარდაცვლილ ჰამლეტს ფეხზე საშინაო რბილი ფეხსაცმელი აცვია. ჯარისკაცივით დაგკრძალავენ, თუმცა ომი არც კი გინახავსო, ეუბნება ფორტინბრასი. ჰამლეტი ამ ქვეყნისთვის არ იყო შექმნილი და ამის გამო, როგორც ჩანს, დროზე ადრე წასვლა ეწერა. ახლა მისი ხვედრი სულის სიმშვიდეა, რომელიც მის ქვეყანას აკლია, და რომელიც ახლა ფორტინბრასის ხვედრი გამხდარა. გმირული სიკვდილი რა მოსატანია იმ მუდმივ ზრუნვასთან, რომელიც ახლა დანიას ჭირდება.
მშვიდობით პრინცო მე კი დამრჩა ამოცანები პროექტები
მეძავებისთვის და მაწანწალათვის გამოსაცემი დეკრეტები
ციხეების გაუმჯობესებულ სისტემაზე უნდა ვიფიქრო
თავად ამბობდი რომ ეს დანია საპყრობილეა
წავალ საქმეებს შევუდგები ამ ღამით ჰამლეტის
ვარსკვლავი იშვა
ის კი რასაც სიკვდილის შემდეგ მე დავტოვებ
ტრაგედიად არ ეღირება
1958 წელს ჰერბერტმა პოლონეთის კულტურის სამინისტროსგან პირველი სამოგზაურო გრანტი მიიღო და უცხოეთში წლები გაატარა. ბევრს მოგზაურობდა, იყო ინგლისში, იტალიაში, ჰოლანდიაში, საბერძნეთში, სხვა ქვეყნებშიც; უმეტესად პარიზში, ბერლინში და ლოს ანჯელესში ცხოვრობდა. ,,რჩეული ლექსების’’ გამოქვეყნებამ სახელი მოუტანა. გერმანიის ხელოვნების აკადემიის მუდმივ წევრად აირჩიეს, რამდენიმე პრესტიჟული საერთაშორისო ლიტერატურული პრემია მიიღო, მუშაობდა თეატრში, რედაქტორობდა, ესეების ორი წიგნი გამოსცა: ,,ბარბაროსები ბაღში’’ (1962) და ,,ნატურმორტი უნაგირთან ერთად’’ (1993). 1974 წელს წიგნად გამოიცა მისი კიდევ ერთი კრებული ,,ბატონი კოგიტო’’, რომელშიც ამავე სახელის მქონე პერსონა პირველად შემოდის. ბატონი კოგიტო პირველ პირში საუბრობს ან მის შესახებ ყვება რომელიმე სხვა პერსონაჟი. ყოველი ლექსი მცირე ბიოგრაფიული სკეტჩია, განსჯა ჰერბერტის გმირის გარშემო. ბატონი კოგიტო საკუთარ სახეს სარკეში სწავლობს, საკუთარ ფეხებს აკვირდება, გაზეთს კითხულობს, მშობლიურ ქალაქში დაბრუნებაზე ფიქრობს, ძველ უბადრუკ ოცნებებს დასტირის, პოპ კონცერტზე ხმაურის ესთეტიკას უღრმავდება, სპინოზას ცდუნების ამბავს ყვება, გარდაცვლილ მეგობარს იხსენებს, ჯოჯოხეთზე, ცოდვების გამოსყიდვაზე, გაუცხოებაზე, წმინდა აზრის შესაძლებლობაზე ფიქრობს.
ბატონი კოგიტოს პერსონამ ჰერბერტს საკუთარ თავზე წერის და ნაირგვარ საგანზე აზრის გამოთქმის შესაძლებლობა მისცა, თან ისე, რომ შეეძლო გამომთქმელს გამოგონილი პერსონაჟივით გასაუბრებოდა. ბატონ კოგიტოს კონკურენტებიც ყავდა: ჰერბერტი იმავდროულად ძველი მანერითაც წერდა - პრომეთეს, ბეთჰოვენის, აისედორა დუნკანის, ლევ ტოლსტოის და სხვათა შესახებ. ამ ლექსების მთლიანი ციკლი ადამიანს ძალაუნებურად ვიიონის ,,ანდერძს’’ აგონებს, რომელშიც დაახლოებით ასევე ხდება სიცოცხლის შეჯამება და დაგროვილი სიბრძნის ხუმრობა-ხუმრობით დარიგება. ,,წერამ’’, ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ზბიგნევ ჰერბერტი, ,,ადამიანს, წესით, სიფხიზილე უნდა ასწავლოს: სიფხიზლე ანუ მღვიძარება.’’ მთელ ამ მხიარულებასთან ერთად, ჰერბერტის ლექსებს დიდაქტიკური მხარეც გააჩნიათ, მკითხველს ასწავლიან, როგორ მოიკრიბონ ძალა, როგორ გაუსწორონ გაუსწორონ თვალი არსებობას.
1992 წელს, სიღარიბისგან შეწუხებული, მძიმედ დაავადებული ზბიგნევ ჰერბერტი იძულებული გახდა, პარიზიდან ვარშავაში გადასახლებულიყო. პოლონეთში დაბრუნებულმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყოფილი კომუნისტების მონაწილეობა ვერ აიტანა, ამას ბევრ ინტერვიუში უსვამდა ხაზს და ბევრიც გადაიმტერა. საკუთარი მეგობრები, ჩესლავ მილოში და ადამ მიხნიკიც კი არ დაუნდია: მათ ინტელექტუალური პატიოსნების ნაკლებობისთვის, და სხვათა შორის, უფრო მძიმე შეცოდებებისთვისაც ამხელდა. ჰერბერტს იმის გადატანაც გაუჭირდა, რომ ,,არმია კრაიოვას’’ ბრძოლა, რომლის მონაწილე თავად იყო, და ვარშავის 1944 წლის აჯანყება ახალ პოლონეთში ზოგიერთების მიერ პოლიტიკურ სიბეცედ და უაზრო მსხვერპლად იქნა შერაცხული. სიცოცხლის ბოლოს ჰერბერტი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მარტოდმარტო, პოლონელი მწერლების და ინტელექტუალების უმეტესი ნაწილის მიერ მარგინალიზებული და მოძულებული. რაკი ყოველთვის ჰქონდა მიდრეკილება, ისეთი რამეები ეწერა და ეთქვა, რისი მოსმენაც არავის სურდა, ამ როლს თავადაც ებღაუჭებოდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კი თქვა:
,,ცხოვრება ძაფის დართვას გავს: ძველ ძაფს ახალი უნდა შეერიოს. სანამ კაცი საფლავში ჩავა, ის ტანისამოსი უნდა მოირგოს, რაც აქვს და რაც ტანზე კარგად ადგას. თუმცა, უნდა იცოდეს, როგორი ტანსაცმელია ეს, რომელი ნაწილები აქვს კარგად შენახული და რომელი გასცვეთია. საკუთარი ცხოვრებასაც ასეთი თვალით უნდა შეხედოს. მხოლოდ საკუთარს კი არა, იმ ერის და საზოგადოებისასაც, რომელშიც ცხოვრება გაატარა.’’

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

ორიგინალი: http://www.nybooks.com/articles/archives/2007/apr/26/the-philosophy-of-3-am/?pagination=false

Brak komentarzy:

Prześlij komentarz