czwartek, 8 sierpnia 2013

თანამედროვე სახელმწიფო და მისი სუვერენიტეტი გლობალიზირებულ მსოფლიოში

ა/წ მაისში თბილისში კონფერენცია უნდა ჩატარებულიყო. ვიქტორს თემის მომზადება სთხოვეს. უზომოდ გავიხარეთ რადგან "სახლში" ჩასვლის საშუალება გვეძლეოდა. ჩვეული მონდომებით დაიწყო მასალების შეგროვება ... კონფერენცია დაუფინანსებლობის გამო არ შედგა რამაც გული საოცრად დასწყვიტა თუმცა მაინც "ჩავიდა" და ჩვენც, მთელი ოჯახი, ჩაგვიყვანა ... :( თემა არ არის სრულყოფილი, მაგრამ ახლა მე ვიქტორის კომპიუტერში "ვიქექები" და რასაც გადავაწყდი ის "ავკინძე". ჩვეულებრივ, როგორც ყოველთვის, მისი ნაწერები "გავაქართულე" და აქ დავდებ

* * * * *

1. თანამედროვე სუვერენული სახელმწიფო

ხშირად აღინიშნება რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა არა ერთ ათასწლეულს მოიცავს, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ისტორიის ესოდენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, როდესაც კაცობრიობამ განვითარების სრულიად განსხვავებული ეპოქები გამოიარა, როდესაც იცვლებოდა არა მხოლოდ საზოგადოებრივი წყობები, მორალური პრინციპები, პოლიტიკური თუ სოციალური საფუძვლები, ტექნიკური საშუალებები, გარე სამყაროს თუ ადამიანის შინაგანი ბუნების ცოდნა-შესწავლის ხარისხი, შეუძლებელია, რომ უცვლელი დარჩენილიყო თავად სახელმწიფოს მოწყობა, მისი ფუნქცია, მიზნები და მათი რეალიზაციის ინსტრუმენტები, თავად სახელმწიფოს როგორც საზოგადოების ორგანიზაციის მცნება.

არისტოტელეს მიხედვით სახელმწიფოს არსებობისათვის აუცილებელი გახლავთ თანასწორ ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფების ორგანიზებული ერთობა.

თომა აკვინელი სახელმწიფოს განიხილავს, როგორც სრულყოფილ საზოგადოებას, თვითკმარს, დამოუკიდებელსა და თვითმართვადს. სახელმწიფოს არსებობა მჭიდრო კავშირშია განსაზღვრულ კანონქვემდებარე წესრიგითან და ხელისუფლებასთან, რომელსაც ხელეწიფება მოქალაქეთა დაცვა, მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და რომელიც უზრუნველყოფს საგარეო უსაფრთხოებას.

ინგლისელი ტომას ჰობსი სოციალური კონტრაქტის თეორიის ერთ-ერთ ფუნდამენტალურ ნაშრომში, „ლევიათანი”, სახელმწიფოს ხელოვნურ ადამიანს უწოდებს. იგი უფრო დიდი და უფრო ძლიერია ვიდრე ბუნებრივი ადამიანი, რომლის დასაცავად და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის არის კიდეც მოწოდებული. ბუნებრივი ადამიანები ერთმანეთს შორის ნებაყოფლობით დებენ სოციალური კონტრაქტს, რის საფუძველზეც უარს ამბობენ გარკვეული უფლებებისა და ძალაუფლებების გამოყენებაზე და მათ სახელმწიფოს გადასცემენ, სანაცვლოდ კი, კანონის ძალით, უსაფრთხოებასა და წესრიგს ღებულობენ.

ასევე ცნობილია, რომ მარქსისტული ხედვით სახელმწიფო ეს არის იძულების მექანიზმი, რომელიც გაბატონებულ კლასს ემსახურება.

გერმანელმა იურისტმა, სამართლის თეორეტიკოსმა, სახლმწიფომცოდნემ და იურიდიული პოზიტივიზმის წარმომადგენელმა გეორგ ელინეკმა კი XIX საუკუნის მიწურულს შეიმუშავა სახელმწიფოს კლასიკური სამწევრიანი კონცეფცია, განსაზღვრა რა იგი როგორც გარკვეულ ტერიტორიაზე განსახლებული ხალხი, აღჭურვილი პირდაპირი საჯარო ხელისუფლებით, მან სახელმწიფოს განმარტებაში მიუთითა სამი უმთავრესი ელემენტი: ხელისუფლება – როგორც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, სუვენერულობის ხასიათი, ტერიტორია, რომელზეც ხელისუფლება ხორციელდება და ხელისუფლების ქვემდებარე ხალხი.

თანამედროვე სახელმწიფოს ფუნქია ეწოდება მისი საქმიანობის ერთობლიობას საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში და თუმცა სახელმწიფოს მოქმედების არეალი, ინტენსიობა და არსი ისტორიული პროცესების შესატყვისად იცვლებიან, მაინც შესაძლებელია ყოველი სახელმწიფოსათვის უმთავრესისა და ზოგადის გამოყოფა. ესენია:

· საშინაო ფუნქცია, რომელიც ეფუძნება ქვეყნის წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამისათვის მოწოდებულნი არიან ადმინისტრაციული ორგანოები, პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო, სასჯელაღსრულების სამსახურები;

· საგარეო ფუნქცია ეს არის იმ საქმიანობათა ერთობლიობა რაც ხორციელდება სხვა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში. მათი მიზანია იმ ინტერესების დაცვა, რომელსაც მოცემული სახელმწიფო წარმოადგენს და ანვითარებს, უპირველეს ყოვლისა, მისი დიპლომატიური სამსახურების მეშვეობით;

· სამეურნეო – ორგანიზატორული ფუნქცია გამოიხატება ეკონომიკის ორგანიზებითა და მასზე ზემოქმედებით, რათა უზრუნველყოს ფინანსური სისტემის უსაფრთხოება, სამეურნეო - ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზაცია;

· სოციალური ფუნქცია ითვალისწინებს ცალკეული ინდივიდებისა თუ საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და შრომის ჰიგიენის, სამუშაო ადგილების შექმნის, ბუნების დაცვისკენ მიმართულ საქმიანობას სახელმწიფოს შესაძლებლობისა და მის მიერ რეალიზირებული პოლიტიკური დოქტრინის შესაბამისად.

სახელმწიფო რეალიზირებული პოლიტიკური რეჟიმის მიხედვით ძირითადად შეიძლება იყოს: დემოკრატიული, ლიბერალური, ავტორიტარული ან ტოტალიტარული.

დემოკრატიული სახელმწიფო, რომლის მშენებლობის პრეტენზიაც დეკლარირებული აქვს საქართველოს, ითვალისწინებს საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, ღირებულებებს, ცხოვრებისეული ტრადიციებით მიღებულ და ცივილიზაციის განვითარების პროცესით გამდიდრებულ ნორმებს. დემოკრატიულ წყობაში რეალიზირებული ძირითადი პრინციპია ხალხის სუვერენულობა, პოლიტიკური პლურალიზმი და ხელისუფლების დიფერენციაცია.

თანამედროვე პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამრთლებრივი და პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია სახელმწიფოს ფორმა, რამდენადაც სწორედ იგი, თავისი შინაარსით, განსაზღვრავს მოცემულ სახელმწიფოში ხელისუფლების განხორციელების მეთოდს. ჩვენს შემთხვევაში, როდესაც სახეზე გვაქვს სეპარატისტული კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ამ საკითხს ქართული სახელმწიფოებრიობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება. ამდენად მოკლედ, მაგრამ მაინც მოვნიშნოთ უმთავრესი ფორმები.

თანამედროვე სახელმწიფო შეიძლება იყოს: უნიტარული, რეგიონალიზებული ან შედგენილი.

· უნიტარულია სახელმწიფო, სადაც ადმინისტრაციულ – ტერიტორიული ერთეულები უშუალოდ არიან დამორჩილებულნი ცენტრს და სადაც არცერთ ნაწილს არა აქვს სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის სტატუსი. ქვეყნის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი ადმინისტრაციულ - ტერიტორიული დანაყოფია, რომელიც იმართება ცენტრალური მთავრობის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე. მოქმედებს ერთიანი კონსტიტუცია, მოქალაქეობა, საკნონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება.

· რეგიონალიზირებული სახელმწიფო ეს არის გარდამავალი ფორმა უნიტარულსა და ფედერალურს შორის. სახელმწიფო რომელიც თუმცა უნიტარულია, მაგრამ დაშვებულია კომპეტენციათა დეცენტრალიზაცია სამხარეო, რეგიონალური თუ ავტონომიური ოლქების დონეზე. ასეთი სახელმწიფო არაავტონომიური ერთეულების თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილებების მიღების დიდი თავისუფლებით ხასიათდება (მაგ. იტალია, ესპანეთი )

· შედგენილი სახელმწიფო ისეთი სახელმწიფო, რომელიც შედგენილია ნაწილებისაგან, რომელთაც ეწოდებათ შტატები, მხარეები, მიწები და რომლებიც სრული ავტონომიით სარგებლობენ. სახელმწიფოს ყოველი შემადგენელი ნაწილი ფლობს საკუთარ კანონთა სისტემას და ადმინისტრაციას.

შედგენილი სახელმწიფოები თავის მხრივ იყოფიან ფედერაციებად, კონფედერაციებად.

· ფედერაცია ეს არის ისეთ სახელმწიფოთა ან რეგიონების კავშირი, რომელთაც თვითმმართველობის მნიშვნელოვანი თავისუფლება გააჩნიათ ეკონომიკურ-სამრეწველო და სამართლებრივ სფეროში, მაგრამ პოლიტიკურად შეზღუდულები არიან ( მაგ. აშშ, მექსიკა, ინდოეთი, გერმანია თავისი ლენდებით და შვეიცარია კანტონებით ). ფედერაციაში შემავალი სახელმწიფოების თვითმმართველობის სტატუსი, ჩვეულებრივ კონსტიტუციურადაა გაფორმებული და მისი შეცვლა ცენტრალური ხელისუფლების ცალმხრივი გადაწყვეტილების საფუძველზე შეუძლებელია. ფედერაცია დაყოფილია ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ავტონომიებად. ფედერაციის სუბიექტებს არ გააჩნიათ სუვერენიტეტი, მაგრამ სარგებლობენ დამოუკიდებლობით ადგილობრივი მმართველობის კუთხით. ფედერაციის სუბიექტებს შეიძლება ჰქონდეთ საკანონმდებლო ორგანო, სასამართლო და სხვა სახელმწიფო ორგანოები.

· კონფედერაცია არის საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული ორი ან მეტი სახელმწიფოს კავშირი სუვერენიტეტის შეზღუდვის გარეშე. Kონფედერაციას, დამფუძნებელი დებულების შესაბამისად, გადაეცემა უფლებამოსილებანი გარკვეულ სფეროებში. მასში შემავალი ქვეყნები საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად რჩებიან. კონფედერაცია თავადაც მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობებში, მაგრამ მისი საერთაშორისო სამრთალსუბიექტობა შეზღუდულია. იგი, როგორც წესი, მოწოდებულია გარკვეული საერთო ამოცანების რეალიზაციის მიზნით, რისთვისაც კონფედერაციაში შემავალი სახელმწიფოები ქმნებიან საერთო ორგანოებს. კონფედერაცია სტრუქტურულად იგივეა, რაც ფედერაცია. მხოლოდ უფრო სუსტი ცენტრალური ხელისუფლებით. კონფედერაცია გარდამავალი, არამდგრადი, სახელმწიფო ფორმაა და იგი როგორც წესი ან ფედერაციაში გადადის ან უბრალოდ იშლება.

თანამედროვე სახელმწიფოს არსებით თვისებად მიიჩნევა მისი (გარე) სუვერენიტეტი, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლება არ ექვემდებარება არც ერთ სხვა ხელისუფლებას და სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე განუყოფლად ახორციელებს ძალაუფლებას. პოლონელი მეცნიერი ლუდვიკ ერლიხი მოხდენილად აღნიშნავს, რომ სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლება ატარებს ორ უმთავრეს ნიშანს. ესენია: ერთმმართველობა და თვითმმართველობა. თეორიულად სუვერენიტეტი შეუძლებელია შეზღუდული ან ნაწილობრივი იყოს, თუმცა პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები ცნობილია.

საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტს სწორედ ისეთი სუვერენული სახელმწიფოები წარმოადგენენ, რომელთა სუვერენიტეტს საერთაშორისო სამართალი განსაზღვრავს, როგორც უნარს:

1. სხვა ქვეყნებთან დაამყაროს ურთიერთობები ( დიპლომატიური, საკონსულო), რისთვისაც სახელმწიფოში ხელისუფლების გარკვეული მდგრადობაა აუცილებელი;

2. საერთაშორისო ხელშაეკრულებების დადება;

3. საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანება.

სუვერენიტეტი, როგორც თანამედროვე სახელმწიფოს განმსაზღვრელი ნიშანი უნდა ითქვას ბევრ ინტერპრეტაციულ ეჭვებსა და პრობლემებს ქმნის და მათ შორის კი უპირველეს ყოვლისა უნდა გამოვყოთ:

· სუვერენიტეტი არის სამრთლებრივი ცნება. სახელმწიფო აღიარებულია სუვერენულად სხვა (სუვერენული) სახელმწიფოების მიერ საჯარო საერთაშორისო სამრთალში მიღებული პრინციპების შესაბამისად. მაგრამ ამავე დროს ფარდობითი ხასიათის მატარებელია, რამდენადაც დამოკიდებულია სხვა სახელმწიფოების მიერ ამ თვისების აღიარებაზე. ზოგჯერ სუვერენიტეტი ეშლებათ სახელმწიფოს, ხელისუფლების, დამოუკიდებელი მოქმედების შესაძლებლობაში, ანუ საზოგადოებრივ მოვლენაში. ამდენად მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს სამართლებრივი სუვერენიტეტი და ფაქტიური მდგომარეობა, ანუ მოცემული სახელმწიფოს მიერ სუვერენიტეტით სარგებლობა და მისი გამოყენების შესაძლებლობა.

· ყველა არსებული სუვერენული ქვეყნის მხრიდან (გარდა მცირედი გამონაკლისისა) ურთიერთ სუვერენიტეტის აღიარების შედეგია საერთაშორისო თანამეგობრობის ჰორიზონტალური სტრუქტირა, რომლის სუბიექტები არიან ერთნაირად სუვერენული ანუ თანასწორი სახელმწიფოები. ეს კი ნიშნავს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების სიმეტრიულობას, თუმცა ისტორიულად უფრო ხშირი იყო მაგალითად ერთი აღიარებული ძალის მიერ მსოფლიოს იერარქიული დაყოფის მცდელობა. სამწუხაროდ ასეთი მცდელობები მხოლოდ ისტორიის საკუთრება არ გახლავთ.

სახელმწიფოსათვის განსაკუთრებით საშიშია მისი სუვერენიტეტის, როგორც სამრთლებრივი მდგომარეობის არ ცნობა, და განსაკუთრებით კი ძლიერი და აგრესიული მეზობლების მხრიდან. აქვე უნდა ითქვას, რომ ვერცერთი სახელმწიფო, თუნდაც ზესახელმწიფო, ვერ მოიმოქმედებს ყველაფერს რაც მას, უფრო სწორად კი მის ხელისუფლებას, მოესურვება, რადგან ისევე როგორც ადამიანებს შორის სახელმწიფოთა შორისაც მოქმედებს მთელი რიგი ფაქტორები. ასეთ ფაქტორებს შორის უნდა გამოვყოთ ბუნებრივ გარემო, რომელშიც ფუნქციონირებს სახელმწიფო და რა თქმა უნდა კულტურული.

სახელმწიფო სუვერენიტეტის შეზღუდვის უკიდურეს ფორმას ოკუპაცია წარმოადგენს, ანუ უბრალოდ რომ მთქვათ (სამხედრო) ძალის გამოყენება უფრო სუსტი ქვეყნის წინააღმდეგ და ამგვარად სხვის ტერიტორიაზე ჯარების და მას მიყოლებული ადმინისტრაციული ორგანოების გადაადგილება ზოგჯერ სუვერენიტეტის ფორმალური ხელყოფის გარეშეც კი. რაც შეეხება ანექსია / კოლონიზაციას იგი ანექსირებულს სრულიად უსპობს სუვერენიტეტს.

სახელმწიფო სუვერენიტეტის განხილვა შეუძლებელია ეკონომიკური ასპექტის გაუთვალისწინებლად. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება შეიქმნას ისეთი სიტუაცია, ხელსეკრულების საფუძველზე ან სპონტანურადაც კი, რომელიც ფაქტიურად შეზრუდავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს. თუ სახელმწიფოს არ გააჩნია, ან მოთხოვნილებაზე ნაკლები აქვს რაიმე პროდუქტი, რაც მისი, როგორც სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის, ან ეკონომიკური სტაბილურობისათვისაა აუცილებელი, ანუ ე.წ. „სტარტეგიული რესურსი”, როგორიცაა ენერგომატარებლები, წიაღისეული ლითონები, სხვა სახის მადნეული ან თუნდაც გასასვლელი ზღვაზე, მაშინ გრძელვადიანი ხელშეკრულება, ამ სახის რესურსის მხოლოდ ერთ მომწოდებელთან განსაკუთრებით კი ინფრასტრუქტურებით რეალიზირებული, შეიძლება სახელმწიფოს სუვერენიტეტს დაემუქროს. Aმგვარი ხელსეკრულებით იმ ერთადერთ მომწოდებელ სახელმწიფოს ვაძლევთ საშუალებას ჩვენს ტერიტორიაზე გვიკარნახოს „თამაშის” მისთვის ხელსაყრელი წესები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გადაგვიკეტავს ნავთობსადენს, გაზსადენს, დაბლოკავს საზღვაო პორტის ხელმისაწვდომობას და ასეთი მოქმედებებით გამოიწვევს ქვეყანაში კრიზისს, ან იქნებს საერთოდ სახელმწიფო სისტემის რღვევას, მოსახლეობაში მსხვერპლს და სხვა. ამიტომაც ითვლება, რომ ნედლეულის უსაფრთხოების საკითხში, განსაკუთრებით ენერგო უსაფრთხოების თვალსაზრისით საჭიროა ამ ნედლეულის რამოდენიმე მომწოდებლის არსებობა.

2. გლობალიზაციური პროცესები

თანამედროვე სამყაროს განვითარების პროცესებმა, კომუნიკაციების ახალმა, მანამდე არარსებულმა, ფორმებმა შეუძლებელი ყოველდღიურობად აქცია და როგორც სედეგი მოიტანეს დღეს ასე ყბადარებული გლობალიზაციური პროცესები და თანამედროვე სახელმწიფოების მხრიდან სუვერენიტეტის, თვითმყოფადობის დაკარგვის შიში. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა პოლიტიკურ ავანსცენაზე ისეთი მოთამაშის გამოცენის შემდეგ როგორიც არის აშშ - ზესახელმწიფო, რომელთანაც თანამშრომლობს უმეტესი სახელმწიფოები. მართლაც საინტერესოა აქვს თუ არა თანამედროვე სახელმწიფოს თავდაცვის მექანიზმები და არსებობს თუ არა ასეთი თავდაცვის, თავგადარჩების აუცილებლობა?

ალბათ სწორი იქნება თუ თავდაპირველად გავარკვევთ რას წარმოადგენს გლობალიზაცია და რა სფეროებში შეიძლება მან თავი იჩინოს. მრავლად არის ერთგვარი ზერელე ანალიზები, რომლებიც მოვლენის არსს ბოლომდე ვერ ასახავენ და ამას რამოდენიმე მიზეზი გააჩნია. უმთავრესი მიზეზი კი შემდგომში მდგომარეობს მხეწდველობის მიღმა რჩებათ, რომ გლობალიზაცია მრავალმხრივი პროცესია

უპირველს ყოვლისა

· ფინანსური მოვლენაა რომელიც ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს ცალკეული ქვეყნების საბანკო, სადაზღვევო და სხვა სახის ფინანსურ ორგანიზაციებს. მათ შორის მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რომლებიც შეერთებულ შტატებზე არინ დამოკიდებულნი. აქ ისიც შევნიშნოთ რომ ფული, გაჩენის დღიდან მოყოლებული, არ ცნობდა საზღვრებს. ადრეულ საუკუნეებში მისი შემზღუდავი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ მთები, ზღვები, უდაბნოები და ისიც მანამდე სანამ ადამიანი მათი დაძლევის გზებს გამონახავდა.

· ეკონომიკისა და ვაჭრობის სფერო, სადაც სტანდარტული პროდუქტების მწარმოებელი მძლავრი საერთაშორისო კონცერნები პროდუქციისა თუ მომსახურეობის ქსელით ფარავენ მთელ მსოფლიოს. ამის მოვლენის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად შეგვიძლია მსოფლიოს McDonald’s-იზაცია დავასახელოთ. თუ ადრე ბუნებრივი საზღვრები ქმნიდნენ გარკვეულ წინააღმდეგობას, თანამედროვე ტექნიკურმა პროგრესმა ესეც დაძლია და დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ შეიქმნა კაპიტალის, საქონლისა და მომსახურეობის მსოფლიო ბაზარი.

· გლობალიზაციის შემდგომი მეტად მნიშვნელოვანი ასპექტი პოლიტიკურ მილიტარული ხასიათისაა. ერთ ზესახელმწიფოს შეუძლია მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს თავს არა მხოლოდ სამხედრო - პოლიტიკური კავშირები მოახვიოს, აიძულოს თითქმის ნებისმიერი ქმედება, არამედ უკარნახოსს ვაჭრობის პირობებიც, მათ შორის იარაღით და თან ისეთი აღჭურვილობით, რომლის მიწოდება აკრძალულია და უფრო მეტიც ემბარგო დადებულ ქვეყნებთან. ასეთ შემთხვევებში პრაქტიკულად არანაირი საზღვრები არ ფუნქციონირებენ.

· ინფორმაციულ სფეროში ადგილი აქვს ინფორმაციის მოურიდებელ, შეუზღუდავ გადაცემას ტელეკომუნიკაციებით, ინფორმატიული თუ მედია საშუალებებით. ერთი სიტყვით მსოფლი ერთი პატარა „გლობალურ სოფლად” იქცა. ინფორმაცია კი ისეთივე სამომხმარებლო საქონლად - როგორც ყველა სხვა მატერიალური დოვლათი.

· გლობალიზაციის ყველა სფეროს, ცხადია, ვერ ჩამოვთვლით, მაგრამ აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ კულტურული ასპექტი. საქონლის, მომსახურეობის, ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად ვრცელდება ნიმუშები ( ღირებულებები) აღმოცენებულნი ერთ ცივილიზაციურ კერაში და ისინი დაურიდებლად აღწევენ დედამიწის ნებისმიერ წერტილში და განდევნიან ადგილობრივს ხშირად შემოტანილზე ბევრად უფრო მდიდარს და ფასეულს.

მეორეს მხრივ გლობალიზაციის პროცესი დღეს არ დაწყებულა. იგი იყო ოდითგანვე. უბრალოდ თანამედროვე სამყაროში ხდება მისი დაჩქარება. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის თანაბრად აჩქარებული მოძრაობა რომელიც სულ უფრო და უფრო ფართე მასშტაბებს ღებულობს. ხშირად ყურადღების მიღმა რჩება, რომ მთელი რიგი თანამედროვე პროცესები, რომლებიც გლობალიზაციის თანდართული არიან, თავისი ძირებით სხვა არაფერია თუ არა ჯერ კიდევ XIX და XX საუკუნეში ინტენსიურად მიმდინარე ეკონომიკური, ფინანსური, პოლიტიკური პროცესები. განსაკუთრებით ეს ეხება საქონლის მასიურ წარმოებას, კონცერნების მასაზრდოებელი კაპიტალის კონცენტრაციას, რაც იწვევს სახელმწიფოთა შორის დაუნდობელ და შორსმიმავალ კონკურენციას გავლენა – გასაღების ბაზრებისათვის. ამ პროცესების შემდგომი გამოვლინება გახლავთ სულ უფრო მეტი სხვაობა ადამიანების ცხოვრების დონეებს შორის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

პროცესების უმეტესობა დღესაც სახეზეა. ყოველ შემთხვევაში თავისი არსით ისინი არ შეცვლილან. შეიცვალა მხოლოდ ზემოქმედების ის საშუალებები რასაც კაპიტალი იყენებს, მაგალითად: თუმცა არ ხდება კოლონიების დაპყრობა პირდაპირ და იარაღის გამოყენებით, მაგრამ ამ მხრივ ერთობ ეფექტური ჩანაცვლება მოხდა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან მსოფლიო ბანკის მეთაურობით. გახსოვთ ალბათ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ის ოდიოზური განცხადება: თუ მევენახეობა არაა მომგებიანი მეურნეობის სხვა ფორმაზე გადადითო. აქვე შევნიშნავ, რომ სურვილისა და საზოგადოებრივი კონტროლის შემთხვევაში, როგორც ჩვენ მაშინ, ასევე სხვა სახელმწიფოებიც ახერხებენ ხოლმე მათთვის განსაკუთრებული ფასეულობების დაცვას. მართლაც კაცობრიობამ მოახერხა ზოგიერთი განსაკუთრებით მავნე მოვლენების თავიდან აცილება, თუნდაც მსოფლიო ომი, მასიური სიკვდილიანობა, ეპიდემიები. თანამედროვეობის მამოძრავებელ ძალად პერმანენტული „სამეცნიერო ტექნიკური რევოლუცია” იქცა და სწორედ მასვე უნდა ვუმადლოდეთ საერთაშორისო მასშტაბებით ქველმოქმედებების შესაძლებლობებს.

და ბოლოს მესამე ასპექტი რაც უნდა იმსახურებდეს ჩვენს ყურადრებას, მაგრამ უმეტეს მკვლევარს მხედველობის მიღმა რჩება გახლავთ ფაქტი, რომ გლობალიზაცია ჯერ კიდევ არ აღწევს თავისი ყველა ნიშან-ასპექტით, სრულყოფილად დედამიწის მრავალ კუთხეში. ამავე დროს რაც გვინდა განსაკუთრებით ავღნიშნოთ მდგომარეობს ერთი შეხედვით გლობალიზაციური პროცესების პარადოქსში და რაც მოკლედ ასე შეგვიძლია მოვნიშნოთ: გლობალიზაციის, განსაკუთრებით მისი სიკეთის მომტანი სფეროებიდან, პრაქტიკულად გამორიცხულია სამყაროს ყველაზე უფრო ღარიბი და გაჭირვებული რეგიონები, სადაც მოქმედებენ მაგალითად ეკვატორული აფრიკის, ცენტრალური ამერიკისა თუ შუა აზიის ე.წ. „არშემდგარი საქხელმწიფოები”. ასე რომ გლობალიზაციის ეს პროცესები ჯერ კიდევ არაა დასრულებული და უფრო მეტიც ჯერ კიდევ ძალიან შორს არის მთელი მსოფლიოს ათვისებისაგან. უკვე შევნიშნეთ, პირველმა კაპიტალმა შესძლო საზღვრების გადალახვა. ჩვენს არეალში ეს მოხდა პრივატიზაციის, ინოვაციისა და სხვა მსგავსი სავაჭრო თუ საწარმოო ინციატივების, კრედიტირების უშუალო ინვესტიციით თუ წილობრივი მონაწილეობით. ასე ჩდებოდნენ დიდი კორპორაციები სხვა, მათთვის საინტერესო, ქვეყნებში და ასევე გამოჩნდნენ საქართველოშიც. აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ სამეურნეო სფეროში გლობალიზაციის კიდევ ერთ თვისებას, კერძოდ კი როგორიცაა: ისეთ ქვეყნებში სადაც მუშახელი იაფია ზოგიერთი საწარმოს მომხმარებლის სიახლოვეს განთავსება არის ჩვეულებრივი პრაქტიკა. ასე ხდება ტრანსპორტირების ხარჯების შემცირება და იმავ დროულად მომხმარებლის მსყიდველობითი უნარის ამაღლება მით უფრო, როცა ზოგიერთი საქონლის მაღალგანვითარებული სამრეწველო ცენტრიდან ქვეყნიერების კიდეზე გადაზიდვა სულაც არ არის მომგებოანი.

მსგავსი რამ არ ხდება მომსახურეობის სფეროში რომელიც თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ცხადი,ა ადგილზე უნდა იქნეს გაწეული. ამ პროცესის შედეგად იზრდება დაძაბულობა კაპიტალისა და ინვესტიციების ექსპორტიორი ქვეყნების დასაქმების ბაზარზე, ხოლო მომხმარებელი ქვეყნის ბაზარზე დაძაბულობა მცირდება. ადვილი შესამჩნევია, რომ გლობალიზაციის პროცესი არ ეხება დასაქმების ბაზარს, რადგან უმუშევრობის საგრძნობი შემცირება არსად შეიმჩნევა. იგი უმეტეს ქვეყნებში ორნიშნა რიცხვითაა გამოსახული. რაც კიდევ უფრო უარესია შემოსულ კაპიტალს კომპრადორული ხასიათი აქვს. იგი ორიენტირებულია მაქსიმალურ და სწრაფ მოგებაზე სხვადასხვა ხერხებითა და მეთოდებით და მათ შორის კონკურენციის დასუსტებით ან განადგურებით და ამ მაქსიმალური მოგების ქვეყნიდან გატანაზე.

უფრო რთულადაა საქმე წინაღობებისა და საზღვრების დაძლევის მხრივ საქონლისა და მომსახურეობის შემთხვევაში. საბაჟო სამსახურების გვერდის ავლით დიდი რაოდენობის საქონლის გადაადგილება შეუძლებელია. თუ ადრე, მაგალითად XIX საუკუნის ჩინეთი შეიძლება მოვიტანოთ, ხდებოდა ხოლმე საზღვრების გახსნის იძულება, იქმნებოდნენ კომპანიები სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი, ბოლოს და ბოლოს კოლონიების დაპყრობა, თანამედროვე პირობებში კოლონიები და საზღვრის გახსნის იძულება შეიცვალა სხვდასხვა ჯგუფის საქონელზე საბაჟო ტარიფების დამწევი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით, მოლაპარაკებებით, ფინანსური და ადმინისტრაციული ხასიათის შეზღუდვების მოხსნით. ამ სფეროში ლიდერობენ აშშ და მაღალ განვითარებული ე.წ. პოსტინდუსტრიული ქვეყნები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1947 წელს, დადებული იქნა ვაჭრობისა და ტარიფების გენერალური საერთაშორისო შეთანხმება (ინგლ. General Agreement onTariffs and Trade, შემოკლებით „GATT “) რომელიც მოგვიანებით, 1995 წელს ჩამოყალიბდა, როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია WTO. ცხადია შეთანხმებები გაფორმდა არა მხოლოდ სამრეწველო საქონლის საბაჟო ტარიფების დარეგულირების არამედ სხვა სფეროებშიც: მომსახურების ( GATS - General Agreement onTrade in Services), ინტელექტუალური საკუთრებისა ( TRIPS – Agreement onTrade-Related Aspects of Intellectual Property Rights ), სოფლისმეურნეობის (AoA– The Agreement on Agriculture).

დაბალი საბაჟო მოსაკრებელი კიდევ უფრო აუარესებს დაბლგანვითარებული ქვეყნების terms of trade-ს რაც შედეგია მაღალგანვითარებული ქვეყნების ფინანსურ-სამრეწველო, პოლიტიკური და სამხედრო სიძლიერის და კიდევ უფრო მეტად შედეგია დაბალგანვითარებული ქვეყნების სამეცნიერო – ტექნიკური ჩამორჩენილობის. ბოლო დრომდე განვითარებადი ქვეყნების თავდაცვის ერთადერთი, ხშირად არა ეფექტური, გზა იყო "იმპორტის ჩანაცვლება". შემდეგი კი არის იაფი ნედლეული და ძვირი მზა საქონელი.

სხვათა შორის, საქონლზე ტარიფების მნიშვნელოვანი შემცირება ან გაუქმება, განსაკუთრებით სამეწარმოო საქონლზე, აღმოჩნდა ორმაგი მოქმედების იარაღი. მაღალ განვითარებულ ქვეყნებს გამოუჩნდათ ძლიერი კონკურენტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ძლიერი ჩინეთის ასევე ინდოეთის სახით. ეს კონკურენტები საფრთხეს უქმნიან, ბევრ დარგებში, არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყანებს, არამედ თვით შეერთებული შტატებსაც. არღვევენ მათ ეკონომიკური მდგრადობას. მრავალი სახელმწიფო ცდილობს შეზღუდოს ამ მოვლენის ზეგავლენა საქონელ-მომსახურების ნაკადებზე არასატარიფო ბარიერებით ანუ ადმინისტრაციული ზემოქმედებით.

დღეს ძალიან რთულია გლობალიზაციის პროცესის სხვადასხვა ასპექტების ეფექტების შეფასება. არსებობს ამ პროცესების ძალიან უკიდურესი, მაგრამ ასევე ძალიან ზერელე შეფასებები - გლობალისტი მიერ დადებითად და ანტიგლობალისტების მიერ უარყოფითად წარმოდგენილი. აქ ვერ მოხერხდება გლობალიზაციის ყველა ასპექტის შეფასებები, განსაკუთრებით ეკონომიკური კუთხით. შევნიშნავთ მხოლოდ, რომ პროდუქციის და მატერიალური საქონლის მოხმარების და მომსახურების ინტენსიფიკაცია საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ზოგიერთების ცხოვრების ხარისხი - ხშირად სხვების, ყველაზე ღარიბების, ხარჯზე. გლობალიზაციის პროცესებით ხომ მსოფლიო თანაბრად არ სარგებლობს. შედეგად იზრდება სხვაობა საზოგადოებაში და სხვადასხვა ქვეყნებს შორის ("ჩრდილოეთი" და "სამხრეთი"). მსოფლიო ბანკის პოლიტიკა კიდევ უფრო ამძაფრებს ამ სხვაობას. ძალიან არაეფექტურია გლობალური წარმოებისა და მოხმარების აღიარებული სტანდარტები. წარმოება-მოხმარების თანამდევი პროდუქტია "ნაგვის მთები", უმთავრესად ბუნებრივი გარემოსათვის ფრიად საზიანო შესაფუთი საშუალებები. და ალბათ კიდევ ერთი ე.წ. სასათბურე ეფექტი ყველა მისგან გამომდინარე შედეგით. მსოფლიო ბუნებრივი რესურსების, რომელიც ულევი არ არის, არა რაციონალურმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მოკლე ისტორიულ პერიოდში მათი ამოწურვა. ამდენად დღევანდელი თაობის განვითარება ხდება მომავალი თაობების ხარჯზე. თუმცა ეს უკანასკნელი არგუმენტი, ჩვენი აზრით, მთლად გამართლებული არ არის. რადგან არ ითვალისწინებს ტექნიკური და ეკონომიკური პროგრესის შესაძლებლობებს, რომელსაც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მომდევნო ტალღა შესთავაზებს მსოფლიოს.

3. გლობალიზაცია და სუვერენიტეტი

წარმოდგენილ ფონზე უკვე შეგვიძლია გავაანალიზოთ გლობალიზაციის გავლენა სახელმწიფო სუვერენიტეტის მიმართულებით.

როგორც ვხედავთ გლობალიზაცია, როგორც მოვლენა უშუალოდ არ არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს, როგორც სამართლებრივ მახასიათებელ თვისებას. თუმცა კრიტიკოსები გლობალიზაციას ზოგჯერ ნეოკოლონიალიზმსაც კი უწოდებენ და მიუთითებენ, რომ თანამედროვე პირობებში მეტროპოლიასა და კოლონიას შორის კავშირების ფორმა იცვლება არა შინაარსიო. და თუმცა ფორმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და შინაარსაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრობლემის არსი მაინც სხვაგანაა საძებარი, კერძოდ კი:

1. მსოფლიოსათვის „პოლიტიკური ლიდერის” თავზე მოხვევის მცდელობა და სახელმწიფოებისათვის ყველა დასაშვები და დაუშვებელი მეთოდებით მათ სახელმწიფო ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოსული და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებების კარნახი რისი შესაძლებლობაც მხოლოდ ზესახელმწიფოს შეილება გააჩნდეს, ან პირიქით

2. საერთაშორისო ხელშეკრულებების როგორც ზემოYნახსენების ასევე შეიარაღებისა და ეკოლოგიურის თავსმოხვევა ( რატიფიცირების იძულება) ზოგიერთი განვითარებული ქვეყნების არა მხოლოდ ზესახელმწიფოების მხრიდან მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებისათვის

განვითარებული სახელმწიფოები იყვნენ ბევრი მსგავსი ხელშეკრულების ინიციატორები, მაგრამ ყველა არ მიერთებია მათ. უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ ასეთი გადაწყვეტილებების მიღების იძულება განსაკუთრებით ლოკალური „ზესახელმწიფოების” მხრიდან ემუქრება მრავალი ქვეყნის სუვერენულობასა და მსოფლიო უსაფრთხოებას. მსოფლიო წესრიგის დამყარების შემდგომი მცდელობები, სახელმწიფოთა სუვერენულობის შენარჩუნებით, ჯერ კიდევ ძალიან შორეული პერსპექტივაა და რაც ყველაზე მეტად საინტერესოა ამას აღიარებენ თავად თანამედროვე ლიბერალური დოქტრინის შემომქმედები.

ასევე მეტად მნიშვნელოვანია გლობალიზაციური პროცესების გავლენა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე მოქმედი სახელმწიფოს თავისუფლების ხარისხზე, იმდენად რამდენადაც ერთის მხრივ გასათვალისწინებელია

· წინააღმდეგობანი მხარეების და სახელმწიფოთა ცუდად გაგებული ინტერესების გამო

· საერთაშორისო შეთანხმების მოქმედების პერიოდში ხელშეკრულების სუბიექტებს შორის ურთიერთობების ცვლილების გამო

მეორეს მხრივ კი კაპიტალზე (ბაზარზე) მაკონტროლებელი ფუნქციების შესუსტებამ შეიძლება გამოიწვიოს სახელმწიფოთა მოქმედების თავისუფლების შემდგომი შეზრუდვა. ეს გამომდინარეობს კაპიტალის არსიდან, განსაკუთრებით კი როცა კაპიტალი კომპრადორულია, რომელიც მაქსიმალური მოგების მიზნით მზად არის „ხეირი ნახოს” კონკურენციის განადგურებით, „დაზოგოს” გადასახადებზე და მოსაკრებელებზე, ხელფასებსა და სოციალურ პაკეტებზე და ორიენტირებულია მოგების ქვეყნის გარეთ გატანაზეთ უნდაც კანონდარღვევით. ეს კი იწვევს ძალიან მნიშვნელოვან კორუფციულ ზეწოლას, რაც მეტად არსებითი საფრთხეა სახელმწიფოს თავისუფლებისათვის. Gარდა ამისა ძლიერი სახელმწიფოებიც ზემოქმედებენ სუსტებზე „მშობლიური” კაპიტალის დასაცავად ანუ გარკვეული სახის კორუფციის წყაროს წარმოადგენენ საერთაშორისო მასშტაბით.

ცალკეული ქვეყნისთვის გლობალიზაციის პროცესები პოლიტიკურ და სამხედრო სფეროებში, რომ შევაფასოთ მხედველობაში მისარები გარემოება არ უნდა აუცილებლად შევნიშნოთ: ეკონომიკური პროგრესი არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს და განსაზღვრავს პოლიტიკას. ქვეყნებმა, რომლებმაც ისარგებლეს გლობალიზაციის კეთილი გავლენით, ასევე პოლიტიკურ სფეროშიც ნახეს სარგებელი, რადგან გაცილებით ადვილია სტაბილური ქვეყანის მართვა, სადაც ადგილი არა აქვს ეკონომიკურ დაძაბულობებს.

ერთის მხრივ, ვხედავთ, რომ პოლიტიკურ გლობალიზაციას, გაგებულს, როგორც ერთი ზესახელმწიფოს დომინირება მსოფლიოში, მოაქვს სხვა ქვეყნების თავისუფლებასთან დაკავშირებული საფრთხეები. რადგან ერთი ზესახელმწიფოსთვის მინიჭებული უფლება აკონტროლოს მსოფლიოში ნებისმიერი ქვეყანის კონსტიტუციური მექანიზმები და შეაფასოს მისი ქმედებები, ამასთან ერთად ისარგებლოს (სამხედრო) ინტერვენციის უფლებით ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის მიზნით, თუ მიჩნეული იქნება, რომ ეს ხელისუფლება არის ხალხისთვის ზიანის მომტანი, არ არის მისაღები სახელმწიფო სუვერენიტეტს პრინციპებს თვალსაზრისით.

მეორე მხრივ - პოლიტიკური გლობალიზაციას მივყავართ მსოფლიოს ბევრ რეგიონში დემოკრატიული სახელმწიფოს ერთიანი ნიმუშის დაფუძნებამდე ცხადია კონკრეტული პოლიტიკური წყობების შენარჩუნებით, რაც სასარგებლოა ხალხისთვის. თუმცა დემოკრატიის დამყარება მთელ მსოფლიოში, ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა, რადგან დემოკრატიზაციის პროცესი არის განპირობებული, საზოგადოებაში არსებული დემოკრატიული ცნობიერებით. ეს კი თავის მხრივ, მოითხოვს განათლებისა და დემოკრატიაში ცხოვრების ჩვევების გამომუშავებას, რაც ხანგრძლივი პროცესია. მსოფლიოს ბევრ კუთხეში არ არსებობენ საზოგადოებრივი ძალები დაინტერესებულნი განვითარების ასეთი მიმართულებით და ამდენად მოთხოვნაც არ არის .

სამწუხაროდ მსოფლიო ძალიან დიფერენცირებულია გნებავთ პოლიტიკური და გნებავთ ეკონომიკური განვითარების მხრივ. მრავალი ქვეყანა ცხოვრობს საარსებო მინიმუმს ქვევით და ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ შიმშილობს. მდიდარი ქვეყნები უნდა დაეხმარონ მათ. უნდა იზრუნონ არა მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის არამედ მსოფლიოს უსაფრთხოებაზე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ტერორიზმისა და ტოტალიტარიზმის საფრთხე.

აქ „Financial Times Magazine”-ში ამოკითხულ ერთ ხატოვან ამოინარიდს გაგიზიარებთ. ავტორი ამავე გამოცემის რედაქტორ-დამფუძნებელი ჯონ ლოიდი გახლავთ.

„ უაღრესად ფართოა ცვლილებებსა და იდეებს გავრცელების-ზემოქმედების არეალი იმ გლობალიზირებულ სამყაროში, რომელშიც გვიწევს ცხოვრება ... დროა გავაცნობიეროთ, რომ ვცხოვრობთ „გლობალური საფრთხის მაღალი რისკის ცივილიზაციაში”. რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, მაგრამ რა?!... წარმოიდგინეთ ლიმუზინი, რომელიც მიქრის გეტოში. მასში პოსტინდუსტრიული მსოფლიო ზის – დასავლეთ ევროპა, ჩრდილო ამერიკა, ავსტრალაზია, იაპონია და წყნარი ოკეანის სწრაფად პროგრესირებადი ქვეყნები. სხვა დანარჩენი კი გარეთაა – გეტოში ... შეიგრძნობა მუქარის საფრთხე, რომლის რეალობად ქცევა შეუძლია სიძულვილით გამოზრდილ ოპოზიციას და მათ შორის რელიგიური ფანატიკოსების თავისებურ ფაშიზმს. სასწრაფოდ გვესაჭიროება საშუალება, რათა ცივილიზაციურ ჩარჩოებში მოვაქციოთ ლიბერალური დემოკრატიისა და კაპიტალიზმის მიმართ ოპოზიციურად განწყობილნი. XX საუკუნეში მათ მიმართ დაპირისპირებულმა და ერთმანეთში საერთო ენაზე მოსაუბრე ფაშიზმ/ნაციზმის თუ კომუნიზმის ძალებმა უკვე მიგვიყვანეს ათეულწლიან ხოცვა-ჟლეტამდე, ტერორამდე და გაჩანაგებამდე. დიადი იდეა, რომელიც რაც შეიძლება უფრო მეტ ადამიანს მისცემს საშუალებას იმგზავროს ამ ლიმუზინით და ამავე დროს დაიცავს იქ უკვე მსხდომთა სიცოცხლეს, თავისუფლებასა და ბედნიერებას იქნება დიდი შვება ამ ჩვენი ახალგაზრდა საუკუნისათვის და აუცილებელი თუ ჩვენ გვსურს ვიხილოთ მისი ბოლო. "

რაც შეეხება გლობალიზაციის გავლენას „თვითმყოფადობასა” და ეროვნულ-კულტურული იდენტურობის საკითხს აქ ვერაფერს ვიტყვით საქართველოს პირველ პრეზიდენტზე უკეთესად: „ ჭეშმარიტი მსოფლიო მოქალაქეობა კი ეროვნული თვითშეგნების გარეშე არ არსებობს. ის, ვინც “გაინგლისელდება”, “გაგერმანელდება”, “გაფრანგდება”, “გარუსდება”, “გაამერიკელდება”, ვერასოდეს გახდება ინგლისელი, გერმანელი, ფრანგი, რუსი, ან ამერიკელი და ქართველობასაც დაჰკარგავს. და თუ ქართველებად დავრჩებით და თანაც, ვეზიარებით ამ ერების კულტურებს, გავაფართოვებთ და გავამდიდრებთ ჩვენს სამყაროს, გავხდებით ნამდვილი მსოფლიო მოქალაქენი. ევროპული ინტეგრაციაც ასე უნდა გავიგოთ და არა როგორც ეროვნული ინდივიდუალობების წაშლა და გათქვეფვა.”

დასკვნა

გლობალიზაციის მრავალსაუკუნოვანი პროცესები უშუალოდ არ არღვევენ ქვეყნების სუვერენიტეტის პრინციპებს სამართლებრივი თვალსაზრისით. თუმცა მსოფლიო ეკონომიკის ლიბერალიზაცია, მთელი რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კაპიტალის დიდი კონცენტრაცით ზღუდავს ქვეყნების ფაქტობრივ ქმედობებს (ანუ მათ დამოუკიდებელ თვითმოქმედებას). იმ ბევრ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა ჯერ კიდევ სუსტია განსაკუთრებით შესამჩნევია გლობალური, კომპრადორული, კაპიტალის როლი, რომელიც მაქსიმალური მოგებისათვის მზად არის კანონი თავის მიზნებს ამსახუროს. ეს კაპიტალი განაგრძობს ზეწოლას ხელისუფლებაზე შევიდეს კორუფციულ გარიგებებში რათა დაცვას საკუთარი ინტერესები.

2013 წლის მაისი, ვარშავა