poniedziałek, 29 października 2012

ზბიგნევ ჰერბერტი: ლაბირინთი ზღვისპირას

პართენონი ნამდვილად არის ერთი უმშვენიერესთაგანი დორიულ ტაძრებს შორის. მნიშვნელოვნად უფრო დიდი და მძლავრის შთაბეჭდილებას ახდებს ვიდრე მოსალოდნელი იყო თუ გავითვალისწინებთ მის რეალურ ზომებს: სიგრძე – 69, სიგანე - 31, სიმაღლე - 17 მეტრი. უზარმაზარობის ეს განცდა, თუ არ ვიკმარებთ ესთეტის შენიშვნას: „ბერძნულ ტაძრებს არა აქვთ განზომილებანი, აქვთ მხოლოდ პროპორციები“, იქედანაც გამომდინარეობს, რომ ნაგებობა თითქოს მოწყვეტილია მიწიდან. სდგას მძლავრ, არათანაბარი სიმაღლის სამი საფეხურის მქონე, სტილობატზე. ყველაზე მაღალი ის საფეხურია, რომელსაც სვეტები ეყრდნობიან.

ეს არის დასახიჩრებული ნაგებობა, განძარცული ქანდაკებებისაგან, რომლებიც მთლიანი არქიტექტურის არსებით ნაწილს შეადგენდნენ. ბერძნების მზერა უცილობლად მიმართული იყო ტაძრის დღეს ცარიელი უმაღლესი ნაწილებისაკენ, რომლებზეც ფიდიასმა გამოაქანდაკა პოსეიდონისა და ათენას დავა ატიკას გამო ( დასავლეთი ფრონტონი) და ათენას დაბადება ( აღმოსავლეთ ფრონტონი). ქანდაკებები მოოქროვილი იყო, მოხატული ლაჟვარდით, მეწამურითა და ოხრათი და ამასთან სრულიად არა „ფაქიზად“, როგორც ეს სურთ ფერწასულ ესთეტებს. ჩვენთვის კი არ იქმნებოდა ანტიური ზეცის ეს ფერადოვანი სახეები, არამედ დელოსელი ვაჭრისთვის, ბეოტიელი გლეხისთვის, შორეული და ღარიბი მოკავშირე ქალაქების დესპანთათვის, მათ გასაოგნებლად. ათენა, გაიგივებული ქალაქთან, ისევე როგორც ჰომეროსის ჰიმნებში ძალისმიერ ბრწყინვალებას წარმოადგენდა. დიდებული ოლიმპი ზანზარებდა ძლევამოსილი ლურჯმწვანე თვალება ქალღმერთის სიმძიმის ქვეშ: „გარშემო მიწა შემაძრწუნებლად ბღაოდა, ზღვა ბობოქრობდა და ბნელ კერპებს იყრიდა თავზე, შემდეგ კი უეცრად მღელვარე ტალღები ცხრებოდნენ“

მეტოპების თემა იყო გიგანტომახია, ტროას აღება, ამაზონებთან ბრძოლა და ბოლოს კენტავრების ომი ლაპითებთან. ამ ლეგენდარული ეპიზოდების არჩევანი სხვა თუ არაფერი შემთხვევითი მაინც არ იყო და გამოხატულად იდეოლოგიურ ხასიათს ატარებდა. ევროპის აზიაზე გამარჯვებით დაგვირგვინებული სპარსული ომების ერთგვარი მითოლოგიური პროლოგი იყო. ბერძნული ლეგენდების ძველი აღთქმა აქ ისტორიის ხელს უწვდის, განსაკუთრებით, თანამედროვე შემოქმედთ.

ნაწილობრივ შემორჩენილი ეგრეთ წოდებული შიდა ფრიზი წარმოადგენს პანათენიურ* პროცესიას. ეს არის კრებსითი პორტრეტი თავისუფალი ქალაქის თავისუფალი მოქალაქეების, რომლებიც მოდიან რათა პატივი მიაგონ თავიანთ ზეციურ მფარველს. ისინი ვინც სინამდვილეში იდგნენ ტაძრის საფეხურებზე გადატანილნი იქნენ ღმერთების მეზობლად არა მუხლებზე მდგომნი, არამედ სილამაზის დეფილადაში ყალბი მოკრძალებისა თუ ღმერთმებრძოლთა გამომწვევი ამპარტავნების გარეშე. შემაშფოთებელი რამ არის ( შემაშფოტებელი მათთვის ვისთვისაც ბერძნული ტაძრები რაციონალიზმის ნავსაყუდელია), რომ ეს ნახსენები ფრიზი თითქმის არ სჩანდა, მუდმივად პერისტილის პლაფონის ჩრდილში მოქცეული.

დღეს ეს ყველაფერი აღარ არსებობს. ვისწავლეთ ბერძნული ხელოვნების ნიმუშების დანახვა მათი ფრაგმენტებისა და ნამსხვრევების ყურებით. ზედმეტად ადვილად დავიჯერეთ რომ თავიანთ სრულყოფილებასა და სილამაზეს სწორედ იმას ემადლიერებიან რომ არიან ფრაგმენტები და ნამსხვრევები. არ შეგვიძლია და არც კი გვსურს წარმოვიდგინოთ ვენერა მილოსელი ან რომელიმე ბერძნული ტაძარი ისეთი როგორიც იყო სინამდვილეში.

განვიცდით პიროვნულ (ალბათ ბოლომდე ვერასოდეს გაანალიზებულ) ესთეტიურ კმაყოფილებას იმით, რომ სვეტის კაპიტელი არაფერს იმაგრებს, რომ ქალღმერთის მარმარილოს ლოყა უეცრად კარგავს თავის ხორციელ სიგლუვესა და ხდება დაუმუშავებელი, ხორკლიანი ქვა. ხელოვნებისა და ნატურალიზმის ეს მუდმივი მეზობლობა, გამოკვეთილი საზღვარი იმას შორის რასაც ხელოვანის თუ ბუნების საჭრეთელი აქანდაკებდა წარმოსახვას არ უბიძგებს დაასრულოს მთლიანობა, პირიქით – აჩუმებს მას.

XIX საუკუნუნის ესთეტები ( და დღესაც ეს დამოკიდებულება ანტიკური შედევრების მიმართ თითქმის საყოველთაოა) თითქოს კამყოფილნი იყვნენ რომ ბერძნების ნაგებობებმა ჩვენამდე ფერებისა და ქანდაკებებისაგან განზარცულებმა მოაღწიეს. დრომ ისინი ჩონჩხამდე დაიყვანა, რუდიმენტურ კონტურებამდე. გვავსებს სიხარული უფრო ინტელექტუალური ვიდრე გრძნობიერი, გამომდინარე ფორმების ანალიზიდან. ვთვრებით ბერძნების „ოპტიკური კორექტურებით“, რომელთა გამო უშესანიშნავესი ნაგებობანი თითქოს ერთი მოქანდაკის საჭრეთლიდან გამოსულნი გვეჩვენებიან. მართლაც კუთხეებში მდგარი სვეტები ცოტა უფრო მსხვილებია რადგან უფრო მეტად განიცდიდნენ სინათლის ზემოქმედებას, რასაც უნარი გააჩნია უფრო წერწეტები გახადოს ისინი, ამგვარად უფრო დაამსგავსოს მეზობლად მყოფებს, ააცილოს განსხვავებულობის განმარტოვება. სტილობატის და არქიტრავის ხაზები არა ჰორიზონტალური არამედ მსუბუქად მოზნექილებია. პართენონის დიდებული ხუროთმოძღვრების, იქტინოსისა და კალიკრატესათვის, ასეთი „ოპტიკური კორექტივები“ ალბათ მხოლოდ ესთეტიკის საკითხი არ გახლდათ, არამედ რეალური ტექნიკური პოსტულატი: ნაგებობის მთლიანობისა და მდგრადობის უზრუნველყოფა.