niedziela, 30 października 2011
დროა ავითვისოთ პოლონეთის ბაზარი
უპირველეს ყოვლისა გვინდა ავღნიშნოთ, რომ ქართული კულტურის ცენტრის "QARTLOSI" და მაღაზია-სალონის ALAVERDI - THE GEORGIAN POINT-ის მიერპოლონურ ენაზე მომზადდა და გამოსაცემად მზად არის წიგნი „ოქროს საწმისის ძიებაში. თანამედროვე გასტრონავტიკა” - წიგნი ქართული გასტრონომიული ხელოვნების შესახებ. წიგნის დევიზია: ქართული კვების კულტურა არის ის თანამედროვე "ოქროს საწმისი" რომელიც შეგვიძლია დღევანდელ არგონავტებს , უფრო სწორად კი გასტრონავტებს შევთავაზოთ. წიგნის სარჩევი შეგიძლიათ აქ იხილოთ:
http://geosons.blogspot.com/2011/07/consummatum-est.html
მრავალ მკვლევარსა და მეცნიერს მიაჩნია ოქროს საწმისი განსაკუთრებული სპეციფიკური ცოდნის სიმბოლოდ. ყოველ ეპოქასა თუ ცივილიზაციას ამ სახის საკუთარი სიმბოლოები გააჩნია: ოქროს საწმისი,პალადიუმი, გრაალი, ფილოსოფიური ქვა და მისთ. დღეს ასეთ სიმბოლოდ შეიძლება იქცეს ჯანსაღი კვება და ცხოვრების ჯანსაღი სტილი. ეს წიგნი გვაცნობს ქართულ სამზარეულოს, ქართულ გასტრონომიულ ხელოვნებას, რომელიც ჯანსაღიცაა და გემრიელიც. ეს წიგნი არის პირველი სერიოზული მცდელობა ჩვენი მშობლიური ღვინოებისა და მინერალური წყლების, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების, სულაც არ გვეშინია ამას თანამედროვე ოქროს საწმისი ვუწოდოთ, საერთაშორისო არენაზე წარდგენის. ვეპატიჟებით თანამედროვე არგონავტებს უფრო სწორად კი გასტრონავტებს უძველესი კოლხეთის მემკვიდრე თანამედროვე საქართველოსში სამოგზაუროდ...
დღეს როცა უკვე "პოლონეთის ბაზარი" ასე მომეტებული ყურადღების ობიექტად იქცა და მისი "ათვისება" გამოცხადდა პრიორიტეტულად ამ წიგნის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. წიგნი არ გახლავთ მხოლოდ კერძების რეცეპტების კრებული. მასში დიდი ადგილი აქვს დათმობილი როგორც ქართულ ღვინოს და მეღვინეობას, ასევე ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებს როგორიცაა ჭაჭა, არაყი, ბრენდი. ცალკე თავებად არის განხილული ქართული მინერალური წყლები,და ყოველი მათგანი ისეა წარმოდგენილი რომ უეჭველად წაადგება "სამკურნალო ტურიზმის" განვითარებას. ყურადღების გარეშე არ დარჩენილა არც ქართული ლუდი, ლიმონათები და ხილის ნატურალური წვენები, ქართული ჩაი, ყველი და რძის ნაწარმები, მეხილეობა და ხმელი ხილი, სუნელ-საკმაზები, ქართული სუფრა და ტრადიციები რაც კიდევ უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის საქართველოს პოლონელი ტურისტებისათვის.
გასტრონომიაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ერთ ფრიად მნიშვნელოვან საკითხს და ამიტომ აქვე გვსურს შევნიშნოთ, რომ სასურველი იქნებოდა ვარშავასა და კრაკოვში მაინც გახსნილიყო უმაღლესი კლასის ქართული რესტორანი. კარგი იქნებოდა თუ ვიზრუნებდით და არა მხოლოდ პოლონეთის ფარგლებში დაგვეარსებინა ღომზე და სიმინდის ფქვილზე (იტალიური პოლენტას მსგავსად) დაფუძნებულისწრაფი კვების ქართული ობიექტი „ჩქარიქა“. თავს უფლებას ვაძლევთ განვაცხადოთ, რომ ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი მენიუც გვაქვს დანუშავებული.
რაც შეეხება კონკრეტულად ქართული ღვინის სერიოზულად დამკვიდრებას პოლონეთის ბაზარზე, გვსურს ავღნიშნოთ, რომ თუმცა ქართული ღვინო უმაღლესი კატეგორიის პროდუქტია და მისი ნიშა პოლონეთის ბაზარზე არ განეკუთვნება სუპერმარკეტების სფეროს, მაინც მიგვაჩნია რომ არის საშუალება რომ სუპერმარკეტებისთვის მომზადდეს ღვინოების სპეციალური ხაზი რომლის მარკეტში გასაყიდმა ფასმა არ უნდა გადააჭარბოს 20 ზლოტს. მთავარი ყურადღება კი ალბათ უნდა გამახვილდეს საფირმო მაღაზიის ქსელის გაშლაზე მთელი პოლონეთის მასშტაბით. დასაწყისისათვის პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში უნდა გაიხსნას საფირმო მაღაზია-ოფისი, რომელიც არ იქნება ვიწრო სპეციალიზაციის მატარებელი და მოახერხებს ქართული კულტურის ცენტრის ფუნქციის შესრულებას, რისი პოტენციალი ნამდვილად გაგვაჩნია.
ამასთანავე პირველ ეტაპზე ღვინოების გაყიდვაში გაშვება უნდა მოხდეს როგორც საფირმო მაღაზიაში ასევე ღვინის სხვა სპეციალიზირებულ მაღაზიებში, რაც მათ “ცნობადობას” შეუწყობს ხელს. წარმომადგენლობასთან ერთად უნდა ფუქციონირებდეს ტურისტული სააგენტო და ბარ – რესტორანი, რაც კლიენტების მოზიდვას შეუწყობს ხელს და დამატებითი შემოსავლის წყაროც იქნება.
ვარშავის ბაზრის დღეს არსებული სიტუაციის ანალიზმა აჩვენა, რომ წარმატებით შეიძლება დამკვიდრდნენ ისეთი ღვინოები, როგორებიცაა:
წითელი მშრალი ღვინოები: მუკუზანი, ნაფარეული, საფერავი.
თეთრი მშრალი ღვინოები: წინანდალი, ტიბაანი, მწვანე, ჰერეთი.
ბუნებრივად ნახევრად ტკბილი კახეთიდან: ყვარელი, ახაშენი, ქინძმარაული.
დასავლეთ საქართველოდან: ხვანჭკარა, ოჯალეში, ალექსანდროული.
თეთრი ნახევრად ტკბილი: ტვიში
ასევე კარგი პერსპექტივები აქვთ ისეთ ღვინოებს, როგორებიცაა:
წითელი ნახევრად მშრალი: ფიროსმანისა და ალაზნის ველის ტიპის.
თეთრი ნახევრად მშრალი: ფიროსმანის, ალაზნის ველისა და თბილისურის ტიპის.
აქვე დავამატოთ პოლონეთის ღვინის ბაზრის ანალიზის რამოდენიმე დიაგრამა
თუმცა პოლონეთის კანონმდებლობით აკრძალულია ალკოჰოლური პროდუქტების ღია რეკლამა, მაგრამ სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარებით:
· საქართველოს დღეები;
· სპორტული შეჯიბრება-თამაშები;
· ქართული ფილმების ჩვენება;
· ფოლკლორული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მოწვევა;
· სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოფენები;
· ქართულ-პოლონური ურთიერთობების დღევანდელი და ისტორიული თემატური კონფერენციების მოწყობა;
· ღვინის დეგუსტაციები;
· შემეცნებითი კონკურსები;
· სომალიესა და ქართული სამზარეულოს ჰიტების ბლიც კურსები და სხვა
ამ სახის ღონისძიებებზე “ქართული ღვინო” აუცილებელ ატრიბუტად იქნება წარმოდგენილი, რაც ისევ და ისევ კლიენტურის გაზრდას შეუწყობს ხელს.
უნდა ვიზრუნოთ სარეკლამო ბუკლეტების, ფირმის ლოგოიანი ღვინისა და მეღვინეობის თემატიკის სუვენირების (ქაღალდისა და მუყაოს პარკები, ხელჩანთები, ჭიქის ქვესადგამები, ხელსახოცები, ორიგინალური ფორმის საცობის ამოსაძრობები, საფერფლეები, ავტოკალმები, წინსაფრები, ნოტესები) დამზადებისათვის.
აუცილებლად მიგვაჩნია, რომ საქართველომ როგორც „ღვინის აკვანმა” მიმართოს მევენახეობის სხვა ქვეყნებს ( რომელთა წარმომადგენობებიც არსებობს პოლონეთში: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, არგენტინა, ჩილე, გერმანია, ჩეხეთი, საბერძნეთი, მოლდოვა, უკრაინა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, აშშ -კალიფორნია) და ჩამოყალიბდეს მევენახეთა საფეხბურთო ბიზნეს ლიგა, რაც ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეკლამირების საუცხოო საშუალება იქნება. ამდაგვარი ბიზნეს ლიგები არსებობს პოლონეთში მაგრამ მეღვინეობის არ არის. ჩვენს საელჩოს შეუძლია გამოიჩინოს ინიციატივა და პოლონეთში წარმოდგენილ მეღვინეობის სხა ქვეყნებს მოუწოდოს ერთობლივად დაარსონ "მეღვინეთა საფეხბურთო ბიზნეს ლიგა".
ქართული სოფლისმეურნეობის სარეკლამო აქცია შეიძლება დაიგეგმოს ისე რომ მარტში თბილისიდან გამოვიდეს მოჩარდახებული ურემი რომელიც უკრაინის გავლით ჩამოვა ვარშავაში ფეხბურთსი ევროპის ჩემპიონატის გახსნისთვის (უკრაინა ხომ თავადაც მასპინძელი ქვეყანაა პოლონეთთან ერთად). ურემი ცხადია მხოლოდ ყურადღების მიქცევის მიზნით მაგრამ მას თუ თან გამოყვებიან ( ან წინასწარ დათქმულ ქალაქებში ჩააკითხავენ) ქართველი მსახიობები, მოეწყობა გამოფენები და დეგუსტაციები ამას ნამდვილად დიდი გამოხმაურებაც მოყვება და ინტერესიც რაც საბოლოო ჯამში სასურველ შედგს მოგვცემს.
თუ მოხერხდება კარგი იქნებოდა გვეზრუნა დაგვეარსებინა ფართე პროფილის მქონე მაღაზიათა მარკეტული ქსელი „ალავერდი” მოგეხსენებათ ალავერდი ერთის მხრივ „ღვთის წყალობას“ ნიშნავს და მეორეს მხრივ კი სადრეგრძელოს კეთილი სურვილების განწყობის გადაცემასაც და ეს სიტყვა საერთოა მთელს კავკასიაში. გათვალისწინებით იმისა რომ საქართველო ლიდერი და წამყვანი ქვეყანაა ჩვენს რეგიონში – ასეთი მარკეტული ქსელი შეიძლება არც შემოფარგლულიყო მხოლოდ ქართული საქონლით.
მნიშვნელოვანია შევნიშნოთ, რომ არსებობს საშუალება რომ საქონლის მოძრაობა ორმხრივი იყოს. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ პოლონური საქონელი ნამდვილად მაღალხარისხიანია და ამავე დროს ფასიც ხელმისაწვდომი აქვს. როგორც პოლონეთში შეიძლება დაარსდეს მსხვილ ქალაქებში „ალავერდის“ მაღაზიები ასევე შეიძლება პოლონური მაღაზიები გაიხსნას თბილისში, რუსთავში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ხობში, ოზურგეთსა თუ თელავში. კარგი იქნებოდა თუ დაარსდება ქართულ – პოლონური სავაჭრო-სამრეწველო პალატა.
ვარშავაში ადგილიც კი გვაქვს შეთვალიერებული და მასზე არა მხოლოდ ესთეტიურად არამედ ისტორიულ-კულტურულადაც მორგებული ტექნიკური ნახატის დონეზეა დამუშავებული ასეთი "ალავერდი" - ქართულ-კავკასიური სახლი.
ეს არის ჩვენეული ხედვის ძალიან მოკლე და ზოგადი მონახაზი.
Subskrybuj:
Posty (Atom)